"არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ დედა ღვთისა, ადამიანი სადაც დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა...
"არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ დედა ღვთისა, ადამიანი სადაც დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა...
ერთ სასულიერო პირს ქვეყანაში არსებული ქაოსის გამო უიმედობა დაუფლებოდა. გაბრიელ ბერთან რომ მისულა, ამ უკანასკნელს მკვახედ უთქვამს: "ეს როგორ გაიფიქრე?! განა ცისა და ქვეყნის დედოფალი თავის წილხვედრ ივერიას მიატოვებდა?" დარცხვენილ სასულიერო პირს მუხლმოყრილს უთხოვია შენდობა და უთქვამს: "სვეტიცხოვლიდან რომ გამოვდიოდი, ღვთისმშობელს დავუჩოქე და შევთხოვე, როგორ მიგიტოვებია საქართველო, ამ მიწაზე ერთი წმინდა ბერიც კი ვერ ვნახე-მეთქი". მამა გაბრიელს კი სიყვარულით დაუმოძღვრავს: "ძმაო, მე კი ნუ მთხოვ, წადი და შენდობა ღვთისმშობელს სთხოვეო" და გულში ჩაუკრავს.

დედა პარასკევას უკითხავს: "რა უცნაურია, შენთან მოსული ადამიანები სრულიად იცვლებიან, რატომ ხდება ასეო?" ბერს მიუგია: "უფალმა მომცა, შვილო, იმის უნარი, რაც ადამიანის გონებაში ცუდია, ის გამოვიტანო და რაც სასუფევლისთვის არის საჭირო, ის შევიტანო. როგორ შეიძლება, აქ მოსულს ვუთხრა, ესა და ეს დაგემართება ან ესა და ეს ვიცი შენს შესახებ? მე კი ვიცი ღვთისგან, ვის რა დაემართება, მაგრამ რომ ვუთხრა, იქნებ ვერ გაუძლოს და დაიღუპოს. მე შემიძლია, კაცს ვუთხრა: შვილო, განსაცდელი გელოდება. გავაფრთხილო, გავაძლიერო. იმის ძალაც მომცა ღმერთმა, რომ განსაცდელიდან გამოვიყვანო ადამიანი. რატომ არ შეიძლება, მორწმუნეს ღმერთმა წინასწარხედვის ნიჭი მიმადლოს? მაგრამ თქმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა? სიწმინდეში მყოფნი, როდესაც ცოდვილი აზრი მოუვიდოდათ, მყისვე შეებრძოლებოდნენ და განაგდებდნენ. პავლე მოციქული ოცდამეათე საფეხურზე იყო, მისი წმინდა გონება, ბრძოლა რომ მიემთხვეოდა, ბოროტ აზრებს ისხლეტდა და არ იღებდა; იოანე ღვთისმეტყველმა თავისი ღვაწლით მიაღწია, რომ ისინი ვერ ეკარებოდნენ; ღვთისმშობელს კი საერთოდ არ გაუვლია ცუდი აზრი".

მამა გაბრიელს განსაკუთრებული სიმდაბლისა და სიყვარულისთვის უფალმა დიდი მადლი უბოძა. თვალცრემლიანი იტყოდა ხოლმე: "ეს ჯვარი მე თქვენამდე სულ სისხლით ვატარე. ნეტავ, ცოტათი მაინც გამიგოთ, ნეტავ, ცოტათი მაინც გესმოდეთ ჩემი... ადამიანთა სიყვარულმა შიო მღვიმელი თორმეტმეტრიან ჭაში ჩაიყვანა და იქ მოღვაწეობდა თხუთმეტი წელიწადი. განა ეს ადვილი იქნებოდა?"

თურმე გული ძალზე სწყდებოდა, ქართველები სასწავლებლად ან სამუშაოდ უცხო ქვეყნებში რომ მიდიოდნენ და იტყოდა ხოლმე: "ეს განსაცდელი მათთვისაა დაშვებული, ისინი კი ამას გაურბიან. სამშობლოდან ქართველის გაქცევა ღვთისმშობელს ძალიან სწყინს. არ მიატოვოთ საქართველო, არ განგირისხდეთ დედა ღვთისმშობელი! ადამიანი სადაც დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა".

ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი გამორჩეულად უყვარდა და მის წინაშე საათობით იდგა ლოცვად. ხშირად ეკითხებოდნენ:

- მამა გაბრიელ, რატომ არ იქადაგა ღვთისმშობელმა საქართველოში, წილი რომ მოუვიდა?

- ის ხომ დედოფალია ცისა და ქვეყანისა და უფალს არ უნდოდა, მის დედას კარდაკარ ევლო.

- რატომ იღებს ბოროტი მაცხოვრის სახეს, ჯვარცმისა და ღვთისმშობლის სახეს კი ვერა?

- უფალმა თავი დაიმდაბლა და ჰნერწყვიდნენ, მაგრამ არავის მისცემს იმის ნებას, რომ მის დედას მიემსგავსოს.

"ერთხელ კუნკულ-ბარტყულით შევიმოსე, მანტია მოვისხი და სინაგოგაში წავედი. შესასვლელში მოსეს დიდი სურათი ეკიდა, ვემთხვიე და იქ მყოფთ მოეწონათ. მოსე დიდი წინასწარმეტყველი იყო, თავისი პატივი მივაგე. შევედი, სადაც თორას კითხულობდნენ. ცოტანი იყვნენ და გაოცებით მომაჩერდნენ. მე სახარების ქადაგება დავიწყე. ქრისტე რომ ვახსენე, თავიანთ უფროსს დაუძახეს. გამოვიდა, მაგრამ სიტყვა არ გამაწყვეტინა. თავის კაბინეტში მიმიწვია. ყურადღებითა და ინტერესით მისმენდა, რასაც ქრისტეზე ვქადაგებდი. ბოლოს დიდი მადლობა გადამიხადა და დავშორდით ერთმანეთს.

მეჩეთში შევედი. ისხდნენ და ჩაის მიირთმევდნენ. ასე შემოსილი რომ მიხილეს, ფეხზე წამოდგნენ, პატივით მიმიწვიეს. მეც მივედი, სიყვარულზე ვიქადაგე და ერთმანეთს ტკბილად დავშორდით.

ბაპტისტებთანაც ვიყავი, მაგრამ არ მიმიღეს, ჩემს დანახვაზე გაღიზიანდნენ, თავიანთ მინისტრს დაუძახეს და გამომაგდეს".

გაბრიელ ბერისთვის მრევლს ქართველი ერის აღორძინება-გამრავლებისთვის პარაკლისის გადახდა უთხოვია, მანაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე აღავლინა პარაკლისი წმინდა სამების სახელობის ტაძარში, რის შემდეგაც საშინელი გამოცხადება ჰქონდა:

"ორნი მოვიდნენ, ძველი მეომრებივით ეცვათ. ერთმანეთს ჩემზე მიუთითეს, - აი, ეს არისო. აქეთ-იქიდან ამომიდგნენ და სადღაც წამიყვანეს. ძლივს გავარჩიე, თეთრი შენობა იყო, ოღონდ ჯვარი არ ჰქონდა. სადღაც, ბნელ ოთახში შემიყვანეს, კარი მომიკეტეს და დამტოვეს. თვალი კარგად რომ შევაჩვიე, ქვის იატაკზე მოფენილი თითის სიგრძე, მკვდარი, გასისხლიანებული ბავშვები დავინახე, ჭერზე არსებული ხვრელიდან კი კვლავ დახოცილი ბავშვები ცვიოდნენ ისე, რომ ფეხი არსად დაიდგმებოდა. იქაურობა სისხლით იყო მოსვრილი. ფეხი რომ არაფრისთვის დამედგა, მივიწიე და ფეხის წვერებზე შევდექი. ამ დროს კარი გაიღო და ხმა გაისმა: "მობრძანდება! მობრძანდება!" მე გამიკვირდა: ვინ მობრძანდება? ალბათ, ამათი უფროსია, ვთხოვ და იქნებ გამიშვას-მეთქი. ისევ ის ორნი შემოვიდნენ, ისინი, ვინც აქ მომიყვანა, შესასვლელსა და გასასვლელში ჩადგნენ და აღარ მიშვებდნენ. კედელს ავეკარი. ავიხედე და დავინახე - ანგელოზებითა და წმინდანებით გარშემორტყმული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მობრძანდა. თეთრი სამოსელი ეცვა. მაშინვე ვიცანი. "აი, ეს არის, გამრავლებას რომ ითხოვდაო", - და იმ ორმა ჩემზე მიუთითა. ღვთისმშობელმა მკაცრად შემომხედა, იატაკზე სისხლით მოსვრილ ბავშვებზე მიმითითა და მითხრა: "ამისთვის მეხვეწები? ასე გამრავლდება საქართველო?!" გატრიალდა და წავიდა. იმ ორმა წამომიყვანა და ჩემს კელიაში დამაბრუნა".

