როცა რამეს ისწავლი წმინდა სახარებიდან, ეცადე, საქმით აღასრულო - უფალს მშრომელი მოწაფე უყვარს
როცა რამეს ისწავლი წმინდა სახარებიდან, ეცადე, საქმით აღასრულო - უფალს მშრომელი მოწაფე უყვარს
მამა სერაპიონი ცის ფრინველივით იყო, არაფერი ჰქონდა. ტანთ ძონძი ემოსა, ხელთ წმინდა სახარება ეპყრა და ასე რონინებდა სოფელში.

ერთხელ გზაზე ზამთრის სიცივისგან აკანკალებული გლახაკი შეხვდა. გული აუთრთოლდა: "რანაირი მონაზონი ვარ, მე სამოსელი შემიმოსავს, ეს გლახაკი, უფრო კი ქრისტე, შიშველია და სიცივით უეჭველად მოკვდება. თუ ასე დავტოვებ, მკვლელთა თანა დავისჯები და ქრისტე მეტყვის: "შიშველი ვიყავ და არ შემმოსეო". გაიხადა სამოსი და გლახაკს ჩააცვა, თვითონ კი შიშველმა სახარება იღლიაში ამოიდო და გზა ასე გააგრძელა. ნაცნობი შემოეყარა: მამაო სერაპიონ, ვინ გაგძარცვაო? გამოიღო წმინდა სახარება: ამან გამძარცვაო.

მალევე დაინახა, ვიღაცას მევალე მიათრევდა გაკოჭილს და თავის დასახსნელი არაფერი ჰქონდა. მამა სერაპიონმა სახარება გაყიდა, ის კაცი გამოისყიდა და თავის კელიაში შიშველი დაბრუნდა. სულიერმა შვილმა ჰკითხა: "ტანისამოსი რა უყავი, მამაო?" "წინასწარ იქ გავგზავნე, სადაც უფრო გამომადგებაო". "ის პატარა სახარება რაღა უყავიო?" - ჰკითხა მორჩილმა. "შვილო, იგი მუდამ ამას მეუბნებოდა, განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთაო. სახარება გავყიდე და საქველო საქმეში გავეციო".

* "როცა ოჯახში გეჩხუბებიან, დადუმდი და წმინდა სახარება იკითხე", - გვირჩევს წმინდა ამბროსი ოპტელი. იგი ასევე გვირჩევს, რომ იმ დღეს როცა ეზიარები, "საჭიროა, უფრო მეტად კითხულობდე წიგნს, განსაკუთრებით ახალ აღთქმას, ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს და აპოკალიფსს".

* თანამედროვე მამის, წმინდა პეტრეს და პავლეს ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ცხოვრებიდან ორ ამბავს გავიხსენებთ მისივე მონათხრობის მიხედვით:

ერისკაცობისას, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ერთი თანაკურსელი გოგონა მოსწონდა, რომელიც ეკლესიაში დადიოდა. მაშინ ვერაფრით იგებდა, როგორ შეიძლებოდა, ჯვარცმულისთვის ეცა თაყვანი. სიონშიც იმის შესამოწმებლად შევიდა, შეეტყო, ქრისტიანები მუხლს თუ იდრეკდნენ ჯვარცმის წინაშე, რათა მერე გოგონასთვის დაეცინა: განათლებული ხარ და ჯვარცმულს როგორ უჩოქებო. ამ მიზნით დაიწყო სახარების კითხვა. ბოლომდე რომ ჩაიკითხა, აღმოხდა: "უფალო, შენ ყოველთვის ჩემთან იყავი, მაშინაც, როცა შენი სახელი არ ვიცოდიო". ეს იყო გადამწყვეტი მომენტი მის ცხოვრებაში. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, უნივერსიტეტს თავი ანება და სემინარიაში ჩააბარა.

როცა უფლის მიერ მისი მღვდლობა უნდა გადაწყვეტილიყო, მამა არჩილმა სიზმარი ნახა: "სიონში შევედი (სიზმარში). ენით აღუწერელი სილამაზე იყო, რაღაც უჩვეულო შვიდფერი ციალი ანათებდა ტაძარს. გამიკვირდა, საიდან მოდის-მეთქი ეს ნათელი. სხივებს თვალი რომ გავადევნე, წმინდა ტრაპეზზე დასვენებული სახარება დავინახე. იმ სახარებას ჰგავდა, პატრიარქი რომ ხმარობს წირვა-ლოცვისას, მაგრამ უფრო ძვირფასი, პატიოსანი ქვებით შემკული იყო. მისგან გამოდიოდა ეს სპექტრი სინათლისა და მთელ ტაძარს აელვარებდა. რაღაც ძალამ კანკელთან მიმიყვანა. კანკელის უკანა მხრიდან, სადაც ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული, შავად მოსილი ყოვლადწმინდა ქალწული გამობრძანდა. ტრაპეზიდან სახარება აიღო და, აღსავლის კარში მდგარმა, ჯვარი გადამსახა. სახარებას რომ ვემთხვიე, ძალიან ტკბილი ხმით მითხრა: შვილო არჩილ, ეს შენი გახდება, მალე ჩემთან იქნებიო".

