წმინდა ღირსმოწამე აღათანგელოზი ესთიგმენელი (+1819) - 19 აპრილი (2 მაისი)
წმინდა ღირსმოწამე აღათანგელოზი ესთიგმენელი (+1819)  - 19 აპრილი (2 მაისი)
საკუთარი გოლგოთისკენ
დაცემა. წმინდა მოწამე აღათანგელოზი წარმოშობით თრაკიის ქალაქ ენოსიდან იყო. მისი მშობლები - კონსტანტინე და კრისტალია მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ და ოთხი შვილიც ამ რწმენით გაზარდეს. წმინდა აღათანგელოზს ნათლობისას ათანასე დაარქვეს.

მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახის სარჩენად ათანასე იძულებული გახდა, ერთ მღვდელმსახურთან, ვინმე ანასტასისთან ემსახურა. ერთხელაც ორივე ერთ თურქულ გემზე მოეწყვნენ სამუშაოდ. როცა ვადა გაუვიდათ, ანასტასიმ გემის კაპიტანთან ანგარიში გაასწორა და ხომალდიდან ჩავიდა. ათანასე კი გემის კაპიტანმა, თურქმა მეჰმედმა, მუქარით გემზე დატოვა. გავიდა მცირე ხანი. ათანასე კარგი და პატიოსანი მუშაკი აღმოჩნდა და უფროსმაც მისი გამუსლიმანება და შვილად აყვანა გადაწყვიტა, მაგრამ განზრახვის განხორციელება რამდენიმე წლის შემდეგღა მოახერხა. ერთხელ ისინი კონსტანტინოპოლიდან სმირნაში (დღევანდელი სტამბოლი და იზმირი) მიცურავდნენ. მგზავრთა შორის სმირნელი ყადიც იყო, რომელიც განაცვიფრა ათანასეს მორჩილებამ და მეჰმედს ურჩია, ბიჭი გაემაჰმადიანებინა, თუნდაც ძალდატანებით. ყადის "რჩევა" ალაჰის ნათქვამად მიიღო მეჰმედმა. ერთხელ, შუაღამისას, მეჰმედმა ბიჭს ქალაქის მეორე ნაწილში გაყოლა მოსთხოვა. გასცდნენ ქალაქს. ამ დროს მეჰმედმა იძრო ხანჯალი, ათანასე ჯერ მსუბუქად დაჭრა და მერე ყელზე მიაბჯინა მახვილი - ცოცხალს არ გაგიშვებ, თუ მუსლიმანობას არ მიიღებო. შეშინებულმა ათანასემ გადაწყვიტა, სიტყვით დასთანხმებოდა, მერე დრო ეხელთა და გაქცეულიყო. მისი თანხმობით აღფრთოვანებული მეჰმედი წავიდა ქალაქის ყადისთან და ახალი ამბავი შეატყობინა. ყადიმ გაიხარა და ათანასეს ქრისტიანული რწმენის უარყოფა მოსთხოვა. აქაც "სიტყვით აღიარა" ალაჰი. მაგრამ ამას ვინ დაუჯერებდა? ათანასე წინადაცვითეს.

ათონზე. მცირე ხნის შემდეგ განდგომილი ავად გახდა. ამ დროს გაახსენდა თავისი ცოდვა, შეეშინდა სიკვდილისა. მაგრამ სახიერ ღმერთს ცოდვილის სიკვდილი არ უნდა, არამედ მოქცევა და სინანული. შეეწია ათანასესაც და ავადმყოფობისგან განკურნა. ცოტა ხანში ის გამოექცა თავის ბატონს, გლახაკის სამოსელი ჩაიცვა და ათონის მთას მიაღწია. მოიარა იქაური სავანეები, ბევრ მოძღვარს მოუყვა თავისი ცოდვები, საბოლოოდ, ესთიგმენუს მონასტერში დასახლდა და მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა. იღუმენმა ექვთიმემ ის გამოცდილ მოძღვარს, იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ღვთისმეტყველს მღვდელმონაზონ გერმანეს (+1851) ჩააბარა. ათანასეს სატრაპეზოში ძმების მომსახურება დაავალეს და ისიც გულმოდგინებით ასრულებდა ამ საქმეს.

