მხოლოდ ცოდვის უნდა გვეშინოდეს
მხოლოდ ცოდვის უნდა გვეშინოდეს
ახლა უკვე სოფელი მაშინებს
* სამი რამის მეშინია და ვერ დავითმენ, - უთხრა ეშმაკმა ერთ მეუდაბნოეს, - ესაა ნათლისღება, როცა სრულიად ვკარგავ ძალას და თქვენზე ძალაუფლებას; ჯვარი, რომელიც მტანჯავს, მდევნის და მაცამტვერებს და ბოლოს, ზიარება. ეს უკანასკნელი ჩემთვის გეენიის ცეცხლზე საშინელია, ვუფრთხი მას ისე, როგორც მზისა ეშინია ბნელს. ღირსეულად მაზიარებელთან მიახლოების კი არა, მისი შეხედვისაც კი მეშინია. მაგრამ ადამიანთა წყალობით, მათი უყურადღებობით და მანკიერი ჩვევების გამო, თვითონვე რომ იშორებენ და განაქარვებენ საიდუმლოთა მადლს, მხოლოდ დროებით განვეშორები ხოლმე მათ.

* ასეთი დიალოგი გაიმართა არქიმანდრიტ ეპიფანესა (თეოდოროპულოსი, +1989) და მის სულიერ შვილს შორის:

- მამაო, მშიშრობა ცოდვად ითვლება?

- დიახ, შვილო ჩემო.

- განა უფალს არ შეეშინდა გეთსიმანიის ბაღში? მაინც რატომ არის იგი უცოდველი?

- რას უნდა შეხვედროდა უფალი გოლგოთაზე?

- სიკვდილს.

- ხოლო რა არის სიკვდილი წმინდა წერილის თანახმად?

- ცოდვის შედეგი.

- რა საერთო ჰქონდა ღმერთკაცს ცოდვასთან და მის შედეგთან - სიკვდილთან?

- არანაირი!

- შესაბამისად, უფლის სულიერი ბრძოლა გეთსიმანიაში არ იყო ცოდვიანი შიში, არამედ ეს იყო ზიზღი, რომელსაც ის, როგორც ღმერთი, ცოდვისა და მისი შედეგისადმი განიცდიდა.

* "მახსოვს, ბავშვობაში ძალზე იმოქმედა ჩემზე, - ჰყვება მამა ნიკონ ოპტელი, - იმქვეყნიური ხვედრის შეუცვლელობამ და უკუნისობამ. ჩემი ბავშვური გონება იკარგებოდა ამ ფიქრში. ერთი სიტყვა - "არ ექნება დასასრული" - შიშსა და ძრწოლას მგვრიდა. ახლა ამგვარ აზრს სრულიად გულგრილად ვუცქერი. ახლა უკვე სოფელი მაშინებს. ამ შიშზე მოძღვარს (წმინდა ბარსანოფი ოპტელს) ვუთხარი. დამარიგა: "მხოლოდ ცოდვის უნდა გვეშინოდეს (სოფლისა, რა თქმა უნდა, მეშინია, ვინაიდან ის ყოველთვის ყველას ცოდვისკენ მიდრეკის საბაბს აძლევდა, იგი სავსეა განსაცდელებით, რომელთა შეწინააღმდეგებაც არ შემიძლია). წმინდა წერილში ნათქვამია, ლაჩრები ღმერთს არ უყვარსო. არავინ არ უნდა იყოს მშიშარა და ლაჩარი, ღვთისა უნდა ეიმედებოდეს. ღმერთს მშიშრები და ლაჩრები არ უყვარს, ვინაიდან ისინი ახლოს არიან გულგატეხილობასა და სასოწარკვეთასთან. ეს კი სასიკვდინე ცოდვაა. მშიშარა და ლაჩარი უფსკრულის პირას დგას. ჭეშმარიტი ბერისთვის უცხო უნდა იყოს ასეთი განწყობა".

