ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზის ხატი, თან ყვიროდა: აბა, იბრუნე და იცეკვე ჩემთან ერთადო
ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზის ხატი, თან ყვიროდა: აბა, იბრუნე და იცეკვე ჩემთან ერთადო
* 1308 წელს ივერთა მონასტერი სასტიკად დაარბიეს სპარსელებმა, რომლებიც ათონის მთას 15 ხომალდით მიადგნენ. ბერებმა კარიბჭის ხატის გატანაღა მოასწრეს. მტერმა მონასტრის მთელი ქონება ერთ გემზე დატვირთა, მერე კი მთავარი ტაძრის გუმბათის ჩამონგრევა მოინდომა. სვეტებს თოკები გამოაბეს და ეწეოდნენ, მაგრამ ტაძარს ვერაფერი დააკლეს. ბერები ღვთისმშობელს ევედრებოდნენ დახმარებას. ღმერთმა ისმინა მათი ვედრება. მონასტრის საუნჯით დატვირთულმა გემებმა დაძვრაც ვერ მოასწრეს, რომ სასტიკი ქარიშხალი ამოვარდა და მთელი ფლოტი ზღვაში ჩაძირა. გადარჩა მხოლოდ ის ხომალდი, რომელზეც სპარსთა მეთაური იმყოფებოდა. მან ეს უბედურება ღვთის სამართლიან რისხვად აღიარა, ნაძარცვი მონასტერს დაუბრუნა და შეძრწუნებული გაიქცა.

* დიმიტრი ბაქრაძე გვიყვება: მოლა ალის თანხლებით გავწიე ეკლესიის დასათვალიერებლად (საუბარია სხალთის ტაძარზე). ეკლესიის გარედან დათვალიერებას რომ მოვრჩი, შიგნით შევედი და როცა მოლა ალი დამჭირდა, რომელიც გალავნის გარეთ იდგა, დავუძახე. ის კი, იმის ნაცვლად, შიგნით შესულიყო, კისრის ტეხით გაიქცა... როცა ვკითხე, ეკლესიაში რატომ არ შემოხვედი-მეთქი, მიპასუხა, მე კი არა, აჭარაში ვერც ერთი მოლა ვერ გაბედავს სხალთის ეკლესიაში შესვლასო, და ერთი ამბავი მომიყვა. სხვებმაც დაუკრეს კვერი. თურმე ათი წლის წინათ სხალთის ეკლესია მეჩეთად გადააკეთეს. ზევიდან ჩამოვარდნილმა ქვამ ჯერ ერთი მოლა მოკლა, რამდენიმე ხნის მერმე მეორე, ბოლოს, მესამე. ამიტომ მიატოვეს ეკლესიაო.

* ეს ამბავი გასულ საუკუნეში მოხდა ათონის მთაზე. სიმონ-პეტრას მონსტერში ცხოვრობდნენ ალბანელი მუშები, რომლებიც ხეტყის დამზადებაზე მუშაობდნენ. ერთი მათგანი გარდაიცვალა. სამი წლის შემდეგ, ათონური წესისამებრ, გათხარეს საფლავი. ერისკაცის სხეული უხრწნელი დარჩნილიყო, თვით ტანსაცმელიც კი შემორჩენოდა. მიცვალებულის სახე შავი და ბოროტი იყო. ეტყობოდა, რაღაც ცოდვის გამო ისჯებოდა. იღუმენმა იეჭვა, - ალბათ თანამოძმეებთან იჩხუბაო. ამიტომაც ბრძანა სამუშაოს შემდეგ ყველა ალბანელი მოსულიყო და მიცვალებულისთვის მიეტევებინა. როცა ერთი მათგანი მივიდა, იმის მაგივრად, შეწყალებოდა გარდაცვლილი, გამძვინვარდა და აყვირდა: "ასეც მოგიხდება! ახლა ხომ გაიგებ, რომ არსებობს ღმერთი და სამართალი". მამებმა სინანულისკენ მოუწოდეს. ის კი გაიძახოდა: "არა, არ ვაპატიებ, იმიტომ, რომ არ დამიბრუნა ჩემგან ნასესხები ერთი ტომარა ფქვილიო". იღუმენმა უთხრა: მონასტერი დაგიბრუნებს მის ვალს და აპატიეო. ალბანელი დათანხმდა. მისცეს მუშას ფქვილი. ის კი მივიდა გარდაცვლილთან და უთხრა: - ღმერთმა გაპატიოსო. იმავე წამს იქ მყოფთა თვალწინ გარდაცვლილის სხეული ფერფლად იქცა.

