მე აქ მორჩილებით მოვედი ღვთის წყალობითა და წმინდანის მეოხებით
მე აქ მორჩილებით მოვედი ღვთის წყალობითა და წმინდანის მეოხებით
* წმინდა იოანე ნათლისმცემელს დიდ პატივს მიაგებდნენ ქართველები, მთაში მას ბავშვების მფარველს უწოდებდნენ და შვილებს მის სახელს არქმევდნენ. წმინდა იოანეც არ აკლებდა მფარველობას ქართველებს. უფლისა და მისი წინამორბედის ნებით, საქართველოში მესამედ მოიპოვეს წმინდა იოანეს პატიოსანი თავი. საქართველოშივე, კერძოდ, ოპიზის მონასტერში, დასვენებული იყო წმინდა იოანეს ხორხი. "ქართლის ცხოვრებაში" XIV საუკუნის ავტორი გვესაუბრება, რომ ოპიზა უპირატესია კლარჯეთის 12 უდაბნოთა (მონასტერს) შორის, რამეთუ აქ იყო დაცული "ყოველთა უაღრესისა ნათლისმცემლისა იოანეს ხორხი იგი, რომელ არა დადუმდებოდა ქებად ღმრთისა მის სულისა და მამხილებელი ჰეროდეს უსჯულოებისა". იგივე ავტორი აღნიშნავს, რომ წმინდა იოანემ არაერთხელ გადაარჩინა საქართველო მტრის თავდასხმისაგან. ეს სიწმინდე შემდგომ სამეგრელოში მოხვედრილა (შესაძლოა, სამხრეთ საქართველოს ოსმალთაგან დაპყრობის მერე). XVI საუკუნეში საქართველოში ჩამოსულ ანტიოქიის პატრიარქ მაკარიოსს წალენჯიხის მონასტერში ნათლისმცემლის ხორხთან ერთად მისი წვერის ნაწილიც უნახავს. ამჟამად ამ სიწმინდეთა ადგილსამყოფელი უცნობია.

ამ სიწმინდეთა გარდა საქართველოში წმინდა იოანეს თმაც ყოფილა, რომელიც, სხვა სიწმინდეებთან ერთად, ოქროს ჯვარში იყო ჩასვენებული. მეფე თეიმურაზ I-ის ელჩმა, მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ ჯვარი რუსეთის ხელისუფლებას საჩუქრად გადასცა. ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცულია წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძვალი. თეკლათის დედათა მონასტერშია წმინდა იოანეს ცერა თითის ძვალი, რომელიც დეკანოზ გიორგი ახვლედიანს საბერძნეთში შეუძენია ორას თუმნად. არსებობენ თვითმხილველნი, რომლებიც შესწრებიან თეკლათში დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევას ნათლისღებისას, რომელიც მამა კონსტანტინემ (ქვარაია) შეასრულა. მამა კონსტანტინემ წყალში წმინდა იოანეს ცერი შთაასვენა. ამ ხანგრძლივი ლოცვის განმავლობაში წმინდა იოანეს თითი წყლის ზედაპირზე ვერტიკალურად იდგა და თითქოს უხილავად აკურთხებდა წყალს.

დაკარგულია წმინდა იოანეს კბილი, რომელიც კავთისხევის მონასტერში უნახავს XVII სუკუნეში არსენი სუხანოვს. წმინდა იოანეს ნაწილი ჩასვენებული ყოფილა სვეტიცხოვლის კანკელის ცნობილ სანაწილეში და ახლა ისიც დაკარგულად ითვლება.