* წმინდა იოანე კრონშტადტელს ხილვა ჰქონდა: წმინდა ანატოლი ოპტელთან ერთად ორი ანგელოზი მსახურებდა ლიტურგიაზე. ეს რომ მამა ანატოლიმ შეიტყო, ცუდადაც კი გახდა და განუწყვეტლივ ევედრებოდა უფალს, მისი გონებიდან გაგონილი აღეხოცა, რადგან თავმაღლობისა ეშინოდა, ეშინოდა გაფიქრებისა - "აი, ხედავ, მე ვინ ვყოფილვარო!" მაშინ ხომ ყველაფერი დაიკარგებოდა, - ბრძანებს წმინდა ბარსანოფი ოპტელი.

* 17 წლის იყო მამა ფილოთეოსი (ზერვაკოსი, +1980), როცა ბერობის სურვილი გაუჩნდა. იმავე ღამეს ძილში საშინელი გოლიათები გამოეცხადნენ, კბილებს აღრჭიალებდნენ და ხმლებით ემუქრებოდნენ, - ეგ აზრი თავიდან ამოიგდე, თორემ აგკუწავთო. მშველელად ღვთისმშობელი მოევლინა. რამდენჯერმე დააპირეს მისკენ წამოსვლა, მაგრამ ბოროტი არსებები უფლის დედამ შეაშინა. იმ დღიდან ყმაწვილს მზის ჩასვლის მერე გარეთ გასვლისაც კი ეშინოდა, - ვაითუ იმ ურჩხულებს გადავეყაროო. ეშმაკს სხვა დროსაც გადაეყარა და დაემუქრა: - სატანავ, შენი არ მეშინია, მე ქრისტე შემეწევა! ქრისტემ გძლია და მისი ძალით მეც გძლევო. მაგრამ ბოროტი ძალები თავს არ ანებებდნენ და დროდადრო შიშსა და სულმოკლეობას ჰგვრიდნენ. განსაკუთრებით ეძგერებოდა ხოლმე გულისთქმები ღამღამობით, მარტო დარჩენილს. ფილოთეოსი შიშის ძლევას ცდილობდა, საკუთარ თავს ეკითხებოდა: "ასე რატომ ხდება? დღისით, ადამიანებს შორის არაფრის მეშინია, ღამით კი შიში მთანგავს. ნუთუ ღმერთი, დღისით რომ მიცავს, ღამე თავს მანებებს? თუ მოყვარული მშობლები თავს ევლებიან შვილებს, კრუხიც კი იცავს და იფარავს თავის წიწილებს, სიყვარულით აღსავსე ზეციური მამა მით უფრო დაგვიცავს და დაგვიფარავს დღისითაც და ღამითაც და ყოველსა ჟამსა. რისი მეშინია, მე ხომ ზეციური მამა მყავს, ჩემზე სიყვარულით მზრუნველი, რომელსაც ძალუძს, დამიცვას სულისა და სხეულის მომწყვლელი ბოროტისაგან". ასე იმხნევებდა თავს, ღამღამობით განმარტოებით მდგომ ეკვდერში დადიოდა და ლოცულობდა. ერთხელ ერთი ღამე სასაფლაოზე გაატარა და საფლავებს შორის ეძინა. ასე სძლია შიშს.

* ძმამ ჰკითხა ბერს, - მამაო, როგორ მოვიპოვო შიშიო. ბერმა უთხრა: "წადი და ვინმე ღვთისმოშიში კაცის გვერდით დასახლდი და ოდეს შეეშინდეს, გასწავლოს შენც შიში ღვთისა".

