ჯვარი კეთილსურნელებს მაშინ, როცა კარგ სულიერ მდგომარეობაში ხარ
ჯვარი კეთილსურნელებს მაშინ, როცა კარგ სულიერ მდგომარეობაში ხარ
გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3-16, 18-20.

"მირონი გარდამომდინარე". კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე ჰყვებოდა: "მამა პაისი პირველად 1976 წელს ვნახე, მაშინ დიაკვანი ვიყავი. თან ნაცნობი დიაკვანი მახლდა.
ბერი პატიოსანი ჯვრის კალივაში ცხოვრობდა. დავაკაკუნეთ კუტიკარზე. მოუთმენლად ველოდით, როდის გამოვიდოდა. გამეგონა, მამა პაისი უჩვეულო ადამიანიაო და მისი გაცნობა მინდოდა. გამოვიდა, კუტიკარი გაგვიღო. გამხდარი იყო, მხრებზე საბანი ჰქონდა წამოსხმული. ზამთარი იდგა. როცა ვსაუბრობდით, მამა პაისი საუცხოო გუნებაზე იდგა და ათასნაირ სასეირო ამბავს გვიყვებოდა. სიმართლე რომ ვთქვა, ნირი წამიხდა და გავიფიქრე: - ეს არის დიდი მამა და სასწაულმოქმედი, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ-მეთქი? მაშინ წმინდანებზე სხვანაირი წარმოდგენა მქონდა. მას კი განსაკუთრებული არაფერი უთქვამს - მარტო ხუმრობდა და გასართობ ამბებს ჰყვებოდა, თან წარამარა გვთავაზობდა ლუკუმსა და სხვა ტკბილეულს. წამოსვლისას კუტიკარამდე მოგვაცილა. დამშვიდობებისას შევკადრეთ: - მამაო, რაიმე სულიერ საგანზე გვესაუბრეთო. გვიპასუხა: "რა გითხრათ, ბიჭებო? რაც შეიძლება ხშირად მოიდრიკეთ მუხლი". "რამდენი მეტანია შევასრულო?" - ვკითხე. არაფერი გვიპასუხა, უეცრად შეიცვალა. სწორედ ამ დროს ირგვლივ ყველაფერი გამოუთქმელი, უჩვეულოდ ძლიერი და მძაფრი კეთილსურნელებით აივსო. ყველაფერი კეთილსურნელებდა - ჰაერი, ქვები, ხეები.

ბერი აჩქარდა და გასასვლელისკენ გვიბიძგა: "აბა, სწრაფად, სწრაფად, ჩქარა წადით, ჩქარა". დავემშვიდობეთ, ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, უდიდესი სიხარული ვიგრძენით. მივრბოდით და ვიცინოდით. კეთილსურნელება კი ბურეზერამდე მიგვყვა.

ამ მოვლენის შემდეგ ბერის მიმართ დიდ კეთილმოკრძალებას ვგრძნობდი, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მასზე სხვა რამეს ვფიქრობდი.

მთაწმინდელი მღვდელმონაზონი ა. ჰყვებოდა: "ბერი ერთ დილით თავის კელიაში მელოდა - რაღაც საქმეში უნდა მივხმარებოდი. მივედი. ხელზე ვეამბორე და უცბად ძლიერი კეთილსურნელება ვიგრძენი. არა მარტო მისი ხელი კეთილსურნელებდა, არამედ მთელი ეზო და კალივა აღსავსე იყო ამ კეთილსურნელებით". ამგვარ ამბავს ჰყვებოდა სხვა ბერიც: "ერთხელ მამა პაისისთან საუბრისას ვიგრძენი, რომ ის კეთილსურნელებდა. ვუთხარი ამის შესახებ. მითხრა, ამას მხოლოდ იმიტომ გრძნობ, რომ კარგი ბერი ხარო. ერთხელ პატარა ხის ჯვარი მაჩუქა, რომელიც ხანდახან კეთილსურნელებდა. როცა მას ამის შესახებ ვუთხარი, მითხრა: "ჯვარი კეთილსურნელებს მაშინ, როცა კარგ სულიერ მდგომარეობაში ხარო".

