სპირიტიზმი, უბრალო გლეხური შელოცვები (მკითხაობები) გამოვლინებაა ქრისტიანობის ფალსიფიკატორი, ერთიანი ანტიქრისტიანული სულისა
სპირიტიზმი, უბრალო გლეხური შელოცვები (მკითხაობები) გამოვლინებაა ქრისტიანობის ფალსიფიკატორი, ერთიანი ანტიქრისტიანული სულისა
სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")
1 მარტი. "სპირიტუალისტ-დოგმატიკოსი".

ჩაის დალევაც ვერ მოვასწარი, რომ მსახურმა მომახსენა: - ვიღაც ბატონი გკითხულობთ. ამბობს, მამა ანატოლიმ გამომგზავნაო.

მამა ანატოლი, ჩვენი უდაბნოს მღვდელმონაზონი, მამა ამბროსის სიცოცხლის ბოლო წლებში მისი მესენაკე იყო. ახლა კი მოძღვრობს, როგორც სავანის ერთ-ერთი სულიერ მამათაგანი და ხალხის რწმენითაც იგი არის კანონიერი და ბუნებრივი მემკვიდრე გარდაცვლილი ოპტელი მამის მამობრივი მადლისა.

არ მინდოდა ამ უცნობის მიღება, მაგრამ მამა ანატოლის სახელის ხსენებამ მაიძულა. სამზარეულოში შუახნის კაცი იდგა. ქალაქურად ეცვა - გახამებული მაღალი საყელო, კაშკაშა, ფერადი ჰალსტუხი, ჭუჭყიანი, შელანძღული პალტო, ხელში ქუდი... სახე თითქო არარუსული ჰქონდა, გალეული, ქვედა ტუჩს ქვემოთ ქერა წვერი, თვალები - წვრილი, აქეთ-იქით დაურბოდა და მოსაუბრის შეხედვას ემალებოდა. უფრო ლაქიას ანდა მოხეტიალე ვაჭარს ჰგავდა, რომელთაც ებრაულ-რუსულ ჟარგონზე "ვოიაჟერს" ეძახიან.

- რა გნებავთ? - ვეკითხები.

- შეძლებთ ერთ საქმეში დამეხმაროთ?

ვიფიქრე, ეტყობა, ოპტიდან გასამგზავრებელი ფულის თხოვნა უნდა-მეთქი. ხელი ჯიბეში, საფულისკენ წავიღე. მან ჩემი ხელის მოძრაობა შეამჩნია...

- არა, ფული არ მჭირდება, სულ სხვა რამეში მინდა დამეხმაროთ.

- კერძოდ?

მან სამზარეულოში მოტრიალეთ გადახედა, თითქოს მათი თანდასწრებით საუბრის რცხვენიაო, მერე კი ყველას გასაგონად წამოიძახა: "მოსვენება არა მაქვს ეშმაკისგანო!" უკან დავიხიე, - გიჟი ხომ არ არის-მეთქი.

- სრულ ჭკუაზე ვარ, მეხსიერებაც საღი და მტკიცე მაქვს, ჭეშმარიტად სიმართლეს გეუბნებით. ბელევში ვცხოვრობ, მაგრამ პოლიციამ ქალაქის დატოვება მიბრძანა. იძულებული ვარ, გავემგზავრო. მაგრამ სად წავიდე, კოზელსკში? კოზელსკიდანაც გამასახლებენ, თუ თქვენ არ მიმფარველებთ.

- მაპატიეთ, - შევეპასუხე, - თქვენი სიტყვებიდან გამოდის, რომ მოსვენება ეშმაკებისგან კი არა, პოლიციისგან არა გაქვთ. რა შუაშია თქვენს ფათერაკებში ეშმაკები?

- რა და... თუმცა, ვერ გაგეცანით. მე გახლავართ სპირიტუალისტ-დოგმატიკოსი სმოლიანინოვი, ხელის დადებითა და ლოცვით ვკურნავ ყოველგვარ სნეულებას, უმთავრესად ეშმაკეულებისაგან ეშმაკებს განვდევნი. ეს არის ჩემი სპეციალობა და ამან გამხადა საძულველი პოლიციისთვის, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დამრღვევად მთვლის. შევდივარ ეკლესიაში, მაგრამ იქაც ვერ ვჩერდები, თუ ტაძარში ერთი ეშმაკეული მაინც არის. ეშმაკი მაშინვე მცნობს და ისეთ სკანდალს ატეხს, იძულებული ვარ, ეკლესიიდან გამოვიდე, ბინას ვიქირავებ და იქიდანაც მდევნიან, რადგან ქუჩაშიც კი კედლებს იქით მაგნებენ ეშმაკები... ყველაფერი ეს არ მოსწონს პოლიციას და უფრო მეტად ვიტანჯები, ვიდრე ვინმე ბოროტმოქმედი.

