წმინდა გიორგი კარსლიდმა იწინასწარმეტყველა რომ საქართველოც და საბერძნეთიც დაიბრუნებენ თავიანთ დაკარგულ ტერიტორიებს
წმინდა გიორგი კარსლიდმა იწინასწარმეტყველა რომ საქართველოც და საბერძნეთიც დაიბრუნებენ თავიანთ დაკარგულ ტერიტორიებს
წმინდა გიორგი კარსლიდი (ისიოს გეორგიოს) დაიბადა 1901 წელს არგირუპოლში (ახლანდელ თურქეთში). პატარა იყო როცა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა მისმა ბებიამ, რომელიც ძალიან მორწმუნე იყო და სწორედ მან ასწავლა წმინდანს ეკლესიის და ღვთის სიყვარული. ხუთი წლის იყო როცა მწყემსავდა მისი უფროსი ძმის საქონელს. ძმა ძალიან მკაცრად ექცეოდა. ერთხელ მათხოვარს ერთი ჯამი ფქვილი მისცა, ამის გამო ძმა წაეჩხუბა, ის კი იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო. ასე აღმოჩნდა წმინდა გიორგი ერთ თურქ მწყემსთან.

წმინდა გიორგი კარსლიდის ცხოვრება "კარიბჭისთვის" ბერძნულიდან ქართულად თარგმნეს გეორგოს მიხაილიდისმა და თამარ ბროლაძემ.

ერთ დღეს როცა მწყემსავდა სამი წმინდანი ძალიან ლამაზად გალობდა. ძალიან მოეწონა და უკან გაჰყვა. როცა ისინი თვალს მიეფარნენ ცხვარი ადგილზე აღარ დახვდა. ტირილით მიბრუნდა ბატონთან. თურქის შეკითხვაზე თუ რა დაემართა მან ტირილით აუხსნა ყველაფერი. თურქმა დაამშვიდა ყველა ცხოველი ადგილზე იმყოფებაო. თურქის შეკითხვაზე დანახვის შემთხვევაში იცნობდა თუ არა იმ სამ მგალობელს მან დადებითი პასუხი გასცა. მაშინ თურქმა ის სახლში შეიყვანა, ფარდა გადასწია და კიბეებით დაბლა ჩავიდნენ. მის წინაშე ეკლესია აღმოჩნდა. მისი ბატონი თურმე ფარული ქრიატიანი იყო. წმინდანმა მაშინვე მიირბინა "ტრიონ იეარხიონთან". თურქმა უთხრა: "შვილო შენ აქაურობისთვის არ ხარ, შენ მონასტრისთვის ხარ დაბადებულიო". მისი ნივთები ერთი პატარა შეკვრა იყო: ღვთისმშობლის ხატი, ჯვარი და დაბადების მოწმობა.

წმინდა გიორგის გზა ძალიან მძიმე იყო. კავკასიის მიმართულებით ზამთარში ერთ გამოქვაბულში მოუწია ღამის გათენება, იმ ღამით დიდი თოვლი მოვიდა და გარეთ გამოსასვლელი ჩაიკეტა. მშიერ-მწყურვალი, ნახევრად შიშველი, დაუცველი, კანკალით პატარა ხვრელი გააკეთა თოვლში, ხელი გამოყო გარეთ რომ იქნებ ვინმეს დაენახა და დახმარებოდა. მართლაც შემთხვევით მგზავრებმა შეამჩნიეს ის და გამოიყვანეს.

ერთ-ერთ ლოცვის დროს მასთან მივიდა მხედარი და სთხოვა გაყოლოდა. მოკლე დროში საკმაოდ დიდი მანძილი გაიარეს. ეს მხედარი წმინდა გიორგი იყო, რომლის სახელიცმომავალმა წმინდანმა მიიღო და რომელიც დიდი მოფერებით და სიყვარულით ესაუბრებოდა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი მფარველი იყო. მისი დახმარებით თბილისში აღმოჩნდა. ერთ-ერთი მონასტრის წინ წირვის დამთავრების შემდეგ მას მიუახლოვდა მონაზონი, სახელად ევგენია და ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხა. ევგენიამ ის მის სულიერ მოძღვართან მიიყვანა, გახადეს ღარიბული ტანისამოსი და ცხრა წლისას ანაფორა ჩააცვეს, რომელიც მას მთელი ცხოვრება აღარ გაუხდია. შემდეგ გადაიყვანეს ახალი ათონის მონასტერში.

