ხორციელ კურნებამდე ადამიანი სულიერადაც უნდა განიკურნოს
ხორციელ კურნებამდე ადამიანი სულიერადაც უნდა განიკურნოს
გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3-16, 18-24, 26.

დედაეკლესია. თავისი ხორციელი დედის ევლოგიასა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარდა, მამა პაისი თავის დედად ჩვენს წმინდა ეკლესიას თვლიდა. ეკლესია ჭეშმარიტად დედაა ყველა მორწმუნისა.
ის წარმოგვშობს თავისი წმინდა ნათლისღებით და გვკვებავს წმინდა საიდუმლო მადლით. მამა პაისი ხაზგასმით აღნიშნავდა ხოლმე ეკლესიის მიმართ თავის ძეობრივ დამოკიდებულებას.

ის გახლდათ საეკლესიო აზროვნების მონაზონი. მისი ეკლესიოლოგიური შეხედულებები უაღრესად მართლმადიდებლური იყო. მას სწამდა, რომ ეკლესია სისავსით ფლობდა ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებას. ამბობდა: "ეკლესიას რაც აქვს, ყველაფერი განწმენდილია, მსგავსად დისტილირებული წყლისა". ადამიანთა ცხონება ეკლესიაში აღესრულება. ბერი მის ერთ-ერთ ნაწილად მიიჩნევდა თავს. ეკლესიას უმორჩილებდა თავის ნებას. ეკლესიის სიკეთისათვის საკუთარ თავს შესწირავდა მსხვერპლად. მის ასკეზაშიც კი ეკლესიოლოგიური აზრი იდო. მას სწამდა, რომ "თუ მე გამოვასწორებ საკუთარ თავს, იმავდროულად გამოსწორდება ეკლესიის ნაწილი". უზომო იყო ეკლესიისადმი მისი სიყვარული, მისი დიდებისთვის მოუკლებლად ილოცვიდა, ზრუნავდა მისი ერთიანობისთვის. წერდა: "მე იმათგანი არ ვარ, ვინც ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკურ პარტიად გადააქცია. მე მიყვარს ქრისტეს სათნო მუშაკნი და რითაც შემიძლია, ვეხმარები მათ".

მამა პაისი მრავალ ახალგაზრდას დაეხმარა, რომ კარგი ღვთისმსახური, ქრისტეს ვენახის კეთილი მუშაკი გამოსულიყო. ის მათ ურჩევდა: "თავმდაბლად იღვაწეთ ეკლესიაში, და თუ საჭირო იქნება, უფალი თვითონვე აუწყებს ადამიანებს თქვენს შესახებ". იმ ახალგაზრდათაგან ზოგიერთი მშვენებაა ახლა საბერძნეთის ეკლესიის იერარქიისა.

ბერს სურდა, რომ ღვთისმსახურნი ადამიანებს მონანიებაში დახმარებოდნენ, რათა მათ შესძლებოდათ გაქცეოდნენ ღვთის რისხვას. ამბობდა, რომ მღვდლის მსახურების აზრი მორწმუნეთა ცხონებასა და ეკლესიის დიდებაშია, და არა საკუთარი თავისთვის დიდების მოხვეჭაში. ერთ ღვთისმსახურზე, რომელმაც შესაქები დიდი საქმე აღასრულა, ბერმა თქვა: "მის საქმეს დიდი ფასი ექნებოდა, პირადი მიზანიც რომ არ ჰქონდესო". ასკეტირიონში ცხოვრებისას ბერი ინტერესით და უჩუმრად ადევნებდა თვალს ეკლესიის მდგომარეობას და როცა საჭიროდ თვლიდა, გადიოდა ხოლმე სოფელში ეკლესიის საქმეებზე. ერთხელ საამისოდ ჩამოვიდა სოფელში და შეხვდა ათენის მთავარეპისკოპოს იერონიმეს, სხვა დროს კი ფლორინის მიტროპოლიტ ავგუსტინეს. მან ჰკითხა: "რაო, ბერო, ჩემს სამხილებლად მოხვედი?" "არა, მაღალღირსო მამაო, - უპასუხა მამა პაისიმ, - წმინდა სახარება გვეუბნება: "უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამ, წადი და ამხილე იგი..." სახარება არ გვეუბნება იმას, რომ მამა ვამხილოთ". ბერმა მუხლი მოუდრიკა მეუფეს, რამდენიმე სიტყვა უთხრა, რომელსაც მიტროპოლიტი დაეთანხმა და მიიღო. მას შემდეგ მეუფე ავგუსტინე მამა პაისის დიდი კეთილმოკრძალებით ექცეოდა და არ წყვეტდა მასთან ურთიერთობას.

