ვისაც ჩემი სასოება აქვს, ნურაფრის შეეშინდება
ვისაც ჩემი სასოება აქვს, ნურაფრის შეეშინდება
ღვთისმშობელი დედოფალია ცისა და მიწისა
ცხრამეტი წლის მოვიდა ათონზე არქიმანდრიტი იოაკიმე (სპეციარისი, +1943) და ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად მოსაგრე ბერს დაუდგა მორჩილად. ცხოვრების პირობებმა ისედაც ავადმყოფი იოაკიმე ლოგინად ჩააგდო, ახველებდა, სისხლს აყოლებდა. 26 წლისას საშინელი გულისთქმები ტანჯავდა, რომელთაც უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა. ბერი სიკვდილს არჩევდა ასეთ უიმედო მდგომარეობაში ყოფნას. იმდროინდელ მამებს კი სიტყვები "სნეულება" და "იკონომია" დავიწყებოდათ.

თუმცა ღვთისმშობელმა არ დაუტევა იგი, ისევე როგორც ყრმობის ჟამს, როცა გამოეცხადა და სნეულებისგან განკურნა, ახლაც შეეწია. აი, რას ჰყვება თვითონ მამა იოაკიმე: "საშინლად ვიტანჯებოდი სნეულებისა და ათასნაირი გულისთქმისგან. ერთხელ სულის მოსათქმელად საწოლზე დავჯექი და კედელს ზურგით მივეყრდენი. დავიწყე ლოცვა ღვთისმშობლის მიმართ. ჩვენს ზეციურ დედოფალს სიკვდილს ვთხოვდი, რადგან ამ დროს საშინელ სულიერ ტანჯვას განვიცდიდი. დათრგუნვილი ვტიროდი. უეცრად ჩემს წინ დამაბრმავებელი სინათლე მოეფინა. შეშინებულმა შევძახე: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო!" შევხედე და ამ ნათელში სამყაროს დედოფალი, ღვთისმშობელი მარიამი ვიხილე. ანათებდა. სახე და სამოსი უბრწყინავდა. უეცრად ჰაერში აღმიტაცეს და მარჯვენით მისსა დამაყენეს. მაშინ ღვთისმშობელმა ხელით მანიშნა: "ხედავ?" გავიხედე და ჩემი კელიის წინ, მდელოზე, საკუთარი სხეული დავინახე. ჩემს ბაგეთაგან ორი შროშანი გამოდიოდა, რომელთაც მხოლოდ წამახვილებული, მოგრძო, გაღუნული ფოთლები ჰქონდა. თითოეულ მათგანზე ოქროს ასოებით გამოყვანილი იყო სიტყვები: "ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი". წავიკითხე და ღვთისმშობელმა მითხრა: "ერთი შროშანი სულისთვის არის, მეორე კი სხეულისთვის. ვისაც ჩემი სასოება აქვს, ნურაფრის შეეშინდება, ნურც ამ, ნურც მომავალ, იმქვეყნიურ ცხოვრებაში". ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ უხილავი შეიქნა, იოაკიმეს კი სული სინათლითა და სიხარულით აღევსო.

* მამა ეფრემ კატუნაკელს ერთმა მღვდელმონაზონმა ჰკითხა: "მამაო, ოცი წელი უბრალო ბერი ვიყავი. როცა მღვდლად მაკურთხეს, შეჭირვება ვიგრძენი, ეშმაკი მაშინვე წინ აღმიდგა ათასნაირი გულისთქმით, შფოთვით, შიშით და სხვა მრავლით. რა ვქნა?" "აბა, რა გინდა, - უთხრა მამა ეფრემმა, - ის თავის საქმეს აკეთებს, ჩვენ საკუთარი აღვასრულოთ. შეევედრე ღვთისმშობელს, ისევე როგორც ყველა წმინდანი ევედრებოდა მას. კაცი ყოველ ნიჭს ღვთისგან ღვთისმშობლის მიერ იღებს. ყოვლადწმინდა ურიგებს ნიჭებს სამყაროს".