* სოფ. კინოთში (შორაპნის მაზრა) ერთ საბატონო გლეხს, ოსაძეს ბიცოლა დაესვა ხასად. ვერავითარი გავლენა ვერ იქონია მეძავებზე სოფლის მღვდელმა. მოახსენეს ეს ამბავი წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელს (ქიქოძე) და ფრიად შეწუხდა. წამოვიდა ამ სოფელში, შეჰყარა პოლიცია, სამღვდელოება, მრევლი ორი-სამი ეკლესიისა, წამოაყენა ქალი და კაცი წინ და დაუპირისპირა ხალხს. მთელი თავისი ოქროპირობა დახარჯა მათ სამხილებლად და ვერ გატეხა ცოდვილნი! მღვდელმთავარი ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან, სული აუშფოთდა ამ უტიფრობით, გულქვაობით და ბოლოს ესღა გააკეთა: მოიყვანა ამდენი ხალხი და დაავალა, მეძავებისთვის მიეფურთხებინა, რაც შეასრულეს კიდეც.

* თანამედროვე ბერი მამა იოსებ ვათოპედელი მოგვითხრობს: ერთხელ მამა თეოფილაქტემ ერთი უჩვეულო ამბავი მომითხრო: ვინმე ღვთისმოშიშ მამას სურდა, მისი მოწაფისთვის მღვდლად დაესხათ ხელი. ეს მოწაფე უმწიკვლო ცხოვრებით გამოირჩეოდა, ჩანდა, ღვთის შიში ჰქონდა და მასზე მადლი განისვენებდა. მამამ სულიერი შვილი ერთ ღირს მოძღვართან გაგზავნა, რომ ქიროტონიისთვის საჭირო მოწმობა მიეცა. მოისმინა მორჩილის აღსარება და ღირსმა მამამ ვერაფერი ნახა მასში ისეთი, მღვდლად ხელდასხმის საწინააღმდეგო რომ ყოფილიყო. მაგრამ მოწმობაზე ხელის მოწერისას ხელი ვეღარ გაანძრია, რამაც ძალიან გააკვირვა. უთხრა მორჩილს: "ჩემო შვილო, წადი შენს მამასთან, ხვალ მოხვალ, ცოტაც ილოცე, რომ ღმერთმა განგვინათლოს გონებაო". მორჩილი ცალკე ლოცულობდა და მოძღვარი ცალკე და ხელის გაქვავების მიზეზის შეტყობინებას ითხოვდა. მეორე დღეს მორჩილი მოვიდა, მაგრამ მოძღვარმა ისევ ვერ შეძლო ხელის მოწერა. მაშინ სთხოვა, გაეხსენებინა ადრეული ყრმობის წლებიდან, თუ რამ ჩაედინა. უეცრად ახალგაზრდას გაახსენდა ერთი შემთხვევა: ხუთი წლისა სახტუნელათი თამაშობდა. სახტუნელაში გაიხლართა ფეხმძიმე ქალი, წაიქცა და მუცელი მოსწყდა. მაშინღა მიხვდა მოძღვარი, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა ღვთის მადლი მოწმობაზე ხელის მოწერას. მუცლის მოშლა მკვლელობას უთანაბრდება, ხოლო მკვლელი ბერი მღვდელი ვერ გახდება. "მამა თეოფილაქტეს გარდა სხვისგანაც მოვისმინე ეს ამბავი. ამიტომ ფხიზლად უნდა იყოს, ვისაც ამგვარი პასუხისმგებლობა ეკისრება", - ბრძანებს მამა იოსები.

* თბილისში მამა ვიტალის საფლავზე მინდოდა წასვლა, - მოგვითხრობს ტაგანროგელი ნატალია, მისი სულიერი შვილი, - წასვლამდე ცოტა ხნით ადრე მესიზმრა, თითქოს ვმკითხაობდი, მერე კი განრისხებული მამა ვიტალი ვიხილე. მითხრა: ამის მერე როგორ შეგიძლია თქვა, რომ ჩემი შვილი ხარო.

ერთი კვირის შემდეგ სტუმრად ვიყავი. მასპინძელმა ყავის ჭიქაში ჩახედვა შემომთავაზა. დავთანხმდი. მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა თბილისში წასვლას. მეორე დღეს კი ხელი მოვიტეხე - ორი თვე არტახებში მქონდა ჩასმული. მამა ვიტალის ლოცვით, აი, ამგვარად მომიყვანა გონს უფალმა.