ბერს ძალზე სტკიოდა გული, როცა ეკლესიაში საცთურები აღწევდა, როცა ეკლესია კრიზისს განიცდიდა. მაშინ ჩვეულებრივზე მეტად ლოცულობდა. "ჩვენ არ გვაქვს წმინდა მამათა მსგავსი სულიერი კეთილშობილება, შედეგად ამისა, ვიწყებთ ბოშებივით ერთმანეთის ლანძღვას", - ასე ხსნიდა მამა პაისი ეკლესიაში მომხდარ კრიზის-საცთურებს.

მამა პაისი იცავდა საღვთო და საეკლესიო კანონებს. პატივისცემით ეპყრობოდა ათონის წმინდა მთის ხელისუფლებას და მათ დადგენილებებს. ერთხელ სუროტაში მისულმა ნახა, რომ მის წერილობით ნებართვას ათონის მთიდან გასვლაზე ვადა გასვლოდა. თუმცა ეჩქარებოდა, მაინც ორი დღე დაკარგა ათონიდან ახალი ნებართვის სიგელის მისაღებად ლოდინში.

მამა პაისი კეთილმოკრძალებით და პატივისცემით ეპყრობოდა ეპისკოპოსებს. ერთხელ ერთმა ნაცნობმა ერისკაცმა სტუმრად მიიწვია. "შენთან წამოსვლა არ შემიძლია, მაგრამ რომც შემეძლოს, უპირველესად შენი ქალაქის ეპისკოპოსისგან კურთხევა უნდა ავიღოთ და გამოვხატოთ მისადმი პატივისცემა. ამისთვის კი ორ დღეს დავკარგავთ", - უთხრა. "მამაო, მეუფესთან რატომ უნდა მივიდეთ?" - ჰკითხა ნაცნობმა. იმიტომ, რომ ის გენერალია, მე და შენ კი უბრალო ჯარისკაცებიო, - მიუგო.

მამა პაისი დიდი მოწინააღმდეგე იყო სექტებისა და ერესებისა, კომპრომისი არ შეეძლო, როცა საქმე რწმენას შეეხებოდა. ამიტომაც კატეგორიულად არ მონაწილეობდა არამართლმადიდებლებთან საერთო ლოცვასა და საეკლესიო ურთიერთობაში. სხვასთან ერთად რომ ვილოცოთ, უპირველესად რწმენაში უნდა შევთანხმდეთო. თუ რომელიმე ღვთისმსახური საერთო ლოცვებში მონაწილეობდა არამართლმადიდებლებთან ერთად, ბერი მასთან ყოველგვარ კავშირს წყვეტდა. მათ "საიდუმლოებებს" იგი არ აღიარებდა. მამა პაისი ებრძოდა ეკუმენიზმს და ქადაგებდა მართლმადიდებლობის დიდებულებასა და გამორჩეულობაზე. მართლმადიდებლობის უპირატესობის მტკიცებულება უპირველესად მისი ცხოვრება იყო. ერთხანს მთაწმინდელ მამათა უმრავლესობამ შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის, ათენაგორეს მოხსენიება რომაელ კათოლიკეებთან ურთიერთობისას მისი სახიფათო მოქმედებების გამო. მაგრამ ეს მან გულისტკივილით გააკეთა: "მე ვლოცულობ, რომ ღმერთმა მიიღოს ჩემგან ჩემი დარჩენილი ცხოვრების დღენი და პატრიარქ ათენაგორეს შემატოს, რომ მან მოინანიოს".

მონოფიზიტებზე მამა პაისი ამბობდა: "მონოფიზიტებს არ სურთ აღიარონ, რომ ვერ გაუგეს წმინდა მამებს. და პირიქით, ამტკიცებენ, რომ წმინდა მამებმა მათ ვერ გაუგეს. ანუ ისე იქცევიან, თითქოს მართლები იყვნენ და მათ არასწორად გაუგეს. როცა ზოგიერთმა საღვთისმსახურო წიგნებიდან დიოსკურესა და სეფეროს მიმართ ნათქვამი სიტყვა "ერეტიკოსის" ამოღება მოინდომა, მამა პაისიმ ეს ღვთისგმობის გაგრძელებად ჩათვალა: "ესე იგი წმინდა მამებმა, ღვთივგანათლებულებმა, რომლებიც ერეტიკოსებთან ერთად ერთ დროს ცხოვრობდნენ, ერეტიკოსებს ვერ გაუგეს და შეცდნენ? და ახლა, ამდენი საუკუნის შემდეგ, ამ წმინდა მამების გამოსწორება გვინდა?! ნუთუ ეფემია ყოვლადქებულის სასწაული არაფერს ეუბნება ასეთ ადამიანებს? ნუთუ მანაც "არასწორად გაიგო" ერეტიკოსთა ერეტიკული აღსარება სარწმუნოებისა?"

