"თუ ვინმე შეშინდებოდა, მყისვე დაამშვიდებდა: - მაშ, გაბრიელ ბერი რისთვისა გყავთო?!"
"თუ ვინმე შეშინდებოდა, მყისვე დაამშვიდებდა: - მაშ, გაბრიელ ბერი რისთვისა გყავთო?!"
საქართველოში, ალბათ, აღარავინ დარჩა, გაბრიელ ბერის საფლავის კანდელის სასწაულებრივი ზეთის შესახებ არ სმენოდეს რამე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, თუ რა სიყვარული და სიმდაბლე ჰქონდა ამ კურნებათა აღმსრულებელ უდიდეს ადამიანს, რომლის ცხოვრებაც სასუფევლისაკენ მიმავალი ერთიანი გზა იყო.

სამთავროს სენაკში კუბო ედგა და ხშირად მასში მწოლიარე ქადაგებდა ხოლმე, ყველას აჩვევდა, რომ სხეულზე ზრუნვაზე აღმატებული სულზე ზრუნვა იყო. თუ ექიმი მიაკითხავდა, ეტყოდა ხოლმე, - მინდა, რომ ექიმებმა ჯერ საკუთარ თავს უშველოთო.

გაბრიელ ბერი მძიმედ იყო დასნეულებული, წყალმანკით დაავადებულს მუცლის არეში თორმეტი ოპერაცია ჰქონდა გადატანილი, ბოლოს წყლის ამოსაღებად წვრილი მილიც კი დაუტოვეს, ამას თან ერთვოდა კბილების ტკივილი, თიაქრის ჩაჭედვა და სხვა მრავალი სნეულება, რომლებსაც უხმოდ ითმენდა. ოპერაციებს ან სენაკში უკეთებდნენ, ან სენაკის წინ.

მრევლის დაჟინებული თხოვნით, გაბრიელმა მირიან მეფის კოშკის გვერდით მომცრო სენაკის მიშენების კურთხევა გასცა, იქ მეტი სინათლე და ჰაერი იყო. კარს გააღებინებდა და ხალხს უყურებდა, ადამიანების ცქერა გაუსაძლის ტკივილებს ათმენინებდა. მომსვლელს თუ წამსვლელს ცრემლიან თვალს გააყოლებდა და დალოცავდა ხოლმე. თუ დღე ისე გავიდოდა, რომ არავინ მივიდოდა, გულდაწყვეტით იტყოდა:

- დღეს ჩემთან არავინ მოვიდა, აღარავის ვჭირდები და ღმერთი აუცილებლად გამიყვანსო.

საკუთარ საფლავზე, როგორც უკვე არსებულზე, ისე ლაპარაკობდა და ანდერძად ტოვებდა: - ჯერ ჩემი მოძღვრის საფლავი უნდა გაიხსნას. Mმე როგორც დავასაფლავე, ისევე იქნება, გულზე სახარება ადევს. შემდეგ – ჩემი, მე უხრწნელი ვიქნებიო და წმინდა ნექტარიოსის ფოტოზე მიანიშნებდა ხოლმე, რომელზეც იგი უხრწნელად იყო წარმოჩენილი და სახით მამა გაბრიელს მიაგავდა.

დედა პარასკევა იხსენებდა: - გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ეკლის გვირგვინიანი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი მიართვეს... ხატს რომ შევხედე, თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ შემდეგ გაახილა. მამა გაბრიელს ვუთხარი, - როდესაც ღვთისმშობლის ხატი მობრძანდა, ნახევრად განიკურნე, ხოლო ამჯერად სრულად განიკურნები-მეთქი.

თავი გააქნია და თქვა: - მაცხოვრის ხატს ეკლის გვირგვინი რომ არ ჰქონოდა, მაშინ განვიკურნებოდი, ეს ეკლის გვირგვინიანი ხატია, მეც ვეწამები და ისე გარდავიცვლებიო.

ერთხელ ჰკითხეს: - მამაო, როგორ ახერხებთ ეშმაკთან ბრძოლასო?

- ორმოცდაათი წელიწადია, მაგას ვსწავლობ, შენ ახლავე გინდა, ისწავლოო? - ღიმილით უთხრა.

