ორი ბატონის მსახურმა ვეღარ გაუძლო სინდისის მწვავე მხილებას, გამოუსხლტა მამა იოანეს მკლავებს და მის ფეხებთან გონდაკარგული დაეცა
ორი ბატონის მსახურმა ვეღარ გაუძლო სინდისის მწვავე მხილებას, გამოუსხლტა მამა იოანეს მკლავებს და მის ფეხებთან გონდაკარგული დაეცა
1950 წლის აპრილში მამა იოანე (კრესტიანკინი) დააპატიმრეს. მოულოდნელი იყო მისთვის, როცა კა-გე-ბეს თანამშრომლებმა მოასმენინეს მისი და ერთი მოხუცი მონაზვნის საუბრები იმდროინდელ სიტუაციასა და ქრისტიანთა მძიმე ხვედრზე. მამა იოანე ამ მონაზონზე ზრუნავდა. ეტყობა, მას სხვებიც ადევნებდნენ თვალყურს: გაზის მუშები, ელმონტიორები (ანუ კა-გე-ბეს აგენტები), რომელთაც გულუბრყვილო მონაზონი კარს არასოდეს უკეტავდა. ასე გაჩნდა ეს მაგნიტოფირები. დასმენით, პროვოკაციით, ცილისწამებით ცდილობდნენ მამა იოანეს "მოთვინიერებას". მაგრამ ამან ვერ დააბნელა მისი მოსიყვარულე გული. როცა პირზე წასაყენებლად დაკითხვაზე მოიწვიეს ვინმე მღვდელი, რომელიც კა-გე-ბეს განსაკუთრებულ დავალებას ასრულებდა, მამა იოანე გულწრფელი სიხარულით მივარდა თანამოძმეს საამბორებლად. მან კი, ორი ბატონის მსახურმა, ვეღარ გაუძლო სინდისის მწვავე მხილებას, გამოუსხლტა მამა იოანეს მკლავებს და მის ფეხებთან გონდაკარგული დაეცა.

* ღირსი ისააკ ოპტელი დიდ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ მამები მოუკლებლად დასწრებოდნენ ეკლესიაში ღვთისმსახურებას. "იუდა გამცემელსა ჰგავს, ვინც არ დაელოდება ღვთისმსახურების დამთავრებას და საჭიროების გარეშე ტაძრიდან გამოდისო", - ბრძანებდა.

* მამა არისტოკლესთან (+1918) ხშირად მიჰყავდათ ეშმაკეულნი. ღირსი მამა ზეთს სცხებდა, ლოცულობდა მათთვის და ეშმაკიც ტოვებდა სნეულს. ერთხელ ღირს მამასთან ვიღაც ეშმაკეული გათოკილი დედაკაცი მოიყვანეს, რომელსაც ორი ბრგე ვაჟკაცი ძლივს აკავებდა. მამა არისტოკლემ მკაცრად შეხედა და ჰკითხა: "ვინ მოგცა მასში შესვლის უფლება, ჰა?" მან კი წვრილი, გამყინავი ხმით უპასუხა: "ჩემი ნებით არ შევსულვარ, მან თვითონ შემიყვანა! მაგან მჭედელთან იმრუშა, მაშინ როცა კანონიერი ქმარი ჰყავს... ამან მომცა უფლება მასში შესვლისაო". მამა არისტოკლეს ლოცვით ეს ქალი ყველას თვალწინ განიკურნა.

* წმინდა ბარსანოფი ოპტელი მოჰყვა ამბავს, რომელიც ბერობის აღთქმის ღალატზე მოგვითხრობს.

ერთი მდიდარი კაცის შვილი ერთ-ერთ წმინდა სავანეში შედგა ბერად, მაგრამ ვერ გაძლო და ერში დაბრუნდა. უღალატა ბერობის აღთქმას და მეფის სასახლის ნაცვლად მყრალი ჭაობი არჩია. დაოჯახდა, შვილები შეეძინა. მონასტრიდან წამოსვლის მერე მალევე მიხვდა, რას მოაკლდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ერთხელ მეძველმანისგან გაცრეცილი, დახეული საბერო კაბა იყიდა და შინ მიიტანა. დიდ დღესასწაულებზე განმარტოვდებოდა ხოლმე მოშორებით მდებარე სამლოცველო ოთახში, ჩაიცვამდა ამ კაბას და მწარედ ატირდებოდა, იხსენებდა თავის ცხოვრებას წმინდა სავანეში.

