თავი არარაობად ჩათვალე უფლის წინაშე და ნახავ, როგორ გამრავლდება შენი დიდება
თავი არარაობად ჩათვალე უფლის წინაშე და ნახავ, როგორ გამრავლდება შენი დიდება
დიდება ცარიელი კვამლია, რომელსაც შეუძლია დროებით თვალი დაგიბინდოს, მაგრამ არ ღირს, მთელი სიცოცხლე მას ეძებდე
* არის კი მიწიერი დიდება გარეგნული ელვარების გარდა რაიმეთი დიდებული?

წმინდა ინოკენტი ხერსონელი ბრძანებს: "დიდება ცარიელი კვამლია, რომელსაც შეუძლია დროებით თვალი დაგიბინდოს, მაგრამ არ ღირს, მთელი სიცოცხლე მას ეძებდე". წმინდა დიმიტრი როსტოველი კი გვასწავლის: "ნუ გაგიტაცებს დიდება, რომ არ მოგატყუოს საკუთარმა კეთილდღეობამ, ისევე როგორც ხშირად ცდებიან გაზაფხულის ყინულზე შემდგარნი".

* ამბა აბრაამ ქართველმა ჰკითხა ამბა თეოდორეს: "მამაო, რომელია უმჯობესი და სასარგებლო: დიდება ვეძებო თუ უპატიობა (უსახელობა)?" "მე უფრო მეტად დიდება მინდა, ვიდრე უპატიობა, - უპასუხა ბერმა, - უკუეთუ რაიმე კეთილ საქმეს მოვიმოქმედებ და ვიდიდები (კაცთაგან), შემიძლია ჩემი გულისსიტყვები დავსაჯო, რომ არ ვარ ღირსი ამ დიდებისა. ხოლო უპატიობა (ნაძრახობა) ბოროტ საქმეთაგან იქმნება. აბა, როგორ ვინუგეშებ მაშინ გულს, თუ ჩემს გამო კაცნი დაბრკოლდებიან და სხვებს საცდურად ვექცევი? ამიტომაც ჯობია კეთილ საქმეს ვიქმოდე და ვიდიდებოდე, ვიდრე ბოროტს". "ყველა დიდ მამას არაფრის ისე არ ეშინოდა, როგორც განდიდებისა. რატომ?" - შეეპასუხა აბრაამი. "მათ ცრუ დიდებისა ეშინოდათ. უფრო სწორი იქნება ითქვას, რომ მათ ეშინოდათ, გული დიდებისმოყვარეობით არ დასნეულებოდათ. დიდი განსხვავებაა დიდებასა, რომელიც აუცილებლად მოჰყვება კეთილ საქმეებს, და დიდებისმოყვარეობას შორის, რომელიც ღვთის მცნებებს სოფლის ამაოებით ცვლის. ჰქმენი სიკეთე მხოლოდ ღვთის სათნოყოფისთვის. მაშინ ღმერთი კი არ განიკითხავს იმ დიდებას, რომელსაც კაცი მისი მოპოვებისთვის ზრუნვის გარეშეც შეიძენს, არამედ ამ დიდებას სხვა დიდებასაც შემატებს, რომელიც მან საუკუნითგან განუმზადა თავის მოყვარეთ".