მამა პაისის არ სურდა სარწმუნოების აღმსარებლად გამოჩენილიყო. მაგრამ წინაღუდგებოდა ზოგიერთი საეკლესიო პირის არამართლმადიდებლურ საქციელს. "ეკლესია ზოგიერთი ეპისკოპოსის საკუთარი სასეირნო გემი კი არ არის, საითაც უნდა, იქით რომ გაცურავს". ეს შეწინააღმდეგება კი მრავალ ლოცვასა და ეკლესიის მიმართ სიყვარულში ვლინდებოდა.

კურნების ნიჭი.
"მე მქვია კონსტანტინე, ჩემს ცოლს კი ანასტასია, - ჰყვება ერთი ქრისტიანი, - 1989 წელს დავქორწინდით. რამდენიმე წელი მეუღლე არ დაფეხმძიმებულა. ვერანაირმა ექიმობამ ვერ გვიშველა.

1993 წლის შემოდგომაზე მამა პაისის ვთხოვე ჩვენთვის ელოცა. მამა პაისი სტუმრებს თავისი კალივის ეზოში იღებდა. როცა რიგი მომივიდა, მხარზე ხელი მომკიდა - რა გინდაო. ვუთხარი. მიპასუხა: "შენს მეუღლეს შვილები შეეძინება. ის უხვწვნიან ხეს ჰგავს. ასეთ ხეებს ოდნავ უსერავენ ტოტებს, რომ ნაყოფი გამოიღონ". სიხარულით ცაში დავფრინავდი.

დავუჯერეთ მოძღვარს და მეტად აღარ გვიდარდია ბავშვზე. მამა პაისის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ ექიმმა უთხრა ჩემს მეუღლეს, - პატარა ოპერაცია უნდა გაგიკეთოთ, "დაგსეროთო". ამის მერე იგი დაფეხმძიმდა და შეგვეძინა ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, რომელსაც პაისი დავარქვით.

მღვდელმონაზონი ა-ი ჰყვებოდა: "ერთი ქალი 12 წლის გათხოვილი იყო და ბავშვები არ ჰყავდა. ამის გამო ქმარი დრტვინავდა. ეს რომ მამა პაისის მოვუყევი, მითხრა: "რახან ასეა, ერთი ბავშვი გააჩინოს, რომ ქმარი დამშვიდდესო". მართლაც, იმავე წელს ეყოლა შვილი.

ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა სნეული როდი იკურნებოდა, ვინც მამა პაისის შეწევნას სთხოვდა. ბევრი ხშირად მანამდე იკურნებოდა, სანამ მამა პაისი ლოცვას აღავლენდა, მაგრამ ზოგიერთისთვის თუმცა ლოცულობდა ღირსი მამა, მისი ლოცვა უპასუხოდ რჩებოდა. ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. ერთხელ მამა პაისი ერთი სნეულისთვის ლოცულობდა, მაგრამ უშედეგოდ. გამოჰკითხა სნეულს, იპოვა მიზეზი ავადმყოფობისა, პირველ რიგში სულიერად გამოაკეთა. ამის მერე ის კაცი ფიზიკურადაც გამოჯანმრთელდა.

ზოგიერთებს ბერი პირდაპირ ეუბნებოდა, ვერასდროს გამოჯანმრთელდებიო. მიუხედავად გულმოდგინე ლოცვებისა, ღმერთი მათ ავადმყოფობას ერთგვარ უმაღლეს ასკეზად უტოვებდა, რომ დაეთმინათ იგი და სამოთხეში მოხვედრილიყვნენ. ბერი ამბობდა: "ზოგიერთებს ღმერთი არ კურნავს, რომ თავიანთი სასყიდელი არ დაკარგონ. ეს იმას ჰგავს, როცა მამა მემკვიდრეობას არ აძლევს შვილებს, რადგან არ უნდა, რომ მათ ის ქარს გაატანონ".

"როცა ექიმებს არ შეუძლიათ ჩვენი დახმარება, - ამბობდა ბერი, - უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომელიც "კაცთაგან შეუძლებელს" შესაძლებელს ხდის. ღმერთმა იცის, ჩვენ რაც გვჭირდება. როცა ღმერთს "ჩვენი არ ესმის", უნდა ვიცოდეთ, რომ მას ამ "არმოსმენით" სიკეთის გაკეთება სურს. ჩვენ მხოლოდ მოთმინების ბოძება უნდა ვთხოვოთ".

ქალაქ არგოსის მკვიდრი კონსტანტინე მელიცისი ჰყვება: "უკვე 30 წელია ქრონიკული ნევროლოგიური სინდრომით ვიტანჯები. პარალიზებული - მიჯაჭვული ვარ ინვალიდის ეტლს. 1981 წლის ზაფხულში მთაწმინდაზე წმინდა გიორგის მონასტერს ვესტუმრე. იქ მდიდარი ბერძენი ბიზნესმენი გავიცანი. მითხრა, მე გიმკურნალებ ამერიკაში, რადგან იქ მედიცინა ძალზე წინ წავიდა და ნერვული უჯრედების გადანერგვაც კი შეუძლიათო.

