"განიკითხე საკუთარი თავი და ღმერთი განგამართლებს შენ"
"განიკითხე საკუთარი თავი და ღმერთი განგამართლებს შენ"
ბეთანიის მონასტერში, XII საუკუნის ერთ ფრესკაზე, ტაძრის ერთ-ერთ მომხატავს აარონ წინასწარმეტყველის ფერხთით საკუთარი თავიც გამოუსახავს მუხლმოდრეკილი ბერის სახით და იქვე წაუწერია: "უფალო, ნუ შეუნდობ სოფრომს". "რა მიუწვდომელი თავმდაბლობაა! - წერს არქიმანდრიტი ლაზარე ამ წარწერის ავტორზე, - წმინდა მამები ამბობენ: "განიკითხე საკუთარი თავი და ღმერთი განგამართლებს შენ". მამა სოფრომიც, ისევე როგორც ძველი ქართველი მამანი, იოლად მიუტევებდა პირად მტერს, მაგრამ არამც და არამც - საკუთარ თავს, ხოლო სამშობლოსა და სარწმუნოების მტრები ხომ მიტევებას ვერასოდეს ეღირსებოდნენ.

***
მერეს დედათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა მატომ, შეიტყო, რომ მისი სავანის გაქურდვას აპირებდნენ, დღისითვე განამზადა პური და ღამით შემოპარულ ქურდებს კართან შეეგება. "შვილებო, - უთხრა გზააბნეულ კრავებს, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გიბრძანებთ, არა მავნოთ რა; მოდით და ჭამეთ პური, რომელიც თქვენთვის მოვამზადე". ქურდების მეთაურს სიცილად არ ეყო მისი სიტყვები და განიზრახა, ბერისთვის ყველაფერი წაერთმია. ღირსმა მამამ მრისხანედ მიმართა: "ვევედრები ღვთისმშობელს, დაგსაჯოს კადნიერებისთვის!" - და მეყსეულად ბოროტი სული შევიდა მასში. ქურდი მიწაზე დაეცა და გორავდა. მისი თანამზრახველნი ტირილით მუხლებში ჩაუცვივდნენ წმინდა მამას და სთხოვეს, განეკურნა ეშმაკეული. მამა მატომ ჯვარი გარდასახა სნეულს და უთხრა: "განგკურნებს შენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი!" ეშმაკი უმალვე დაეხსნა ცოდვილს. "საწყალობელო, - სიბრალულით მიმართა მას ღირსმა მატომ, - რატომ გამოუძეხი ამათ ჩემდა საბოროტოდ!" - ქურდები სუფრასთან მიიწვია, გაუმასპინძლდა და სულით აღშენებულნი მშვიდობით განუტევა.

***
იღუმენ ლუკას (სენაკელს) ჯვარი მოჰპარეს. მან შეიტყო ქურდის ვინაობა, ჯაჭვიც გაუგზავნა და შეუთვალა, დიდი ხანია მინდოდა, ეს ჯვარი შენთვის მეჩუქებინაო.

***
წმინდა გაბრიელ ქიქოძეს მგზავრობისას ავაზაკი დაესხა თავს და გაძარცვა დაუპირა. წმინდა გაბრიელმა ჭაბუკს ჯვარი გარდასახა და უთხრა: "შვილო, ერთი საწყალი ბერი ვარ, გაბრიელ ეპისკოპოსი, ფული სადა მაქვსო". ავაზაკს თურმე გაეგონა მისი სახელი და შეკრთა. წმინდა გაბრიელმა განაგრძო: "ასეთი საუცხოო ყმაწვილი, სიცოცხლითა და მშვენიერებით სავსე, ავაზაკად როგორ გავარდი?! წამოდი ჩემთან, თუ რამე გჭირდება, მე გიპატრონებო". ჭაბუკმა ჯერ იუარა: "მე რაღა მეშველება, ჩემი საქმე უკვე წასულიაო", - მაგრამ წმინდა მღვდელმთავარი არ მოეშვა, თან წაიყვანა, ასწავლა და მასწავლებლად გაამწესა.

ეს ამბავი 1896 წელს გამჟღავნდა, როცა ავაზაკყოფილმა გაკვეთილზე შეიტყო წმინდა გაბრიელის გარდაცვალების ამბავი და ტირილი აუვარდა, მერე კი ყველას მოუთხრო, თუ როგორ იქცა მიტევებისა და სიყვარულის კეთილ ნაყოფად.