უცხო ენებზე მოსაუბრე. ცნობილია, რომ მამა პაისიმ ბერძნულის გარდა არც ერთი ენა არ იცოდა, მაგრამ, როცა საჭიროება მოითხოვდა, შეეძლო უცხო ენაზე მოლაპარაკეთა ნათქვამის გაგებაც და მათ ენაზე საუბარიც.

"ერთხელ მამა პაისის კალივაში ვიჯექი, - ჰყვება მამა ე.კ., - ჩემთან ერთად სამი სტუმარიც იყო, მათ შორის ერთი ფრანგი, რომელმაც ერთი სიტყვა ბერძნული არ იცოდა. როცა მისი რიგი მოვიდა, მამა პაისისთან ერთად განზე გავიდა. კუნძებზე ჩამომსხდარნი რაღაცაზე გაცხოველებით საუბრობდნენ. საოცარია, როგორ უგებდნენ ერთმანეთს. არადა ფრანგი ძალზე გახარებული და კმაყოფილი წავიდა".

ათონზე სამოგზაუროდ ჩამოვიდა კიდევ ერთი ფრანგი, რომელმაც მამა პაისიც მოინახულა. ძალზე კმაყოფილი დარჩა. ამბობდა, მამა პაისი უნაკლოდ ლაპარაკობს ფრანგულად და მშვენივრადაც ვისაუბრეთო. წმინდა გრიგოლის მონასტრის ბერი მამა ბასილიც ასეთივე ამბავს ჰყვებოდა. ერთხელ მამა პაისის კალივაში ერთი ამერიკელი ბერძენი ნახა, რომელმაც, ინგლისურის გარდა, სხვა ენა არ იცოდა. ამ ჭაბუკმა ბასილს თარჯიმნობა სთხოვა. დაიწყეს საუბარი და ბერმა შეამჩნია, რომ მამა პაისის უკეთ ესმოდა ყველაფერი, რასაც ეს ბიჭი ამბობდა, ვიდრე თვითონ გადაუთარგმნა.

მამა პაისის სულიერი შვილი ჰყვება: ერთხელ, განთიადისას, მამა პაისისთან, "პანაღუდაში", კუტიკარზე დავაკაკუნე. ბერმა ღიმილით გამიღო კარი და მკითხა: "როგორ ფიქრობ, მამაო, როცა ეფრემ ასური ბასილი დიდთან მივიდა, თარჯიმანი დასჭირდათ?" ვფიქრობ, არა-მეთქი, - მივუგე.

არქონდარიკში უცხოელი სტუმარი დავინახე. სანამ ბერი სანუგეშოდ ტრაპეზს ამზადებდა, მე ჩემი სუსტი ინგლისურით გამოვესაუბრე. მითხრა, ათონის ბილიკებზე გზა ამებნა და "პანაღუდას" გადავეყარეო. ბერმა თავისთან დაიტოვა, რადგან უკვე გვიანი იყო. მითხრა, რომ მამა პაისის თავისუფლად ესაუბრა ინგლისურად, ისიც ინგლისურადვე ელაპარაკებოდა.

სივრცეში უცნაური გადაადგილება. მთაწმინდაზე, თავის კელიაში, მამა პაისის შეეძლო, შორ მანძილზე გადაადგილებულიყო, რათა ვინმე საფრთხისაგან დაეხსნა, ანდა სულ სხვა მიზეზით. შორს მყოფი ადამიანები რეალურად ხედავდნენ მას და ესმოდათ მისი ნათქვამი.