* კაცობრივი შიში არ იყო უცხო ქართველი წმინდა მამებისათვის, მაგრამ მას ღვთის დიდი რწმენით სძლევდნენ: ღვთისმშობლის ბრძანებით, იორდანიის უდაბნოდან სამშობლოში დაბრუნდა წმინდა ილარიონ ქართველი. მამისეული ქონება კეთილად განაგო, მამის სახლი დედათა მონასტრად გადააკეთა, სადაც დედა და და მონაზვნებად აღკვეცა. დედის სიკვდილის შემდეგ გარეჯის უდაბნოში წავიდა და მამა დავითის საფლავზე ეკლესია ააშენა. წმინდა ილარიონის კეთილ საქმეებს შეეწინააღმდეგა მისივე დედის ძმა - დაიფიცა, შეჩვენებული ვიყო, თუ არ მოვკლა და მაგის მონასტერი არ დავანგრიოო, კარზეც კი წააწერა: "სამი დღის მერე ყველა იხილავს ამ მონასტერს დამწვარს". მთელი ღამე ილოცა წმინდა ილარიონმა და განთიადისას მიერულა. გამოეცხადა კაცი ბრწყინვალედ მოსილი: ნუ გეშინია, ილარიონ, დღესვე განისწავლის იგი და შეგივრდეს ფერხთა შენთა". მართლაც, როცა გათენდა, ეშმაკმა დააკვეთა მოღალატე ბიძა და მანამ არ განიკურნა, ვიდრე ილარიონმა ჯვარი არ გადასახა.

* ეპისკოპოსისგან წმინდა გრიგოლ ხანძთელის ინიციატივით განკვეთილმა უწესო ცქირმა მძლავრობით დაიბრუნა ეპარქია და თავის ხალხს უბრძანა, მზის ამოსვლისას ხანძთის ტაძარი დაანგრიეთო. წმინდა გრიგოლმა ამ ხალხს სთხოვა, შუადღემდე ლოცვა გვაცალეთო. შევიდა მარტო ხანძთის ტაძარში და ღმერთს სამართალს ევედრებოდა. უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ცქირის სიკვდილი აუწყა. გამოვიდა და ცქირის გამოგზავნილ ხალხს (რომელთაც არ სურდათ ამ ბრძანების ასრულება) უთხრა: ნუღარ გეშინიათ თქვენი აქ მომავლინებლისა, რამეთუ დღეს უფალმა რისხვით მოკლაო". გაიხარა ხალხმა და ხანძთელ მამებთან ერთად ტრაპეზი გაიზიარა.

* როცა კონსტანტინე კახს ამირა ჯაფარი სიკვდილით დაემუქრა, მან უპასუხა, არ მეშინია შენი მახვილისგან, არამედ იმის მეშინია, ვისაც ჩემი სულის და ხორცის მოწყვეტა შეუძლიაო. წმინდა კონსტანტინემ დაითმინა ქრისტესთვის წამება და მონასტერში გადასახლდა.

* ვერანაირად ვერ აღმართეს მეშვიდე სვეტი სარწმუნოებაზე ახალმოქცეულმა ქართველებმა, როცა პირველ ტაძარს აშენებდნენ მცხეთაში. იმ ღამეს სვეტთან მარტო წმინდა ნინო და მისი თორმეტი მოწაფე დარჩნენ და ლოცვა დაიწყეს. შუაღამისას ეშმაკმა დედებს მოაჩვენა: ვითომ არმაზისა და ზადენის მთები ჩამოიქცა, ორივე მდინარე დააგუბა და საცაა "დაგუბებული წყალი" ქალაქს წალეკავდა. შეეშინდათ დედებს, შეძრწუნდნენ და გაქცევა დააპირეს, მაგრამ წმინდა ნინომ დაამშვიდა ისინი - ეს ეშმაკმა მოგაჩვენათო. გავიდა ხანი. ჯერ მამალს არ ეყივლა, რომ ისევ ატყდა ხმაური: არიქა, მცხეთას სამი მხრიდან სპარსელები შემოერტყნენ და თავს უშველეთო. შიშმა აიტანა მცხეთელი ახალნერგი ქრისტიანები, წმინდა ნინომ ჯვარი გადასახა და განქარდა ეშმაკის "ოცნებანი". გათენებისას კი, როცა წმინდა ნინოსა და სიდონიას გარდა ყველას ეძინა, უფლის ანგელოზმა სვეტი აღმართა.

