აი, ეს არის ის ადგილი, სადაც გადასახლდები სიკვდილის მერე, თუ ისევ გულგრილი დარჩები შენი ცხონების მიმართ და ძველებურად განაგრძობ ცხოვრებას
აი, ეს არის ის ადგილი, სადაც გადასახლდები სიკვდილის მერე, თუ ისევ გულგრილი დარჩები შენი ცხონების მიმართ და ძველებურად განაგრძობ ცხოვრებას
თანამედროვე საზოგადოების გულგრილობაზე წუხდა მამა პაისი ათონელი: "ახლანდელი სული არის სული ნელთბილობისა. მასში გმირობა, მსხვერპლშეწირვა არც კი ჭაჭანებს. ახლანდელი მავნე ლოგიკით ადამიანებმა ყველაფერი სხვა განზომილების სისტემაში გადაიყვანეს... ადრე ადამიანები მოხალისედ მიდიოდნენ, ახლა კი ჯარში მსახურება არ უნდათ და ფსიქიკურად ავადმყოფის საბუთს იკეთებენ. ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ჯარს თავი აარიდონ".

მამა პაისის ჰკითხეს: წმინდა მარკოზ მოღვაწე წერს: "ერთი ვნება აღგვიდგება წინ კეთილი საქმის ძალისაებრ კეთებისას - ესაა გულგრილობა. ეს ვნება ლოცვითა და მოწყალების გაცემით განიკურნება". ამ შემთხვევაში მოწყალებაზე რატომ არის საუბარი?

- იმიტომ, რომ მოწყალების გაღება, გაწეული სიკეთე არბილებს გულს, - ბრძანა მამა პაისიმ, - მოწყალება ისე მოქმედებს გულზე, როგორც ზეთი - ჩაჟანგებულ კლიტეზე. გასასტიკებული გული რბილდება, როცა კაცი სხვის ტანჯვას ხედავს, უფრო მეტი გამზიარებელი ხდება ტკივილისა. ღმერთმა ადამიანები სასტიკნი და უწყალონი არ შექმნა, მაგრამ ადამიანები არ ავითარებენ საკუთარ თავში მათთვის ღვთისგან ბოძებულ გულმოწყალებას, ისინი არ თანაუგრძნობენ მოყვასს და გულგრილობით თანდათანობით გული უსასტიკდებათ... გულის შესარბილებლად თავი უნდა დააყენო არა მარტო სხვა ადამიანების, არამედ ცხოველების ადგილასაც კი.

* მრავალი წლის წინათ ათონზე, წმინდა დიმიტრის სახელობის სკიტში, რუმინელი ბერი გარდაიცვალა, რომელიც გულგრილად უცქერდა თავის მონაზვნურ ცხოვრებას და ღვინის სმის ვნება სჭირდა. მამებმა ცხედარი სასაფლაოზე მიასვენეს. მიცვალებული გაცოცხლდა, საკაცეზე წამოჯდა და იქ მყოფ მამებს უთხრა: "მამანო და ძმანო, იცოდეთ, რომ დავისაჯე, რადგან ღვინოს ვსვამდი და არ ვზრუნავდი საკუთარი სულისთვის, გულგრილი ვიყავი, არ ვიცავდი მონაზვნის აღთქმას". ეს თქვა და კვლავ უსულო შეიქმნა. მამები დაკრძალვის შემდეგ კელიებში შეიკეტნენ, საშინელი სახილველისგან დიდხანს ვერ მოვიდნენ გონს.

* ერთმა ათონელმა ბერმა უამბო ოპტელ მამა ბარსანოფის: "ახალგაზრდობაში ძალზე მდიდარი ვიყავი და განშვებულად ვცხოვრობდი. წლების მერე მსხვილი მეწარმე გავხდი და მილიონები ვიშოვე. სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და გულგრილად ვუყურებდი სიკვდილის შემდგომ ცხოვრებას, ზღაპრებად მეჩვენებოდა.