მალე მამა არჩილი მღვდლად აკურთხეს და დიდუბის ტაძარში გაამწესეს. იქ კანკელზე შავად მოსილი ღვთისმშობლის ხატია გამოსახული. მასში მამა არჩილმა სიზმრისეული სახარებით მაკურთხეველი ქალწული შეიცნო.

* მამა პაისი ათონელი ბრძანებდა: "ნეტარ არიან სახარების არა სიტყვით მქადაგებელნი, არამედ მისით მცხოვრებნი და თავისი მდუმარებით მქადაგებელნი, ღვთის მადლის დახმარებით, რომელიც გასცემს მათ" (ანუ გასცემს მათი სიწმინდის საიდუმლოს, - კ.კ.).

* წმინდა კირიონ კათალიკოსს (საძაგლიშვილი) რუსეთის ისტორიაში ქართველების კულტურული როლის დასადასტურებლად ასეთი მაგალითი მოჰყავს: მთავარდიაკონი პავლე ალეპოელი, რომელიც რუსეთში მოგზაურობისასYთან ახლდა ანტიოქიის პატრიარქ მაკარიოსს (XVII საუკუნეში), გვაუწყებს, რომ მოსკოვში, პატრიარქთა და მეფეთა თანდასწრებით, საღმრთო ლიტურგიაზე სახარება ქართულად წაიკითხა და ქართულადვე წარმოთქვა კვერექსი. მთავარდიაკონი პავლე ალეპოელი წარმოშობით არაბი იყო და ანტიოქიაში შეესწავლა ქართული ენა.

* კაბადოკიაში, სოფელ ფარასაში, ექიმი, არ იცოდნენ, რა იყო. თუ რამე ასტკივდებოდათ, მიდიოდნენ მამა არსენთან და მისი ლოცვით იკურნებოდნენ. მამა არსენი ამ დროს ხშირად ფსალმუნს უკითხავდა ხოლმე. სახარებას მხოლოდ მაშინ უკითხავდა, როცა ავადმყოფს სერიოზული რამ სჭირდა - ბრმა, ყრუ, ეშმაკეული ანდა პარალიზებული იყო.

* უდაბნოდან ქალაქ ტარსუში მიმავალი ორი ბერი ღამის გასათევად სასტუმროში შეჩერდა. იქ სამ ყმაწვილს შეხვდნენ, რომელთაც მეძავი დედაკაცი ახლდათ. დაბნეული ბერები ჩამოსხდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა სახარება ამოიღო და კითხვა დაიწყო. კითხვა რომ მოესმა, დედაკაცმა ყმაწვილებს თავი ანება და ბერებთან მივიდა, იქვე ჩამოჯდა და ყურადღებით უსმენდა. ბერმა კითხვა შეწყვიტა და გაბრაზებულმა ჰკითხა: როგორ არ შეგრცხვა ჩემი, აქ რომ ჩამომიჯექიო. "ნუ მომიძაგებ, მამაო, თუმცა დიდად ცოდვილი ვარ, მაგრამ მწამს, რომ უფალი ხელს არ მკრავს, ისევე, როგორც არ ჰკრა ხელი ცოდვილ დედაკაცს". "მაგრამ ის დედაკაცი ქრისტესთან შეხვედრის მერე აღარ დაბრუნებია ცოდვას..." "მწამს, რომ ღვთის ძის შეწევნით, ამიერიდან აღარც მე დავუბრუნდები, ოღონდ მასწავლეთ, როგორ მოვიქცე". ბერებმა დედაკაცი დედათა მონასტერში მიიყვანეს, აღკვეცეს მონაზვნად, მარიამი უწოდეს, იღუმენიას ჩააბარეს და თვითონ წავიდნენ. მარიამმა კი დანარჩენი ცხოვრება ლოცვასა და სინანულში გაატარა.

აი, ასეთი სულიერი ფერისცვალება მოახდინა ცოდვილი დედაკაცისა წმინდა სახარების ერთხელ მოსმენილმა სიტყვებმა.

* არ შეიძლება წმინდა სახარების თვითნებურად განმარტება.