* მე-15 საუკუნეში ბიზანტიის იმპერიას დიდი საფრთხე დაემუქრა თურქებისაგან. იმპერატორმა მანუელ პალეოლოგოსმა დასავლეთის სახელმწიფოთაგან დახმარების მისაღებად ყველაფერი გააკეთა, რომ რომის პაპთან უნიაში (ანუ ერთობაში) ყოფილიყო. მის მიერ იტალიაში, ფლორენციაში გაგზავნილმა ბერძენმა ეპისკოპოსებმა 1438 წელს, თუმცა ძალდატანებით, უნიას მოაწერეს ხელი და რომის პაპი ეკლესიის თავად აღიარეს. ამ კრებას ესწრებოდა წარმოშობით ბულგარელი რუსეთის მიტროპოლიტი ისიდორე. მანაც მოაწერა ხელი. შინ დაბრუნებულმა წირვებში პაპის მოხსენიება დაიწყო. აღშფოთებულმა მრევლმა გააძევა რუსეთიდან. არც ბერძენი ეპისკოპოსები მიიღო მრევლმა.

ვერ უშველა ამ უნიამ ბიზანტიის იმპერიას. 1453 წელს კონსტანტინოპოლი თურქებმა აიღეს.

XX საუკუნეში კიდევ ერთმა რუსმა მიტროპოლიტმა, ნიკოდიმოსმა მოისურვა მართლმადიდებელთა კათოლიკეებთან შეერთება. მცდელობა ჩაეშალა. უეცრად გარდაიცვალა - რომის პაპის მუხლებთან დაემხო სათაყვანებლად და განუტევა სული. განტევების ლოცვა კი მას რომის პაპმა წაუკითხა.

* ივანე მრისხანეს დროს ვლადიმირში ცხოვრობდა ახალგაზრდა მღვდელი ტიმოთე. ერთხელ რაღაც მძიმე ცოდვა ჩაიდინა და ხელისუფლება დასდევდა დასაჭერად. შეშინებულმა მიატოვა ცოლ-შვილი და ყაზანში გაიქცა. იქ მუსლიმანობა მიიღო, ორი თათრის ქალი შეირთო ცოლად. ღვთის საკურთხეველსაც უღალატა და სამშობლოსაც. ყაზანის ხანმა ის თავის სარდლად დაადგინა და რუსულ მიწებზე ხშირად გზავნიდა სარბევად. 30 წელი იცხოვრა ყაზანში ნამღვდლარმა, გამდიდრდა, პატივსაც სცემდნენ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ვერ ჩაახშო თავისი სინდისის ხმა, რომელიც მწარედ ამხელდა: "მოღალატევ, განდგომილო, ჯობდა ცოდვების გამო დასჯილიყავი, ვიდრე ქრისტე უარგეყო". ვინ იცის, როგორი იყო მისი სინანული.

ერთხელ დარბევის მერე რუსეთიდან ბრუნდებოდა. ჯარი წინ გაუშვა, თვითონ უკან მიჰყვებოდა. გაახსენდა თავისი მძიმე ცოდვა. შეეწყალა სამშობლო. შეემუსრა გული და ამოხეთქა საგალობელმა: "შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული". უეცრად ბუჩქებიდან მისკენ გამოიქცა ვიღაც რუსი ყმაწვილი. ტიმოთემ ხელი მახვილს სტაცა. შეშინებული ბიჭი მიწაზე დაეცა. "ვინა ხარ?" - ჰკითხა ტიმოთემ. "რუსი ტყვე ვარ ყაზანიდან გამოქცეული და გალობა რომ მომესმა, რუსი მეგონეო". შეძრა ბიჭის სიტყვებმა მოღალატის გული, დაემხო მიწაზე და უნუგეშოდ დაიწყო ტირილი. ბიჭმა მისი ამბავი რომ შეიტყო, ანუგეშა - არ არის ცოდვა, ღვთის გულმოწყალებას რომ აღემატოსო. ტიმოთემ ბიჭს სთხოვა, მიდი მოსკკოვის მიტროპოლიტ ფილიპესთან და ჰკითხე, ჩემისთანა ცოდვილისთვის თუ არსებობს სინანული. მიშუამდგომლოს დიდი მთავრის წინაშე და მიტევების სიგელი გამოგატანოს მიტროპოლიტისა და მთავრის ბეჭდით დაბეჭდილი. სამი თვის შემდეგ კი აქვე შეგხვდებიო.