* კაცი დიდებას გაურბის, ემალება, მაგრამ სწორედ მაშინ ღმერთი გამოაჩენს ხოლმე მის სათნოებას, უფრო მეტად განადიდებს. მე-18 საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ჩუმად დაუტევა კათედრა და უბრალო მორჩილად შედგა ათონის ერთ-ერთ მონასტერში. ის ჯორების მწყემსად დაადგინეს. კელიას არასოდეს კეტავდა, ანდა რისთვის ჩაეკეტა, როცა ერთი ხის საწოლის გარდა არაფერი ებადა. ერთხელ, ზაფხულის სიცხეში, მის კელიას ერთმა ბერმა შეაფარა თავი. ჯორების მწყემსი საღამომდე არ დაბრუნდებოდა, ამიტომაც იგი საწოლზე წამოწვა და ჩათვლიმა. უეცრად ბრწყინვალე, ნათლით მოსილი ანგელოზი წარმოუდგა, გვერდში მსუბუქად წაჰკრა და უთხრა: "ადექი, შენ არ უნდა იწვე იქ, სადაც ისვენებს ხოლმე დიდი პატრიარქი!" ბერს გამოეღვიძა, გაუკვირდა ნანახი, მაგრამ მალევე ჩაეძინა. "გადმოხვალ თუ არა პატრიარქის საწოლიდან? - განურისხდა უფლის ანგელოზი, - განა არ გითხარი, პატრიარქის საწოლზე დასვენების უფლება არ გაქვს-მეთქი. ადექი, თორემ განგგმირავ შენი კადნიერებისა და მღვდელმთავრის ხარისხის უპატივცემულობისთვის", - და მახვილი მოუქნია. ძილში შეშინებული ბერი ცხადში წამოხტა და მონასტრის მამებს მოუყვა ნანახ სიზმარს. დაფიქრდნენ ბერები, გაახსენდათ გავრცელებული ჭორები კონსტანტინოპოლის პატრიარქის საყდრიდან მალულად წასვლისა. დარწმუნდნენ, რომ ჯორების მწყემსი პატრიარქი იყო და საღამო ჟამს, როცა მონასტერში ჯორები მორეკა, სამღვდელმთავრო ზარების რეკვით შეხვდნენ. მწყემსი მიწაზე დაემხო, შენდობა შესთხოვა ძმებს და დაუდასტურა, რომ მართლაც პატრიარქი იყო.

* გასული საუკუნის 30-იან წლებში წმინდა დავით ევბეელის მონასტრის აღდგენას, წმინდა დავითისვე კურთხევით, შეუდგა მამა ანთიმოზი. ამას დაემთხვა მსოფლიო და სამოქალაქო ომები. მონასტერში არ იყო საკმარისი ბერები და საჭირო გახდა, ერთი მწყემსის ოჯახისთვის მონასტერში ცხოვრების ნება მიეცათ. განკითხვის მოსურნე ერისკაცებმა, რომელთაც სიმართლეს ჭორი ურჩევნიათ, ახლაც უამრავი სიცრუე მოიგონეს. დაბრკოლების ლოდად მათთვის მწყემსის ცოლი იქცა, უამრავ ცილს შესწამებდნენ მას. ხალხი ქირქილებდა. სიკვდილის წინ ამ დედაკაცმა მამა იაკობთან აღსარება თქვა და სავანის მოძღვრებმა აზიარეს. ამ დროს დედაკაცს სახე გაუბრწყინდა. ამით ღმერთმა მიანიშნა ყველას, ტყუილად არ უნდა დაბრკოლებულიყვნენ და უსამართლოდ არ განეკითხათ.

* წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "იზრუნე ყოველთვის საუკუნო დიდებისთვის, ვინაიდან ახლანდელი დიდება ყოველდღიურად გვატყუებს". წმინდა ტიხონ ზადონელმა თქვა: "ის კი არ არის დიდებული, ვისაც სოფელი ადიდებს, არამედ ის, ვისაც ღმერთი განადიდებს". წმინდა ისააკ ასურმა ბრძანა: ვინც გულგრილად უცქერის ადამიანურ დიდებასა და პატივს, იგი შეიქმნება ღირსი ღმერთისგან დიდებისა. წმინდა ნილოს სინელმა გვირჩია: "ნუ გაცვლით მომავალ საუკუნო დიდებას უმაქნის შექებაზე". წმინდა ფილარეტ მოსკოველი ბრძანებს: "არც ერთი ღვთის კაცს არ უყვარდა, როცა კაცნი განადიდებდნენ". წმინდა ისააკ ასური გვასწავლის: "თავი არარაობად ჩათვალე უფლის წინაშე და ნახავ, როგორ გამრავლდება შენი დიდება მთელი შენი ცხოვრების მანძილზე".

