ღმერთს რომ სურდეს, ერთ წუთში შეუძლია მთელი სამყარო სინანულში ჩააგდოს, მაგრამ ასეთი სინანული ნაძალადევია და დიდი ფასი არ აქვს
ღმერთს რომ სურდეს, ერთ წუთში შეუძლია მთელი სამყარო სინანულში ჩააგდოს, მაგრამ ასეთი სინანული ნაძალადევია და დიდი ფასი არ აქვს
გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3-7

დაფარულმცოდნელი.
ერთხელ მამა პაისისთან ათონიადის (ათონზე არსებული სასულიერო სასწავლებელი) მოსწავლეები მივიდნენ. აინტერესებდათ, აიღებდნენ თუ არა ბერძნები კონსტანტინოპოლს და ისინი თუ იცოცხლებდნენ იმ დრომდე.

ბავშვებს ბერი ნუგბარით გაუმასპინძლდა, მაგრამ რისთვისაც მოვიდნენ, იმის შეკითხვას ვერავინ ბედავდა. მაშინ პაპა პაისიმ უთხრა მათ: "აბა, ვაჟკაცებო, რა უნდა გეკითხათ? კონსტანტინოპოლზე? ავიღებთ მას და თქვენც იცოცხლებთ მანამდე". ბავშვებმა ეს ამბავი თავიანთ მასწავლებელს შეატყობინეს. ჩემი ყურით უნდა გავიგონოო, - თქვა მასწავლებელმა და იმავე შეკითხვით მიადგა მამა პაისის: "დაანებე თავი, კოსტას, - უთხრა მამა პაისიმ, - ეს საჩვენო საქმე არ არის. მე და შენ სხვა ქალაქში გადასასახლებლად უნდა მოვემზადოთ". მართლაც, მალევე, ჯერ კოსტასი და მერე მამა პაისი გადასახლდნენ ზეციურ სამშობლოში.

სხვა ამბავსაც მოვყვეთ. პაპადოპულოსი მოგვითხრობს: "ერთხელ კარიესიდან მამა პაისისთან მივდიოდი. ყუთლუმუშის მონასტერთან ყმაწვილს შევხვდი. მკითხა, მამა პაისისთან როგორ მივიდეო. ერთად წავიდეთ-მეთქი. მივედით მამა პაისისთან. თითქოს გველოდა. "ოჰ, შე პონტოელო, აქ რატომ მოიყვანე?" - მისაყვედურა ბერმა. არ ვიცნობ, გზაში შემხვდა-მეთქი. "წაიყვანე, წაიყვანე აქედან, - მითხრა გაბრაზებულმა, - იცი, მაგან რა გააკეთა?" მერე ყმაწვილს მიუბრუნდა, - წადი, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს. წადი და ჯერ იმ გოგონას სთხოვე პატიება, თუ შეგინდობს, მერე მოდი ჩემთანო". ასეთი გაბრაზებული ბერი არ მენახა. შემდგომში ეს ყმაწვილი ივერონში ვნახე - თავისი ამბავი მომიყვა: თურმე ჯვრისწერის დღეს ვაჟი ტაძარში საპატარძლოს ელოდა. ამასობაში საყდარში შემოვიდა საცოლის ერთი მეგობარი. სასიძო მასთან ერთად გაიქცა. ქორწილი ჩაიშალა.

ერთი ღვთისმსახური ჰყვებოდა: 1993 წლის აგვისტოში მთაწმინდაზე მონასტერში ვიყავი სტუმრად. იღუმენმა და ბერებმა საძმოში დარჩენა შემომთავაზეს. ღმერთს ვევედრებოდი, თავისი ნება გამოეჩინა. ერთხელ მამა პაისის ვესტუმრე "პანაღუდაში" კურთხევისთვის. მამა პაისიმ გვერდზე გამიყვანა და მკითხა: "საიდანა ხარ, მამაო?" ვუპასუხე. "მამაო, დარჩი შენს მონასტერში", - მითხრა. დავიბენი. მან განაგრძო: "მრავალ განსაცდელს გამოივლი, რადგან შენთვის ასეა საჭირო - ვიდრე დადგენილი საათი არ დადგება. გქონდეს სულიერი კეთილშობილება: როცა ყმაწვილებს ესაუბრები, ძალას ნუ დაატან. პატივი ეცი სხვა ადამიანს და ძალას ნუ დაატან". მერე კი მომიყვა, მონასტერში რასაც ვაკეთებდი. გაოცებული ვუსმენდი: საიდან იცოდა, რომ ყმაწვილებთან საუბრისას მათ აღსარების თქმის აუცილებლობას ვუმტკიცებდი და ვიდრე ეს საჭირო იყო, ძალას ვატანდი, აღსარება ეთქვათ! მამა პაისიმ მითხრა: "ღმერთს რომ სურდეს, ერთ წუთში შეუძლია მთელი სამყარო სინანულში ჩააგდოს, მაგრამ ასეთი სინანული ნაძალადევია და დიდი ფასი არ აქვს".

