"განიწმინდე, ეზიარე!"
"განიწმინდე, ეზიარე!"
ჰოი, ღვთის გულმოწყალებავ!
სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")
10 მაისი. ღვთის მონები. გუშინ გვესტუმრა და ჩვენთან ისადილა ღვთის მონამ მიხეილ კონსტანტინეს ძე რებროვმა, ერთგულმა სულიერმა შვილმა აწ სამსახურიდან დათხოვილი ეპისკოპოსისა. ის ბევრი მორწმუნისთვის არის ცნობილი თავისი წმინდა ცხოვრებით, ზოგიერთ რჩეულთათვის კი - დაფარულმცოდნეობით და სასწაულმოქმედებით, რომელსაც გულმოდგინედ მალავს უსაქმურ ცნობისმოყვარეთაგან. მე პირადად არ ვიცნობ ამ ეპისკოპოსს. მასზე ბევრი რამ ისეთიც გამიგია, რასაც იგი ჩვეულებრივ მოკვდავთა რიგიდან გამოჰყავს და შუბლზე სულიწმინდის მიერ განსაკუთრებული ცხებულობის ბეჭედს ასვამს. მახსოვს 1903 წლის აგვისტო. წმინდა სერაფიმეს (საროველი) საფლავის გახსნის მერე მალევე ჩავედი დივეევოსა და საროვოში. წმინდა სერაფიმეს კურთხევით აშენებულ წისქვილში დივეევოელმა მონაზონმა მუჭით ახალდაფქვილი ფქვილი მომცა და მითხრა: მამა სერაფიმეს განდიდებისას აქ იყო ერთი სამსახურიდან გასული ეპისკოპოსი ანტონ ვოლოგდელი. ის ახლა დონის მონასტერში ცხოვრობს. შემოვიდა წისქვილში, მისივე კურთხევით, ფეხდაფეხ მოჰყვა ყრუ-მუნჯი გოგონა. მეუფემ პეშვით ფქვილი აიღო და გოგონას მისცა შესაჭმელად. ის მაშინვე ალაპარაკდა.

დივეევოდან საროვოში წავედი. საღამოვდებოდა. სავანის კეთილმოწესე, ნაცნობი მღვდელმონაზონი მამა ეგნატე თავის კელიაში მონასტრის ფარანს არემონტებდა. რას აკეთებ, მამაო-მეთქი. ხელი გულმოსულად ჩაიქნია - ერთი გადარეული ეპისკოპოსი იყო აქ და ფარანი გამიფუჭაო.

ის ყრუ-მუნჯის ამლაპარაკებელი ეპისკოპოსი დამისახელა. "და განმართლდა სიბრძნე შვილთა მისთაგან", - გავიფიქრე.

ამ ეპისკოპოსის მორჩილმა ერისკაცმა თავისი საუბრით დიდად მანუგეშა. გვიყვებოდა თავის მამა მღვდელმთავარზე და მათზე, ვისაც არ იცნობს ეს სოფელი, და თუ იცნობს - სძაგს. მოგვიყვა ღვთის მონა დმიტრი ალექსანდრეს ძე კოვაევზე. ეს მეწაღე მისიონერი მეუფეს თავის მოძღვრად თვლიდა. ერთხელ ცოლი ავად გაუხდა. მკურნალობამ ვერა უშველა რა. კოვაევი ღმერთს ევედრებოდა ცოლის გადარჩენას. ლოცვაში გაიარა ორმა დღემ. ქალის მდგომარეობა უარესდებოდა...

- უფალო, - აღმოხდა კოვაევს, - ჩემი ცოლი რომ მოკვდეს, ჩვენს ხუთ შვილს რაღა ეშველება? ყველგან, ყოველწუთს ვლოცულობ. შენ კი ნამდვილად არ ისმენ. გამომიჯანმრთელე ცოლი, რათა დავინახო, რომ დაპირებისამებრ შეისმენ კაცთა ცრემლიან ლოცვას...