* მამა იონა კიეველმა (+1902) სამოთხე იხილა. დაათვალიერა ზეციური სავანეები. გაკვირვებულმა თავის მეგზურს ჰკითხა: - ზეციური ქალაქის გალავანზე, როგორც გარედან, ისე შიგნიდან, ყველა კარზე, ტაძარში, ყველა წმინდანის სამყოფელზე, უფლის ტაძრის კარებზე, ყველგან გამოსახულია სახელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, წარწერის ზემოთ კი ყველგან სამეფო გვირგვინია გამოსახული. წარწერა და გვირგვინი დიდ ნათელს ასხივებს. რას ნიშნავს ეს ყველაფერიო. მეგზურმა უთხრა: "დიდებულია სახელი ყოვლადქებული და ყოვლადწმინდა ქალწული მარიამისა, რომელმან უთესლოდ მუცლად იღო და ტკივილის გარეშე შვა მეუფე დიდებისა ქრისტე. საკვირველია და დიდებული სახელი მისი - მარიამი, იგი დედოფალია ცისა და მიწისა და ყოველი ქმნილებისა, უმეტესი ცისა და უპატიოსნესი და უზესთაესი ქერუბიმთა და სერაფიმთა. მისი შეწევნითა და წყალობით ყველანი ვცხონდებით. იგი აცხოვნებს სოფელს. იგია ხიდი მიმყვანებელი ზეცად".

* მამა პორფირე (ათენელი) მაშინ კავსოკალივის სკიტის მორჩილი იყო. ერთხელ შეშის დასამზადებლად გაგზავნეს. როცა შეშის ჭრა დაიწყო, ცულს ტარი გასძვრა, პირი მუხლზე დაეცა და ღრმად გაუჭრა. სისხლი მდინარედ წამოუვიდა. სკიტიდან შორს მყოფს, საუბედუროდ, ვერავინ დაეხმარებოდა და ალბათ ბიჭი სისხლისგან დაიცლებოდა. სიკვდილის საფრთხე რომ იგრძნო, გულმოდგინედ დაუწყო ვედრება ღვთისმშობელს: "დედაო ღვთისავ, დამეხმარე!" სისხლი იმავ წამს შეწყდა.

* მამა არსენმა (კაპადოკიელი) ერთხელ ღვთისმშობლის მღვიმეში წირა. მღვიმის წინ პატარა მოედნის გასაფართოებლად ხის დაფები მიეკრათ. მღვიმემდე კი 160-საფეხურიანი კიბე უნდა აგევლო. წირვის შემდეგ მამა არსენი აივანზე გამოვიდა დასასვენებლად. უეცრად დაფა ჩავარდა და მამა არსენი უფსკრულში ჩაიყოლა. ღრმა ხევის მეორე მხრიდან ამ ამბავს გლეხი უყურებდა. მან დაბლა ჩაირბინა. ეგონა, მამა არსენი სასიკვდილოდ დამტვრეული დახვდებოდა, ბერი კი სრულიად უვნებელი იხილა. გაუნძრევლად იწვა. გლეხმა ხელის შეხება გადაწყვიტა. "ნუ შემეხები, არაფერი დამმართვია", - უთხრა მამა არსენმა. გაუნძრევლად კი იმიტომ იწვა, რომ სული მისი აღტაცებული იყო ზეცად. თვითონ ჰყვებოდა: როცა უფსკრულში ვარდებოდა, ვინმე დედაკაცმა ხელი წაავლო და მიწაზე დაეშვა, მერე კი უჩინო შეიქმნა. აღელვებული მამა არსენი მღვიმეში მიბრუნდა და მადლობა შესწირა ღვთისმშობელს.

მამა არსენმა გარდაცვალების წინა დღეს თავის სულიერ შვილს უთხრა: მოდი ჩემთან, დავემშვიდობოთ ერთმანეთს, ზეგ იმქვეყნად მივდივარ. გუშინ შუადღისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამომეცხადა და მაუწყა ჩემი სიკვდილის შესახებ. მან მთელი ათონის მთაც მაჩვენა. ვნახე ის მონასტრებიც, რომლისკენაც ყოველთვის მივისწრაფოდი და ვერ გავხდი ამის ღირსი. მეტად ბევრი მონასტერი დგას ათონის მთაზე! რარიგ დიდებული, მშვენიერი ტაძრებია!"