ფეხზე წამოდგომისა და სიარულის უდიდესი სურვილი გამიჩნდა. ეს ამბავი მონასტრის მამებს ვუთხარი. მათ: - კოსტას, იჯექი, სადაც ზიხარ, უსაქმოდ ნუ იხეტიალებო. თქვენ ხომ არ იცით, როგორ ვიტანჯები-მეთქი. მეორე დღეს მამა ტიმოთეს დახმარებით კარიესში წავედი მამა პაისისთვის აზრის საკითხავად. ბერმა მომისმინა, თავზე წმინდა არსენის ნაწილებით ჯვარი გადამსახა, აიღო ჩემი განუვითარებელი ფეხები, ეამბორა. თან ამბობდა: "ფეხებო, ფეხებო... ამათ ხომ სამოთხეში უნდა შეგიყვანონ, ეს კი არ გესმით". მერე კი მითხრა: - ამერიკაში ნუ წახვალ, იქ შენ საცდელ ცხოველად გაქცევენო. თითქოს ლოდი ჩამომშორდა გულიდან, დავმშვიდდი. ბერმა თვალი თვალში გამიყარა და მითხრა: - აბა, წამოდექი, ცოტათი გავიაროთ. გაოცებულმა შევხედე, მეგონა, ხუმრობდა. მან კი: "ჰა, მიდი, შენს სიცოცხლეში ერთხელ მაინც წამოდექიო". "მამაო, არ შემიძლია, არც ის ვიცი, სიარული რა არის", - ვუთხარი აღელვებულმა. მომეხვია, წამომაყენა, მკერდზე მიმიკრა და ჩემთან ერთად დაიწყო სიარული. თან თვალცრემლიანი ლოცულობდა, მაგრამ მის სიტყვებს ვერ ვარჩევდი.

ვგრძნობდი, რომ საკუთარი ფეხებით დავდიოდი! მომეჩვენა, თითქოს ფრთები გამომესხა. ავღელდი და ავტირდი. მერე ბერმა ინვალიდის ეტლში ჩამსვა და მითხრა: შვილო, ღმერთს შენი გამოჯანმრთელება არ უნდა. შენი მდგომარეობა გაუარესდება, მაგრამ იცოდე, შენი დამხმარენი ამით იცხონებენ სულებს. შენ გახდები სხვათა ცხონების საშუალება. ღმერთს შენგან სწორედ ეს უნდა. ამიტომაც იცხოვრე შენს მშობლიურ არგოსშიო".

იყო სხვა შემთხვევებიც: მამა პაისი ჰყვებოდა: ზოგიერთისთვის დიდხანს და უშედეგოდ ვლოცულობ, რადგან სიჯიუტით და ეგოიზმით იტანჯებიან. წუწუნებენ: ღმერთი რატომ არ მაძლევს ამასო. მაგრამ იგი რატომ "მოგცემს" ამას? იმიტომ, რომ ამით უფრო ეგოისტი და თავნება გაგხადოს? არა. თუ ასეთ ადამიანებს უფალი იმას მისცემს, რასაც ითხოვენ, ეს მათ სიკეთეს არ მოუტანთ. ნუ სთხოვენ მას მბრძანებლის ტონით, ხოლო თუ ეუბნებიან, - თუ გსურს, უფალო, მომეცი ესა და ესო, მაშინ საქმე სხვანაირად იქნება. ლოცვა თავმდაბლური უნდა იყოს.

მამა პაისი წერდა: "ხშირად ლოცვისას დაჟინებით რაღაცას "ვითხოვდი" და ღმერთი ასრულებდა ამ თხოვნას, რომელიც ან მე მეხებოდა, ან სხვა და-ძმებს. მაგრამ თხოვნის ასრულების მერე იძულებული ვიყავი, მისთვის ამის გამო შენდობა მეთხოვა ანდა შევვედრებოდი, საქმე ძველებურად (როგორც ადრე იყო) შემოეტრიალებინა. მას მერე ვთხოვ, რომ მან, როგორც კეთილმა მამამ, თითოეულს უბოძოს ის, რაც მისი სულისთვის სასარგებლო იქნება".

მამა პაისი თვლიდა, რომ ხორციელ კურნებამდე ადამიანი სულიერადაც უნდა განკურნებულიყო, რათა ავადმყოფს ხელი შეეწყო თავისი განკურნებისთვის, ქრისტეს გულისთვის რაიმე მსხვერპლი გაეღო, მოეკვეთა რაიმე ვნება: სიგარეტი გადაეგდო, სმისთვის თავი დაენებებინა და სხვა.

გაგრძელება იქნება →
ბეჭდვა
1კ1