* "ყოველთვის უნდა გვქონდეს ღვთის შიში, - ბრძანებს სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო), - ამას გვახსენებს ღვთისმსახურებისას დიდი კვერექსი, როცა ტაძარში შიშით, კრძალვით და სარწმუნოებით შესულთათვის ლოცულობენ. ხედავთ? ვის შეუძლია ტაძარში დგომა? მხოლოდ იმას, ვისაც ღვთის შიში აქვს. წმინდა ბარძიმთანაც ასე ითქმის: "შიშითა ღვთისაითა და სარწმუნოებით მოვედით". ხედავთ, რა აუცილებელია შიში! უმისოდ არ შეიძლება უფლისათვის მუშაკობა? სული ლოცვისას ღვთის შიშით რომ განაწყო, უნდა მოიკრიბო გონება, სულსა და ფიქრებს დამშვიდების საშუალება მისცე, სხვა დროისთვის უნდა გადადო ყველა მიწიერი საზრუნავი. "ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა" (ფს. 3), "სადაც ღვთის შიშია, იქ არის აღსრულება ყველა მცნებისა", - ამბობენ წმინდა მამები... მამა პართენი ამბობდა, ვინც ღვთის შიში მოიპოვა, მისთვის დედამიწაზე აღარ არსებობს არც მწუხარება, არც სევდა - მხოლოდ სიხარულია".

* "ამაყი სული მონაა შიშისა, საკუთარ თავზე დაიმედებულს ეშინია ჩრდილისა და მცირე ჩქამისაც კი, ქმნილება რომ გამოსცემს, - ბრძანებს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. "ვისაც ღმერთის ეეჭვება, ის კაენივით მუდმივად შიშსა და შფოთში იმყოფება", - ბრძანებს ეფრემ ასური.

* "რაც არის სხეულისათვის ყინვა, იგივეა სულისთვის შებილწული სინდისი: აქედან წარმოიშობა შიში და ლაჩრობა. რამეთუ ისე არავის ეშინია, როგორც ამა ცხოვრებას მიჯაჭვულს. ის კაენივით ყოველდღიურად შიშსა და ძრწოლაშია. ყველა მისი სურვილი მიმართულია სწრაფწარმავალი და სწრაფად განქარვებადი საგნებისკენ, თუმცა თვითონ ჯერ არ გამოუცდია ცვალებადობა (უკეთესისაკენ), მაგრამ ამას სხვებში ხედავს და ამიტომ საკუთარ თავს დაღუპულად თვლის. ამიტომ არის ასეთი კაცი ძალზე მშიშარა და სულმოკლე", - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი.

* წმინდა ბარსანოფი ოპტელი ბრძანებს: "როცა გაწუხებს შიშის გულისთქმები მოსალოდნელ განსაცდელებზე, მას ნუ გაესაუბრები, უბრალოდ თქვი: "იყოს ნება უფლისა!" ეს ძალზე ამშვიდებს ადამიანს".