* მამა ანტონთან ერთ მონაზონს აქებდნენ. ანტონიმ გამოსცადა, დაითმენდა თუ არა ის დამცირებას. მაგრამ როცა დაინახა, მონაზონი გაბრაზდა, უთხრა: "შენ იმ სოფელს ჰგავხარ, წინიდან ლამაზად რომ მოჩანს, მაგრამ უკნიდან ავაზაკებს გაუძარცვავთო".

* ამბობდნენ, ამბა არსენსა და ამბა თეოდორე ფერმელს ყველა ბოროტებაზე მეტად კაცთა წინაშე განდიდება სძულთო. ამიტომ ამბა არსენი იშვითად თუ ეჩვენებოდა ვინმეს, ამბა თეოდორე, თუმცა ხვდებოდა ხალხს, მაგრამ მათთვის ის მახვილივით იყო (მამხილებლად, სულთა გამკვეთლად).

* ამბა ესაია ამბობდა: "უდიდესი და მნიშვნელოვანი ღვაწლია მოერიო დიდებისმოყვარეობას და ღვთის ჭვრეტაში წარემატო... კაცთაგან განდიდების მოყვარულს ყოველთვის აქვს გულში შური. ხოლო შურიანს სიმდაბლის შეძენა არ შეუძლია; ასეთმა მტრებს გადასცა საკუთარი სული, ისინი კი მას ყველა ბოროტებას შეამთხვევენ და დაღუპავენ". მანვე ბრძანა: "გაექეცი დიდებისმოყვარეობას და მომავალ საუკუნეში ღვთისგან განდიდების ღირსი შეიქმნები".

* ერთხელ ერთი ძმა მივიდა ამბა თეოდორე ფერმელთან, მასთან სამი დღე დაჰყო და დამოძღვრას ევედრებოდა. მაგრამ ამბა თეოდორემ არაფერი უპასუხა. ბერი დამწუხრებული წავიდა. მოწაფეებმა ჰკითხეს, - რატომ არ უთხარი ძმას სიტყვა? დამწუხრდაო. ღირსმა მამამ უპასუხა: - მართალია, მისთვის სიტყვა არ მითქვამს, ვინაიდან იგი სიტყვით ვაჭარია და სურს, სხვისი ნათქვამით განდიდდესო.

