ეს მძიმე წლები - ღვთის წყალობა და კურთხევაა, რადგან გვაიძულებს, ქრისტესთან უფრო ახლოს ვიცხოვროთ
ეს მძიმე წლები - ღვთის წყალობა და კურთხევაა, რადგან გვაიძულებს, ქრისტესთან უფრო ახლოს ვიცხოვროთ
გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3-6

ღვთისმშობელი.
მამა პაისი ჰყვებოდა: "გასული დიდი მარხვისას თეთრად შემოსილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამომეცხადა. თქვა, სოფელში მრავალი რამ მოხდება, ამიტომაც უნდა ვიზრუნო, რომ რამე გავაკეთოო".

ღვთისმშობელი კალივის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში გამოეცხადა მამა პაისის. უფლის დედა რომ დაინახა, ბერმა თავმდაბლად მიმართა: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ეს ადგილი ჭუჭყიანია და მე თვითონაც ბინძური ვარ". მამა პაისის გამოცხადების ადგილას ყვავილების დარგვა სურდა, ფეხი რომ არავის დაედგა.

ანტიქრისტე და ახალი პირადობის მოწმობები. მორწმუნეებს მრავალი საჭირბოროტო საკითხი აწუხებდათ, მათ შორის ახალი პირადობის მოწმობების შემოღება, რომელშიც თურმე ჩატანებული იყო მაგნიტური ფირი 666 რიცხვისა და ეშმაკის გამოსახულებით. მაშინ სახიფათო იყო, ამ თემაზე საუბრით ხიბლში არ ჩავარდნილიყავი. უმაღლესი სასულიერო განათლების მქონე სამღვდელო პირნიც, გამონაკლისების გარდა, დუმდნენ, გაურბოდნენ ანტიქრისტეზე, 666-სა და ახალ პირადობის მოწმობებზე საუბარს და ხალხს მამა პაისისთან გზავნიდნენ. მამა პაისიმ ცნობილი წერილი "დროის ნიშნები" მიუძღვნა ამ საკითხს. მამა პაისის მიერ ამ თემაზე ნათქვამი და დაწერილი - ყველაფერი მისი ლოცვის ნაყოფი გახლდათ.

ბევრი ახალგაზრდა ეკითხებოდა მამა პაისის, ვიქორწინოთ თუ არა ამ აპოკალიფსურ ჟამსო. მამა პაისი მათ ოჯახის შესაქმნელად აგულიანებდა, ეუბნებოდა, - იცხოვრეთ, როგორც პირველი ქრისტიანები ცხოვრობდნენ დევნისასო. ჩვენ მძიმე წლებში ვცხოვრობთ, - ამბობდა მამა პაისი, - ატყდება ჭექა-ქუხილი, თავსხმა და სანამ არ დაცხრება, უნდა ვეწამოთ, გავიტანჯოთ და შესაძლოა, მოწამენიც შევიქმნათ კიდეც. ამ დროს მხოლოდ სულიერი ცხოვრებით დავითმენთ. სასოწარკვეთა არ შეიძლება. ეს მძიმე წლები - ღვთის წყალობა და კურთხევაა, რადგან გვაიძულებს, ქრისტესთან უფრო ახლოს ვიცხოვროთ. ეს წლები - ხელსაყრელია მეტი ღვაწლისთვის. ეს არ იქნება იარაღით ბრძოლა, ეს სულიერი ომი იქნება ანტიქრისტესთან.

ღვთისმგმობი ფილმი. 1988 წელს საბერძნეთში დიდი მღელვარება გამოიწვია მარტინ სკორსეზეს ფილმის, "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების" ჩვენებამ, რომელიც მწერალ კაზანძაკისის წიგნის მიხედვით არის გადაღებული. ღვთისმოშიშ ბერძენთა პროტესტის გარდა, ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვიტა, 6-7 ნოემბერს საერთო საეკლესიო საპროტესტო აქცია ჩაეტარებინა, რომელშიც მონაწილეობა ეკლესიამ ათონის მთასაც სთხოვა.