ერთხელ, ნასადილევს, კაბინეტში ჩამეძინა. უეცრად ცხადად წარმომიდგა უფლის ანგელოზი, ხელი მომკიდა და წამიყვანა: - უნდა განახო შენი საუკუნო საცხოვრებელიო. შიშით გავყევი. ველზე დავეშვით, რომლის შუაში აღმართული იყო კონუსისებრი მთა, საიდანაც კვამლის ბოლქვები ამოდიოდა. "აი, ეს არის ის ადგილი, - მითხრა ანგელოზმა, - სადაც გადასახლდები სიკვდილის მერე, თუ ისევ გულგრილი დარჩები შენი ცხონების მიმართ და ძველებურად განაგრძობ ცხოვრებას". ანგელოზი უხილავი შეიქმნა და გამომეღვიძა. წამოვდექი, მადლობა შევწირე ღმერთს, რომ სინანულის ჟამი მომცა. ამის მერე საქმეები მოვაწესრიგე, ცოლ-შვილს ფული დავუტოვე და ათონის მთაზე გადმოვსახლდი".

* XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის ერთ-ერთ ეპარქიაში სამღვდელოთა კრება გაიმართა, სადაც სასულიერო სკოლების რეფორმირებაზე მსჯელობდნენ - თუ როგორ გაეთბოთ ახალგაზრდებისთვის გაგრილებული გულები და აეძულებინათ მომავალი მღვდლები, ელოცათ და ესწავლათ. აზრი მამა გიორგი ჩეკრიაკელსაც ჰკითხეს. "წმინდაო მეუფეო და მამანო წმინდანო, - ბრძანა მამა გიორგიმ, - ჩვენს საუბრებში არ შევხებივართ ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, არაფერი გვითქვამს ჩვენზეც, მამებზე, იმ სკოლების მოსწავლეთა შესახებ, რომელთათვისაც სწავლა და ლოცვა ვერ დაგვიძალებია. არაფერი გვითქვამს იმაზეც, როგორია ჩვენი საზოგადოებრივი საქმიანობა და, რაც მთავარია, შინ, ოჯახში, ჩვენს ძეებსა და ასულებს თუ ვაძლევთ პირად მაგალითს. მამებო, რეფორმა პირველ რიგში განა საკუთარ თავს არ უნდა ჩავუტაროთ? რა პასუხს მომიგებთ ამ კითხვაზე? და კიდევ, ჩვენს საუბრებში ხომ არ დაგვავიწყდა მაცხოვარი, ურომლისოდაც არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია! დიახ, ერთხელაც არ მოვიხსენიეთ, მგონი, მასზე ფიქრსაც გადავეჩვიეთ. ადრე საქმე კარგად იყო: რადგან მაშინ მას კარგად ვხედავდით. იგი, ჩვენი მწყემსმთავარი, წინ მიგვიძღოდა და ჩვენც მივყვებოდით: ვინ - ეტლით, ვინ - ცხენით, ვინ - ფეხით, ზოგი - ფორთხვითაც კი. და იყო იგი ჩვენთვის ყველაფერი: გზაც, ჭეშმარიტებაც, ცხოვრებაც! ახლა კი ერთი ჭეშმარიტი ქრისტე ღმერთის ადგილას ყველამ საკუთარი ხელით შექმნილი ქრისტე დავაყენეთ და ამ ხელით ნაკეთებს დავატარებთ ზურგს უკან თოკმობმულს".

"ვთქვი ეს კადნიერი სიტყვა და უკვე არ ვიცოდი, შიშით სად დავმალულიყავი. სიჩუმე ჩამოვარდა. არავის უპასუხია, ყველა დადუმდა. ჩემდა საბედნიეროდ, ვიღაცამ რაღაც თქვა, სხვებმა აიტაცეს და მე დრო ვიხელთე, ქუდი დავიხურე და ჩეკრიაკში გამოვიპარე. ამის მერე კრებებზე აღარ მიწვევდნენ", - თქვა ბოლოს მამა გიორგიმ.
ბეჭდვა
1კ1