ჩემი სულიერი ძმა გავამწარე და ვეღარ ვლოცულობ
ჩემი სულიერი ძმა გავამწარე და ვეღარ ვლოცულობ
* ერთხელ წმინდა პახუმი დიდი სულიერ ძმებს ბოლო ჟამის ქრისტიანობაზე ესაუბრებოდა. თქვა, იმ დროს მონაზვნები ჩვენი დროის ერისკაცებივით იცხოვრებენო. "ერისკაცები როგორღა იცხოვრებენ, მამაო?" - ჰკითხეს ძმებმა. "ერისკაცები პირუტყვზე უარესნი იქნებიან", - თქვა ღირსმა მამამ. "მაშ რაღა გადაარჩენთ?" - იკითხეს შეწუხებულმა ძმებმა. "მოიწევა მათზე განსაცდელი, - ბრძანა წმინდა პახუმმა, - და მათი დათმენით ღირს მამებზე უკეთესნი გამოჩნდებიან. იცით, რატომ? ჩვენს დროში ღვთის გარდამეტებული მადლისა და იმის გამო, რომ გულმოდგინედ ვიღვწით სულის ხსნისთვის, ჩვენს შორის არიან ღვთივსულიერი, დაფარულთმცნობელი მონები უფლისა. როცა ჩვენი სულიერი და ან ძმა დაეცემა, რა მძიმეც არ უნდა იყოს მისი ცოდვა, არც ერთი ჩვენგანი, მოყვასის მიმართ გარდამეტებული საღვთო სიყვარულით აღვსილი, არ დაიზარებს ათასი ვერსის გავლას, უამრავი დაბრკოლების გადალახვას, რათა მივიდეს და დაცემული წამოაყენოს. ამიტომაც ადვილია ჩვენთვის ცხოვრება, რადგან ძმა ძმას ცოდვის დაძლევაში ეხმარება. იმ ულმობელ, მრავალი განსაცდელით აღსავსე დროს კი ბერები და მონაზვნები არათუ არ შეეწევიან ერთმანეთს, არამედ დასაღუპავად გაიმეტებენ".

* მამა არსენი ათონელი ჰყვებოდა: "ერთხელ ერთმა ძმამ მუხლი მოიდრიკა ჩემს წინაშე და მთხოვა, დამლოცე და შემინდე, ჩემი სულიერი ძმა გავამწარე და ვეღარ ვლოცულობო. ეს საშიში არ არის, - ვუთხარი მე, - მოუდრიკე მუხლი ძმას, რათა კვლავ გიყვარდეთ ერთმანეთი და ლოცვითაც ილოცე-მეთქი. "შენს წინაშე ხომ მოვიდრიკე მუხლი, ნუთუ ეს საკმარისი არ არისო?" - მკითხა ბერმა. საკმარისი მართლაც არ არის-მეთქი, - ვუპასუხე, - თუ მას სცოდე, მისგანვე უნდა მიიღო შენდობა. ვხედავდი, რომ სული აუფორიაქდა, მაგრამ ბოლოს მაინც წავიდა და შენდობა სთხოვა ძმას. მეორე დღეს კვლავ მოვიდა ჩემთან და მეუბნება: გმადლობ, მამაო, კეთილი რჩევისთვის, ძმისგან შენდობა ავიღე და მთელი ღამე გახარებული და გულშემუსვრილი ვლოცულობდიო".

* მამა არისტოკლესთან მრავალი ეშმაკეული მიჰყავდათ განსაკურნებლად. ერთხელ ერთი ქალი მიჰგვარეს. ხელებშეკრულს ორი ჯან-ღონით სავსე მამაკაცი ძლივს აკავებდა. წმინდა მამამ მრისხანედ შეხედა ქალს და მასში ჩასახლებულ ეშმაკს მიმართა: "ვინ მოგცა ნება, მასში შესულიყავი?" ეშმაკეულმა არაბუნებრივი ხმით უპასუხა: "მე არ შევიდოდი მასში, მაგრამ მან თვითონ დამრთო ნება - მჭედელთან იმრუშა, მაშინ როცა კანონიერი ქმარი ჰყავდა". მამა არისტოკლემ ეშმაკი განდევნა და ქალი სულიერად განკურნებული გაუშვა შინ.