ორმა ღვთისმოშიშმა ადამიანმა ერთდროულად დაუტევა სოფელი და მონაზვნად აღიკვეცა. როგორც ღვთისმოშიშნი, ყოველდღიურად კითხულობდნენ წმინდა სახარებას. მაგრამ ისეთი ადგილიც წაიკითხეს, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგო და მცოდნეს უნდა დაეკითხო. მათ კი თავისებურად განმარტეს, დაისაჭურისეს თავი და ამით მძიმე ცოდვაში ჩავარდნენ. ეს რომ მღვდელმთავარმა შეიტყო, ისინი ეკლესიიდან განკვეთა. რადგან თავი მართალი ეგონათ და ფიქრობდნენ, რომ ასე ღვთის სასუფევლისთვის მოიქცნენ, იერუსალიმის პატრიარქთან წავიდნენ საჩივლელად, მაგრამ მანაც განკვეთა. წავიდნენ რომში. პაპმაც იგივე უპასუხა. თუმცა ამის მერეც ვერ მიხვდნენ დანაშაულს. თქვეს: "ეს ეპისკოპოსები ერთად იკრიბებიან, თათბირობენ და პირი აქვთ შეკრული. მოდი, მივიდეთ წმინდა ეპიფანე კვიპრელთან, ის წინასწარმეტყველია და თვალღებით არ იქცევაო. წმინდა ეპიფანემ კი ისინი ქალაქშიც არ შეუშვა - ხალხი დაახვედრა გალავნის კართან. მაშინ კი უნებურად მოუხდათ ჩაფიქრება, სულში სინანული გაუჩნდათ და თავიანთი საქციელი შეინანეს. როგორც კი შეინანეს, წმინდა ეპიფანეს ეს ღვთისგან ეუწყა და მიიღო ცოდვილნი, ანუგეშა, შეუერთა ეკლესიას და ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსსაც სთხოვა მათი ეკლესიის წიაღში მიღება.

* ქვრივ მილკა შეჩეროვიჩს პატარა ბიჭი ჰყავდა. როცა სერბეთიდან იერუსალიმის მოსალოცად წასვლა გადაწყვიტეს, მასაც გაუჩნდა პილიგრიმობის სურვილი. ეკლესიიდან დაბრუნებულმა თავისი სურვილი დედას განუცხადა. "ბავშვს რას უზამ?" - ჰკითხა დედამ. ჩაფიქრდა მილკა, მერე მღვდელს ჰკითხა, ბავშვი რომ წამოვიყვანო, თუ შეიძლებაო. უარი მიიღო - ამხელა გზაზე სამი წლის ბიჭის წამოყვანა სარისკოაო. დაბრუნდა შინ მილკა და სცადა, დედა დაეყოლიებინა ბავშვის დატოვებაზე, მაგრამ ის უარობდა. მაშინ მილკამ აიღო სახარება და დედას უთხრა: "მოდი, ვნახოთ, როგორია ღვთის ნება". მცირე ხანს ილოცეს, მერე კი მილკამ სახარება გადაშალა. მისი მზერა სახარების ამ სიტყვებზე შეჩერდა: "და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაი ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს" (მათე 18,5). ეს სიტყვები უფლისგან ნათქვამივით გაისმა. დედამისს შეეშინდა და მაშინვე დათანხმდა ბავშვის მოვლაზე, მილკა კი იერუსალიმის მოსალოცად წავიდა.

* მორავიის ერთ-ერთ სოფელში ღვთისმოშიში ყმაწვილი ცხოვრობდა, რომელიც წმინდა სახარებას კითხულობდა და მის ცხოვრებით აღსრულებას ცდილობდა. მამამ მკაცრად აუკრძალა ღვთისმოშიშების გზით სიარული, დაუწვა ყველა სასულიერო გაზეთი თუ ბროშურა. ერთხელ სახარება უპოვა და სამზარეულოს ქურაში შეაგდო. ამის მერე ათი დღე ქურას ყოველდღიურად ახურებდნენ, პურს აცხობდნენ, საჭმელს ამზადებდნენ. მეთერთმეტე დღეს ბიჭის დედინაცვალმა ქურიდან გამოღებულ ნაცარს უვნებლად გადარჩენილი წმინდა სახარება გამოაყოლა. კიდეები შეტრუსოდა, მაგრამ ეს წაკითხვაში ხელს ვერ შეუშლიდა. "ღმერთმა ხილული სახით გვაჩვენა, რომ მისი წმინდა სიტყვების განადგურება არავის შეუძლია", - ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი.