სმოლიანინოვი ენაწყლიანად საუბრობდა, სიტყვებს არ ეძებდა. სამზარეულოში ყველა შეშფოთდა, ჭამასაც კი ანებეს თავი. სიტყვა შევაწყვეტინე მკურნალს:

- პოლიციაში არავის ვიცნობ. მხოლოდ კეთილი რჩევით თუ დაგეხმარებით. მიმართეთ სულიერ მკურნალს, რომ განგკურნოთ მძიმე სულიერი სნეულებისგან.

- მაინც რომლისგან?

- ხიბლისგან.

- ხიბლისგან? - დამარცვლა გულისწყრომით, - მე, რომელიც მაცხოვრის სიტყვისაებრ, ხელის დადებით ვკურნავ ყოველგვარ სნეულებას, ეშმაკებს ქრისტეს სახელით განვდევნი, მე უნდა განმკურნონ ხიბლისგან? აბა, რას ამბობთ? ეს როგორ იფიქრეთ?!

- მითხარით, აღსარებას თუ ამბობთ, თუ ეზიარებით?

- განა წარმართს ვგავარ?

- მოძღვრები რას გეუბნებიან თქვენს ძალებთან დაკავშირებით?

- რა უნდა მითხრან, როცა მე ქრისტეს სახელით ვმოქმედებ?

- ეკლესიის მოძღვრებიც ქრისტეს სახელით მოქმედებენ, მაგრამ მათგან იშვიათად თუ ვინმე აღწევს ისეთ სულიერ სიძლიერეს, რომ სნეულები განკურნოს და ეშმაკები განდევნოს, მათ კი მღვდლობის საიდუმლოს აღსრულებისას ებოძათ მოციქულებრივი მადლი, რომელიც თქვენ არ გაქვთ.

- ჩემსავით არ იქცევიან და იმიტომ: არ ვსვამ, არ ვეწევი, ქალწულებრივად ვცხოვრობ.

- დაოჯახებული ხართ?

- დიახ, მყავს 18 წლის ვაჟი, უზარმაზარი ფსიქიკური ძალის პატრონი.

- თქვენი ცოლი ცოცხალია?

- ცოცხალია.

- რამდენი წლის ხართ?

- ორმოცდაოთხის.

- გნებავთ, ჩემგან სხვა რჩევაც მოისმინოთ?

- უდიდესი სიამოვნებით, ოღონდ დამეხმარეთ.

- დალიეთ და მოსწიეთ ზომიერად, ცოლთანაც სჯულის მიხედვით იცხოვრეთ, მაშინ ეშმაკები პოლიციასთან ერთად თქვენს დევნასა და შევიწროებას თავს დაანებებენ და განთავისუფლდებით სულიერი სიამაყისა და თავის მოტყუებისგან.

ბატონმა სმოლიანინოვმა მრისხანედ შემომხედა და წასვლა დააპირა. შევაჩერე. მომინდა, ახლოს გამეცნო და შემეტყო, თუ როგორ მივიდა ამ მდგომარეობამდე.

- მოიცადეთ, არ გეწყინოთ! აქ სასაუბრო ადგილი არ არის. გაიხადეთ პალტო, ჩემთან წავიდეთ და დაწვრილებით მომიყევით თქვენი ცხოვრების შესახებ. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ ჩემთან მამა ანატოლიმ გამოგგზავნათ. წავიდეთ!

ჩაის მოტანა ვუბრძანე მსახურს.

აი, რა მომითხრო საკუთარ თავზე "სპირიტუალისტ-დოგმატიკოსმა" ბატონმა სმოლინიანოვმა:

- დავიბადე ქალაქ ლიხვინში. მამაჩემი - ლიხვინელი მეშჩანი იყო, სახურავების მხურავი და მღებავი, სულიერი მიდრეკილებით კი საშინელი ლოთი. დედა - უბრალო, ღვთისმოშიში ქალი იყო, იმგვარი, ყოველნაირი რელიგიური გაგების გარეშე რომ სწამთ სამება-ღვთისმშობლისა და მიკოლა სასწაულთმოქმედისა...

ბატონი სმოლიანინოვი ხატოვნად და ენაწყლიანად მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე, ეტყობოდა, უხაროდა საკუთარი თავის მოსმენისა და ირიბად გადმომხედავდა, თითქოს სურდა დაენახა, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მისმა საუბარმა ჩემზე.