* მამა გიორგი კარსლადისს ცოლ-ქმარი ეწვია და ლოცვა და შეწევნა სთხოვა. "დახმარება გინდათ? - უპასუხა მათ ღირსმა მამამ, - წადით ტაძარში, შეინანეთ, რაც ჩაიდინეთ და მერე მიგიღებთო". ცოლ-ქმარს თავზარი დაეცა, ატირდნენ და ეპიტიმიის დადება სთხოვეს. მამა გიორგიმ უთხრა: "წადით შინ, გაათბეთ წყალი, ფეხები დაბანეთ დედათქვენს და შენდობა სთხოვეთ იმ ტკივილისთვის, რაც მიაყენეთ, მერე კი ჩემთან მოდითო". ცოლ-ქმარმა მამა გიორგის ეპიტიმია შეასრულა და შეურიგდა არა მარტო დედას, არამედ ტკბილ მოძღვარსაც.

* "მამაო, ვიცით, რომ ჩვენთვის ყოველ საღამოს ლოცულობ", - უთხრეს სულიერმა შვილებმა წმინდა ამბროსი ოპტელს. "მართალია, ვლოცულობ, როცა დაღლილი არ ვარ ხოლმე, თორემ ხომ იცით, ღორი თავის გოჭებს რომ დაივიწყებს, კლავენო", - უპასუხა მათ წმინდა ამბროსიმ.

* წმინდა ამბროსი ამბობდა: "გამოთხოვილი ჯვარი ძნელი სატვირთველია. სჯობს, მთელი უბრალოებით მიენდო ღვთის ნებას".

* მამა ამბროსის ერთ ხანში შესულ სულიერ შვილს მონასტერში წასვლისა ეშინოდა. ამბობდა, იქაურ კანონთა შესრულებას ვერ შევძლებო. წმინდა ამბროსიმ პასუხად ასეთი რამ უამბო: "ერთი ვაჭარი შენსავით წუწუნებდა, ეს არ შემიძლია, ის არ შემიძლიაო. ერთხელ, ღამით, ორ ქურქში გახვეული თოვლიან ტაიგაში მიდიოდა. უცებ რას ხედავს - მგლების ხროვა არ გადაუდგა წინ? ხსნა არსად იყო. ვაჭარი ციგიდან გადმოხტა და ხეზე აძვრა, ისე, რომ ქურქებიც კი არ გაუხდია; შიშმა სიბერეც დაავიწყა და სისუსტეც. არადა, ხეზე ბავშვობაშიც კი არ ასულა. ესეც შენი "არ შემიძლია", - ნიშნი მოუგო ღირსმა მამამ.

* ერთი ქალი მამა ვიტალის (სიდორენკოს) ხელზე ეამბორა. მამა ვიტალი შეეკითხა: "დედას თუ ეამბორები ხოლმე ხელზე?" "არა", - უპასუხა ქალმა. "მაშ შენი სიყვარული ფარისევლური ყოფილა", - უთხრა ღირსმა მამამ.

* ვინც წირვა-ლოცვებს აცდენდა, მამა პაისი ათონელთან თავს იმით იმართლებდა, ლოცვისას გვეძინება ანდა ხალხის სიმრავლის გამო განკრძალული ლოცვა არ შეგვიძლიაო. მამა პაისი პასუხობდა: "ეკლესია ხომალდს ჰგავს. ახვალ გემბანზე, დაგავიწყდება ყველაფერი, ჩათვლემ... ხომალდი კი ამასობაში გეზს იცვლის და სხვა მხარეს წაგიყვანს. ზოგიერთი ამბობს: კარგად მოვეწყობი, პრობლემებს მოვაგვარებ და ეკლესიაში მერე ვივლიო. ეკლესიაში ხომ მადლსა და კურთხევას იღებ! შენი პრობლემების მოგვარებამდე ნუ გადადებ ამ მადლის მიღებას. ზოგი იმასაც ამბობს, ტაძარში ხალხმრავლობააო და სადმე სამლოცველოში ანთებს სანთელს. რა ვუყოთ, რომ ხალხმრავლობაა; სამოთხეშიც უამრავი ხალხი იქნება, მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არ უნდა შევიდეთ?!"

