ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ, მის გარეშე თავისუფლებაც კი ციხეა!
ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ, მის გარეშე თავისუფლებაც კი ციხეა!
* რა გახდა მიზეზი წმინდა ეფრემ ასურის შემონაზვნებისა? ერთხელ, ახალგაზრდობისას, მშობლებმა ქალაქში გაგზავნეს. შინ მომავალს შემოაღამდა და ღამე მეცხვარესთან გაათია. იმ ღამეს მგლები თავს დაესხნენ ფარას და ცხვრები გაიტაცეს. დილით მწყემსებმა წმინდა ეფრემს დააბრალეს, - ქურდები შენ მოიყვანე, მათ კი ცხვრები მოგვპარესო. დაიჭირეს და ციხეში ჩააგდეს.

მასთან ერთად საკანში ორი კაცი იჯდა, რომელთაგან ერთს ქალის გაუპატიურებას, მეორეს კი მკვლელობას აბრალებდნენ. თუმცა სამივე ამ საქმეში ალალ-მართალი გახლდათ.

შვიდი დღე ციხეში გაატარა. მერვე დღეს წმინდა ეფრემმა ხილვა ნახა, - ძილში ვიღაცამ უთხრა: "ღვთისმოშიში იყავი და მიხვდები უფლის განგებულებას, გაიხსენე, რაც გიფიქრია და რაც გაგიკეთებია, მიხვდები, რომ არც შენ და არც შენს გვერდით მყოფნი ტყუილად არ იტანჯებით და რომ სასჯელს ვერ გაექცევითო". წმინდა ეფრემს გაახსენდა, რომ ერთ ღამეს მინდორში გააგდო ერთი გლახაკი კაცის ძროხა, რომელიც ნადირმა დაგლიჯა. წმინდა ეფრემმა ყველაფერი ეს იმ ორ ტუსაღს უამბო. ერთმა აღიარა, ვიღაცა წყალში იხრჩობოდა. შემეძლო, მაგრამ არ გადავარჩინეო. მეორემ კი თქვა: ცრუ მოწმედ წარვდექი სასამართლოს წინაშე, მრუშობა დავწამე ერთ ქალს, რომელსაც ძმებმა ამის მერე მემკვიდრეობა წაართვესო. მიხვდა წმინდა ეფრემი თავის დანაშაულს.

მალე მისი მოსამართლე შეიცვალა. ახალმა მოსამართლემ სიმართლე გამოიძია და ეფრემი ციხიდან გაათავისუფლა. წმინდა ეფრემზე ისე იმოქმედა ამ ამბავმა, რომ აღთქმა დადო და როგორც კი გარეთ გამოუშვეს, მაშინვე მონასტერში წავიდა.

* მთავარია, კაცმა ქრისტეში მოიპოვოს თავისუფლება. "შეიცანით ჭეშმარიტება და ის გაგათავისუფლებთ", - ბრძანებს სახარება, - ანუ თუ გახდებით თავისუფალნი, არა რაიმე გარეგნული დამოკიდებულებით, საზოგადოებრივით ან პოლიტიკურით, - ბრძანებს მღვდელმთავარი ანტონი სუროჟელი, - ეს სხვანაირი თავისუფლებაა, რომელსაც ვერაფრით წაართმევენ ადამიანს. ასე ფიქრობდა ერთი კაცი, რომელიც ორმოცი წელი მარტო იჯდა საკანში და სიკვდილის წინ კედელზე წააწერა: "ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ, მის გარეშე თავისუფლებაც კი ციხეა!"

* ბოლშევიკების საკონცენტრაციო ბანაკები გამოიარა მამა ვასილი ევდოკიმოვმა (+1993). "მამაო, საშინელება იყო ბანაკში ყოფნა?" - ჰკითხეს ერთხელ. "რა თქმა უნდა, გეშინია, როცა ბანაკში ღამის ლიტურგიაზე მალულად მიდიხარ. ვაითუ დაგიჭირონ და წლები მოგიმატონ! დაიწყებოდა ლიტურგია და ცა იხსნებოდა! ფიქრობდი, დაე, წლებიც მომიმატონ, ოღონდ მალე არ გათენდესო. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ჩვენ, ქრისტეს პატიმრები, გარეთ მყოფებზე თავისუფლები ვიყავით... სული იყო თავისუფალი, სული იწვოდა. იქ გვყავდა ბერი, რომელიც ამბობდა: "შეხედეთ, ვინ არის გოლგოთაზე: ქრისტე, ღვთისმშობელი და რომაელი ჯარისკაცი - ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ, ჩვენ კი ჩვენი გავაკეთოთ".