* წმინდა იაკობ ევბეელი ჰყვებოდა: ვინმე მწყემსი წმინდა ნიკოლოზ გალატელის მონასტრის ცხვრებს თავის ცხვრებთან ერთად მწყემსავდა, ქირად კი მატყლსა და ყველს იღებდა. მერე ისე გათავხედდა, რომ ცხვრები მიითვისა. ვერ გაჭრა მამების შეგონებამ, მაშინ იღუმენი კვირა დღეს, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, შემოსილი გამოვიდა, აიღო საცეცხლური, წმინდა ნიკოლოზის ხატი, გავიდა მონასტრიდან და ერთ მთაზე ავიდა, საიდანაც ჩანდა იმ მწყემსის სოფელი. თიბათვე იდგა. ყველა ნაკვეთში იყო გასული. იღუმენმა პარაკლისი აღავლინა, წმინდა ნიკოლოზის ხატს სოფელი "დაანახა" და თქვა: წმინდაო ნიკოლოზ, თუ სასწაულთმოქმედი ხარ, როგორიც ხარ სინამდვილეში, დასაჯე ის კაცი, რომელიც უსამართლოდ მოექცა მონასტერს, რამეთუ ჩვენ ამ ცხვრებით თავის გატანას ვაპირებდითო. უეცრად მოწმენდილ ცაზე იელვა, იქუხა, მეხი დაეცა იმ მწყემსის სახლს და მთელი ოჯახი და მეურნეობა ამობუგა.

KARIBCHE* წმინდა სერაფიმე ვირიცელის შვილმა ალექსანდრემ მოძღვრის კურთხევით ე.წ. სასტუმრო სახლი ააშენა, სადაც ღირსი მამის სტუმრები აფარებდნენ თავს. ალექსანდრემ მცირე მეურნეობაც მოაწყო, ძროხა შეიძინა, თივის მოსატანად მანქანა გამოიწერა, ისიც - ძლივძლივობით და თანაც კვირა დღისთვის. მივიდა წმინდა სერაფიმესთან კურთხევის ასაღებად. ვიდრე ჰკითხავდა, წმინდა მამამ უთხრა: - ალექსანდრე, ექვს დღეში გააკეთე შენი საქმე, მეშვიდე დღე კი უფლისა არისო. დაბრუნდა უკან და ეს ცოლს უთხრა. ეტყობა, კარგად ვერ აუხსენიო, - უთხრა ქალმა. მაგრამ მეორედაც და მესამედაც მამა სერაფიმესგან იგივე პასუხი მოისმინა. ქალმა ქმარი მაინც დაითანხმა და მოძღვრის კურთხევის მიუხედავად, კვირა დღეს თივის მოსატანად გაუშვა. როცა მანქანა დატვირთეს, ალექსანდრე თივაზე დაჯდა. მძღოლმა უნებურად დაამუხრუჭა, ალექსანდრე გადმოვარდა და ხერხემალი სამ ადგილას გადაიტეხა. ქალმა მოძღვარს შეატყობინა ეს უბედურება. მან კი უთხრა: გავიგე, მისი ხერხემლის ტკაცანი. შევევედროთ ღვთისმშობელს და ღირს სერაფიმე საროველს, ალექსანდრე წამოდგება და ივლისო. მართლაც, წმინდა მამის ლოცვით რამდენიმე თვის შემდეგ ალექსანდრე ფეხზე დადგა.

* მამა გაბრიელი (ზირინიანოვი) მორჩილებისას მონასტრის ტბორზე მსახურებდა. ერთხელ უცხო კაცებმა მონასტრის ბადე სთხოვეს. უარი უთხრა. მეორე დღეს, დილით, გაბრიელის ქოხში ბზას ცეცხლი წაეკიდა, მორჩილმა მხოლოდ ღვთისმშობლის ხატის გამოტანა მოასწრო. უეცრად ქარბორბალა მოვარდა, ცეცხლმოდებული ბულული მეზობელ სოფელში წაიღო და ერთ სახლს მოედო. მისი პატრონი კი ის კაცი იყო, გუშინ რომ ბადე ითხოვა. კაცი ტიროდა და გაიძახოდა: ჩემი ცოდვა უკან დამიბრუნდაო.

* სერგი ნილუსს მოუთხრო ვიაზემელმა ბერმა: "ნიკოლოზობას ჩვენი მაზრის ერთ სოფელში მშობლებთან ჩამოვიდა ქალაქში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა. მთვრალი იყო. მივიდა სამლოცველო კუთხესთან. ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზის ხატი, თან ყვიროდა: აბა, იბრუნე და იცეკვე ჩემთან ერთადო. შეშინებული მშობლები ეცნენ, მაგრამ ვეღარ შეაჩერეს, უგუნური ცეკვავდა და ცეკვავდა. გავიდა ერთი საათი, ორი, სამი და ის კიდევ ტრიალებდა. ეტყობოდა, გონზე არ იყო და რაღაც უხილავი ძალა ატრიალებდა. მიხვდნენ, რომ ეს ღვთის სასჯელი იყო. გაიქცნენ მოძღვართან. სანამ მღვდელი მოვიდოდა, მთელი სოფელი შეიკრიბა და უცქერდა ამ საშინელებას. მხოლოდ დიდი ხნისა და გულითადი ლოცვის შემდეგ შეწყდა ეს როკვა, კაცი მკვდარივით დაენარცხა იატაკზე. მეორე დღეს საავადმყოფოში წაიყვანეს. ამ ამბის შემდეგ სოფელში სიმშვიდემ დაისადგურა, თორემ ხალხი რაღას არ სჩადიოდა! ის კი არა, როცა საავდრო ღრუბელს დაინახავდნენ, ცისკენ მუშტებს იშვერდნენ და ბილწი სიტყვებით მკრეხელობდნენ".