* წმინდა ნიკოლოზ სერბი მოგვითხრობს ერთი იაპონელი ავაზაკის მოქცევის ამბავს. ტოკისო ისის (ასე ერქვა ამ ავაზაკს) მრავალი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი - ძარცვა, ქურდობა, მკვლელობა... ბოლოს პოლიციელები დაჭრა და დაიჭირეს. იზოლატორში ტოკისო ერთ საკანში აღმოჩნდა ერთ ეჭვმიტანილთან (სახელად კომორასთან), რომელსაც სწორედ იმ გეიშას მკვლელობას აბრალებდნენ, რომელიც სინამდვილეში ტოკისომ მოკლა.

საახალწლოდ მათ ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან ამანათი მიიღეს საჩუქრად. ტოკისომ ნაჩუქარი წიგნი თაროზე შემოდო, საკვები კი შეჭამა. გავიდა დიდი დრო. ტოკისომ წიგნი ხელში აიღო. ზედ ეწერა - "ახალი აღთქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი". გადაშალა. წაკითხულმა რამდენიმე ფრაზამ შთაბეჭდილება ვერ მოახდინა მასზე და ისევ თაროზე შემოდო. რამდენიმე დღის შემდეგ წიგნი კვლავ გადაშალა, ახლა უკვე იმ ადგილას, სადაც ქრისტეს ვნებაზეა საუბარი. კითხულობდა და ბრაზობდა იუდეველებზეც, პილატეზეც, რომელთაც უბრალო კაცის სიკვდილი უნდოდათ. ტოკისო მთლიანად ჩაეფლო წიგნის კითხვაში. აინტერესებდა, როგორ დამთავრდებდა ყველაფერი, პარალელს ავლებდა თავის ცხოვრებასთან, სიკვდილმისჯილ კომორასთან, რომელსაც იესოსავით სიკვდილი უმიზეზოდ მიუსაჯეს... კითხვისას იმ ადგილას მივიდა, როცა იესო ეუბნება ზეციურ მამას: "მიუტევე მათ, რამეთუ არ იციან, რას იქმანო". ტოკისომ იგრძნო, თითქოს გულში ნემსი გაუყარეს. განა შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, უდანაშაულოდ გტანჯავდნენ, გკლავდნენ და შენს მტრებს შეუნდო? მაგრამ იესო ლოცულობდა თავისი მკვლელებისთვის. "ასეთ რამეს ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ გააკეთებს, ის ღმერთი იყო", - გაიფიქრა ტოკისომ. ეს იყო დასაწყისი მისი მოქცევისა. მერე კი, ქრისტეს რწმენაში გაძლიერებულმა, გეიშას მკვლელობა აღიარა. უდანაშაულო კომორა გაათავისუფლეს, თვითონ კი მშვიდად შეეგება სიკვდილს.

* "სახარება წიგნი კი არა, ძალაა; ძალაა ცხოველმყოფელი, მომტანი სიხარულისა, განმაძლიერებელი, დამარწყულებელი და მკვდრეთით აღმდგენი, - ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი, - მთელი ქადაგება სახარებისა შეიძლება გამოიხატოს ორი სიტყვით: ილაპარაკე და იმოქმედე. არა მარტო უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვიმოქმედოთ კიდეც, რამეთუ ეს გაცილებით დამარწმუნებელია პირველზე. როცა რამეს ისწავლი წმინდა სახარებიდან, ეცადე, საქმით აღასრულო - უფალს მშრომელი მოწაფე უფრო უყვარს, ვიდრე უბრალოდ მსმენელი".

* წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს: "მარადისობაში ჩვენი ხვედრი დამოკიდებულია იმ ცხოვრების წესზე, როგორიც გვექნება ჩვენი მცირე ხნით ყოფნისას წუთისოფელში. გინდათ იყოთ ტაძარი ღვთისა? გსურთ, გული თქვენი გახდეს ჭურჭელი სულიწმინდის მადლის ნიჭისა? გაბარებთ სახარებას, დაე, იგი იქცეს თქვენი ცხოვრების წესად. გწამდეთ მისი თქვენი საქმეებით, თქვენი ცხოვრებით, და არა მხოლოდ ფიქრით, გულით და ბაგეებით. როცა კითხულობთ ამ ღვთაებრივ წიგნს, სიცოცხლის წიგნს, წარმოიდგინეთ, რომ თვით ქრისტე უხილავად თქვენს წინაშე დგას და გეუბნებათ სიტყვებს, რომლებიც "სულ არიან და ცხოვრება" (იოანე 6,63). წარმოსახვაში კი ნუ გამოისახავთ ქრისტეს სახეს, არამედ კეთილმოკრძალებულად და ცოცხლად შეიგრძენით მისი ყოვლადწმინდა სიახლოვე".
ბეჭდვა
1კ1