* სქემარქიმანდრიტი ზოსიმე-ზაქარია ზოგჯერ ღამღამობით ჩუმად რეცხავდა იატაკს. ერთ დილას, როცა მისმა სულიერმა შვილმა იატაკი მორეცხილი ნახა, მოძღვარს უსაყვედურა: "რა გიქნია ეს, მამაო! ავადმყოფს მთელი ღამე იატაკი გიხეხია! დაგეცადა ჩემთვის და თხუთმეტ წუთში ამაზე უკეთესად მოვხეხავდიო".

მამა ზაქარიამ მწუხარედ შეხედა ქალს და თავმდაბლად უთხრა: "შენ ჩემსავით ვერ მოხეხავ იატაკს. როცა ჩემთან აღსარებისთვის მოდიან, ლოცვას ვუკითხავ და ცოდვათაგან განვხსნი, ზოგისთვის კი მთელი გულით ვლოცულობ, ამ დროს მთელი გულით ვხეხავ იატაკს და ვევედრები უფალს, რომ მათაც ასევე განიწმინდონ სულები, რათა მათშიც აღდგეს მკვდრეთით ქრისტე, რათა ტაძარი უფლისა - საკუთარი სული - მზეზე მეტად განაბრწყინონ. თუმცა კი მიჭირს იატაკის მორეცხვა, ვიხრები და მთელი სხეული მტკივა... დაე, ნურც ჩემს სულიერ შვილებს შეაშინებთ განსაცდელი, დაე, განაქარვონ თავიანთ სულში ღვთისთვის საძულველი ყოველი ვნება. მე ვტირი მათ გამო, ვლოცულობ და წყლითა და საკუთარი ცრემლით ვრეცხავ იატაკს. ამის გამო რატომ მსაყვედურობ? მე ამგვარად საკუთარი ცოდვების საზღაურსაც ვიხდი და სულს საუკუნო ცხოვრებაში გადასასვლელად განვიმზადებ".

* მამა ზაქარიას სულიერი შვილი ერთ ურწმუნოს აქებდა. მამა ზაქარიამ ჰკითხა: "როგორ იქნება კარგი ის კაცი, როცა ღმერთს არ აღიარებს? თუ მას კეთილ ადამიანად მიიჩნევ, მიიღე მისი ურწმუნოების სიმძიმე, როგორც ჯვარი და ეცადე, ყველაფერი გააკეთო, რათა გონს მოვიდეს და უფალი აღიაროს, ქებით კი ამის შემდეგ ნუღარ შეაქებო".

* წმინდა ბარსანოფი ოპტელი ამბობდა: "როცა ადამიანი საეკლესიო ღმრთისმსახურებას თავს არიდებს, ეს მისი სულის კვდომის ნიშანია. კაცს ღვთის მიმართ გული რომ უცივდება, იქიდან ჩანს, რომ თავიდან ცდილობს, ლოცვაზე არ დააგვიანოს, მერე კი საერთოდ აღარ დადის ტაძარში. ამის გამოა, რომ ტიბიკონით ბერები აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას, თუმცა ზოგიერთი გადაუდებელი საქმის გამო ნება ეძლევათ, ყველა ლოცვას არ დაესწრონ. ამ საქმის აღსრულება მათ ლოცვად ჩაეთვლებათ".

* "ექიმი ავადმყოფს მწარე წამალს უწერს, რათა განკურნოს, - ამბობდა მამა საბა, - ამიტომაც არის, რომ ზოგიერთის მიმართ მკაცრი ვარ. ხშირად კი, თუმცა გული შემტკივა ადამიანზე, განვიშორებ ჩემგან. მათთვის ვლოცულობ, მაგრამ ღვთის წინაშე პასუხს აღარ ვაგებ. აღარც რჩევას ვაძლევ, რადგან ვიცი, არ აღასრულებენ, ამიტომ დამსახურებულ სასჯელს იღებენ ჩემგან. დაე, ნუ ეწყინებათ, დაე, გამოსწორდნენ. სულიერი მამა მეგობრობისთვის კი არ გეძლევა, არამედ სულის ხსნისთვის. უნდა დააფასო მისი ყოველი სიტყვა, გაუფრთხილდე მის ყოველ დალოცვას, კურთხევას და უყოყმანოდ აღასრულო".