* წმინდა პეტრე ათონელი ადრე მეომარი იყო. ერთხელ სარკინოზებმა დაატყვევეს და ფეხებზე ბორკილდადებული სამარიის ციხის მყრალ საკანში ჩაამწყვდიეს. მასთნ შესვლა კი ყველას აუკრძალეს. პატიმარმა ფიქრი დაიწყო იმაზე, თვითონ ხომ არ იყო ამ უბედურების მიზეზი. გაახსენდა, რომ ღმერთს ერთხელ დაჰპირდა, მონაზონი გავხდებიო და არ შეასრულა. ამიტომაც სამართლიანად ჩათვალა მოწეული სასჯელი. ევედრებოდა წმინდა ნიკოლოზს გათავისუფლებას. წმინდანი გამოეცხადა და უთხრა: "ძმაო პეტრე! შენი თხოვნა შევისმინე, შენი გულისტკივილიც ვიცი. შენთვის ვევედრებოდი ღმერთს. მაგრამ რადგან აღთქმის შესრულებას აყოვნებდი, უფალიც აყოვნებს შენს განთავისუფლებას. მოთმინება მოიკრიბე და ევედრე ღმერთსო". წმინდა პეტრემ უფრო გააძლიერა მარხვა და ლოცვა. წმინდა ნიკოლოზი მეორედ გამოეცხადა. "დამერწმუნე, ძმაო პეტრე, მას შემდეგ არ დავმცხრალვარ და შენს გაანთავისუფლებას ვევედრები. მაგრამ არ ვიცი, რატომღაც უფალს არ უნდა შენი განთავისუფლება. ზოგჯერ უფალი მალევე არ გვიბოძებს სათხოვარს, რომ დიდხანს გვახსოვდეს მისი სიკეთე, ახლა კი იქნებ სურს, რომ უფრო ღირსეული შეევედროს შენთვის, რადგან ჩემს ლოცვას არ ასრულებს. ასეთი წმინდა სვიმეონ მიმრქმელია. ევედრე, იქნებ თავისი ლოცვით გიშუამდგომლოს ღვთის წინაშე". წმინდა პეტრემ ლოცვა და მარხვა გააათკეცა. მალე მას წმინდა ნიკოლოზი და წმინდა სვიმეონი გამოეცხადნენ და პირობა ჩამოართვეს, თუ აღასრულებდა აღთქმას და ბერად შედგებოდა, ტყვეობიდან გამოიხსნიდნენ. წმინდა პეტრე დაჰპირდა, შევასრულებო. წმინდა სვიმეონმა და წმინდა ნიკოლოზმა გამოიყვანეს საკნიდან და უცებ სამარიის ციხის გარეთ აღმოჩნდა. საბოლოოდ, წმინდა პეტრე ათონის მთაზე მივიდა და დასაბამი დაუდო იქ მონაზვნობას.

* გერმანელებმა იუგოსლავიის დაპყრობისთანავე მეუფე ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი, წმინდანად შერაცხული) შინაპატიმრობაში ჩასვეს ჯერ ლიუბოსტინის (1941) და შემდეგ ვოილოვიცის მონასტერში. 1943 წელს აქვე მოიყვანეს სერბეთის პატრიარქი გაბრიელი. 1944 წელს ფაშისტებმა წმინდა ნიკოლოზი, პატრიარქ გაბრიელთან ერთად, დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. მეუფე ნიკოლოზმა ადვილად გადაიტანა გაჭირვება. უვლიდა პატრიარქს, იცავდა, თუმცა ფიზიკურად მასზე სუსტი იყო. ერთხელ, როცა ორივეს არაწმიდების გატანა მოუხდა, პატრიარქმა ვეღარ გაუძლო და წაიქცა. დარაჯმა მათრახი გადაჰკრა და ჰკითხა: - როგორ მოგწონთ აქ ყოფნაო. პატრიარქმა უკმაყოფილოდ შეხედა და მეუფე ნიკოლოზს მიუბრუნდა: "უთხარი, რომ მისი სიკვდილი გადაწყვეტილია და მალე მიიღებს დამსახურებულ სასჯელსო". რაო, რას ყბედობო, - იკითხა გერმანელმა. უწმინდესი პატრიარქი გაოცებულია თქვენი ორგანიზაციის სრულყოფილებით და იდეალური წესრიგით, ჩვენ აქ ძალიან კარგად ვართ. მაგრამ რადგან მაინც ეკლესიის წარმომადგენლები ვართ, გთხოვთ გაგვათავისუფლოთ ამ საქმიანობისგანო".