ქალი ბოლოს ისე ცუდად გახდა, რომ კოვაევი ტაძარში გაიქცა, დაემხო მუხლებზე, ლოცვა დაიწყო. მისმა ცრემლმა იატაკი მორწყო. შინ დაბრუნებულს უცებ შინაგანმა ხმამ უთხრა: "განიწმინდე, ეზიარე!" დაემორჩილა ხმას კაცი. კვლავ დაიწყო ლოცვა, ღვთისგან ცოლის სიცოცხლეს გამოითხოვდა. უცებ იფიქრა, მეზობელ დედათა მონასტერში წასულიყო და ნათლისმცემელს შევედრებოდა.

ქალს არაფერი ეშველა...

ერთ დილას კოვაევი ჩაის სვამდა. უეცრად სახელოსნოში ვიღაც ხელჯოხიანი, ვეებერთელაჩექმებიანი მწირი შემოვიდა და იკითხა, - აქ ცხოვრობს კოვაევიო?

კოვაევი გააოცა მისმა ხმამ, წამოდგა და მიეგება სტუმარს - მას უყვარდა მწირების გამასპინძლება.

- მშვიდობა ამ სახლს! - თქვა სტუმარმა.

- მას ჩემი სახლი არასოდეს დაუტოვებია.

- ვინ არის ამ სახლის პატრონი?

- მე გახლავართ! - მიუგო კოვაევმა.

- მე გეკითხები: ვინ არის აქ პატრონი? - კვლავ დაჟინებით იკითხა მწირმა.

- რახან ასეა, მაშინ პატრონი აქ ისაა, - მაცხოვრის ხატზე მიუთითა კოვაევმა, - მე მხოლოდ მისი სახლის მმართველი ვარ.

დასხდნენ ჩაის სასმელად. დალია ერთი ჭიქა მწირმა და ავადმყოფის საწოლს მიაშურა.

- ადექი, პელაგია, ადექი, დედა! სუფთა შარვალ-ხალათი მომიტანე! - მიმართა სნეულს.

პელაგია ადგა და თეთრეულის მოსატანად წავიდა. კოვაევს თითქოს დაავიწყდა, ცოლი ავად რომ იყო და ახლა ღვთის სასწაულით წამოდგა, მხოლოდ ეს ფიქრი უტრიალებდა: ქრისტეს სახელით მივიღე მწირი, ეს კი გამომძალველი გამოდგაო. ამ დროს მწირმა უთხრა:

- ბოროტს ნუ განიზრახავ, უფალმა ცოლი განგიკურნა, შენ კი რას ფიქრობ?

სტუმარმა აიღო შარვალ-ხალათი, კოვაევმა თავისი ხელით შეკერილი ჩექმებიც დაუმატა - დაემშვიდობა მასპინძლებს და წავიდა. ყველაფერი ისე სწრაფად და მოულოდნელად მოხდა, რომ ცოლ-ქმარს თავი სიზმარში ეგონა. გაეკიდნენ მწირს, მაგრამ მის კვალსაც ვერ მიაგნეს...

11 მაისი. ნუ განიკითხავ. დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ. წამოსვლას ვაპირებდი, რომ კედელზე გაფანტულ მამათა შეგონებებს მოვკარი თვალი. დავიწყე კითხვა: "შენი გული დაიფარე საცთურისაგან. შენი მოძღვარი მრუშობაში დაცემულიც რომ დაინახო, ნუ დაუჯერებ თვალებს". ამ წარწერამ ისე დამაბრკოლა და ამაღელვა, რომ ჩემს მოძღვართან მამა ბარსანოფთან დავაპირე შესვლა, მაგრამ მომერიდა, შეიძლება ისიც ისვენებს-მეთქი და არეული ფიქრებით წამოვედი სკიტიდან. თურმე კარგია ის მოძღვარი, რომელსაც თვალნი ჩემნი მრუშობაში იხილავენ! სასურველი ნათქვამია ფარისეველთათვის. მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს ასეთ წმინდა ადგილას, ამ მამათა შორის?