* წმინდა იოანე ოქროპირის მოწაფე დეკანოზი ევლოგი დიდად მოღვაწე იყო, ორ დღეში ერთხელ იღებდა საკვებს და ხშირად შვიდეულს ისე განვლიდა, პირში არაფერს ჩაუშვებდა, ჭამდა მხოლოდ მარილით შეზავებულ პურს და ხალხი განადიდებდა. ერთხელ პანეფოში მამა იოსებს ესტუმრა. იფიქრა, ის უფრო მკაცრად ცხოვრობსო. ბერმა სიხარულით მიიღო და, რაც ჰქონდა, ის შესთავაზა. მაგრამ იოსები ევლოგის მოწაფეებმა შეაჩერეს: - ჩვენი მამა მარტო პურსა და მარილს იღებსო. სტუმრებს სამი დღის განმავლობაში მასპინძლები მლოცველები ანდა მგალობლები არ უნახავთ, რამეთუ ისინი დაფარულად ლოცულობდნენ. სულიერი სარგებელი ვერ ნახეს და ამიტომ ევლოგი, მოწაფეებითურთ, გზას გაუდგა. ღვთის განგებულებით, სიბნელეში გზა აერიათ და ისევ მამა იოსებთან მობრუნდნენ. კელიიდან გალობა მოესმათ. იოსები და მისი მოწაფე ღმერთს ადიდებდნენ. კარგა ხანს უცადეს, ბოლოს, დააკაკუნეს. მამა იოსებმა ისინი დიდი სიხარულით მიიღო. ძლიერი სიცხის გამო მოწყურებულმა ევლოგიმ წყალი სთხოვა. მიაწოდეს. ზღვისა და მდინარის წყლები იყო ერთმანეთში შერეული. ევლოგიმ მისი დალევა ვერ შეძლო, დაფიქრდა დეკანოზი, მერე იოსების ფერხთით დაეცა და ჰკითხა: "ამბა, ეს რას ნიშნავს? ადრე არ გალობდით, ჩვენ რომ წავედით, მერე დაიწყეთ გალობა? ჭურჭელი ავიღე. მასში კი ზღვის მარილიანი წყალია". ბერმა უპასუხა: "ეტყობა, ძმას შეეშალა და ზღვის წყალი შეურიაო". ევლოგი ევედრებოდა ბერს, სიმართლე გაემჟღავნებინა. მაშინ იოსებმა უთხრა: - ის ღვინით სავსე პატარა სასმისი არის სიყვარულის სასმისი; ეს კი წყალია, რომელსაც ყოველთვის სვამენ ძმებიო. მერე კი ასწავლა გულისთქმების განხილვა და მოკვეთა მასში ყოველივე ადამიანურისა. შემდგომში ევლოგი უფრო დამთმობი გახდა და ყველაფერს მიირთმევდა, რასაც შესთავაზებდნენ. ცდილობდა, ყველაფერი დაფარულად ექმნა.

* ძმამ ჰკითხა ამბა მატოის: "თუ სადმე წავალ საცხოვრებლად, მითხარი, როგორ მოვიქცეო". მან უპასუხა: "შეეცადე, თავი არ გამოიჩინო. ნუ იტყვი: "აი, მე კრებაზე არ დავდივარ, არც სიყვარულის საღამოებზე არ ვტრაპეზობო". ეს ფუჭ დიდებას მოგიტანს, რომელიც შემდგომში შფოთში ჩაგაგდებს, რადგან ამის გამგონე ერისანი განზე გარბიან".

* ამბა ნისტერიონი ერთხელ მოწაფესთან ერთად უდაბნოში მიდიოდა. დრაკონი დაინახეს და გაიქცნენ. ძმამ ჰკითხა: "მამაო, ნუთუ შენც გეშინია?" ბერმა უპასუხა: - არა, არ მეშინია, შვილო, მაგრამ უნდა გავქცეულიყავი, თორემ ვერ გავექცეოდი დიდებისმოყვარეობის გულისთქმებსო.

* ერთმა ბერმა თქვა: ვინც განამჟღავნებს და საქვეყნოდ გამოაჭენებს თავის კეთილ საქმეებს, მსგავსია კაცისა, რომელიც მიწის ზედაპირზე თესავს. მოფრინდებიან ცის ფრინველნი და თესლს აკენკავენ. თავისი ცხოვრების დამფარველი კი ხნულში აგდებს და მიწას აფარებს თესლს, რომელიც ნაყოფს უხვად გამოიღებსო.

* ახლა წმინდა იოანე ოქროპირს მოვუსმინოთ: "კაცთაგან დიდება განმადიდებლებივით არასაიმედოა". ჭეშმარიტი დიდებაა - მოიძაგო ადამიანური დიდება, ჩათვალო ის არარაობად, ყველაფერი თქვა და გააკეთო ღვთის სათნოყოფისთვის".

* "დიდების მისაღებად საუკეთესო ხერხი მისგან გაქცევაა... ისე როგორც მდიდარია არა ის, ვისაც ბევრი რამ არ სჭირდება, არამედ ის, ვისაც აღარაფერი უნდა, ასევე - დიდებულია არა ის, ვინც დიდებას ეძიებს, არამედ იგი, ვინც მას გაურბის... თუ გინდა მისწვდე დიდებას, მოიძულე დიდება, თუ გამოეკიდები მას, თორემ დაკარგავ.