წმინდა ნიკოლოზის ნათქვამმა იმოქმედა ფაშისტზე და ორივე ტყვე ყველანაირი ფიზიკური საქმიანობისგან გაათავისუფლა.

* წმინდა ნიკოლოზ სერბს სულიერმა შვილმა ჰკითხა:

- მეუფეო, ამბობენ, სულიერი ტანჯვა და გაჭირვება საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღს ან მოკლავს, ან მკვდრეთით აღადგენს. ვიცნობ ადამიანებს, მათ შორის მორწმუნეებს, რომლებიც ბანაკებში მხოლოდ ლუკმაპურისა და ჭიქა ცხელი წყლის მოპოვებაზე ფიქრობდნენ.

- ხდება ხოლმე, მიდგები კუთხეში და იმეორებ შენთვის: "მიწა ვარ და ნაცარი. უფალო, მიირქვი სული ჩემი!" უეცრად სული აღიტაცება ზეცად და პირისპირ ხედავ ღმრთს. მაგრამ შენ აღარ შეგიძლია ამის დათმენა და ეუბნები: "მზად არა ვარ, დამაბრუნე უკან!" მერე კვლავ საათობით ზიხარ და იმეორებ: "მიწა ვარ და ნაცარი, მიირქვი სული ჩემი, უფალო!" და უეცრად კვლავ აღგიტაცებს უფალი. მთელ დარჩენილ ცხოვრებას მივცემდი, რომ შეიძლებოდეს, ერთი საათი კიდევ მამყოფა დახაუში.

* წმინდა ნიკოლოზივე ჰყვებოდა: "ციხის თანამშრომლები მეკითხებოდნენ, - გწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთი იყოო? არა-მეთქი. ესე იგი, მეტად აღარ გწამსო? - იცინოდნენ. კი არ მწამს, ვიცი, რომ ღმერთი არსებობს. განსაცდელის მერე ჩემი რწმენა ცოდნად იქცა. ახლა ვიცი, რომ ღმერთი არსებობს-მეთქი".

* მე-18 საუკუნეში გარეჯელი ბერი აკაკი ლეკებმა გაიტაცეს. ერთხელ მასთან ერთად მყოფმა ტყვეებმა დრო იხელთეს გასაქცევად და აკაკისაც უთხრეს, - ადექი და ღვთის შეწევნით გავიქცეთო. მამა აკაკიმ კი უთხრა: - აბა, ეს როგორ შეიძლება? ვის ხელშიც ვართ, მაგან კი არ შეგვიპყრო, არამედ ფულით გვიყიდა და პურიც ამისი ვჭამეთ. რომ გავიქცეთ, ფული დაეკარგება და ვაითუ ამის გამო უფალი განგვირისხდესო.

* წმინდა გაბრიელ მცირე ჰყვება: წარმართებს ბევრი ქართველი ტყვედ ჰყავდათ შეპყრობილი, ხელფეხშკრულნი ეყარნენ დავითგარეჯის სიახლოვეს. ერთი მათგანი მთელი ღამე მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს და წმინდა დავითს. ლოცვაშივე გაეხსნა ბორკილები და ისე განვლო წარმართთა დარაჯები, ვერავინ დაინახა. მოვიდა კაცი წმინდა დავითის მონასტერში და მადლობა შესწირა ღირს მამას.