ეს ჩვენება მამა გაბრიელმა მეორე დღესვე მოუთხრო მათ, ვინც პარაკლისს ესწრებოდა, შემდეგ კი ყველა ქალს, დიდსა თუ პატარას, შესთხოვდა და ევედრებოდა: "დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ, საქართველო დაღუპვას გადაარჩინეთო!.."

მღვდლობიდან და ზიარებიდან განყენებული მამა გაბრიელი ერთხელ სიონის კიბეზე იჯდა და მათხოვრობდა (ამ ფულს გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებდა, თავისთვის კი მხოლოდ სულის მოსათქმელ პურის ფულს იტოვებდა ხოლმე). წირვის შემდეგ პატრიარქი (ეფრემ მეორე) ამოვიდა და ამ ყოფაში რომ იხილა, სული ტკივილმა და სიყვარულმა აღუვსო.

სვეტიცხოვლობა რომ მოახლოვდა, მცხეთას ფეხით წავიდა: "ყოველივე უფალს მივანდე. იმ საღამოს სვეტიცხოველში დავრჩი და მოვილოცე. სვეტიცხოვლობა რომ თენდებოდა, ჩვენება ვნახე - ავფრინდი და პირდაპირ სვეტიცხოვლის საკურთხეველში ჩავფრინდი. ვხედავ, კათოლიკოსი იქ არის და მღვდლები გარს ახვევია, წირვა უნდა დაიწყოს და ემზადებიან. ამ დროს ღვთისმშობელი და მაცხოვარი მობრძანდნენ და კათოლიკოსი შეაჩერეს. მხოლოდ ამისგან შევიწირავთ მსხვერპლსო და ჩემზე მიანიშნეს. მივხვდი, მაცხოვარმა და ღვთისმშობელმა ნუგეში მომცეს. სვეტიცხოვლობას ნამდვილად მაზიარებენ-მეთქი, გავიფიქრე.

დილით, სანამ წირვა დაიწყებოდა, მითხრეს, კათოლიკოსი გეძახისო. მივედი. კათოლიკოსმა შეშინებულმა შემომხედა, ეტყობოდა, მასაც ჰქონდა გამოცხადება, მაგრამ მე ხომ არ მეტყოდა. მკითხა, ზიარებისთვის მზად ხარო? მერე მღვდელს დაუძახა, გაბრიელი შემოსეთ, საკურთხეველში შემოვიდეს და სწიროსო. მთელ ხალხს სიხარულის ცრემლი მოსდიოდა...

ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, თითქოს მე ვინმე ვიყო, არამედ იმიტომ, რომ კარგად დაიმახსოვროთ: რაც არ უნდა მოხდეს, ღვთის იმედი არასოდეს დაკარგოთ".

ბერი არავის შეიწყნარებდა, თუ ის წმინდა სამოციქულო ეკლესიასა და მის პატრიარქს უპატიოდ შეეხებოდა. ამბობდა: განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია, ვინც პატრიარქს განუდგება, სექტაა! ვინც პატრიარქს ფიზიკურად უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლასო.
ბეჭდვა
1კ1