* ეს ამბავი XIII საუკუნეში მოხდა. თეგუთარს, აბაღა ყაენის მამას, ესმა ოპიზის მონასტრის სიმდიდრე და ათასი მხედრით ოპიზისკენ დაიძრა. მაგრამ "არა დაიდუმნა მსჯავრმან ზენამან". წმინდა იოანეს ლოცვით, ვისი სახელობისაცაა მონასტერი, უფალმა დაიცვა ეს წმინდა სავანე. მტერი დადგა იმ მთის ძირში, რომლის თავშიც ოპიზის მონასტერია აშენებული. ამ მთის ძირში იდგა წმინდა გიორგის ეკლესია. უეცრად ისეთი ნისლი ჩამოწვა, მტერმა წინ ვეღარ წაიწია. მოვარდა წვიმა, სეტყვა, ხორშაკი, მდინარესავით წამოვიდა ნიაღვარი, წაიღო თათარნი ცხენ-კაციანად, მხოლოდ ერთი - ამბის მთხრობელიღა გადარჩა, რომელიც ეახლა თეგუთარს და უთხრა, - იქ ღვთის სახლია და მისვლას ერიდეთო.

* წმინდა ალექსი შუშანია რამდენიმე წელი სალოსობდა, მერე კი თავის დედასა და დებს სთხოვა, ერთი შვიდეული ემარხულათ და შევედრებოდნენ მაცხოვარს, განეცხადებინა მათთვის თავისი ნება, ამიერიდან როგორ ეცხოვრა. ბოლო ღამეს წმინდა ალექსიმ იხილა: ერთი მეტრის სიმაღლეზე გამოჩნდა ჰაერში მდგომარე იოანე ნათლისმცემელი, ისე, როგორც ისრაელში იმოსებოდნენ, ხელში ჯვრიანი კვერთხი ეპყრა და ალექსის უთხრა: "რას წუხხარ?" "არ ვიცი, წმინდაო, რა გზას დავადგე", - უთხრა ალექსიმ. წმინდა იოანემ: "შენთვის დაუსაბამო ღმერთს ვევედრე და ბრძანა: "თერთმეტამდე არ იქნება და თერთმეტის შემდეგ ნახავო". ამ ხილვიდან მეთერთმეტე თვეს გამჟღავნდა უფლის ნება, როცა წმინდა ალექსიმ ნებართვა მიიღო მწყემსმთავრისაგან და ზედა თეკლათში მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი ააშენა.

* ეს ამბავი მამა პაისი ათონელის ჯარისკაცობაში მოხდა. მათი ნაწილი მთაში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ერთ-ერთი ძველისძველი ტაძრის სიახლოვეს იდგა. ერთხელაც მათთან "ტრანსპორტი" ამოვიდა - ასე ეძახდნენ მობილიზებულ ქალებსა და ბავშვებს, რომელთაც ჯორებით ტყვია-წამალი ამოჰქონდათ. ამინდი გაფუჭდა, თოვლი წამოვიდა, მათ უკან გაბრუნება ვერ შეძლეს და ტოტებისაგან თავშესაფარი გააკეთეს. ერთ-ერთ გოგონას ვიღაც ლეიტენანტი გადაეკიდა და შეცდენას უპირებდა, მაგრამ გოგონამ შეცოდებას სიკვდილი არჩია. ამ ყიამეთში მთებში გაიქცა. მას გაჰყვა ნათესავი ქალიც. ნახევარი საათის სიარულის შემდეგ გოგონას წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკვდერთან მიაგნო. წმინდა იოანემ თავის ეკვდერში მიიყვანა ქალწული, რომელმაც თავისი პატიოსნება დაიცვა. ამის შემდეგ, იცით, რა ქნა ნათლისმცემელმა? ჯარისკაც არსენს (მომავალ მამა პაისის) გამოეცხადა და უთხრა, სასწრაფოდ ჩემს კელიაში მოდიო. ჯარისკაცი წამოხტა და ეკვდერისაკენ გაიქცა, სადაც სიცივისაგან გალურჯებული დედაბერი და გოგონა ნახა. ჯარისკაცმა ეკვდერის გაღება მოახერხა, ქალები შიგნით შეიყვანა. მათი ამბავი რომ მოისმინა, დაამშვიდა და უთხრა: დამთავრდა თქვენი ტანჯვა, ხვალ შინ იქნებითო. მართლაც, მეორე დღეს ქალები შინ გაუშვეს.