* ლევან გოთუა კომუნისტებმა 19 წლისა აბასთუმანში დაიჭირეს და შვიდი თვე ჰყავდათ ციხეში გამომწყდეული. ქართველი, ოსი, სომეხი ჯალათების სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა, მაგრამ სულზე მიუსწრო ახალციხის მაზრის მილიციის უფროსმა. გამოუშვეს, მაგრამ 1925 წელს სამი წლით ციმბირში გაასახლეს. ისე სწრაფად გააყოლეს ეტაპს, ახლობლებმა ვერც მისი ნახვა და ვერც თბილი ტანსაცმლის შეგზავნა ვერ მოასწრეს. ორი თვე მოსკოვში, ბუტირკის ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული, მერე სოლოვკის კუნძულებზე უკრეს თავი. იქ ჩაყვანილი ქართველები ბნელ საკანში, მუხლებამდე წყალში, სისხლის სამართლის დამნაშავეებთან შეყარეს. ქართველებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობაც გამოაცხადეს. 30 დღის შემდეგ მიაღწიეს მიზანს, მაგრამ დიდი მსხვერპლის ფასად, მათგან ცოტა თუ გადარჩა. 1927 წელს ლევანს პატიმრობა თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს, ოღონდ არ შეეძლო სამშობლოში დაბრუნება და ექვს დიდ ქალაქში დასახლება. ვადის გასვლის შემდეგ კიდევ სამი წელი დაუმატეს. გაწამებულმა გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ ჭოროხთან ჩეკისტებს ჩაუვარდა ხელში. ისევ ხუთი წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. იმედი მაინც უკიაფებდა: "დრო მოვა და... წარსულო სიცოცხლევ, ხელახლა დაიწყებიო".

ერთხელ ბანაკის პატიმრებს მდინარე ობში ბანაობის ნება მისცეს. წყალმა ლევანი გაალაღა, მოუსვა მხარული, დიდხანს მიცურავდა, რომ მოიხედა, ნაპირი აღარ ჩანდა. ერთი კი იფიქრა, გადავლახავ მდინარეს და გავიქცევიო, მაგრამ მაშინ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდებოდა. უკანვე გამოცურა. ბანაკში ჰგონებიათ, ობში დაიხრჩოო და მისი ტანსაცმელი სხვისთვის მიუციათ. "ურჩი" პატიმარი ერთი კვირა იზოლატორში გამოკეტეს, მერე კი ვიღაცის ჭუჭყიანი ძველმანები მისცეს, მისი ზომის ფეხსაცმელი ვერ უშოვეს და კარგა ხანს ფეხშიშველი დადიოდა.

1937 წლის სექტემბერში დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ თბილისში ცხოვრების ნება მხოლოდ 1938 წელს მისცეს. 1946 წელს, როცა მისი ორი პიესა თბილისის მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა და მისი წიგნები ძალზე პოპულარული გახდა, ანტისაბჭოთა ჯგუფის შექმნა დააბრალეს და ათი წლით ვორკუტაში გადასახლება მიუსაჯეს. მამაცურად დაუდგა ლევანი განსაცდელს. ჯალათებს სულ მატყუარები და მტარვალები ეძახა, - დადგება დრო და საბრალდებო სკამზე თქვენ თვითონ მოხვდებითო. "ეს არ მოხდებაო", - დაუბღავლია შეშინებულ რაფავას და ლევანის ცემა უბრძანებია, - მაინც ვერ გატეხეს, ხელი ვერაფერზე მოაწერინეს.

40-50 გრადუსი ყინვა, თოვლი, ქარბუქი, შიმშილი, არაადამიანური ყოფა, დამცირება - რა ენამ გამოთქვას ის მიწისზედა საზვერეები! წელიწადში მხოლოდ ორი წერილის გამოგზავნის უფლება მისცეს. გაჭაღარავდა ბანაკში: "ბატიას", "დედუშკას" ეძახდნენ. "ჩემი ნაწერები და ჩემი გმირები ყოველთვის ჩემზე ბედნიერები იყვნენ... არ მშურს! ასეთია ბედის შეუვალობა", - სწერდა ახლობლებს. "როცა წერილს ვწერ, თავი საქართველოში მგონია", - ოხრავდა. იქ ჩუმად დაწერა "გმირთა ვარამი". ბანაკის ტერიტორიაზე დაყრილი მორები ქალაქში თავისუფლად მცხოვრებმა ქართველმა იყიდა. სწორედ ამ მორების გულში იდო მისი ხელნაწერი.

ციხის მეგობრებს ძალიან უყვარდათ "ლევან ბერი".

სამშობლოში სტალინის სიკვდილის შემდეგღა დაბრუნდა...
ბეჭდვა
1კ1