გავიდა დრო. მარხვით და ლოცვით, მღვიძარებით, მუხლთადრეკით, დიდი სინანულით ცდილობდა სულიერ წყლულთა აღხოცას. მაგრამ მისთვის ესეც არ იყო საკმარისი: სურვილი გაუჩნდა, მუსლიმანთა წინაშე ქრისტიანობა ეღიარებინა და მოწამეობით გამოესყიდა ღვთის ღალატის ცოდვა. ეშმაკმა დაინახა მისი განწყობა და ათასნაირი ფიქრით და ოცნებით ცდილობდა ათანასეს რწმენის შერყევას. ერთხელ ათანასემ სიზმარი ნახა, ვითომ ნაცნობ ყავახანაში ზის. ყავახანის უფროსი მისგან ზიზღით პირს იბრუნებს. გაოცებული მეგობარს ეკითხება, - ასე რატომ იქცევა, რა დავუშავეო? მაშინ ყავახანის უფროსი მოუბრუნდა და უთხრა: "ჩემო მეგობარო, ეს რა დაგემართა! მიკვირს შენი საქციელი, კეთილ ბატონს გაექეცი და ბოროტ ბერებთან დასახლდი. შენი სიკეთისთვის ვზრუნავდით, შენ კი მადლობის მაგივრად ჩვენს დაუძინებელ მტრებთან დასახლდი?" - თქვა და ატირდა, ატირდა ათანასე, ატირდნენ სხვებიც. ამ დროს შუაღამიანის ზარი ჩამოკრეს და გაეღვიძა. ხედავს ათანასე, რომ თვალები ცრემლით აქვს სავსე. ძალზე გაუკვირდა, კელიიდან გამოვიდა და დაინახა, ვიღაც უცნობი ზღვის პირას ზის და წყალში კენჭებს ისვრის. ნეტავ რატომ ზის ეს კაცი მონასტრის გარეთ ამ შუაღამისასო, - გაიფიქრა. ამ დროს ის უცნობი მიუახლოვდა და მუქარით უთხრა: - სწორედ შენ მინდიხარ. გგონია, ჩემგან სულმთლად განთავისუფლდი და მეც თავი დაგანებე? მანამდე არ მოგეშვები, ვიდრე საბოლოოდ არ განგგმირავო და ათანასეს ქვა ესროლა კიდევ კარგი, ასცდა და კედელს მოხვდა. აი, თურმე რას ნიშნავდა მისი სიზმარი და მოყვარული მეგობრები. სასწრაფოდ შებრუნდა კელიაში, დაემხო წმინდა ხატების წინ და მაცხოვარს და ყოვლადწმინდა დედას დაცვა სთხოვა. დიდი ხნის გულმოდგინე ლოცვის შემდეგ ათანასემ გულში სიმშვიდე და მყუდროება იგრძნო.

ერთხელ თვალი საშინლად სტკიოდა ათანასეს, ლოცვაზე იდგა, მაგრამ ტკივილს ვერ გაუძლო და კელიაში წავიდა. თან თავს განიკითხავდა: ვაი მე, უბედურს! თუ ამ უმნიშვნელო ტკივილის დათმენა არ შემიძლია, მაშინ რაღას ვიზამ, როცა ჩემს სხეულს დაჭრიან და ცეცხლით დაწვავენ? განა მოწამეობის სატანჯველს გავუძლებო. დიდხანს ილოცა ღვთისმშობლის ხატის წინაშე და გაძლიერება სთხოვა. ძილღვიძილში მასთან ერთი, ქალბატონი მივიდა და ალერსიანად ჰკითხა, "რაზე დამწუხრებულხარ, შვილო?" "როგორ არ ვიდადრო, ქალბატონო, - უპასუხა ათანასემ, - გული შემემუსრება უფლისადმი ჩემი ღალატის გამო, თუმცა კი მსურს, აღვხოცო ის ჩემი დაღვრილი სისხლით, მაგრამ მეშინია, სულმოკლეობამ არ მძლიოსო". "წარვედ და გაბედე, შვილო, - უთხრა ზეციურმა ხელისაღმპყრობელმა, - შენ მიიღებ სასურველ მოწამეობას. წადი სმირნაში იმის დასამტკიცებლად, რაც ადრიანოპოლისში მოხდა, რადგან მოსმენილის არ სჯერათ, თუ როგორ ეწამნენ ცოტა ხნის წინ წმინდა მარტვილნი. წადი გადაუდებლად, რადგან სწორედ ახლაა ჟამი!"