- აი, ასე აღვიზარდე ამგვარ უკულტურო ოჯახში. ბოლოს და ბოლოს, მივაღწიე იმ ასაკს, როცა კაცს მოეთხოვება, ოჯახის რჩენაში წვლილი შეიტანოს. ამ დროისათვის მოვასწარი საკმაოდ კარგად შემესწავლა წერა-კითხვა. მაგრამ, სამწუხაროდ, იმ მიყრუებულ ლიხვინში ჩემი ნიჭიერების შესაფერისი ვერაფერი ვნახე. ერთხანს მამაჩემთან ერთად ვმუშაობდი. მაგრამ ხეირი არ დაგვადგა, მამაჩემი მთელ ჯამაგირს სასმელში ახურდავებდა, მე და დედას მშივრებს გვტოვებდა. ასეთი არანორმალური ცხოვრება გაგრძელდა მანამ, ვიდრე სჯულიერად არ ვიქორწინე ღირსეულ მეშჩან ქალიშვილზე. მამაჩემი სამხრეთში წავიდა ფულის საშოვნელად, მე ხელი მოვკიდე ცოლს და ლიხვინს იმ იმედით მოვშორდი, რომ შესაფერის სამუშაოს ვიშოვიდი. ამ ხეტიალში მრავალი ხელობა გამოვიცვალე, მრავალ ქალაქს ვეწვიე და ოდესაში ვიპოვე მუდმივი და ძალზე ხელსაყრელი საქმე, მთელი განათლებული სამყაროსთვის ცნობილ შავი მაგიის პროფესორთან, ბატონ ბეკერთან... ალბათ იცნობთ მას? - მკითხა.

არა-მეთქი, - ვუთხარი ცალყბად.

- ეს არ არის მთავარი... ბატონი პროფესორი იქცა ჩემთვის ციურ გამოცხადებად... ახლა ის უკვე გადავიდა სხვა სამყაროში, ანდა შეიძლება გადასახლდა სხვა სხეულში - ეს ჩემთვის ჯერ არ განცხადებულა... ჰოდა, უმაღლესი მეცნიერების ამ სანთელთან მოვეწყვეთ მე და ჩემი ცოლი: ცოლი - ეკონომად, მე კი მსახურად და თანაშემწედ. და იქ ჩემს სულიერ მზერას განეცხადა აქამდე უცნობი სამყარო უმაღლესი ცხოვრებისა, რომელზეც მცირეოდენი წარმოდგენაც კი არ შეიძლება ჰქონდეს მდაბიოს. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ, როგორც კაცმა, რომელიც სრულად არ ხართ გაბრწყინებული ეზოთერული, ჭეშმარიტად სულიერი სახარებისეული სწავლების ნათლით, თქვენი შეძენილი ცოდნით მაინც შეგიძლიათ გამიგოთ: ბატონი პროფესორის ხელმძღვანელობით წავიკითხე და შევისწავლე ყველა საიდუმლო უძველესი ქალდეური მაგიისა, ჩემს წინ გადაიშალა მთელი მისტერია დელფებისა, ელებზინისა, ეგვიპტისა, მოვიპოვე გასაღები სიკვდილისიქითა სამყაროს კარიბჭისა... სპირიტიზმი და მისი სასწაულები არა მხოლოდ ჩემი პირადი სფეროა, არამედ მთელი ჩემი ოჯახისა, თვით ჩემი 18 წლის ვაჟიც კი განუწყვეტელ ურთიერთობაშია უძველესი სამყაროს ბრძენებთან, სინათლისა და ჭეშმარიტების სულებთან. საერთოდაც რომ ვთქვათ, ჩემთვის აღარ არსებობს არანაირი საიდუმლო ოკულტურ სამყაროში, ამიტომაც გავხდი ასეთი საშიში ეშმაკთათვის, ისე რომ, მარტო ჩემი სახელის ხსენებით არაწმინდა სული გამოდის ეშმაკეულისგან და მასში მეტად აღარ ბრუნდება... ვცდილობ, განვეშორო ადამიანურ დიდებას, დავემალო მნახველებს, მაგრამ მაინც მპოულობენ, რამეთუ სადაც არ უნდა ვიყო, ეშმაკები ამჟღავნებენ ჩემს ადგილსამყოფელს. პოლიცია მდევნის, როგორც ობივატელის სიმშვიდის დამრღვევს. შედით ჩემს მდგომარეობაში, დამეხმარეთ.

შემეცოდა მოხიბლული საბრალო.