შეეწყალათ მღვდელმთავარსა და დიდ მთავარს განდგომილი და ბიჭს შენდობის სიგელი გამოატანეს. შორიდანვე მოჰკრა ტიმოთემ ბიჭს თვალი. გადმოხტა ცხენიდან, მადლობა შესწირა, გამოართვა და გახსნა სიგელი. სიხარულის ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა, კითხულობდა და თან ლოცულობდა: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილს!" სიგელი წაიკითხა, დაემხო მიწაზე და წარმოთქვა: "გმადლობ შენ, ღმერთო, ყოვლად სახიერო და მრავალმოწყალეო, რომ ღირს მყავ მე უსულგულო ჩემი საშინელი ცოდვების მიტევებისა თვით მწყემსმთავრისგან!" ამ სიტყვებით მონანულმა ცოდვილმა სული განუტევა. გაოგნდა ბიჭი, მერე კი იქვე საფლავის გათხრა დაიწყო. დაღლილს მიეძინა. ტიმოთე წარმოუდგა და უთხრა: "შენს გამო ღმერთმა შემიწყალა. ჩემი ცხენი და ყველაფერი, რაც მაბადია, წაიღე შინ. სანამ ცოცხალი ხარ, მომიხსენე წირვაში და ჩემს სახელზე მოწყალება გაეციო". დაწვრილებით უამბო ბიჭმა მიტროპოლიტსა და მთავარს ტიმოთეს სიკვდილის ამბავი, აჩვენა მისი ქონება. ყველამ ერთად განადიდა ყოვლადსახიერი უფალი, რომელმაც შეიწყალა ღვთისა და ერის მოღალატე.

* არ უნდა უღალატო ღირს მამათა გარდამოცემებს, ანდერძებს, სურვილებს.

ოპტის უდაბნოში საუკუნოვანი ფიჭვების მოჭრა მოისურვეს. წმინდა ნექტარიოს ოპტელმა ბრძანა: "ეს არ უნდა მოხდეს. ჩვენი მამები ტოტის მოტეხას გვიკრძალავდნენ, არათუ ხის მოჭრას". მერე კი ასეთი რამ უამბო: "სიკვდილის წინ მამა ლევმა (წმინდანად შერაცხული) სკიტს ანდერძად დაუბარა, მისი გარდაცვალების დღე ძმათა "ნუგეშინისცემით" აღენიშნათ და ოლადები გამოეცხოთ. მისი სიკვდილის შემდეგ მამებმა - მოსემ და მაკარიმ დაადგინეს, რომ იმავე დღეს მისთვის ტაძარში საზეიმოდ დიდი პანაშვიდი გადაეხადათ. იცავდნენ კიდეც დიდი ხნის მანძილზე ამ მცნებას იღუმენ ისააკისა და სკიტის თავის, ილარიონის მმართველობისას. ამ დროს გაჩნდა ეს საცთურიც: მამა ლევის ხსენების წინა დღეს იღუმენს მნათე თეოდოსიმ უთხრა: ხვალ არ შეიძლება მოძღვრის საზეიმოდ მოხსენიებაო. იღუმენი კი ამბობდა, - წირვა უნდა ჩატარდესო. იმ ღამეს მამა თეოდოსის ძილში მამა ლევმა თმაზე ხელი ჩასჭიდა, აიყვანა სამრეკლოზე და დაემუქრა: "გინდა ჩაგაგდო?" ქვევით საშინელი უფსკრული ჩანდა. გაიღვიძა თეოდოსიმ, ზურგზე ტკივილი იგრძნო, სადაც მერე ძირმაგარა გაუჩნდა, მთელი თვე ავადმყოფობდა. ამ ამბავმა ცოტა შეანჯღრია ხალხი, თორემ საზეიმო მოხსენიებას აღარ აპირებდნენ.