გავმწარდი... მაგრამ უეცრად გამახსენდა... ეს იყო გასულ ოქტომბერს, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველ იოლის ხსენების დღეს, სეხნიისა ოპტის მამათა შორის უხუცესი და პატივცემული ბერისა, მამა იოლისა, რომელიც დიდად დაეხმარა მამა ამბროსის შამორდინოს მონასტრის შენებაში. ჩაიზე მიმიწვიეს ოპტურ გარდამოცემათა შემომნახავ ამ ღირს მამასთან, მის მყუდრო კელიაში შევიკრიბეთ ექვსი მონაზონი და მე - ერისკაცი, მათი მოყვარული და პატივისმცემელი. ვსვამდით ჩაის და ოპტის თაფლს ვაყოლებდით. ჭაღარა, სულიერი გამოცდილებით განბრძნობილმა მამებმა მონაზვნური მშვიდი სიბრძნით ავსებული საუბარი წამოიწყეს. ღმერთო ჩემო, როგორ დაატკბობდა ეს საუბარი მორწმუნის გულს. და ამ დაუვიწყარი საუბრისას მამა იოლემ გაიხსენა ამბავი, რომელიც მას მამა ამბროსის გარდაცვალების მერე შეემთხვა. მაშინ სკიტის წინამძღვარი იყო მამა ანატოლი (ზერცალოვი).

"მამა ანატოლიმ მიმიხმო და მითხრა:

- მამა იოლე, ღვთის წინაშე, ერისკაცთაგან ღამღამობით ხომ არავინ დადის შენთან კელიაში?

- შემიწყალეთ, მამაო, ჩემთან ვინ უნდა იაროს, თანაც ღამით? ანდა როგორ შემოვა? სკიტი დაკეტილია, ყველა გასაღები კი თქვენ გაქვთ კელიაში.

- აღმოსავლეთით, ტყისკენ რომ კუტიკარია, იმისა?

- იმის გასაღებიც თქვენ გაქვთ.

- უბედურებაც ესაა, - გასაღები მე მაქვს, შენთან კი მაინც ვიღაც დედაკაცი დადის.

კინაღამ გონება დავკარგე. მამა ანატოლიმ ეს შეამჩნია და მითხრა:

- კარგი, კარგი! დამშვიდდი. მე შენი მჯერა. ეტყობა, ცილი დაგწამეს. წარვედ ღვთით!

- მამაო, ვინ მოგიტანათ ეს ამბავი?

- იმყოფინე, რომ შენი მჯერა.

წამოვედი განაწყენებული. ამდენი წელი ბერულად მიცხოვრია და რა დავიმსახურე? მამა ამბროსის დროს ხომ ასეთ რამეს ვერავინ მისაყვედურებდა... ცოტა ხნის მერე სკიტის წინამძღვარმა დამიძახა. განრისხებული დამხვდა.

- ამას რას შვრები, რას აკეთებ?!

- რაზე ამბობ, მამაო?

- რასა და... წუხელ საკუთარი თვალით დავინახე, როგორ შემოვიდა კუტიკარიდან შენთან ქალი. არ გესმის, რას აკეთებ?

არადა, ყრმასავით წმინდა ვარ ამ საქმეში. უეცრად თითქოს ვიღაცამ მიჩურჩულა: "ეს ხომ მტერი იყო (კაცთა მოდგმისა) და არა ქალი". მაშინვე გული გამინათდა:

- მამაო, ღვთის წინაშე გეუბნები: უბრალო ვარ!.. ეშმაკს უნდა აგვირ-დაგვირიოს ცხოვრება.

მამა ანატოლიმ დაჟინებით შემომხედა, თითქოს სული შემითვალიერა და დამშვიდდა.

- რახან ასეა, მოდი, ერთად ვევედროთ ღმერთს, რომ სიმართლე გამოააშკარავოს. ღამის თორმეტ საათზე მოდი ჩემთან. ვნახოთ, რას გვეტყვის უფალი.

მთელი დღე გულმოდგინედ ვილოცე. შუაღამისპირს მოძღვართან მივედი. მელოდებოდა. წავიდეთო, - მითხრა.

მივედით იმ კუტიკართან, საიდანაც თითქოსდა ჩემთან ქალი შემოვიდა. გვერდით დავდექით და ველოდებით, ციებიანივით ვცახცახებ და იესოს ლოცვას ვიმეორებ.

აბა, თუ მიხვდებით, რა მოხდა? შუაღამისას კუტიკარით შემოვიდა ქალი და ჩემი კელიისკენ გასწია. გააღო კარი და შევიდა. "ხედავ?" - მეკითხება მოძღვარი. "ვხედავ", - ვპასუხობ ცოცხალმკვდარი.