გაეღვიძა ათანასეს, გული სიხარულით ჰქონდა ავსებული. კეთილმოკრძალებით იმ ადგილს ეამბორა, სადაც ღვთისმშობელი იხილა. დილით კი ნანახი მამა გერმანეს მოუყვა. მან ურჩია, ეშმაკმა არ გაცდუნოსო, ხოლო იღუმენს მაინც უთხრა ხილვის შესახებ. მან კი საჭიროდ ჩათვალა, ყველაფერი კონსტანტინოპოლის პატრიარქ გრიგოლ V-ისთვის ეცნობებინა, რომელიც ამ დროს, თურქთაგან გამოდევნილი, ივერონის მონასტერში ცხოვრობდა. გერმანე მივიდა პატრიარქთან. კურთხევის შემდეგ პატრიარქმა უამბო, თუ როგორ გმირულად ეწამნენ ქრისტიანები ადრიანოპოლისში, ისე რომ თვით ჯალათებიც კი განაცვიფრეს. მამა გერმანემ პატრიარქს უთხრა: - რაც თქვენ მომიყევით, ათონზე გაცილებით ადრე იყო ცნობილიო. რას ამბობ, - გაოცდა პატრიარქი, - ეს შეუძლებელია, ახლახან მივიღე ამ ამბების ამსახველი წერილიო. მამა გერმანემ მოუთხრო, თუ რა ხილვის ღირსი შეიქმნა მორჩილი ათანასე. პატრიარქმა ადიდა ღმერთი და ბრძანა: ჭეშმარიტია ეს ხილვა, და მასში ნანახი ქალბატონი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია. წადი მშვიდობით და ათანასეს გადაეცი, რომ წმინდა დიდმარხვა სავანეში გაატაროს, მოემზადოს მოწამეობისთვის, მერე კი წავიდეს და ქრისტეს მტრების წინაშე მისი წმინდა სახელი აღიაროსო.

განმზადება სულისა. დადგა დიდმარხვა თუ არა, მამა გერმანემ მორჩილი ნათლისმცემლის სკიტში წაიყვანა მამა ნიკიფორესთან, რომელსაც მანამდე ოთხი ბერი მოემზადებინა მოწამებრივი ღვაწლისთვის, მათი წმინდა ნაწილები კი თავის კელიაში დაებრძანებინა. ათანასე დიდი თრთოლით ეამბორა ღირს მოწამეთა ნაწილებს და უფრო მეტად აენთო ქრისტესთვის მოწამეობის სურვილით. მამა ნიკიფორეს კელიაში დიდხანს არ გაჩერებულან და ისევ თავიანთ სავანეში დაბრუნდნენ, სადაც მამა გერმანემ ათანასეს მყუდრო კელია მოუძებნა, ზომიერი მარხვა დაუნიშნა და ლოცვის კანონი მისცა. მოძღვარი ხშირად ნახულობდა ახალგაზრდა მორჩილს, მოწყინებაში რომ არ ჩავარდნილიყო, თანაც გამოსაცდელად სატანჯველთა სიმძაფრეზე მოუთხრობდა. მაგრამ ათანასე მყარად იდგა და მოწამეობისთვის კურთხევას ითხოვდა. მოძღვარი დარწმუნებული არ იყო მის სიმტკიცეში და უარს ეუბნებოდა. ატირდა დამწუხრებული ათანასე, ახლა უკვე წერილად მისწერა თხოვნა მოძღვარს: "მამაო წმინდაო! ჩემს სხეულს შენს განკარგულებაში ვტოვებ, ოღონდ აღდგომის დღესასწაულამდე. უქენი, რაც გინდა, მაგრამ აღდგომის შემდეგ თუ არ გამიშვებ საწამებლად, იცოდე, დავტოვებ მთაწმინდას, წავალ ენოსში, სადაც დედაჩემისგან მოვითხოვ კურთხევას და ისე წავალ მოწამეობისთვის".