***
წმინდა ალექსი შუშანია თავის მოძღვარზე, სქემმონაზონ ონისიფორე მარტომყოფელზე ჰყვებოდა: "ერთხელ, ღამით, სამი კაცი ქურდულად მიადგა ონისიფორეს სასიმინდეს - თხოვნისა თურმე რცხვენოდათ. სამივე ტომარა რომ გაავსეს, ონისიფორემ შეამჩნია ქურდები, მაგრამ არაფერი თქვა, შორიდან დაუწყო ყურება. ქურდებმა ტომრები მოიკიდეს და გზას დაადგნენ. ერთ მათგანს, მოხუცებულს, გაუჭირდა ტვირთის ზიდვა. როცა მიაღწია ეზოს კარს, ცოტა მაღლა ყოფილიყო გადასავალი და მოხუცმა ტომრის გადატანა ვერ შეძლო, მაგრამ დანარჩენები უკვე კარგა შორს წასულიყვნენ. ონისიფორემ დაინახა მისი გასაჭირი, შეებრალა, მიეპარა, ხელი ამოსდო ტომარას და გადატანაში შეეშველა. მოხუცს არაფერი გაუგია. "ახლა კი გამოვაძღე ცოლ-შვილიო", - ჩაილაპარაკა და წავიდა.

***
რამდენიმე გარეჯელი მამა ლეკებმა გაიტაცეს და გაყიდეს. გატაცებულთა შორის იყო ბერი აკაკიც. ერთხელ ტყვეებს გაქცევის საშუალება მიეცათ. ძმებმა გადაწყვიტეს, შესაძლებლობა ხელიდან არ გაეშვათ და მამა აკაკის უთხრეს: "აღსდეგ, გავიქცეთ ღვთის შეწევნითო". ამ წრფელმა და ყოვლადმიმტევებელმა კაცმა კი უპასუხა: "როგორ შეიძლება, ამ წარმართს ხომ არ მოვუტაცებივართ, მან საფასით გვიყიდა და პურიც ამისი ვჭამეთ. რომ გავიქცეთ, ამ კაცს თავისი ფული დაეკარგება და ვაითუ უფალი განგვირისხდესო". იხილა ღმერთმა მისი სიწრფელე და მსწრაფლ განათავისუფლა სათნომყოფელი თვისი.

***
როცა კომუნისტებმა მიტროპოლიტი ნაზარი საფიჩხიის ტყეში დასახვრეტად გაიყვანეს, ჯალათებს ხელი აუკანკალდათ - ვერ გაბედეს, ნათლით მოსილი მღვდელმთავრისთვის ტყვია ესროლათ. "ნუ გეშინიათ, ბიჭებო, ისროლეთო", - გაამხნევა თურმე ისინი წმინდა ნაზარმა, აკურთხა, ჯვარი გადასახა და ჩააბარა სული თვისი უფალს.

***
ამავე წელს რაჭაში დააპატიმრეს მღვდელი თეოდორე საგანელიძე. მოძღვარი ამბროლაურიდან ონში წაუყვანიათ. ბადრაგი მღვდელს თურმე უდიერად ექცეოდა. მამა თეოდორეს გული მოსვლია. ტანად მოსული კაცი ყოფილა და ბადრაგისთვის იარაღი წაურთმევია, მაგრამ მაშინვე დაუბრუნებია. უთქვამს, ამას ვაჟკაცი კაცი როგორ ისვრის, თანაც მე მღვდელი ვარ და სიკვდილს კი არა, მარადიულ სიცოცხლეს უნდა ვაზიარო ყველა, ვინც ამ გზას ნებით აირჩევსო.

დასახვრეტად მდინარის პირას ჩაუყვანიათ. მისი ვაჟკაცობით აღფრთოვანებულ მცველს შეუთავაზებია, გაიქეცი, მე კი ჰაერში ვისვრი, ვითომ აგაცილეო. მაგრამ მამა თეოდორეს უარი უთქვამს: მე ხალხს (მასავით დასახვრეტად გაყვანილებს - კ.კ.) ვერ ვუღალატებ, თანაც არც შენ დაგადგება კარგი დღეო, - და გალობა დაუწყია. სამჯერ ჩამოუღია ჯალათს დამიზნებული იარაღი... მამა თეოდორეს გალობა შეუწყვეტია და უთქვამს: "ჩემს გალობას თუ უსმინე, დაღამებამდე არ გავჩერდები; მესროლე, თორემ შენს საქმეს ვერ აღასრულებო". ამის შემდეგღა უსვრიათ მისთვის ტყვია.

***
წყალობის სათხოვნელად მისულ ეპიფანე ხანძთელსა და მის მოწაფეებს დიდმა მთავარმა აბულასადმა ნება მისცა, რასაც ერთ დღეში მომკიდნენ, წაეღოთ. მთავარმა მეუღლე გააფრთხილა, თავად კი საქმეზე წავიდა.