- ახლა ჩვენ მას დავიჭერთ! - მითხრა.

მივედით კართან. დაკეტილია. არადა ჩვენს თვალწინ ღია იყო!.. ჩემი გასაღებით გავაღე. შევედით. არავინაა!.. დავათვალიერეთ იქაურობა, თაგვის სოროებშიც კი შევიხედეთ. არავინ ჩანს. ჯვარი გამოვისახეთ. მივხდით, ვისგან იყო ის სიცრუე. მას შემდეგ დედაკაცზე აღარც გვისაუბრია.

მამა იოლეს ეს ნათქვამი გამახსენდა და მაშინვე გამშორდა ის დაბრკოლება სულისა, მამა იოსების კელიის შესასვლელთან რომ მივიღე. ჩემთვის ეს გასაგებია, მაგრამ გაიგებენ ისინი, ვისაც თვალში მოხვდება ეს სტრიქონები?

დედის წყევლა. იმ დაუვიწყარ საღამოს მამა იოლემ ერისკაცობის დროინდელი, სიყრმის ამბავი გაიხსენა.

- ჩემი სამშობლოს სიახლოვეს წმინდა ეპიფანეს ტაძარი ძალზე დაძველდა. გადაწყვიტეს, დაეწვათ და მის ადგილას ახალი ტაძარი აეშენებინათ. ტაძრის საძირკველში იპოვეს სრულიად გაუხრწნელი მიცვალებული. ტანსაცმლით და შესახედაობით ჩანდა, ადგილობრივი მეშჩანი იყო და 50-60 წლის წინათ დაეკრძალათ. დაიწყეს გამოკითხვა: ღვთის დიდი წმინდანი იყო თუ ისეთი ცოდვილი, რომ ნეტარმა დედამიწამაც არ მიიღო. ეკვდერში გადაასვენეს. როგორც იქნა, იპოვეს ერთი დედაბერი. ჰკითხეს, - გარდაცვლილს თუ იცნობდიო.

- არ ვიცი და არც მინდა ვიცნობდეო - დედაბერმა.

მიცვალებულის ნახვაც არ მოისურვა, მაგრამ არც ფეხი მოიცვალა. შეამჩნიეს, რაღაცას მალავდა. გამოიკითხეს, ცოტათი შეაშინეს და გათქვა, - თუ მიცვალებულს მიწა არ იღებს, იგი სხვა არავინაა, თუ არა ჩემი შვილიო.

- რას ამბობ, რად ხარ ასეთი უმოწყალო? - ჰკითხეს.

- სწორედ იმიტომ, რომ მე, მშობელ დედას, უმოწყალოდ მცემდა. ჩაძაღლების წინაც ისე მიმბეგვა, რომ ნაწნავი მომაგლიჯა. დავწყევლე და მაშინვე ამოხდა სული. დაკრძალვისას თავქვეშ ის ნაწნავი ამოვუდე, რომ ღვთის საშინელ სამსჯავროზე იმით განიკითხოს და ჩემი წყევა არ მოშორდეს. თუ მიცვალებულს ბალიშის ქვეშ ნაწნავს უპოვით, იცოდეთ, ისაა ჩემი სისხლისმსმელი.

მიცვალებულს თავქვეშ მართლაც უპოვეს ნაწნავი. დედაბერი მღვდელთან წაიყვანეს. დაუწყო მან დარიგება - აპატიე შვილს, მოუხსენი წყევაო, მაგრამ ქალი თავისას ადგა: ანათემა მაგას, სამგზის იყოს წყეულიო!

მოხდა ღვთის სასწაული: დაიყოლია მოძღვარმა დედაბერი, როგორც იქნა, გონს მოიყვანა.

- მაშინ დაე ღმერთმა აპატიოს, მეც შემინდვია, - თქვა ქალმა, მივიდა მიცვალებულთან, შეხედა, ჯვარი გადასახა, ეამბორა და უცებ მიცვალებული ყველას თვალწინ ჩაიშალა, მტვრად იქცა. ქალმა ამის მერე სამი დღე იცოცხლა და სული თვისი უფალს ჩააბარა.

ჰოი, სიყვარულო! ჰოი, ღვთის გულმოწყალებავ!
ბეჭდვა
1კ1