KARIBCHEმამა გერმანემ ეს წერილი იღუმენს წაუკითხა და, საერთო შეთანხმებით, ათანასე უფრო მკაცრი ცხოვრებით გამოსცადეს, ჩაამწყვდიეს კოშკში და პურისა და წყლის გარდა არაფერს აძლევდნენ. ეშმაკები ეცხადებოდნენ ათანასეს და აშინებდნენ, ხან მოწყინების ფიქრებს მოჰგვრიდნენ. სამი ღამის შემდეგ მოძღვარმა ისევ ძმებთან ერთად ცხოვრება ურჩია, მაგრამ ათანასემ იუარა, მანამდე არ გამოვალ კოშკიდან, სანამ სულიერ მტერს არ ვძლევ ღვთის შეწევნითო.

გავიდა დიდმარხვის სამი კვირა. მეოთხე კვირას, შუა მარხვაში, იღუმენმა მას ანგელოზის სქემა შემოსა და აღათანგელოზი უწოდა. ათანასეს სახეც კი შეეცვალა, ღვთაებრივი ნათლით უბრწყინავდა. გულში მშვიდობა, სიხარული და იესო ქრისტესადმი სიყვარული უფეთქავდა. კოშკში ძველი რკინის ჯაჭვი იპოვა და სხეულზე შემოიკრა. ტანზე მოქსოვილი ტომარა ჩამოიცვა სამოსის ნაცლად. დღე-ღამეში სამი ათას მეტანიას ასრულებდა, კითხულობდა წმინდა სახარებას და ლოცულობდა. თავისუფალ დროს წმინდა მოწამეთა მარტვილობის წიგნების კითხვა უყვარდა და უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ევედრებოდა მოძღვარს, მალე გამგზავნე ქრისტესთვის სისხლის დასაღვრელადო. იღუმენმა მონასტრის ძმობას ლოცვა უბრძანა, რათა გაერკვიათ, იყო თუ არა ღვთის ნება, აღათანგელოზი მარტვილობისთვის გაეგზავნათ. დიდი ხნის ლოცვის შემდეგ დასასვენებლად ჩამომჯდარ იღუმენს მიეძინა და სიზმარი ნახა. თითქოს ის გერმანესა და აღათანგელოზთან ერთად სადღაც მიემგზვარებოდა. გზად ერთი ღვთისმოშიში მამა შემოხვდათ, რომელიც წმინდა ნიკოლოზს ჰგავდა. "ამათგან რომელს უნდა მოწამეობა?" - ჰკითხა მან იღუმენს. ამ ახალგაზრდასო, - იღუმენმა მიუთითა აღათანგელოზზე, რომელიც მიუახლოვდა ღირს მამას და ხელზე ეამბორა. წმინდა მამამ უთხრა: - კარგი საქმე მოგისურვებია, შვილო! ისწრაფე, აღისრულო სურვილი, ღმერთი კი შეგეწევა და გაგაძლიერებს, საბოლოოდ კი დიდების გვირგვინს დაიდგამო. დილით იღუმენმა მოუთხრო ძმებს თავისი ხილვა და ამის შემდეგ უკვე აღათანგელოზის გასამხნევებლად დაიწყეს მზადება.

საკუთარი გოლგოთისკენ.
მოწამეობის სურვილით ანთებულ აღათანგელოზს ერთხელ მოეჩვენა, თითქოს კოშკიდან სმირნისკენ გაფრინდა. მიხვდა, რომ ღვთის ნება იყო, სმირნაში წამებულიყო. მოძღვრებს უკვე აღარ უყოყმანიათ. ღვთის განგებულებით ესთიგმენუს ნავსადგურში ქიოსიდან სმირნისკენ მიმავალი გემი შემოვიდა, რომელიც მეორე დღეს უნდა გამგზავრებულიყო. მეორე დღეს კი აღდგომა დგებოდა. იღუმენის თხოვნით, გემის კაპიტანმა ერთი დღით გადადო გამგზავრება. აღათანგელოზი დიდი სქემით შემოსეს და მამა გერმანესთან ერთად სმირნისკენ მიმავალ გემზე დასვეს.