წმინდანი იგონებს: 1917 წელს ბოლშევიკებმა ყველა მონასტერი დაარბიეს. იქ 3000 ბერი და 13 ეპისკოპოსი ცხოვრობდა. მათ აწამებდნენ და აიძულებდნენ რწმენის უარყოფას. ზოგმა ვერ გაუძლო წამებას და მონასტერი დატოვა. ეპისკოპოსები ეზოში ჩამოახრჩვეს. სამი დღე ყავდათ ასე ეზოში და გვემუქრებოდნენ თქვენც ასე მოგექცევითო. ვინც ბოლომდე დარჩა ქრისტიანი ციხეში აღმოვჩნდით, სადაც საშინელ პირობებში გვამყოფებდნენ. შემდეგ დასახვრეტად წაგვიყვანეს, ყველანი ერთმანეთზე დაგვაბეს, ხევის პირას დაგვაყენეს და გვესროლეს. ერთი ტყვია ბებიის ნაჩუქარ გულზე ჩამოკიდებულ ხატს მოხვდა, რამაც სიცოცხლე შემინარჩუნა, მორე კი ფეხში. ერთმა ექიმმა, რომელიც ჩენთან ერთად მოყვა დახვრეტაში, მოახერხა და თავი გაითავისუფლა. ვინც სიკვდილს გადავურჩით ჩვენც აგვხსნა თოკები, სულ 13 გადავჩით. დავინახეთ სამხდრო მანქანა როგორ მოგვიახლოვდა, ვიფიქრეთ ახლა მაინც ვეღარ გადავრჩებითთქო, მაგრამ საავადმყოფოში წაგვიყვანეს. მკურნალობის შემდეგ სამი ბერი გამოვედით საავადმყოფოდან, სოფელ-სოფელ დავდიოდით, კეთილი ხალხი ყოველთვის რაღაცას გვაწვდიდა.

***

ისიოს გეორგიოს მონასტერში ბერად აღკვეცის დროს ზარებმა თავისით დარეკეს. იმ დროს ზარების რეკვა აკრძალული იყო. შემდეგ ის მეორედ მოხვდა ციხეში. ციხიდან გარეთ გამოყავდათ, აშიშვლებდნენ დასცინოდნენ და ამცირებდნენ.
მისი სიწმინდის შესახებ ხალხში ლეგენდები დადიოდა. ამიტომ ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს დაეხვრიტათ სხვა სასულიერო პირებთან ერთად. აღდგომის ღამეს სთხოვეს ეკლესიური წესი ჩაეტარებინათ, რაზეც უარი მიიღეს. მაშინ ყველამ ერთად დაიწყეს ლოცვა, "ქრისტე აღსდგა". უცბათ ძლიერი ქუხილის ხმა გაისმა და ყველა კარი გაიღო. ხალხი მორბოდა რომ გაეგოთ რა მოხდა. მათ ციხის თავზე ნათება შეამჩნიეს, ანგელოზებს ჯვარი ეჭირათ. გათენებისას კი გაქრა. დილით ყველას თეთრი ხალათები ჩააცვეს და დასახვრეტად წაიყვანეს. სამი ტყვია მოხვდა ისიოს გეორგიოსს, მაგრამ მაინც გადარჩა. გასინჯვის დროს ექიმმა უთხრა, კანონის თანახმად თუ სამი ტყვია მოგხვდება და გადარჩები უნდა გაგათავისუფლონო. ასე აღმოჩნდა ის სოხუმში. დიდი გაჭირვების შემდეგ საბუთები გაუკეთეს. ავადმყოფი ხელით დაჰყავდათ, ასე ჩაიყვანეს საბერძნეთში, ქალაქ დრამაში.