როცა მამა პაისი მოსალოცად იყო წასული იერუსალიმში, მის კელიაში მასთან შეხვედრის მოსურნე ახალგაზრდათა ჯგუფი მივიდა. ბერი წმინდა მიწაზე იყო წასული, თუმცა ახალგაზრდებმა ის თავის კელიაში... იხილეს! ბერმა მათ კარი გაუღო, ლუკუმითYგაუმასპინძლდა, გაესაუბრა და დიდად გახარებულნი გაუშვა. ის ღამე ახალგაზრდებმა ფილოთეის მონასტერში გაატარეს, სადაც ბერებს მამა პაისისთან შეხვედრის ამბავი მოუთხრეს. გაუკვირდათ ბერებს, - მამა პაისი წმინდა მიწაზეა მოსალოცად წასულიო. მეორე დღეს ერთი მონაზონი საგანგებოდ წავიდა "პანაღუდაში". რა თქმა უნდა, ბერი კელიაში ვერ ნახა. მეზობელი კელიის ბერებმა დაუდასტურეს, - მამა პაისი რამდენიმე დღის წინ იერუსალიმში წავიდაო.

ამ შემთხვევის სინამდვილეს ადასტურებენ ვათოპედის ახლანდელი იღუმენი არქიმანდრიტი ეფრემი, რომელიც მაშინ ყუთლუმუშის მონასტრის მეკარე იყო და სხვა მამები. ეს ამბავი ცნობილია მთელი ათონისთვის.

1987 წლის მარიამობას მეტამორფოზის მონასტრის სამი მონაზონი სტუმრად იყო სუროტის დედათა მონასტერში (მამა პაისის აშენებული) და წირვას ესწრებოდა. მამებმა (რომლებიც მარჯვენა კლიროსზე გალობდნენ) წირვის დროს სამჯერ გაიგონეს საკურთხევლიდან მამა პაისის შეგალობება, რომელიც ამ დროს ათონზე იყო.

ზემოხსენებული მონასტრის ბერი, მამა გრიგოლი, ჰყვებოდა: ერთხელ ბერს "პანაღუდაში" ვეწვიე. უამრავი ხალხი ჰყავდა. შემომთავაზა, ამაღამ ჩემთან დარჩიო. სწრაფად წავიტრაპეზეთ. მერე მითხრა, წავიდეთ, დავისვენოთ, რადგან ორი ღამე არ მიძინიაო. დილით მიმიხმო ეკლესიაში ცისკარზე: - მთელი ღამე თვალი არ მომახუჭინესო. ვინ-მეთქი. ათონის გარეთ, ერთ-ერთ მონასტერში ღამისთევის ლოცვას ატარებდნენ. ღამისთევა მართლაც მშვენიერი იყოო. მთაწმინდაზე მყოფი მამა პაისი მონაწილეობდა ათონის გარეთ მდებარე მონასტერში აღვლენილ ღამისთევის ლოცვაში.

ქალბატონი მ.დ.: "რამდენიმე წლის წინ ავად გავხდი, პატარა სიმსივნე გამომაჩნდა. ჩემი შვილი მამა პაისისთან წავიდა, ჰკითხა, როგორ მოვქცეულიყავი. უთხრა, - საავადმყოფო "ტეაგენიონში" წავიდეს და გამოკვლევა ჩაიტაროსო. დავემორჩილე. იქ სიმსივსე ამომკვეთეს. ბიოფსიამ აჩვენა, რომ ავთვისებიანი იყო. ექვსი დღის შემდეგ ექიმებმა მითხრეს, თუ სისხლდენა არ შეჩერდება, ხვალ კიდევ ერთ ოპერაციას გაგიკეთებთო.

ჩემი ვაჟი კვლავ მამა პაისისთან წავიდა. ბერმა უთხრა, - დედაშენი ნუ დაღონდება, საშინელება არ სჭირს. ექიმებმა ტყუილად გაუკეთეს ეგ ოპერაციაო. მერე ჩემს ვაჟს სკვნილი მისცა და დაარიგა: - გადაეცი ეს დედაშენს და უთხარი, რომ ამ სკვნილით დაუდუმოს ექიმებს ბაგეებიო.