სმირნას რომ მიუახლოვდნენ, ახალგამოღვიძებული აღათანგელოზი ატირდა. გაუკვირდა მოძღვარს მისი უეცარი ცვლილება. მოეფერა და სევდის მიზეზი ჰკითხა: "ამის მიზეზი ის არის, რომ ღირსმოწამე ექვთიმე წარმომიდგა. მომეხვია, მეამბორა და მითხრა, - დრო მოვიდაო. ესე იგი, უფალმა ღირსმყო მოწამებრივი აღსასრულისა. მაგრამ ერთი ფიქრი მაწუხებს: ამდენი ცოდვის პატრონი საზვერეებს როგორ გავივლიო?

- შვილო, შენი ხილვა ჭეშმარიტია, ფიქრები კი ეშმაკისგანაა, რომელსაც უნდა, სასო წარიკვეთო. იცოდე, ჰაერის მცველებს (ანუ ეშმაკებს) არათუ არ შეუძლიათ მოწამებრივად აღსრულებული სულის დაკავება, არამედ მასთან მიახლოებასაც ვერ ბედავენო, - დაამშვიდა აღათანგელოზი. გადავიდნენ ნაპირზე და ნაცნობი ქრისტიანის, კონსტანტინეს სახლში დაბინავდნენ.

მეორე დღეს აღათანგელოზმა გაიხადა ბერული სამოსი, ჩაიცვა თურქული ტანსაცმელი, ილოცა და ყადის მიადგა - კაპიტან მეჰმედზე საჩივარი მაქვს და გამოიძახეთო. როცა მეჰმედი მოიყვანეს, აღათანგელოზმა ყადის განუცხადა: - როცა ამ ბატონს დავუდექი მსახურად, მაშინ ქრისტიანი ვიყავი, მაგრამ ამან მაიძულა და მუსლიმანობა მიმაღებინა. ახლა კი ჩემი მაცხოვრის, იესო ქრისტეს წყალობით კვლავ მთელი გულით მწამს იგი და ვაღიარებ მას ჭეშმარიტ ღმერთად, - ეს თქვა, უბიდან ჯვარი ამოაძვრინა, მაღლა ასწია და თქვა, - ესაა ყველა ქრისტიანის უძლეველი იარაღი, მასზე გაეკრა ჩვენი უფალი იესო ქრისტე. მისი მორწმუნენი ზეციურ სასუფეველს დაიმკვიდრებენ, ხოლო ურწმუნონი - საუკუნო სატანჯველსო. აღათანგელოზს ჯვარი გამოჰგლიჯეს და კვლავ მუსლიმანურ რწმენაზე დაბრუნება მოსთხოვეს. მაგრამ წმინდა მოწამემ ჯიბიდან აღდგომის ხატი ამოიღო და შესძახა: - იმგვარ ჯვარზე, თქვენ რომ წამართვით, გაკრული იყო თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აღდგომის ეს ხატი კი გვიჩვენებს, რომ ისევე, როგორც თვითონ აღსდგა მკვდრეთით, ასევე ყოველ მიცვალებულს აღადგენსო.

აღდგომის ხატიც გამოჰგლიჯეს ხელიდან. ჯერ ტკბილი ენით სცადეს მისი გადაბირება, მაგრამ ქრისტეს მოწამე პასუხობდა: - მე ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტეს ვაღიარებ. მისი სიყვარულით ვიწვი და მზად ვარ, სულიც კი დავდო მისი სიყვარულისთვის. დაემუქრნენ. "მაგით მაინც ვერ შემაშინებთ, - უთხრა აღათანგელოზმა, - სიხარულით ველი ჩემი საყვარელი იესო ქრისტესთვის მოწამეობას, რომ განვიწმინდო მის წინაშე. ამიტომაც მოვედი თქვენთან და უშიშრად ვაღიარებ მის სახელს".

ამის შემდეგ დაიწყეს წმინდანის ტანჯვა, ცემა, შეურაცხყოფა. წმინდა აღათანგელოზი კი უშიშრად დაითმენდა, ბაგეზე ღიმილი უკიაფებდა. გაბრაზებულმა წერილი მისწერა ვინმე ათანასეს, რომელიც მის განთავისუფლებას ცდილობდა და აუკრძალა ამის გაკეთება. სმირნელი ქრისტიანები ღვთის ტაძრებში ლოცვებს აღავლენდნენ აღათანგელოზის გასაძლიერებლად. საპყრობილეში კი მოყვანილი ჰყავდათ ჯადოქრები, რომლებიც მის მოთვინიერებას ცდილობდნენ. მაგრამ ვერანაირმა ჯადომ ვერ იმოქმედა ქრისტეს მოწამეზე.