იმ დღეს მამებმა იმდენი მომკეს, რომ მთავრის ცოლი შეშფოთდა და მსახურნი გაუგზავნა - მუშაობა შეწყვიტეთო. მამა ეპიფანე შორს იყო და დანაბარები არ გაუგია, მისი მოწაფეები კი ქალს არ დაემორჩილნენ. მაშინ მთავრის მეუღლემ უფრო მეტი ხალხი გაგზავნა, რათა ბერები გაეყარათ. მამა ეპიფანემ შეიტყო ეს ამბავი, შფოთის ამტეხი ძმები დატუქსა, მთავრის მეუღლეზე კი ასე თქვა: "უფალო, შეუნდე მხევალსა შენსა ჩვენი ესე შეურაცხება. მისი სულის უმჯობესისთვის მცირე რამ განსაცდელი მიუშვი, რათა ისწავლოს, რომ არ შეურაცხყოს გლახაკნიო". მართლაც, ქალს ბოროტი სული დაეუფლა. აცნობეს ეს ამბავი წმინდა ეპიფანეს. ბერი უმალვე იქით გაეშურა და ძმებთან ერთად მთელი გულით ილოცა. დედაკაცი მსწრაფლ განიკურნა, მუხლებში ჩაუვარდა წმინდა ეპიფანეს და შენდობა სთხოვა.

***
მეფე ადარნასემ კანონიერი ცოლი მონასტერში გაუშვა და სასახლეში ვიღაც მეძავი მიიყვანა. წმინდა გრიგოლ ხანძთელმა არაერთხელ ამხილა, მაგრამ გონს ვერ მოიყვანა და განრისხებულმა გააფრთხილა: "რაკი მართალი სიტყვა არ შეისმინე, სენი შეგეყრება, შენს შვილებს კი ეშმაკი შეიპყრობს და მანამდე ვერ განიკურნებით, სანამ უსამართლოდ დასჯილი დედოფლისგან შენდობას არ მიიღებთ; თუ მანამდე აღესრულება, მის სულს უნდა სთხოვოთ შენდობაო". მართლაც, სულ მალე ადარნასე ნიკრისის ქარით დასნეულდა. ტკივილებისგან გატანჯულს ბერის ნათქვამი გაახსენდა და კაცი გაგზავნა ფერსათის მონასტერში, სადაც მისი ცოლყოფილი, წმინდა ანასტასია იმყოფებოდა და შენდობა სთხოვა. "ქრისტეს ნებისმყოფელო, შეიწყალე ჩემი ბატონი, ნუ დასწყევლი, არამედ შეუნდეო", - შეევედრა მოციქული. წმინდა დედამ მიუგო: "ქრისტეს გეფიცები, პირიდან წყევლა არასოდეს ამომსვლია. ქრისტემ შეუნდოს ყოველი ცოდვა და განკურნოს სულითა და ხორცითო". წარმოთქვა თუ არა ქალმა ეს სიტყვები, მეფე მეყსეულად განიკურნა.

დედა ანასტასიას საფლავთან მრავალმა მიიღო კურნება, მათ შორის - ადარნასეს ვაჟებმაც, მეძავმა დედაკაცმა კი მერეს მონასტერში დაასრულა სიცოცხლე. მასზეც მოიწია ღვთის სასჯელი: სიკვდილამდე ეშმაკისგან იტანჯებოდა. როცა გარდაიცვალა, აკლდამაში სხვა დედებთან ერთად დაკრძალეს, რადგან, როგორც დედა თებრონიამ ბრძანა, "დიდად ბრალეული იგი უბრალოთა მათ განამართლონ წინაშე ქრისტესა", - მაგრამ მისი გვამი სამჯერ იპოვეს აკლდამის კართან. დედა თებრონიამ ეს ამბავი წმინდა გრიგოლს მისწერა და სთხოვა: "აწ ჟამი არს შენდობისა, ყავ წყალობა განწირულისა მისთვის დედაკაცისა, ვითარცა შვენის სიწმინდესა შენსა..."

ღირსმა გრიგოლმა პასუხად ეპისტოლე მისწერა დათა მათ შესვენებულთა - მერეს გარდაცვლილ დედებს სთხოვდა, ქრისტესგან შენდობა გამოეთხოვათ ცოდვილი ქალისთვის და შეეწყნარებინათ მისი სხეული, რათა მათთან ერთად დაკრძალულიყო. ეს ეპისტოლე მერეს გარდაცვლილი დედების წმინდა საფლავებთან წაიკითხეს და ცოდვილი ქალი დაკრძალეს. მას შემდეგ ქალის ნეშტს ადგილი აღარ უცვლია.
ბეჭდვა
1კ1