***
წმინდა გიორგი ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ როცა ადამიანში ხედავდა სიკეთეს, სიყვარულს, სინანულს, ბევრს პატიობდა. ის ამბობდა: ადამიანი წელიწადში სამჯერ მაინც უნდა ეზიაროს, ეს აუცილებელია. თუ ბავშვები პატარები არიან, მაშინ დედამ უნდა იმარხულოს. ეკლესიაში ყურადღება უნდა მოიკრიბოთ, საყოფაცხოვრებო საქმეები დაივიწყოთ, მხოლოდ ლოცვები წარმოვთქვათ. ერთ-ერთ მრევლ ქალბატონს მიმართა: შენს ტანისამოსს ვხედავ ეკლესიაში შენ კი ვერა გნახეო, მან კი მორცხვად უპასუხა: მაპატიე მამაო, გონებით სახლის საქმეებზე ვფიქრობდიო. ერთ-ერთი პარაკლისის დამთავრებისას კი ერთ ქალბატონს მიმართა: ყოველთვის ასე ილოცე, შენი ლოცვა უფალმა ისმინაო. ერთ ქალს მკაცრად მოექცა, რომელიც მშობიარე ქალს არ დაეხმარა და ბავშვი გარდაეცვალა. დაუწესა შვიდი დღის მანძილზე სხვადასხვა სოფელში ემათხოვრა და რასაც მოაგროვებდა ღარიბებისთვის დაერიგებინა. ეს დილიდან საღამომდე უნდა გაეკეთებინა. ნათესავმა სთხოვა, იქნებ ფულით შევეწიოთო, მაგრამ უარი მიიღო, ეს ცოდვა მხოლოდ ამ გზით შეუმსუბუქდებაო. მკაცრი იყო აბორტის გამკეთებლების მიმართ. ერთ ექიმს მიმართა, შენს ხელებს ცეცხლი ასდის იმდენი ბავშვი გყავს მოკლულიო. მისთვის ძნელი არ იყო ადამიანის ყველაზე ბნელი აზრების წაკითხვა, მნიშვნელობა არ ჰქონდა მანძილს, დროს.

***

წმინდა გიორგი საბერძნეთში ნახევარ წირვას ქართულ ენაზე ატარებდა და ნახევარს ბერძნულად, (მაშინ როდესაც მრევლი ძირითადად ადგილობრივი ბერძნები იყვნენ), რაზეც ერთმა მანდილოსანმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მას ქართულად წაკითხული სახარება არ ესმოდა. პასუხად მიიღო: ბერძნული რომ გესმის ხომ ყველაფერს ასრულებო. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ეუბნებოდა, უხილავად ხშირად სხვადასხვა წმინდანი ესწრებოდა. ხალხს დიდ იმედს აძლევდა ომი გამარჯვებით რომ დამთავრდებოდა შიმშილი გაივლიდა და ყველაფერი დალაგდებოდა. აფრთხილებდა: ეს ომი და შიმშილი არაფერია იმასთან შედარებით რაც კაცობრიობას მომავალში ელის. ამიტომ მოუწოდებდა რწმენაში გაძლიერებას, ლოცვას და ცოდვების მონანიებას. მართლმადიდებლებს ბევრი მტერი ჰყავთ , ამიტომ მრევლს ერთმანეთის სიყვარულს, ურთიერთდახმარებას, პატიებას, უანგარობას, სინანულს სთხოვდა.

წმინდა გიორგი კარსლიდი ძალიან მცირედით იკვებებოდა. პური და წნილი იყო მისი ყოველდღიური საკვები. რაც ჰქონდა სხვებს ურიგებდა, იცოდა გარშემო სოფლებში ვის უჭირდა, თავის სულიერ შვილებს ატანდა ღამით საკვებს და ისინი მათი სახლის კარებთან ჩუმად ტოვებდნენ საკვებს რომ არავის დაენახა. ათწლეულების მანძილზე ერთი და იგივე ეცვა. ომის დროს საბერძნეთს ბულგარელი ფაშისტები დაესხნენ თავს, მოსაზღვრე სოფლებს აწიოკებდნენ. იმ სოფელს, სადაც წმინდანი იყო ვერაფერი დააკლეს. ხდებოდა ზუსტად ისე როგორც წმინდანი იტყოდა. ამას თვითონ მტერიც ამჩნევდა: "მოვდივართ რომ დავწვათ ეს სოფელი, მაგრამ რაღაც ძალა არ გვიშვებსო" , და უკან ბრუნდებოდნენ. ამის გამო წმინდანი შეიპყრეს და ტყეში დასახვრეტად წაიყვანეს. მან სთხოვა ლოცვის ნება მიეცათ მისთის. ლოცვის დროს უფალს სთხოვა შეენდო მათთვის მისი მკვლელობა და რომ დაასრულა მიმართა შეესრულებინათ თავიანთი საქმე, მაგრამ როცა შემოტრიალდა დაინახა მათ იარაღი დაეყარათ და უკანმოუხედავად გარბოდნენ.

ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ სასწაულების რაც გიორგი კარსლიდის უკავშირდება. მასთან ზღვა ხალხი მიდიოდა საკაცეებით, უსინათლოები, მძიმე ავადმყოფები, გზადაკარგულები, დეპრესიაში მყოფნი, წმინდანი ცხოვრობდა ძალიან მკაცრი და ღარიბული ცხოვრებით. ძალიან ცოტა ეძინა. ან ლოცვაში იყო ან ხალხს ემსახურებოდა. ციხეში გატარებულმა წლებმა დიდი დაღი დაასვა მის ჯანმრთელობას. ყავარჯნის გარეშე ვეღარ დადიოდა, მაგრამ წირვის დროს ხედავდნენ როგორ ამაღლდებოდა ხოლმე ჰაერში დედამიწის ზედაპირიდან. მან იცოდა მისი გარდაცვალების დღე და საათიც კი, ამიტომ თავის სულიერ შვილებს დაუბარა: ჩემი გარდაცვალების დროს ძალიან ბევრი ხალხი მოვა სხვადასხვა ქვეყნიდან, არ დაიჯერებთ რომ მიცვალებული ვარ, ამიტომ ეჭვი გაჩნდება, მე კი გეუბნებით, დააკვირდით ამ კიპაროსებს ეზოში რომ დგანან, როცა კი ისინი თავს დახრიან მიხვდებით რომ ამქვეყნად ხილულად არა ვარ. მისი ნათქვამი ზუსტად ახდა. არა მარტო კიპაროსებმა, არამედ გარშემო არემარედან ფრინველები მოფრინდნენ და ხეებზე ჩამოჯდნენ, მათ ამდენი ხალხის არ ეშინოდათ. მისი თხოვნით წმინდანი ჩასასვენებლის გარეშე დაკრძალეს და ჩაატანეს თავისი საღვთო ქართული წიგნები.

***

წმინდა გიორგი კარსლიდის სასწაულები დღემდე არ შეწყვეტილა. ის იყო უდიდესი თანამედროვე სასწაულთმოქმედი და საქართველოს დიდი მოსიყვარულე მამა. მისი სულიერი შვილების თანახმად მან იცოდა რა ხდებოდა საქართველოში. ბევრჯერ მოუსმენიათ მისი საუბარი მათთვის უხილავ პიროვნებებთან. მან თავისი ორი დიდი სიყვარული, რომელსაც საქართველო და საბერძნეთი ჰქვია გააერთიანა ერთ სამშობლოში. წმინდა გიორგი კარსლიდმა იწინასწარმეტყველა რომ საქართველოც და საბერძნეთიც დაიბრუნებენ თავიანთ დაკარგულ ტერიტორიებს. ჩვენი თანამედროვეობის დიდი რწმენის, ლოცვის, სათნოების, სიკეთის, თავდაბლობის მაგალითი აღესრულა 1959 წლის 4 ნოემბერს.
2008 წლის 2 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილებით მისი წმინდანად აღიარება მოხდა. მისი წმინდა ნაწილების ამოსვენების დროს ( ბუნების ) ყველა კანონის დარღვევით იმ ადგილზე თოვლის ფიფქები წამოვიდა. მისი ძვლები იმ შეფერილობის იყო და იმ სურნელს გამოსცემდა წმინდანობის კანონს რომ ექვემდებარება. ყველაზე დიდი მტკიცებულება თავის ქალაზე ჯვრის დაღი იყო.

შეგვეწიოს წმინდა მამის მადლი.


ბეჭდვა
1კ1