მონანული კრიშნაიტი და გურუს მოწაფე. მამა პაისი ბევრ გზააბნეულ ადამიანს ეხმარებოდა, რომელთაც აღმოსავლურ რელიგიებთან ჰქონდათ კავშირი. ერთი ყოფილი კრიშნაიტი, ამ სექტის ბერძნული განყოფილების თავკაცი, ჰყვებოდა: "მამა პაისის შესახებ იტალიაში, კრიშნაიტების ყრილობაზე გავიგე - საბერძნეთში ახალგამოჩენილ იოგს უწოდებდნენ. მისი გაცნობა გადავწყვიტე. საბერძნეთში დაბრუნებისთანავე შევხვდი და მივხვდი ჩემს შეცდომას. ადრინდელმა თანამოაზრეებმა ნამდვილი ომი გამომიცხადეს მათი დატოვების გამო. ტკივილმა და შიშმა მომიცვა, რადგან ეშმაკს ჩემზე ბატონობის ნება მივეცი. მამა პაისიმ გამომიტაცა ეშმაკის მახისგან. თავისი ლოცვებით რომ არ დავეფარე, ალბათ თავს ვერ დავაღწევდი ამ სექტის წევრთა სატანურ ხრიკებს". შემდგომში ამ ახალგაზრდამ ათენის ერთ-ერთ ტაძარში სახალხოდ აღიარა ქრისტე და მირონცხებით კვლავ მიიღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.

ერთხელ მამა პაისისთან მდიდარი კაცი მოვიდა, რომელიც მთელი თავის ოჯახით ერთი ცნობილი ინდოელი გურუს მოწაფე იყო. ის გურუს უამრავ ფულს აძლევდა.

მამა პაისიმ თავისი დაფარულმცოდნეობით ამ კაცს მისი ცხოვრებიდან ზოგიერთი შემთხვევა უამბო და ურჩია, რაიმე სამუშაო ეშოვა - თუმცა ფული არ გჭირდება, მაგრამ მუშაობა წაგადგებაო. მამა პაისის სულიერმა შესაძლებლობებმა კაცზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ბერი და ახალგაზრდები. მამა პაისის განსაკუთრებული სულიერი კავშირი ჰქონდა ახალგაზრდებთან. როგორც ღვიძლ შვილებზე, ისე ზრუნავდა, ეხმარებოდა ლოცვით, ფიზიკურადაც სირთულეების დაძლევაში. ახალგაზრდებიც ენდობოდნენ მას. მამა პაისის კელიასთან შეიძლებოდა შეხვედროდით: ნარკომანებს, ანარქისტებს, ზნეობრივად განშვებულთ, სულიერად ავადმყოფებს, სექტანტებს, სასოწარკვეთილთ. უჯერებდნენ მამა პაისის, შეინანებდნენ, სულიერად იცვლებოდნენ და თვითონ უქადაგებდნენ სხვებს სინანულს.

მრავალ ნარკომანს ნარკოტიკისთვის თავის დანებებაში დაეხმარა. თავიდან ცხოვრების ინტერესს უღვიძებდა, მათ ნდობას მოიპოვებდა. მისი ლოცვით და დახმარებით მრავალი განთავისუფლდა ამ ვნებისაგან და მხურვალე ქრისტიანი გახდა. ბერი თავისი ხელით უკრავდა ამ ყმაწვილებს ფეხსაცმლის თასმებს, ბუზებს უგერიებდა, თმას უსწორებდა. ურჩევდა, აღსარება ეთქვათ, სულიერად ეცხოვრათ და რაიმე სამუშაოზე მოწყობილიყვნენ.

ერთი ახალგაზრდა ცდილობდა, თავი დაეღწია ნარკოტიკებისთვის, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მისი ბოლო იმედი ბერი პაისი იყო. გზას დაადგა. თან ფიქრობდა, - ნეტავ რაიმე წამალი ჰქონდეს, ნარკოტიკებს თავს რომ დამანებებინებსო. მამა პაისის მის დანახვაზე გაეღიმა - მოდი ჩემთან, კარგი წამალი უნდა დაგალევინოო და ხელში რამდენიმე თხილი ჩაუდო. ახალგაზრდამ იმ წუთიდანვე თავი ანება ნარკოტიკებს.

ერთი კაცი ჰყვებოდა: "მამა პაისისთან ერთ უცნობ სტუდენტს შევხვდი, რომელზეც ვიცოდი, რომ ჰომოსექსუალი იყო. მამა პაისისთან საუბრისას სინანულში ჩავარდა, მთელი მისი ცხოვრება შეიცვალა. შემდეგ მას სალონიკში შევხვდი ღამისთევის ლოცვაზე, იდგა ტაძრის სვეტთან და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა. გაოცებული ვიყავი ღვთის მოწყალებით და კაცის სინანულით".

მამა პაისისთან ბევრი ახალგაზრდა მოდიოდა. ჯარში წასვლა არ უნდოდათ და თავს ათასი რამით იმართლებდნენ. მამა პაისი მათ თავისი ჯარისკაცული ცხოვრების მაგალითებს უყვებოდა და ისინიც უკვე მზად იყვნენ წასულიყვნენ სამხედრო სამსახურში და ყველა სიძნელისთვის გაეძლოთ.

მამა პაისი ამბობდა: ჩვენი ეკლესია გვასწავლის, რომ კაცმა ორიდან ერთი გზა უნდა ირჩიოს, ან მონაზვნად ეკურთხოს, ანდა დაქორწინდეს. "ხარი, რომელსაც არც გუთანში შებმა უნდა და არც უღელში, ყასაბთან ხვდებაო". მონაზვნობისთვის გამოუსადეგარ ახალგაზრდებს, რომლებიც ოჯახის შექმნას აყოვნებდნენ, ამხნევებდა და კეთილ "ეპიტიმიას" ადებდა - ნიშნობის ბეჭდის გარეშე ჩემთან არ მოხვიდეთო.

გაგრძელება იქნება →
ბეჭდვა
1კ1