არავინ უწყის, რამდენი ადამიანის სულიერი თუ ხორციელი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გამოითხოვა უფლისგან, რამდენის განსაცდელი და ტკივილი იტვირთა თავისი მადლიანი ლოცვით. ალბათ, ქვემოთ მოტანილი არაერთი მაგალითი მხოლოდ ზღვაში წვეთია მის ხელთაგან აღსრულებული კურნებებისა.

***
ერთი მორწმუნე იგონებდა: - "ერთხელ სოფელში ჩასულთ მამიდამ გვკითხა, - შინ გარდაცვლილი დედათქვენის სამოსი ხომ არ გაქვთ, ერთმა ნაცნობმა სიზმრად შიშველი დედათქვენი ნახა, რომელიც თავის სამოსს ითხოვდა, მომეცით, რომ ახალგარდაცვლილს გავატანოთო.

როგორც გვჩვეოდა, მყისვე გაბრიელ ბერთან გავიქეცით და ყოველივე ვუამბეთ...

ჯერ დაფიქრებული გვისმენდა, შემდეგ არაადამიანური ხმით იღრიალა: - ო, სატანა! და ხელების ქნევა და ყვირილი იწყო. როგორც იქნა დაწყნარდა და გაგვაფრთხილა: - არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ, ყველაზე ძლიერი ჯადო მიცვალებულზე კეთდებაო.

გამოვბრუნდით და გვჯეროდა, რომ გაბრიელ ბერი კიდევ დიდხანს ილოცებდა ჩვენთვის".

სხვა კი იხსენებდა: - "ავად იშვიათად თუ გავხდებოდი, ვილოცებდი და, ღვთის წყალობით, თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი.

ერთხელ ისე ავად გავხდი, წელიწადი ვერ გავსწორდი წელში... რა აღარ ვილოცე, რა აღარ ვაკეთე, წმინდა ზეთები ვიცხე, პარაკლისებიც ვიტარე, მაგრამ ამაოდ... მერე მივედი მამა გაბრიელთან და შევჩივლე: - არაფერი მშველის და რა ვქნა, რა ცოდვის გამო მაქვს ეს სნეულება-მეთქი?

- ცოდვების გამო კი არა, უფალი შენს უძლურებას გიჩვენებს, რომ არაფერი შეგიძლია, მაგარი რომ გგონია შენი თავი, აბა, რა გეგონაო?!

მერე დამამშვიდა და მითხრა: - სამი პარაკლისი ჩაატარე, - ერთი ღვთისმშობლის, მეორე - წმინდა ნინოს, მესამე კი - წმინდა გიორგის სახელზე და გეშველებაო.

მართლაც მომხედა მისი კურთხევით უფალმა.

ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა შვილი და ექიმების აზრით, არც არასოდეს ეყოლებოდა, რჩევისთვის მამა გაბრიელთან მისულა. ამ უკანასკნელმა კი მკაცრად უთხრა:

- სანამ ჯვარს არ დაიწერთ, აქ არ მოხვიდეთო.

მართლაც, მომხდარა სასწაული და ჯვარი როგორც კი დაუწერიათ, შვილი მალევე შესძენიათ.

გაბრიელ ბერის მონათხრობიდან: - ქრისტეს სარწმუნოებას ვქადაგებდი, ქალ-ვაჟმა გვერდით რომ ჩამიარა, კამათობდნენ... გულმა მითხრა, - გაჰყევიო და მეც გავყევი... საქმე გაყრამდე იყო მისული... ვაჟს დავუძახე, - შენთან ცალკე მინდა საუბარი და შევხვდეთ-მეთქი, ქალს კი შევევედრე, - ცოტა ხანს დაიცადეთ, ჯერ ნუ გაიყრებით-მეთქი.

ამ ვაჟს ეკლესიაში შევხვდი და ვუთხარი: - ვიცი, ჯადო გაქვს გაკეთებული და ცოლქმრული მოვალეობის შესრულება არ შეგიძლია, თუ დამიჯერებ, გიშველი-მეთქი..."

მართლაც, დაუჯერებია ამ ვაჟსGგაბრიელ ბერისათვის, წყვილი შერიგებულა და ორი შვილიც შესძენია.

ისევ გაბრიელ ბერის მონათხრობიდან: - "ერთხელ მეზობელმა მთხოვა, - ჯადო მაქვს გაკეთებული და ეგებ მიშველო რამეო.