* მამა პაისის ათონზე განმარტოებისთვის ივერიის სკიტის ახლოს ერთი ადგილი მოეწონა. როცა კურთხევისთვის სკიტის უფროს მონაზონთან მივიდა, იქ კალივის აშენების ნება დამრთეთო, მონაზონი აყვირდა - თავი ვინ გგონია? რომელი მოღვაწე შენა ხარო! იმავე ღამეს გამოეცხადა ამ მონაზონს წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ვისი სახელობისაცაა ეს სკიტი, და ცემა დაუწყო. შეშინებულს გამოეღვიძა, გაიქცა ტაძარში. წირვის შემდეგ შეყარა მამები და ყველაფერი უამბო. მათ განსაჯეს და მამა პაისის არა მარტო ამორჩეულ ადგილას დასახლების ნება მისცეს, სამშენებლო მასალით დატვირთული ჯორებიც კი გამოუგზავნეს.

* ათონელმა მამა სერგიმ (ვესნინი) 1843 წელს, კონსტანტინოპოლში ყოფნისას, ბალაკლიის ტაძარი მოილოცა. აქ უძველესი დროიდან სასწაულმოქმედი წყარო მოედინებოდა. მამა სერგი ჰყვება: ამ ტაძარში ხშირად მოდიოდა სულთანი მაჰმუდ II, რომელზეც ამბობენ, ფარული ქრისტიანი იყოო. მან 2000 ფირმანი გაიღო ახალი ტაძრების ასაშენებლად. მათ შორის იყო ბალაკლიის ტაძარიც, რომელსაც ფულთან ერთად შესწირა ორი დიდი ხატი წმინდა იოანე ნათლისმცემლისა, რომლის მიმართაც კრძალვა ჰქონდა, და ხატი წმინდა ზაქარიასი, წმინდა იოანეს მამისა. თურმე როცა მან წმინდა იოანეს ხატი დაინახა, იკითხა, "სად არის მამამისი, თუ ძეს ასეთ პატივს მიაგებენ, მამაც უნდა იყოს მისი დიდების თანამონაწილე და არა მისგან განშორებულიო". სულთან მაჰმუდის ბრძანებით, კანკელში წმინდა ზაქარიას ხატიც მოათავსეს.

* ძალზე ახალგაზრდა იყო მამა ეფრემი (ერისკაცობაში იანაკისი), როცა მამა იოსებ ათონელის (მღვიმელის) ამბავი შეიტყო და მოესურვა ათონის მთაზე ბერად შედგომა. "ხომალდი წმინდა ანას სკიტის ნავმისადგომს მიაგა, სადაც პატიოსანი მამა ღირსი არსენი (მამა იოსების მეგობარი და თანამოსაგრე) გველოდებოდა, - ჰყვება იგი, - "შენ ხომ არა ხარ ვოლოსელი იანაკისი?" - მკითხა მან. "დიახ, მამაო, მაგრამ საიდან მიცნობთ?" "ეს მამა იოსებმა წმინდა ნათლისმცემლისგან შეიტყო - იგი მას გამოეცხადა გუშინ საღამოს და უთხრა: "ჩემს ერთ კრავს გიგზავნი და შენს ბაკში შეიყვანეო", - მითხრა მამა არსენმა. ფიქრები წმინდა იოანე ნათლისმცემლისკენ გამექცა, ჩემს მფარველთან, რომლის დაბადების დღესაც დავიბადე. უდიდესი მადლიერება ვიგრძენი ჩემდამი ზრუნვის გამო".

იმ საღამოს იანაკისმა მღვიმეში გამოკვეთილ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მუხლი მოიდრიკა, რაც ნიშნავდა მორჩილად შედგომას.