* სქემიღუმენი საბა ჰყვებოდა: "ერთმა ბერმა შემომჩივლა: მამაო, რატომ არის, რომ ვცდილობ, ყველაფერი კარგად გავაკეთო, მაგრამ ჩემით ყველა უკმაყოფილოაო?

- ყოველი საქმის წინ კითხულობ ლოცვას? - შევეკითხე.

- არა, მამაო, არ ვკითხულობ.

- ამის შემდეგ ყოველი საქმის აღსრულებამდე ილოცე და თავად დაინახავ განსხვავებას-მეთქი, - ვუთხარი.

გავიდა დრო, ბერი ისევ მოვიდა ჩემთან და მადლობა გადამიხადა რჩევისთვის, რადგან დაინახა, თუ როგორ დაეხმარა მას ლოცვა ყოველი საქმის წინ".

* მამა საბა გვასწავლის: "დილა-საღამოს ეამბორეთ თქვენს ჯვარს. ტყუილად ხომ არ გკიდიათ გულზე! ქრისტემ ჯვარზე სინათლე და სიყვარული დატოვა, ამიტომაც ის მადლმოსილ ნათელსა და სიყვარულს ასხივებს. ჯვარი განდევნის ბოროტ სულებს. ეამბორეთ მას, შეიგრძენით მისგან მომავალი მადლი. მისი ძალით ადამიანი კეთილმოკრძალებული ხდება. ეამბორეთ თქვენს ჯვარს და ილოცეთ ცოდვილთათვის, ლოთებისთვის, მრუშებისთვის... ამ ლოცვის მადლით ისინი გამოსწორდებიან და უკეთესნი გახდებიან. ღმერთს ყველა ვუყვარვართ, ის ჩვენი სიყვარულისთვის ევნო და ჩვენც მის გამო ყველა უნდა გვიყვარდეს, მტერიც კი.

როგორც მატლები იხოცებიან მზის სხივებისგან, ასევე განქარდება ყოველივე არაწმინდება, როცა ჯვრის წინაშე ცოდვებს ვინანიებთ. ეს ცოდვები აღსარების თქმისას მოგვეტევება და სული სუფთა, ნათელი, სურნელოვანი, ლამაზი გახდება".

* მამა ვიტალი ასწავლიდა: "როცა სულს სიმძიმე დააწვება, მცირე მეტანია უნდა აღასრულო, წაიკითხო დაუჯდომელი, განუწყვეტლივ წარმოთქვა იესოს ლოცვა, რაც მთავარია, უნდა მოიკვეთო თვითნებობა, არავინ განიკითხო, ყოველივე გასცე, არათუ სპირტი, წვეთი ღვინოც არ დალიო. იყავ მდუმარე, მადლობდე ღმერთს, დაითმენდე და არ დრტვინავდე, და გადმოვა შენზე მადლი, რომელიც შეგეწევა და სიმძიმეს აგხდის".

* მამა პაისი ათონელს ერისკაცები ხშირად სთხოვდნენ, მათი სულიერი მამა გამხდარიყო. მამა პაისი პასუხობდა: "მოძებნეთ კარგი მოძღვარი, რომელსაც სიყვარული აქვს და მას ჰკითხეთ რჩევა. შორიდან ვერავინ ვერავის განკურნავს - ექიმი ავადმყოფთან ახლოს უნდა იყოს. შორიდან მხოლოდ ლოცვა მომთხოვეთ".

მამა პაისივე ბრძანებდა:

- სხვათათვის შემუსვრილი გულით უნდა ილოცო, ეს კი კაცს მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ თავმდაბლობის გამო თავს იმის მიზეზად მიიჩნევს, რაც მოყვასს გარდახდება.

- მამაო, თქვენი რა ბრალია, სადღაც ათენში ცოლი ქმარს რომ ეყრება?

- მე რომ ძველ მამათა დარი წმინდანი ვყოფილიყავი, ღვთისგან მათთვის მადლს გამოვითხოვდი, რათა კვლავ შეერთებულიყვნენ და ერთმანეთი ჰყვარებოდათ, მაგრამ რაკი წმინდანი არ ვარ, უფალი ჩემს ვედრებას არ შეისმენს. ამიტომაც მიმიძღვის ბრალი, როცა ეს ოჯახი იყრება ან სხვა რამ ბოროტება ხდება, - მიუგო წმინდა მამამ.
ბეჭდვა
1კ1