წამოვედი, ავიღე დიდი კურთხევანი, სახლი ვაკურთხე, შემდეგ, როგორც წესია, წავიკითხე ლოცვა "სახლსა შეგრძნებულისასა", გულმა მითხრა, - ჯადო აქ არისო, ამოვიტანე და შუა ეზოში დავწვი...

რამდენიმე დღეში გზად რატომღაც იმ ეზოში შევიარე, ყველა მოვიკითხე... რამ შემიყვანა ან რა მინდოდა, არ ვიცი...

წამოსასვლელად რომ მოვტრიალდი, ფეხი გამისხლტა და ბეჭებით ზუსტად იმ ადგილს გავეკარი, სადაც ჯადო დავწვი, ამასთან, ენაც ჩამივარდა...

მოგროვდნენ მეზობლები, ვერაფით ამაყენეს, მთელი ქუჩა შეიყარა, მე კი ისევ ისე ვწევარ, თითქოს მიწას ლურსმნით მიმაჭედესო... ამ დროს ნაცნობი მღვდელი მოვიდა და მაუწყა, - გულმა მითხრა, - გაბრიელთან წადიო... ნაკურთხი წყალი მასხურა, ჯვარი გადამსახა, წამომაყენა და მეც ავლაპარაკდიო..."

მართლაც, ვინ მოთვლის, რამდენი განუკურნავს ბოროტის პყრობილებისაგან. უამრავი ადამიანი ემადლიერებოდა გადარჩენისათვის, თავად კი გამუდმებით ქრისტეს მადლობდა და ადიდებდა... თუ ვინმე შეშინდებოდა, მყისვე დაამშვიდებდა, - მაშ, გაბრიელი რისთვისა გყავთო?

სამთავროს მონაზონს ფეხზე გველმა უკბინა, შეშინებულს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ტანზე ქვეწარმავალი ეხვეოდა და საშველად მაშინვე მამა გაბრიელს მიმართა... მძიმედ სნეული ბერი ლოგინად იყო, წამოიწია, მონაზონს ნაკბენ ფეხზე ჯვარი გადასახა, ნაკურთხი წყალი ასხურა და ურჩია:

- ნუ შეშინდები, წადი და ექიმს ეჩვენეო.

მონაზონი დამშვიდდა, მამა გაბრიელმა დედა პარასკევას სთხოვა, ისიც გაჰყოლოდა.

პოლიკლინიკაში ექიმები შეწუხდნენ, - შხამის საწინააღმდეგო შრატი არ გვაქვს, ჩამოჯექით, რომ დავაკვირდეთ, ფეხი გასივდება თუ არაო.

ცოტა ხანს მართლაც ისხდნენ, მაგრამ არავითარი ცვლილება არ მომხდარა, გახარებულები უკან დაბრუნდნენ და მხოლოდ გვიან დარწმუნდნენ, რომ მონაზონი სწორედ მამა გაბრიელის ლოცვამ გადაარჩინა სიკვდილს.

გაბრიელ ბერის ნაამბობიდან:

"ბოროტისაგან შეკრული დედისერთა ბიჭი ტყეში იყო გავარდნილი და შინ ძლივს მიჰყავდათ. დედამისმა მთხოვა, - მიშველეო. იმ დროს სემინარია სამთავროში იყო. იქიდან ერთი სტუდენტი წავიყვანე, ვუთხარი, - კვეთებულის მეშვიდე ლოცვას ვკითხულობ, მღვდელი გახდები, გამოგადგება, წამომყევი და მომეხმარე-მეთქი.

რომ მივედით, ვთხოვე, - შენ ზურგიდან დამიჭირე-მეთქი, კურთხევანი ავიღე, წავიკითხე და თვალთ დამიბნელდა, ვეღარაფერს ვარჩევდი, პირიდან ქაფი გადმომდიოდა, წავბარბაცდი, რადგან უკან უხილავი ძალა მაგდებდა, მაგრამ გონება არ დამიკარგავს... ცოტა ხანში, ღვთის მადლით, პირჯვარი გამოვისახე, ყველაფერი გადაიწმინდა, გამოვკეთდი და კითხვა დავიწყე... კიდევ ერთი ადამიანი გადაურჩა ბოროტის მახეს".