მეშვიდე დღეს უეცრად მთაწმინდაზე მყოფი მამა პაისი საავადმყოფოში ჩემს გვერდით, ჩემი საწოლის სიახლოვეს გაჩნდა. მან გაასწორა სისხლის მილები და გაქრა. საღამოს ექიმები დარწმუნდნენ, რომ სისხლის დენა შეწყდა. ჭრილობამ პირი შეიკრა. შემდგომში კიბოზე ყველა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ქიმიოთერაპია არ დამჭირდა, ერთი აბიც კი არ დამილევია.

საავადმყოფოდან გამოწერის მერე მამა პაისის მეტამორფოზის მონასტერში შევხვდი და მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ საავადმყოფოში მომინახულა. მიპასუხა: - ექიმებმა ტყუილად გაგტანჯეს და ამიტომ მოგინახულეო".

ყოფილა შემთხვევები, როცა მამა პაისი ხალხს სიზმარში ეცხადებოდა. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ არის გასაკვირი. საოცარი ის არის, რომ მამა პაისიმ იცოდა, ვისაც ეცხადებოდა და ამ ადამიანებთან შეხვედრისას ახსენებდა მათ თავის გამოცხადებას, ეკითხებოდა, შეასრულეს თუ არა სიზმარში ნაბრძანები.

მამა ბასილი ვირლიოსი ჰყვებოდა: "80-იანი წლების შუა ხანებში ჯანმრთელობა მკვედრად გამიუარესდა. მთელი ივლისი ვიავადმყოფე. დადგა მიძინების მარხვა. უძილობა დამემართა, თავბრუ მეხვეოდა, მეგონა, მალე მოვკვდებოდი. ერთხელ, განთიადისას, მცირე ხნით მიმეძინა და სიზმარში მამა პაისი ვნახე. მითხრა: "არა, არ მოკვდები, შე სულელო, არ მოკვდები". ვკითხე, როგორ განვიკურნო-მეთქი. მიპასუხა: - ამ სნეულებას თავმდაბლობა განკურნავსო. უდიდესი, ენით გამოუთქმელი შინაგანი სიხარული ვიგრძენი და მამა პაისის მონახულების ძლიერი სურვილიც გამიჩნდა. იმავე დღეს წავედი მთაწმინდაზე, თან ნაცნობი გავიყოლე, მეშინოდა, მარტოს სიარული გამიჭირდებოდა. ყუთლუმუშამდე მივაღწიეთ. ვიკითხე, მამა პაისი კელიაში თუ არის-მეთქი. "დააგვიანეთ, სულ ცოტა ხნის წინ წავიდაო".

"სწრაფად, სწრაფად!" - დავაჩქარე თანამგზავრი. "პანაღუდასთან" მისულებს მისი ხმა მოგვესმა: "ჰოო! აი, მასწავლებელიც მოვიდა (მაშინ ჯერ ერისკაცი ვიყავი და მასწავლებლად ვმუშაობდი). მოდი აქ, ჩემო ძმაო. მე ხომ გელოდებოდი, განა შემეძლო წავსულიყავი? აბა, მითხარი, დილას ჩვენი საუბარი რით დავამთავრეთ?" "სიმდაბლით, მამაო..."

შესმენილი ლოცვები. ერთმა ღვთისმოშიშმა ქალბატონმა მამა პაისის ჰკითხა: - მამაო, მთაწმინდაზე თუ გესმით, როცა მე აქედან გეძახითო. მიუგო: "შენი აზრით, ყრუ ვარ?"

მართლაც, თავისი სულიერი სმენით ესმოდა, როცა ასეულობით კილომეტრით დაშორებული ქრისტიანები მას ახსენებდნენ და მოუწოდებდნენ. ის უხილავად შეეწეოდა მათ თავისი ლოცვით და რაღაცნაირად პასუხობდა მათ შეკითხვებს.