* იოანე მოსხი მოგვითხრობს: იერუსალიმის პატრიარქმა ელიამ იოანეს მამასახლისად დადგენა მოისურვა თავისსავე მონასტერში. მან იუარა - ჯერ სინას მთას მოვილოცავ და მერე დაგმორჩილდებიო. პატრიარქიც აღარ გაუძალიანდა, მამა იოანემ კი მოჰკიდა ხელი თავის მოწაფეს და გზას გაუდგა. როცა იორდანე გადალახეს და უდაბნოში შევიდნენ, ბერი მხურვალებამ შეიპყრო და გზა ვეღარ გააგრძელა. პატარა გამოქვაბული ნახეს და შიგ შევიდნენ. ტკივილებისგან სამი დღე ისე იყო მამა იოანე, განძრევაც ვერ შეძლო. გამოეცხადა დიდებული და უთხრა: "ისმინე, ჩემო კეთილო ბერო, და სინაზე ნუ წახვალო". იოანემ უარი თქვა: "არ შემიძლია, სინას მთაზე რომ არ წავიდეო". მალე უარესად გახდა. ის დიდებული კაცი მეორე ღამესაც გამოეცხადა: "კეთილო ბერო, სინაზე ნუ წახვალ, დამემორჩილე და ამ გამოქვაბულში დარჩიო". მაშინ ჰკითხა ბერმა: "მითხარი, ვინა ხარო". ხოლო მან კაცმან დიდებულმან ბრძანა: "მე ვარ იოანე ნათლისმცემელი და იმიტომ გეუბნები, სხვა ადგილას არ წახვიდე, რომ ეს გამოქვაბული აღმატებულია სინას მთაზე, რამეთუ ამ გამოქვაბულში უფალი ჩვენი იესო ქრისტე მრავალგზის შემოსულა "წმიდითა ფერხითა მისითა" ჩემს მოსაკითხად და ნუგეშისსაცემად. აწ აღმითქვი, თუ აქ დარჩები, განგკურნავო". დაუჯერა ბერმა და მაშინვე განიკურნა. მამა იოანემ გამოქვაბული ეკლესიად გადააკეთა და იქვე დასახლდა. ამ ადგილს "საფსაფას" უწოდებენო, - ბრძანებს "ლიმონარის" ავტორი.

* იოანე მოსხს უყვებოდა მამა ათანასე საბაწმინდელი: იორდანეს უდაბნოში როცა ვცხოვრობდი, მდინარის პირას მდებარე წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში მღვდლობდა მამა კონონი, რომელიც იდგა ხოლმე იორდანეს პირას, იქ, სადაც ჩვენმა უფალმა ნათელიღო, და ნათლავდა მომავალ მამაკაცებს და დედაკაცებს. მას სიძვის ბრძოლა გაუჩნდა და იმ ადგილის მიტოვება გადაწყვიტა, რადგან ამ ბრძოლის გამო განშიშვლებულ დედათათვის მირონცხება აღარ შეეძლო. გამოეცხადა წმინდა იოანე ნათლისმცემელი: "დარჩი შენს ადგილას და მაგ გულისთქმის ბრძოლას მოგაშორებო". რამდენიმე დღის შემდეგ ერთი სპარსელი დედაკაცი მოვიდა მოსანათლად, მაგრამ კონონმა ბრძოლის გამო ორი დღე მირონი ვერ სცხო. ეს ამბავი პატრიარქმა შეიტყო და ამ ადგილას დედათდიაკონი გაგზავნა დედათათვის მირონის საცხებად. ეს რომ მამა კონონმა გაიგო, თქვა, - აქ დედაკაცი როგორ შეიძლება დარჩესო და მიატოვა იქაურობა. ამბობდა, აღარც დავბრუნდებიო. ერთ ბორცვზე შემდგარს გამოეცხადა წმინდა იოანე და ხმამაღლა უთხრა: დარჩი შენს ადგილზე და მაგ ბრძოლას მოგაშორებო. ამბა კონონმა უთხრა: - იქ აღარ დავბრუნდები, შენ მრავალგზის დამპირდი, მაგრამ შვება ვერ ვპოვეო. მაშინ წმინდა იოანემ მიიყვანა იორდანესთან, განუშიშვლა ხორცნი, გულზე იორდანეს წყალი დაასხა, ჯვარი გადასახა და უთხრა: "გწამდეს ჩემი, ხუცესო, მე შენთვის უმჯობესს ვეძიებდი, მსურდა, მაგ ბრძოლაში გაგემარჯვა და სასყიდელი გქონოდა. რადგან არ გნებავს, აღებულია შენგან ეგ ბრძოლაო". მამა კონონი უკანვე დაბრუნდა, ის სპარსი ქალიც მონათლა და ვიდრე გარდაიცვლებოდა, თორმეტი წელი ისე ნათლავდა დედაკაცებს, ხორცი აღარ აღძვრია.