თუ რა უებარი ძალა ჰქონდა გაბრიელ ბერის ლოცვას, ქვემოთ მოყვანილი ამბავიც ცხადყოფს:

"ურთულესი ოპერაცია მიკეთდებოდა, ჩემი მდგომარეობა იმდენად უიმედო იყო, რომ ექიმებმა ხელწერილი დამაწერინეს, ვიხილე ჩემი ამქვეყნიდან გასვლა, მთელი არსებით უფალს ვიყავი მინდობილი... გაბრიელ ბერმა ისევ თავისით შეიტყო ყველაფერი, მონასტრიდან მორჩილი გამომიგზავნა და დამიბარა: - შენთვის მონასტერში სამდღიან მარხვას ვაყენებთ და სულ წირვა-ლოცვაში ვიქნებითო.

მისი წყალობით ოპერაციის დროსაც და შემდეგაც ბევრი სასწაული ვიხილე... ჩემი გადარჩენა ექიმებს ძალიან გაუკვირდათ, მამა გაბრიელმა კი შემომითვალა:

- აღსრულდა, ახალი ცხოვრება იწყებაო!

სარეცელს მიჯაჭვულნი გაბრიელ ბერს წერილობით ევედრებოდნენ, ლოცვით ეხსნა სულიერი და ფიზიკური სნეულებებისაგან. აქ მხოლოდ ერთ მათგანს მოვიხმობთ:

"ჩემო თბილო და ტკბილო მამა გაბრიელ!

...რომ იცოდეთ, როგორ მენატრებით, მამაო, ყოველდღე გიხსენიებთ მე, ცოდვილი, ლოცვებში, თქვენს სურათს ვესაუბრები და ამით დიდ ნუგეშს ვპოვებ. ნამდვილ ჯოჯოხეთურ ტკივილებს ვუძლებ, ღვთის მადლით. ათი დღეა, ფეხზე ვეღარ ვდგები, ძლიერმოქმედი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვარ. ძალიან მინდა თქვენთან საუბარი, მაგრამ ეს ფიზიკურად უკვე შეუძლებელია.

დიაგნოზი დიდი წამების შემდეგ, როგორც იქნა, დამისვეს, - ძვლის დაშლა და, პარალელურად, სისხლის დაავადებაც... ჩვენი მედიცინა უძლურია ამ დაავადების წინაშე...

მამაო, მაპატიეთ, ალბათ, თავი შეგაწყინეთ, მინდა, რაც, მაწუხებს, ყველაზე მთავარი გაგიზიაროთ.

არ ვიცი, თუ გახსოვთ, მე ხომ 1989 წლიდან ძალიან, ძალიან ავად ვარ, ორი ონკოლოგიური ოპერაცია, შემდეგ კი – კუდუსუნის ძვლის რეზექცია გადავიტანე. ხედავს უფალი, მამაო, არასოდეს სამდურავი არ წარმომითქვამს, მადლობა ყველაფრისათვის. ჩემს გარშემო კი ყველანი მირჩევენ, უარვყო ჩემი ტკბილი უფალი. ამ დროს მართალი იობი მახსენდება. ღმერთს ვევედრები, რომ ყველას შეუნდოს, მამაო. ერთი კვირაა, უფალს ვევედრები, ამ ქვეყნიდან მალე წამიყვანოს, არა იმიტომ, რომ ამდენი უძილობით და საშინელი ტკივილებით დავიღალე, ვეღარ ვუყურებ ჩემი ახლობლების ტანჯვას, ისინი ხომ ეკლესიურნი არ არიან და ამიტომ უჭირთ. გევედრებით, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, სულიერად ძალიან გამიჭირდა, ვეღარ ვუძლებ ამდენ გასაჭირს.

მომიკითხეთ დიდი სიყვარულით დედები და დები, სვეტიცხოვლის ბერები.

მიყვარხართ ძალიან, ძალიან, გეამბორებით სულიერი ამბორით, ჩემო საყვარელო მამა გაბრიელ!"

ბოლოს, მეც მინდა გულწრფელი და დიდი მადლობა ვუთხრა გაბრიელ ბერს ჩემი კურნებისა და სულიერი შეწევნისთვის, იმ თანადგომისათვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ.

გმადლობ მე უღირსი, მამაო!
ბეჭდვა
1კ1