აღათანგელოზს სამსჯავროზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. წმინდანმა მუხლი მოიდრიკა და ლოცვა დაიწყო. "რაღას აყოვნებ ნაბრძანების აღსრულებას?" - მიმართა ჯალათს. მანაც მოიქნია მახვილი და თავი მოჰკვეთა. ეს მოხდა 1819 წლის 9 აპრილს, მაშინ წმინდა ღვთისმოწამე 19 წლის გახლდათ.

წმინდა ნაწილები. იცოდნენ ქრისტიანთა სიყვარული მოწამეთა წმინდა ნაწილების მიმართ, რომ, ვითარცა სიწმინდეს, ჩვრებით მოწმენდნენ მიწაზე დაღვრილ სისხლს. ამიტომ მაჰმადიანებმა მღებავებს მოწამის სისხლის მორეცხვა უბრძანეს. მღებავებს შორის ერთი ქრისტიანი იყო. როცა მოწამეს თავი მოჰკვეთეს, ქრისტიანმა ისე მოახერხა, რომ დაიხარა, თავსაბურავი მოსძვრა და წმინდა აღათანგელოზის თავზე დაეცა. ქსოვილი წმინდანის სისხლით გაიჟღინთა. იქვე მდგომმა ქრისტიანებმა ეს ქსოვილი ხელიდან გამოსტაცეს და სიწმინდე დაინაწილეს. მოწამეობის შემდეგ წმინდა აღათანგელოზის სხეული სამი დღე ღია ცის ქვეშ იყო და დარაჯობდნენ. წმინდანის თავმოკვეთილი სხეული მჯდომარე გახლდათ. სამი საათის განმავლობაში სამჯერ ადგა და დაეცა. ამბობენ, წმინდანის სხეული კეთილსურნელებას ავრცელებდა და ამან უფრო შეაშფოთა ქრისტეს ეკლესიის მტრები, რადგან ეშინოდათ, უფრო დიდი სასწაული არ მომხდარიყო. ამიტომ სხეულის ზღვაში ჩაგდება გადაწყვიტეს. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო. კაპიტნებმა გემები ზღვაში შეაცურეს, ეს საქმე რომ არ ჩაედინათ. უფრო დიდი შფოთი რომ არ ამტყდარიყო, მუსლიმანებმა ქრისტიანებს წმინდა აღათანგელოზის სხეული მიჰყიდეს. სმირნელმა ქრისტიანებმა მოწამის სხეული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, წმინდა დიმის სარკოფაგში დაკრძალეს.

წმინდანის სისხლით დასველებული ტანსაცმელი და თითი ზემოხსენებულმა ათანასემ შეიძინა. სამოსი მამა გერმანეს აჩუქა, თითი კი დაიტოვა. ქიოსში, შინ მისულ ათანასეს შვილი მომაკვდავი დახვდა. მან მოწამის თითი და სისხლიანი ტანსაცმლის ნაწილი დაადო გულზე და ვაჟი მაშინვე განიკურნა. მამა გერმანემ კი ათონისკენ გასწია. დიდი პატივით შეხვდნენ ათონელები ღირსმოწამის სისხლით გაჟღენთილ ქსოვილს. ყველა ერთად ადიდებდა ღმერთს.

ხუთი წლის განმავლობაში წმინდანის სხეული წმინდა დიმის სარკოფაგში იდო, შემდეგ გახსნეს და წმინდა ნაწილნი საგანგებო კიდობანში ჩაასვენეს.

1844 წელს ესთიგმენუს მონასტრის იღუმენმა და ძმებმა სმირნელ ეპისკოპოსს წმინდანის სიწმინდეთა გადაცემა სთხოვეს. მათაც დიდი სიყვარულით გადასცეს წმინდანის თავი, მარჯვენა ხელი და ფეხი. ეს სიწმინდეები ათონზე გადააბრძანეს, დანარჩენი წმინდა ნაწილნი კი დიდი მოკრძალებით წმინდა გიორგის ტაძარში დაასვენეს.

ასეთი გახლდათ ცხოვრება და მოღვაწეობა წმინდა ღირსმოწამე აღათანგელოზისა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1