ბევრი წინააღმდეგი იყო ამ გადაწყვეტილებისა. თვლიდნენ, საპროტესტო აქცია მთლად სულიერი საქმე არ არისო. იმასაც ამბობდნენ, ამით სკორსეზეს ფილმს უფრო პოპულარულს გავხდითო. სრულიად საწინააღმდეგოს ფიქრობდა მამა პაისი: "ხატმებრძოლობისას, - ამბობდა იგი, - კონსტანტინოპოლის ოქროს კარიბჭესთან ათმა ქრისტიანმა მტკიცედ გადაწყვიტა ქრისტეს ხატის დაცვა და ამისთვის ეწამნენ კიდეც. ახლა, როცა იგმობა ქრისტეს პიროვნება, - არ შეიძლება გულგრილნი დავრჩეთ. ჩვენ, ასეთ "ჭკვიანებსა" და "გონივრულად განმსჯელ" ხალხს იმ ეპოქაში რომ გვეცხოვრა, იმ ათ მოწამეს ალბათ ვეტყოდით: "ასეთი მოქცევა არასულიერია. ყურადღებას ნუ მიაქცევთ სპაფარს, რომელიც კიბეზე ხატის ჩამოსაგდებად მოძვრება. როცა მდგომარეობა შეიცვლება, ძველი ხატის ადგილას ახალს დავკიდებთ, უფრო ბიზანტიურსაც კი, ვიდრე ძველი ხატი იყო". აი, სწორედ ესაა საშინელება! საკუთარ დაცემას, საკუთარ შიშსა და მყუდროდ ცხოვრების სურვილს ჩვენ რაღაც აღმატებულად ვასაღებთ!"

ღვთისმგმობი ფილმის წინააღმდეგ პროტესტის გამოთქმას სარწმუნოების აღსარებად თვლიდა, ამიტომ მამა პაისიმ, სხვა ათონელ მამებთან ერთად, აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. მისი პოზიცია დაეხმარა წმინდა კინოტს (ათონის მმართველ ორგანოს) მიეღო გადაწყვეტილება მთაწმინდელ მონაზონთა მიერ ამ აქციაში მონაწილეობის შესახებ. ასამდე ათონელი მამა ჩამოვიდა სალონიკში და განამხნევა იქ შეკრებილი ქრისტიანები. მათ შეუერთდნენ ერში არსებული მონასტრების მამები და დედები. ქრისტიანთა შეთანხმებულმა მოქმედებამ და ლოცვებმა კეთილი შედეგი გამოიღო - საბერძნეთის ხელისუფლებამ აკრძალა ამ ღვთისმგმობი ფილმის ჩვენება. "უკანასკნელი ცდუნების" საფრთხემ გადაიარა. ღმერთმა ქნას, მართლაც ბოლო ცდუნება ყოფილიყოს.

მღვდლობის მადლის ხედვა. ერთხელ მამა პაისი კელიაში იჯდა. ვიღაცამ ზანზალაკი ააჟღარუნა. გაიხედა ფანჯრიდან. ეზოს კართან ათამდე კაცი ელოდა. მამა პაისი მათკენ გაეშურა და წარმოთქვა: "თუ შეიარაღებული ძალების ოფიცერს არ აცვია ოფიცრის მუნდირი, შეგიძლია მას სილა გააწნა და დაუსჯელი დარჩეო". მოსულთაგან ნათქვამის აზრს ვერავინ მიხვდა, ერთის გარდა, რომელმაც დაუდასტურა: "დიახ, მამაო, ჩვენ კარგი გალაწუნება გვინდაო". მამა პაისიმ კარები გააღო, სტუმრები შემოუშვა, ის კაცი განზე გაიყვანა და სანამ ის რაიმეს ეტყოდა, უთხრა: - იცოდე, შენ რასაც აკეთებ, არასწორია, რადგან ხალხი იფიქრებს, რომ მღვდლად ხელდასხმის შემდეგ მძიმე ცოდვა ჩაიდინე. ჩაიცვი ანაფორა, მოუშვი წვერი, აღსარება უთხარი შენს მეუფეს და სთხოვე, სადმე, ეპარქიის რომელიმე განყოფილებაში, მორჩილება მოგცეს. რა თქმა უნდა, ლიტურგიას შენ არ ჩაატარებ, მაგრამ მღვდლად მაინც დარჩი, ხალხი რომ არ დაბრკოლდესო.

ამ კაცს ხელი საზღვარგარეთ დაასხეს, მაგრამ შემდგომში, სჯულის კანონის კითხვისას, მიხვდა, რომ ღირსი არ იყო მღვდლობისა. ამიტომ თვითონვე, დაუკითხავად, გადაწყვიტა მღვდლობის დატოვება. გაიპარსა თმა-წვერი, გაიხადა ანაფორა და ერისკაცივით დადიოდა. მაგრამ მასზე ჯერ კიდევ განისვენებდა აღუხოცელი მადლი მღვდლობისა, რომელიც მამა პაისიმ სულიერი თვალებით იხილა.