* "დიდებისმოყვარეობის სათნოება არის დაზიანებული (გაფუჭებული) ძღვენი (მსხვერპლი) (ლევიტ. 22,22) და არ დაიდება ღვთის საკურთხეველზე", - ბრძანებს წმინდა ნილოს სინელი. მასვე უთქვამს: "ქარი აღგვის კაცის ნაკვალევს, ხოლო დიდებისმოყვარეობა არარად აქცევს გაღებულ მოწყალებას, დიდებისმოყვარე სულს კვლავ უბრუნდებიან ვნებები, რომლებსაც ოდესღაც სძლია და განდევნა", - ბრძანებს წმინდა ისააკ ასური. ისევ ნილოს სინელი: "დიდებისმოყვარე მოსაგრე უფასო მუშაკია, შრომით შრომობს, მაგრამ ჯილდოს არ იღებს".

* წმინდა დიმიტრი როსტოველი ამბობს: "სჯობს ამქვეყნად დიდებული არაფერი გააკეთო, ვიდრე გააკეთო და მერე უზომოდ იქო თავიო".

* "თუ გინდა გიცნობდეს ღმერთი, შეეცადე, შეძლებისდაგვარად უცნობი დარჩე კაცთათვის", - გვასწავლის ამბა თეოგნისტე.

* მამა პაისი ათონელს ჰკითხეს: "რა არის მიზეზი იმისა, რომ სულიერ ადამიანებს არ უყვართ ფული, მაგრამ დიდებისკენ ისწრაფვიან? გამოდის, მართალი ყოფილა ძველი ბერძნების ნათქვამი: "ფული ბევრმა მოიძაგა, დიდება კი არავინო". მამა პაისიმ უთხრა: "ამის მიზეზი ის არის, რომ მათ ისეთი ცარიელი თავი აქვთ, ბურთივით შეუძლიათ გააგორონ. ეს არის ამაო, ფუჭი დიდება. სიმდიდრე ბევრმა მოიძაგაო - ერისკაცულადაა ნათქვამი. სულიერ ცხოვრებაში ასეთი რამ არ არსებობს. ეს ძველ ბერძენთა ნათქვამია, რომელთაც ჭეშმარიტი ღმერთი არ იცოდნენ. სულიერ ცხოვრებაში დიდება უნდა გაქრეს. შეემთხვა ვინმეს იმაზე დიდი უპატიობა, ვიდრე ქრისტემ დაითმინა? მამები უსახელობას ეძებდნენ და ღმერთი მათ პატივით მიაგებდა. ვინც პატივს ეძიებს, ჯერ კიდევ ერისკაცულ სარბიელზე, ანუ სტადიონზე დგას და ბურთს აგორებს. გაჰყვირიან: "დი-დე-ბა სპარ-ტაკს!" იმ დიდებაში კი, რომელსაც სახარება გვეუბნება, ძევს სიყვარული და თავმდაბლობა. "ადიდე ძე შენი, - თქვა ქრისტემ, - რათა ძემან შენმან გადიდოს შენ... რაითა გიცნან შენ მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი..." ესე იგი, ქრისტე სთხოვს მამა ღმერთს, რომ ადამიანებმა შეიცნონ თავიანთი მხსნელი და ამგვარად ცხონდნენ. დღეს კი უმეტესობა ცდილობს, როგორც შეუძლია, ისე მოიპოვოს დიდება. ამიტომაც კოჭლობენ ერთბაშად ორივე ფეხით. ეს ისაა, რაზეც თქვა ქრისტემ: "დიდებასა ურთიერთას ეძიებთ"... აცდუნებდნენ და ცდუნდებოდიან. ასეთი დიდება გულს მირევს, ამგვარ ატმოსფეროში ერთ დღე-ღამესაც ვერ გავძლებ".
ბეჭდვა
1კ1