მამა პაისი ჰყვებოდა: - ერთი ქალბატონი არასოდეს მენახა. ერთხელ ათონიდან სოფელში ჩასვლისას მის მოძღვარს შევხვდი. ეს ქალბატონი ამ დროს ძალზე შორს იმყოფებოდა, მაგრამ სულიერად, საოცარი სახით, ესმოდა ყველაფერი, რაზეც მე და მისი მოძღვარი ვსაუბრობდით. შემდგომში ამის შესახებ თავის მოძღვარს მოუყვა. ამ ქალბატონმა მეც გამომიგზავნა წერილი, ვითომდა ჩემი მასთან "საუბარი" იყო მასში დაწერილი სამ ფურცელზე. ის სოფელში იყო, მე კი ათონიდან ვესაუბრებოდი. იცით, ეს წერილი რომ გადამეწერა და გამეგზავნა სუროტელი დედებისთვის (მისი ნაწერების გამომცემლები), არც შეეჭვდებოდნენ, რომ მისი ავტორი მე ვიყავი. იქ მართლაც ჩემი საკუთარი სიტყვები იყო! თითქოს მისთვის ეს ყველაფერი მე მეთქვას. ახლა კი ამ წერილზე არაფერი მაქვს საპასუხო! ამიტომაც არაფერს ვწერ, რათა მან ყველაფერი თანდათანობით დაივიწყოს.

ხშირად უჩვეულო მდგომარეობაში ვიმყოფები, გრძნობები მოკრებილი მაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ დროს ფხიზლად ვარ. ასეთ მდგომარეობაში მყოფი რომელიღაც სულს, დახმარებას რომ მთხოვს, ვპასუხობ შეკითხვებზე. ამ დროს ვგრძნობ, რომ ის ჩემს გვერდითაა მაშინ, როცა სინამდვილეში დახმარების მოსურნე შორს იმყოფება.

იგივე ხდება, როცა ჩემთან, კალივაში მოდიან ადამიანები. მე მათ "ჩემგან" არ ვესაუბრები. ეს ხდება იმიტომ, რომ ხალხი დიდი კეთილმოკრძალებით მოდის. სწამთ, თითქოს წმინდანი ვიყო და ამიტომაც მათ ღმერთი ეხმარება.

არიან ადამიანები, რომელთაც ჩვეულებრივი ხვირთქლისაგან შეუძლიათ ძელიცხოველის მადლი მიიღონ და არსებობენ კაცნი, რომლებიც ძელიცხოველიდანაც კი ღვთის მადლს ვერ იღებენ.

ღმერთი უსამართლოდ არავის ექცევა. ირგვლივ მიმოფანტავს თავის სიყვარულს, ოღონდ ჩვენში იყოს თავმდაბლობა. ღვთის მადლს ხომ სწორედ ის მიიზიდავს. ვფიქრობ: რამდენად სულელია კაცი, როცა ღვთის მადლი აქვს და მას ფუჭ, ამაო საგნებზე ხარჯავს, მას ხომ შეუძლია ადამიანებს ასე ძლიერად და უმაღლესი ხარისხით დაეხმაროს".

ერთ ღვთისმოშიშ დედას სამი ქალიშვილი ჰყავდა, ორი მათგანი მონაზონი იყო და იმ მონასტერში ცხოვრობდა, რომელთანაც მამა პაისის სულიერი ურთიერთობა ჰქონდა. ამ ღვთისმოშიშ ქალბატონს სურდა, მესამე ქალიშვილიც მონაზონი გამხდარიყო. ამისთვის ლოცულობდა და შეწევნას მამა პაისის ევედრებოდა. მთაწმინდაზე მყოფი ბერი კი ხედავდა ამ დედაკაცს, რომელსაც ხელში აჰყავდა თავისი პატარა ქალიშვილი, მას აწვდიდა და ეუბნებოდა: "ესეც წაიყვანეო". ერთხელ მთაწმინდიდან სოფელში ჩამოსული მამა პაისი შეხვდა ამ გოგონას და თქვა: "ამას ჩვენ უკვე ვიცნობთო".

გაგრძელება იქნება →
ბეჭდვა
1კ1