შეხვედრა ბერ პაისისთან - დღემდე არ ვიცი, რა ენაზე ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ბერძნული მე არ ვიცი და ქართული იმან არ იცოდა
შეხვედრა ბერ პაისისთან - დღემდე არ ვიცი, რა ენაზე ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ბერძნული მე არ ვიცი და ქართული იმან არ იცოდა
დავით გიორგობიანის მოგონება:

ათონზე პირველად რომ ვიმოგზაურე, ბერი პაისი ცოცხალი გახლდათ. სიხარულით გავიხსენებ მამა პაისისთან ურთიერთობას.ღმერთს ვთხოვდი, ღირსი გავმხდარიყავი მასთან შეხვედრისა, რათა გულით მეთხოვა, ჩემი ქვეყნის, ივერიის დალოცვა.

ივერიის მონასტრის მოლოცვის შემდეგ გავემგზავრეთ ყუთლუმუშის მონასტერში. იქიდან გზა მიდის ბერი პაისის სენაკისკენ. ივერონიდან წამოსულს ღია ცისქვეშ მიწევდა დარჩენა. გავბედე მამა პაისისთან წასვლა. გზაში უამრავი ხალხი შემხვდა. ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა - ბერ პაისისთან მიღება უკვე დამთავრდაო. გზა მაინც მშვიდად გავაგრძელე. მივადექი ერთ პატარა ქოხივით სახლს.

ღობესთან რაქათლუქუმი, ფორთოხალი და წყალი ეწყო. წარწრაც შევნიშნე - "ევლოგია" - კურთხევა. იქ მისულებს ყველას ეძლევა კურთხევა, მიირთვან შემოთავაზებული ხილი. სენაკში შესვლამდე ზარი უნდა დარეკო. რამდენიმეჯერ ვცადე. არავინ გამომხედა. გულში ვფიქრობდი, მამა პაისი, ხომ ვიცი, რომ დიდი მამა ხარ. მე რომ მოვედი და ღამის გასათევი არ მაქვს, ისიც ხომ გეცოდინებათ. აქედან არსად წავალ, თუ არ მიმიღებთ-მეთქი. მამა პაისის გამოსვლამდე გემრიელად მივირთვი ხილი, რაქათლუქუმი, წყალიც. ცოტა არ იყოს, დავშოშმინდი და დავმდაბლდი კიდეც. მერე კიდევ ერთხელ მივედი ჭიშკართან და ზარი დავრეკე.

რას ვხედავ, გამოვიდა თეთრწვერა, მომღიმარი, სახეგაცისკროვნებული მამა პაისი. დღემდე არ ვიცი, რა ენაზე ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ბერძნული მე არ ვიცი და ქართული იმან არ იცოდა, მაგრამ ერთმანეთის გაგება არ გაგვჭირვებია. შეხვედრისთანავე დაზეპირებული ფრაზა ვუთხარი, - ევლოგიტე ივერია - აკურთხე ივერია-მეთქი. ამის თქმა იყო და ხმის ჩამწერი ჩავრთე. დღესაც მაქვს მამაოს საუბარი ჩაწერილი, პირღიმილიანი ლოცავს ჩვენს ქვეყანას.

ვცდილობდი, გამომეტყველებით, ხელებით ამეხსნა ჩემი გულისნადები. ამასობაში რამდენიმე ადამიანი მივიდა მასთან. მათ უთარგმნეს ჩემი ნალაპარაკები. მამა პაისიმ დამშვიდობებისას დიდი ჯვარცმა გამომიტანა, მისახსოვრა და მითხრა, - იმ მაღალ მთაზე, სადაც შუქი მოჩანს, კელიაში ჩემი სახელით მიდი და ღამეს გაგათევებინებენო. მამა პაისის ლოცვით იმ მონასტერში ჩემი გასათენებელი ადგილი აღმოჩნდა. მაშინ რასაც განვიცდიდი, ამის სიტყვით გადმოცემა მიჭირს.

ბეჭდვა
1კ1