* წმინდა კოზმა ეთოლელი გვასწავლის: "პატივი მიაგეთ ეკლესიის ყველა წმინდანს, მაგრამ განსაკუთრებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რამეთუ წმინდანები ყველანი ქრისტეს მონები არიან, ღვთისმშობელი კი დედოფალია ცისა და მიწისა და იგი მოწყალე ქრისტეს ჩვენი ცოდვებისთვის ევედრება. ამიტომაც გვმართებს, პატივი მივაგოთ მას მარხვითა და მოწყალების გაცემით".

* კაცი ვინმე, სახელად იოანე, გაავაზაკდა და ასკაციან ბანდას ჩაუდგა სათავეში. მაგრამ პატივს კი მიაგებდა ღვთისმშობელს, დილა-საღამოს მის აკათისტოს კითხულობდა. ღმერთმა ინება მისი ცხონება ღვთისმშობლის პატივისცემისთვის და ერთი წმინდა მამა გაუგზავნა. ყაჩაღებმა ღირსი მამა შეიპყრეს და მეთაურს მიუყვანეს.

- თქვენთან სიტყვა მაქვს სათქმელი, ამიტომ ყველა შეკრიბეთ, - სთხოვა ბერმა მეთაურს.

ყველანი მოვიდნენ.

- ვინმე ხომ არ დარჩაო, - იკითხა ბერმა.

- მზარეულიო, - უპასუხეს.

- დაუძახეთო, - ითხოვა ბერმა.

მოვიდა მზარეულიც, მაგრამ ბერს თვალებში ვერ უყურებდა და თავის მიბრუნებას ცდილობდა. ბერმა უთხრა:

- ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, თქვი, ვინა ხარ და აქ რას აკეთებო?!

- მე მატყუარა ვარ, ყოველთვის ვცრუობ, - თქვა მზარეულმა, - მაგრამ რადგან ქრისტეს სახელით დამაფიცე, არ შემიძლია, სიმართლე არ გითხრა. მე ეშმაკი ვარ და ჩემმა უფროსმა ამ მეთაურთან გამომგზავნა, მიბრძანა, ვუთვალთვალო და რა დღესაც დაუჯდომელს არ წაიკითხავს, ჯოჯოხეთში წავიყვანო. დღეს შესრულდა თოთხმეტი წელი, რაც აქ ვარ, მაგრამ ერთი დღეც არ გამოუტოვებიაო.

მაშინ ბერმა უთხრა: - გიბრძანებ, უხილავი შეიქენ და მეტად ნუღარ გამოცდი ქრისტიანებსო. ეშმაკი კვამლივით გაქრა. ბერმა დამოძღვრა ყაჩაღები. მათგან ზოგი ბერად შედგა, ზოგმაც ცოლი მოიყვანა და კეთილი საქმეებით ღმერთს სათნო ეყო.

ამიტომაც გირჩევთ ყველას, მამაკაცებს და დედაკაცებს, ისწავლეთ "ანგელოზი წინამდგომი..." და წაიკითხეთ ლოცვით კანონთან ერთად.

* 1853 წლის მიწურულს საქართველოს ეგზარქოსი ისიდორე მოსკოვის მიტროპოლიტ ფილარეტს სწერდა: "გენერალ-მაიორმა ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომელმაც თურქებთან ბოლო ბრძოლისას გამოიჩინა თავი, ფრიად საინტერესო რამ გვიამბო, რომელსაც ვამცნობ თქვენს ბრწყინვალებას. ტყვე თურქებმა გვითხრეს: როცა ალექსანდროპოლისთან გაჩაღდა ბრძოლა, დავინახეთ ზეციდან მომავალი ბრწყინვალე ქალბატონი, რომელსაც ხელთ დროშა ეპყრა. გვერდით ორი მეომარი მოჰყვებოდა. მისგან მზეზე უბრწყინვალესი კაშკაშა სინათლე მოედინებოდა და თვალს ვერავინ უსწორებდა. შიშით თავზარდაცემულმა თურქებმა თურმე ცხადად დაინახეს, რომ ღმერთი რუსებს შეეწეოდა. ამან ისე იმოქმედა მათზე, რომ თავს გაქცევით უშველეს.