* მამა ისააკი (დიონისელი, +1932) მორჩილობისას მოძღვარმა ზამთარში სასწრაფო საქმეზე კარიესიდან დიონისიატში გაგზავნა. ხუთი საათის სავალი იყო ეს გზა. მიდის მამა ისააკი, თოვლმა ბილიკი დაფარა და აღარ იცის, რა ქნას ახალგაზრდა მორჩილმა. აღაპყრო ხელნი, შეევედრა უფალს და წმინდა იოანე ნათლისმცემელს და მონასტერში მიყვანა სთხოვა. წამისყოფაში მამა ისააკი საღმრთო განგებულებით უფალმა დიონისეს მონასტრის კარებთან გადაიყვანა. მონასტრის დარაჯი კარს კეტავდა, როცა მის წინ მამა ისააკი გაჩნდა, შეეშინდა და ეს შიში უფრო გაუძლიერდა, მამა ისააკის უკან თოვლში ნაკვალევი რომ ვერ დაინახა - როგორ მოხვდი აქ ამ თოვაშიო. მამა ისააკმა სასწაულის გამჟღავნება არ მოისურვა: "მე აქ მორჩილებით მოვედი ღვთის წყალობითა და წმინდანის მეოხებითო" და წმინდა იოანეს ხატზე მიუთითა.

* დიონისეს მონასტერში ყოველდღიურად 50 სეფისკვერს აცხობდნენ და მონასტრის საჭიროების გარდა განდეგილ ბერებს ურიგებდნენ ლიტურგიისთვის. მაგრამ იმ წელიწადს ფქვილი ცოტა ჰქონდათ. თებერვალში მნეებმა გამოთვალეს, რომ მხოლოდ მათ თუ ეყოფოდათ ფქვილი ახალ მოსავლამდე. მივიდნენ მამა ისააკთან და უთხრეს, ბოლო ტომარაღა დაგვრჩა და განდეგილებს სეფისკვერებს ვერ მივცემთო. რა ექნა მამა ისააკს, ძმებიც მართლები იყვნენ, მაგრამ განდეგილებისთვის როგორ მოეკლო წმინდა იოანე ნათლისმცემლის კურთხევა. მივიდა წმინდა იოანეს ხატთან, ფერხნი დაუკოცნა და როგორც უფროს ძმას, ბავშვური გულწრფელობით შესთხოვა: "წმინდაო ნათლისმცემელო, მე გავაგრძელებ განდეგილებისთვის სეფისკვერის მიცემას. შენ კი შენი წმინდანობით სასწაული ჰქენი, იმგვარად მოიქეცი, რომ ფქვილი ახალ მოსავლამდე გვეყოს".

სასწაული მოხდა: 22 ივნისამდე ჩვეულებისამებრ აცხობდნენ პურს, ტომარაში კი ფქვილი არ ილეოდა, ნათლისმცემლის შობის დღესასწაულიდან ორი დღის მერე კი მონასტრის ნავსადგურს ხორბლით დატვირთული ხომალდი მოადგა...
ბეჭდვა
1კ1