"ფერისცვალება". 1992 წლის 28 სექტემბერს კაფსალის ერთ-ერთ კელიაში წმინდა ისააკ ასურის პატივად ღამისთევის ლოცვა ჩატარდა. კელიაში შეკრებილ ბერთა შორის იყო მამა პაისიც, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა ეს წმინდანი. ამ მსახურებას ორი მართლმადიდებელი ლიბანელიც ესწრებოდა: მღვდელი და მისი ახალგაზრდა მორჩილი. "დიდებიანის" გალობისას მღვდელმა მოხედა ახალგაზრდას, რაღაც უნდოდა ეთქვა. ამ დროს თვალი მოჰკრა მამა პაისის - იატაკიდან 30 სმ სიმაღლეზე ჰაერში იდგა და ბრწყინვალე ნათელი ეფინა. მისი სახე და ხელები განსაკუთრებით ასხივებდნენ ნათელს. მღვდელს გაოცებისგან ყვირილი მოუნდა, მაგრამ ხმა არ დაემორჩილა. ახალგაზრდამ მოძღვრის გაკვირვებულ მზერას გააყოლა თვალი და მანაც იგივე დაინახა. ჰაერში მდგომი მამა პაისი საკურთხევლიდან კიდევ ერთმა მღვდელმა იხილა, ისიც უცხოელი იყო. კელიაში ოცი კაცი იდგა, მამა პაისის ფერისცვალება კი მხოლოდ სამმა იხილა. შესაძლოა, ეს ადამიანები ღირსნი იყვნენ ამ ხილვისა. ერთ-ერთმა მოწმემ, რომელიც სამშობლოში პატარა მონასტერს აშენებდა, მშენებლობის პროექტი მამა პაისის მოუტანა სანახავად. გულში ამბობდა, - რა უნდა გითხრას ამ მამა პაისიმ? ან კი ვინ არის, განა წინასწარმეტყველია? ჰოდა, სახიერმა ღმერთმა აჩვენა მას, ვინ იყო მამა პაისი.

უჩვეულო სტუმრები. მთაწმინდელი ბერი მამა ნ-ი ჰყვებოდა: "მაშინ სტუდენტი გახლდით. ჩემს უნივერსიტეტელ მეგობართან ერთად მამა პაისის ვეწვიე "პანაღუდაში". კარზე დავაკაკუნეთ, ვიყვირეთ, მაგრამ არავინ გაგვაგონა. ირგვლივ სიჩუმე იდგა. ამ დროს უეცრად კელიიდან მრავალი ადამიანის შეწუხებული ნაზი გალობა მოგვესმა. მხოლოდ "წმინდაო" გავარჩიეთ. "ის წირავს, ჯერ მხოლოდ "წმინდაო ღმერთოზე" არიან და გვიან მორჩებიან, მოდი, წავიდეთ", - ვუთხარი მეგობარს. "დავიცადოთ, - მითხრა მან, - ოღონდ, ნუღარ დავაკაკუნებთ". უეცრად გალობა შეწყდა და კელიიდან მამა პაისი გამოვიდა. მახსოვს მისი საოცრად ნათელი სახე. ამგვარი სახე ადრე არ მინახავს! მამა პაისი მარტო იყო, მასთან კელიაში არავინ გახლდათ. მაგრამ ვინ გალობდა ასე ნაზად? მამა პაისიმ გვკითხა, რამდენი კაცი ხართო. მერე გასაღები აიღო და კარებს მიუახლოვდა ჩვენს შესაშვებად. მამა პაისი ბილიკს მიუყვებოდა, მაგრამ ფეხებით მიწას არ ეხებოდა. ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა და სანამ ჩვენამდე მოვიდოდა, ორი-სამი მეტრის იქიდან საოცარი კეთილსურნელება ვიგრძენი. გავოცდით. შეგვიპატიჟა. კუნძებზე ჩამოგვსვა, რაჰათ-ლუკუმით გაგვიმასპინძლდა. გამოგვკითხა, სად ვსწავლობდი, მერე კი საუბარში ლოცვის სიკეთეზე გვითხრა მაშინ, როცა სხეული სნეულებისგან იტანჯება: ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მთლიან სასყიდელს ვიღებთო, - გვითხრა და უცებ ტკივილით მოიკეცა. მივხვდით, რომ თიაქრით იტანჯებოდა. რბილად, კეთილშობილი ტონით გვითხრა: "მაპატიეთ... მე ეს უძლურებაც მჭირს. მაპატიეთ, თქვენი წასვლის დრო დადგა". წამოვედით, მაგრამ დღემდე არავისთვის მითქვამს იმ საოცარ ამბავზე, რომელიც ჩვენ იმ კურთხეულ დილას ვიხილეთ".

გაგრძელება იქნება→
ბეჭდვა
1კ1