იმავე დღეს სკიტში მამა ილარიონის მესენაკემ, ნილოსმა მოძღვარს დაუწყო დარწმუნება, - ოლადები აღარ გამოეცხოთ: მუშების სამზარეულოში გვიწევს გამოცხობა და მუშებს საქმეს ვწყვეტთ. თან მათაც უნდა გავუმასპინძლდეთ. ამდენი ფქვილიც აღარ გვაქვსო.

დაითანხმა სკიტის თავი. იმავე დღეს ავად გახდა მამა ილარიონი და სიცოცხლის ბოლომდე საღმრთო ლიტურგიის ჩატარება ვეღარ შეძლო; ნილოსს კი კეთრი დაემართა. ისე მოუძლურდა, რომ მუშებს სავარძლით მიჰყავდათ ღვთის ტაძარში. ამის გარდა, იმავე ღამეს, როცა ბოროტგანზრახულად შეწყვიტეს "ნუგეშინისცემა", სკიტის მუშათა სამზარეულოში მუშა დაიწვა და მოკვდა. ღვთისმოშიშმა ხალხმა გამტკიცული ფქვილის შეწირვაც შეწყვიტა... ნახე, რა ხდება როცა ეურჩებიან და ღალატობენ მამათა გარდამოცემებს?"

* წმინდა იოანე ოქროპირი მიმართავს ცოლის მოღალატე ქრისტიანს: "თავს რითი იმართლებ? ნურაფერს მეტყვი ბუნებრივ ვნებებზე. იმიტომაც არის დადგენილი ქორწინება, რომ საზღვარს არ გადახვიდე. რამეთუ ღმერთმა, რომელიც შენს მშვიდობასა და პატივზე ზრუნავს, იმიტომ მოგცა მეუღლე, რომ ბუნების განხურვება ცოლით დაიკმაყოფილო და განთავისუფლდე ყოველგვარი ვნებისგან. შენ კი უმადური სულით ღმერთს შეურაცხყოფას აყენებ. უარყოფ ყოველგვარ სირცხვილს, არღვევ საზღვრებს, შებილწავ საკუთარ სახელს.

რატომ მისჩერებიხარ სხვის სილამაზეს? რატომ მისჩერებიხარ სახეს ქალისას, რომელიც შენ არ გეკუთვნის? რატომ არღვევ ქორწინებას? რატომ შებილწავ საკუთარ საწოლს? შენმა ცოლმა იმისთვის კი არ დაუტევა მშობლები და ნათესავები და მოვიდა შენთან, რომ შენგან შეურაცხყოფა მოითმინოს, ვინმე უსახურ მონად ჩათვალო და დაუსრულებლად ეჩხუბო! შენ ცხოვრების თანამგზავრად თავისუფალი და ღირსებით თანასწორი ადამიანი აირჩიე. განა არ არის უგუნურება, რომ მის მზითევს უფრთხილდები, ხოლო შეურაცხყოფ მას, რაც მზითევზე უძვირფასესია - წმინდა უმანკოებას, და საკუთარ სხეულს, ცოლს რომ ეკუთვნის?!

ნუ მეტყვი, რა მოხდა, თუ ქალს დაჟინებით შევხედავო. თუ გულით იმრუშებ, მალე ხორცითაც შესცოდავ.

თუ გინდა ქალის ყურებით დატკბე, მაშინ შენს ცოლს არ მოაცილო მზერა, გიყვარდეს იგი - ეს არ ეწინააღმდეგება სჯულის კანონს".

* წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "როცა ქმარი სხვისკენ გულით მიიქცევა, გაყოფილი სულით, ეშმაკისაგან მართული, საკუთარ სახლს ყველანაირი მწუხარებით ავსებს და თუ ცოლსაც ამგვარი ვნება გაიტაცებს, მაშინ საფუძვლითურთ. ყველაფერი თავდაყირა დადგება".
ბეჭდვა
1კ1