რუსები ამ მოვლენას ვერ ხედავდნენ, თურქები კი ირწმუნებიან, რომ ყველა მათი ჯარისკაცი ხედავდა, მაგრამ უფროსობამ სიკვდილის შიშით აუკრძალა ამის გამხელა. ბევრმა თურქმა ხმამაღლა აღიარა ქრისტე და მოწამებრივი სიკვდილით დაამოწმა ჭეშმარიტება".

* წიგნში, "ბოლო დროის სასწაულები", ასეთი ამბავია მოთხრობილი: "ჩემი და, პრასკოვია, რესპუბლიკის დამსახურებული ექიმია, ფრონტზე ქირურგი იყო და ყოველდღიურად სიკვდილს უყურებდა თვალებში. ომის შემდეგ საავადმყოფოში მუშაობდა. საშინელი ათეისტი იყო და მორწმუნეებს ჩამორჩენილ ადამიანებად თვლიდა. უეცრად მოხდა მისი ფერისცვალება...

ხუთი წლის წინ მკერდზე ავთვისებიანი სიმსივნე მოჰკვეთეს. ექიმი იყო და ხვდებოდა, მეტასტაზები ორგანიზმში გაბნეულიყო. თვალსა და ხელს შუა დნებოდა. ერთხელ ესიზმრა: გამოეცხადა გრძელსამოსიანი მაღალი, წელგამართული დედაკაცი. ის ზურგით იდგა, ამიტომ მის სახეს ვერ არჩევდა. თავზე ბრწყინვალე შარავანდი ადგა და მზესავით ანათებდა ირგვლივეთს. უეცრად პრასკოვიას ჩაესმა:

- გინდა იცოცხლო? - შეევედრე ამას.

მიმოიხედა ირგვლივ. არავინ იყო.

- ვინ უნდა იყოს? - გაიფიქრა პრასკოვიამ. ცხადია, სიცოცხლე უნდოდა. ამიტომაც სთხოვა: - ნება მომეცი, კიდევ ვიცოცხლოო.

მაგრამ ქალს თითქოს არ ესმოდა. კვლავ გაისმა ახალგაზრდული ხმა: "სთხოვე". პრასკოვიამ თხოვნა გაიმეორა: - დედაკაცო, სიცოცხლის ნება მომეცი, ვაჟი ჯერ არ დამიყენებია ფეხზეო! ის კი დუმდა. ხმა არ ცხრებოდა: "სთხოვე, სთხოვე მას!"

გაღიზიანებულმა პრასკოვიამ უჩინარ ხმას უპასუხა: - როგორ უნდა ვთხოვო, ყურადღებასაც არ მაქცევსო. შენ კიდევ სთხოვე, ის ყოვლადმოწყალეაო, - ჩაესმა.

პრასკოვიამ განაგრძო ვედრება. ამ დროს გაისმა რბილი, ღუღუნა ხმა:

- შენ რომ ჩემი არ გჯერა?

- ახლა უკვე მჯერა, - ამოიოხრა პრასკოვიამ.

- მაშ, კარგი, გაძლევ ხუთი წლის სიცოცხლეს. შვილის საქმეები მოაწესრიგე და დარჩენილი მიწიერი ცხოვრება კეთილ საქმეებსა და სინანულში გაატარე. მე თქვენ ყველანი მეცოდებით. დადიხართ ჩემს მიწაზე, მადლით სუნთქავთ, ღვთის სამყოფელში კი ფეხს არ შეადგამთ ხოლმე. ტაძრებში არ დადიხართ, არ ლოცულობთ, ადამიანური დიდება უფრო ძვირფასია თქვენთვის, ვიდრე ღვთისმსახურება. მშვიდობიანად უნდა იცხოვროთ დედამიწაზე, ერები კი ამ დროს ერთმანეთს ებრძვიან. უფალმა მშვიდობა მოგიტანათ, თქვენ კი არ გესმით ეს...

ამ ამბავმა ყოფილი ათეისტი ღრმად მორწმუნე გახადა და დარჩენილი ხუთი წელი დიდ სინანულში გაატარა.
ბეჭდვა
1კ1