* ვისაც დაბინძურებულ გარემოში მოყვანილი პროდუქტების ჭამის ეშინოდა, მამა პაისი ათონელმა უთხრა, - "თუ ადამიანში ღვთის მადლი სახლობს, მას არაფრის ეშინია. ამიტომაც ყოველთვის გამოვისახოთ ჯვარი და ღვთის მადლი გამოვითხოვოთ. გახსოვთ "ლავსაიკონის" მონათხრობი: ერთი ბერი ჭიდან წყლის ამოსაღებად წავიდა და მასში ასპიტი დაინახა. წყალს რაღას ამოიღებდა, შეშინებულმა მოძღვართან მიირბინა: "დავიღუპეთ, ამბა, ჩვენს ჭაში გველიაო!" "კარგი, - უთხრა მოძღვარმა, - ყველა ჭაში რომ გველი იყოს, რას იზამ, წყურვილით ხომ არ მოკვდები?" მოძღვარი წავიდა, ჭას ჯვარი გადასახა, ამოიღო წყალი და დალია. თქვა: "იქ, სადაც ჯვარია, ვერაფერს იზამს სატანა და ბოროტება". მამა პაისი ამბობდა: ღვთის შიში დიდი პატივია, კეთილმოკრძალებაა, ერთგვარი სულიერი შეშფოთებაა, რომელიც ღვთის დიდი სიყვარულისგან წარმოიშობა. როგორც კაცი გრძნობს ღელვას საყვარელი ადამიანის სიახლოვისას, სადაც არ უნდა იყოს, ამგვარ გრძნობას განიცდის, როდესაც ღვთის სიყვარული აქვს, ვინაიდან ყველგან გრძნობს ღვთის სიახლოვეს. ამგვარი ღელვა და შიში შეიცავს მშვიდობასა და სიხარულს, არ იწვევს კაცში ტკივილს. "ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით", - ამბობს წმინდა დავით წინასწარმეტყველი".

- მამაო, სინდისი, სიმშვიდე ღვთის შიშთან არის დაკავშირებული?

- თუ კაცს ღვთის შიში არ აქვს, მაშინ მას სინდისი ექნება? თუ ღვთის შიში არ არის, ადამიანს ადვილად შეუძლია სინდისის დათრგუნვა, მაშინ ის ადამიანიც აღარ იქნება.

* შესაბრალისია ის, ვინც გაიზარდა და სიცარიელის ეშინია, - ამბობდა მამა პაისი, - მოდის ჩემთან კალივაში ზოგიერთი სულიერი ადამიანი და ამბობს: "ჩემს გვერდით ვიღაც მოკვდა და ამის გამო მუდმივად შიშს განვიცდიო". მთხოვენ, მათთვის ვილოცო, რომ ეს შიში გაშორდეთ. მათ ვპასუხობ: "აქ ადამიანები ცდილობენ მუდამ სიკვდილის ხსოვნა ჰქონდეთ. შენს გვერდით ვიღაც მოკვდა და გინდა, რომ ეს შიში მოიშორო?!"

* მამა პაისივე ამბობდა: "რაც უფრო მშიშარაა კაცი, მით მეტად გამოცდის მას მტერი. ვისაც ცხოვრება უძნელდება შიშისგან, უნდა გმირულად განაძეოს იგი. პატარაობისას კონიცის სასაფლაოს გვერდით ჩავლისა მეშინოდა. ამიტომაც სამი ღამე სასაფლაოზე მეძინა და ეს შიში მომშორდა. ჯვარს ვისახავდი. როცა სასაფლაოზე წავედი, ფანარიც არ წამიღია, რომ არავინ შემეშინებინა".

* "ვისაც არასოდეს შეშინებია საკუთარი თავისა, მან არ იცის, რა არის ნამდვილი შიში", - ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი. იგივე მამა ამბობს: "ღვთის შიში - ღვთისმოსაობის მარილია, ის შემოუჭერს ბარძაყს, შემოსწერს მუცელს, აფხიზლებს გულს, მოთოკავს გონებას, გაშოლტავს თვითნებობას.

თმაც დათვლილია თქვენს თავზე, ძმანო, და, მით უმეტეს, თქვენი დღენი ცხოვრებისანი. ასე რომ, ნუ გეშინიათ თქვენთვის დანიშნულ დღეზე ადრე სიკვდილისა, მაგრამ ნურც დაიმედდებით, ასე თუ ისე ერთი დღით მაინც გაიხანგრძლივოთ ცხოვრება მისი ნების საწინააღმდეგოდ, ვინც დათვლის და გაზომავს. შეიგრძენით ეს ყოველივე და ისწავლეთ სიმდაბლე და შიში ღვთისა".
ბეჭდვა
1კ1