- თავი ანებეთ თქვენს ოკულტურ მეცნიერებებს. ეს ხომ ცხადი ურთიერთობაა ეშმაკებთან, წმინდანთა ცხოვრებიდან ქრისტიანთათვის ასე კარგად ცნობილი და განკითხულ-დაწყევლილი ეკლესიის წმინდა მამათაგან. ახლა ავადმყოფს ხელდასხმით კურნავთ, მერე ალბათ მკვდრებსაც გააცოცხლებთ...

- ამის გაკეთება ახლაც შემიძლია, - შემაწყვეტინა.

- მაშინ განმეშორეთ - ვინაიდან მე ცოდვილი ვარ და თქვენნაირ წმინდანთან ურთიერთობის ღირსი არა ვარ.

- ალბათ ხუმრობთ?

- როგორც გინდათ, ისე გაიგეთ, მაგრამ უკანასკნელად გეუბნებით: თავი ანებეთ სატანურ ოკულტიზმს, შეინანეთ და უფალ ღმერთს სთხოვეთ შენდობა იმისთვის, რომ მისი სიწმინდე შეურაცხყავით არაწმინდა სულთან კავშირით.

- ნუ ამბობთ, ნუ ამბობთ ამას, - შემაწყვეტინა საცოდავმა მოხიბლულმა, - ასეთ საუბარს ნუ გაბედავთ! თქვენი სიტყვები გმობაა სულიწმინდისა. ნუ გმობთ ღვთის სჯულს!

- ღვთის სჯულს კი არ ვგმობ, - შევეპასუხე, - არამედ სულს ბოროტისას, სულს სიცრუისას, ცილისწამებისას და მოხიბვლისას, რომელიც თქვენ და თქვენთან ურთიერთობის მქონეთ დაღუპვისაკენ მიგათრევთ.

- მაშინ, როგორც თქვენ ამბობთ, ეშმაკებს ბელზებელის ძალით განვდევნი. ეშმაკებს ეშმაკით განვდევნი. რისი მსგავსია ეს, იცნობთ წმინდა წერილს?

- თქვენ ალბათ თავს ქრისტეს მსგავსად თვლით. წმინდა წერილმა, სულ ცოტა, 1900 წლის წინ გაგვაფრთხილა თქვენ შესახებ, მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ მეტი არაფერი გვაქვს სასაუბრო.

- ნახვამდის, - მიპასუხა ბეკერის ამაყმა მოწაფემ, - მაგრამ გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ სულიწმინდის მგმობელი და გახსოვდეთ, რომ მე კარგად მიცნობენ "განბრწყინვებულნი" (განდობილნი), მიცნობენ მოსკოვის სპირიტუალისტ-დოგმატიკოსთა საზოგადოებაში, რომელთა დაცინვასაც არ გირჩევთ.

ამით დავემშვიდობე ეშმაკთა ამ სათამაშოსა და სასაცილოს.

როგორ ცხადად ჟღერს ახლა სახარებისეული სიტყვები: "მრავალთა მრქუან მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყველებდით და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქვენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი" (მათე 7,22-23).

***
შევედი მამა ანატოლისთან:

- მამაო, თქვენ გამომიგზავნეთ სმოლიანინოვი?

- არც მიფიქრია. მან სკიტში წასვლა მოისურვა და სკიტის უფროსთან გავგზავნე. თქვენთან რატომ მოვიდა, არ ვიცი.

რისთვის დასჭირდა "სიცრუის მამას" მამა ანატოლისთვის ცილისწამება ამ სპირიტუალისტ-დოგმატიკოსის პირით? გავიგებთ ალბათ.

ვესტუმრე ერთ "ფრიად ბრძენს", მოვუთხრე სპირიტულისტის ვიზიტზე. "ეს არის ანტიქრისტიანული რელიგიური გარყვნილება, - მითხრა მან, - მსახურება ბნელეთის სულთა, რომელთაც სინათლის ანგელოზებად იღებენ. თავადმა ამა სოფლისამ იცის, ცოტა დრო დარჩა: ამიტომაც მოქმედებს მთელი ძალით და ხელმწიფებით იმათზე, ვისაც ევიწროება ეკლესიის ეზო. სპირიტუალიზმი, სპირიტიზმი, უბრალო გლეხური შელოცვები (მკითხაობები), რომელიც იყო ალექსანდრე I-ის ცრუ მისტიციზმის ეპოქაში, გამოვლინებაა ქრისტიანობის ფალსიფიკატორი, ერთიანი ანტიქრისტიანული სულისა".
ბეჭდვა
1კ1