* მამა სერგი მთაწმინდელი (ვესნინი) მოგვითხრობს: თურქების ბატონობის პირველ წლებში (XIX საუკუნის 20-იანი წლები) ერთმა აქაურმა აღამ (რომელსაც ათონი ჰქონდა ჩაბარებული) ათონის ცხოვრება ცრუმორწმუნეობად შერაცხა და საძოვრად თავისი ცხვრები მორეკა. მისი ცდა, წინ აღდგომოდა მთაწმინდის ტრადიციას (მდედრობითი სქესის სულიერი არავინ ცხოვრობს აქ), თავისთავად განქარდა. ცხვრები გაიფანტნენ ათონის ფერდობებზე. მეორე დღეს აღა მოუთმენლად ელოდა, როდის შემოუტანდნენ რძეს. მწყემსი ხელცარიელი მოვიდა - ცხვრებს ცურში რძე არ ჩაუდგათო. "ამდენი ცხვრიდან ერთიც ვერ მოწველეთ, - განრისხდა აღა, - იტყუები, არამზადავ!" "შემიწყალე, ეფენდი, - იძახდა მწყემსი, - თუ გინდა, შეამოწმე და ნახავ, რომ არ ვტყუი. დილას თქვენი ბრწყინვალებისთვის რძე მინდოდა მომერთმია, მაგრამ ყველას გატიკნილი ცურიდან რძის მაგიერ სისხლი მოსდისო. შიშით გული ლამის გამისკდეს. რა ვქნა, არ ვიცი". აღამ მაინც არ დაუჯერა, გავიდა და საძოვარზე გაშვებული ცხვარი შეამოწმა. მწყემსი მართალი აღმოჩნდა.

* ქოლერის დროს (XIXს.), როცა ათენის შემოგარენში კარანტინი დაწესდა, ქარიშხალმა ათონზე, დიონისეს მონასტერთან ერის ხალხით სავსე ნავი მიაგდო ნაპირს. ისინი ცდილობდნენ, ნავი წყლიდან ამოეწიათ და ნავსაყუდელში მოეცადათ გამოდარებამდე, მაგრამ ეპიდემიის მიზეზით იღუმენის კურთხევის გარეშე ნაპირზე არ გადაუშვეს და ურჩიეს, დაფნაში, კარანტინის ზონისკენ გაეცურათ. ნავში მსხდომებმა აუხსნეს, ქარიშხლისა და სიბნელის გამო წასვლა შეუძლებელიაო, მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს და ნავი წყალში შეაგდეს. ძლივს მიცურდნენ მეზობელ მონასტერთან.

ზოგიერთმა ძმამ უკმაყოფილება გამოთქვა იღუმენის საქციელის გამო და წმინდა ილარიონთან (ყანჩაველი) წავიდა მომხდარის საამბობლად. ბერმა დაამშვიდა ძმები - იღუმენს ღმერთი ორგვარად დასჯის მისსავე სასარგებლოდ: ისეთი სენი შეეყრება, სამი დღე ძროხასავით იბღავლებს. რაკიღა ამ საქმეში სხვა ძმებიც მონაწილეობდნენ, ისინიც დაისჯებიანო. იღუმენს ყელი ასტკივდა ბღავილის გამო. მისი გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენიმე ძმა ნავით თევზის საჭერად გაემართა, თან მონასტრის ყველა ბადე წაიღეს. წყნარი დღე იდგა, მაგრამ მალე უეცრად ისეთი ქარი ამოვარდა, ყველანი ნავში ჩაწვნენ და არაქათგამოცლილნი ეყარნენ. დამსხვრეული ნავი ნაპირზე გამოირიყა, ყველა ბადე დაიკარგა. თვით მებადურნი ძლივს გადარჩნენ. მეორე ნავი, რომელიც მათ საშველად გაემართა, ქარმა გადააბრუნა და ჩაიძირა.

* ეს ამბები მაშინ მოხდა, როცა ბერძნები ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ კაპადოკიაში.

წმინდა არსენ კაპადოკიელი თავის მედავითნე პროდრომოსთან ერთად მთელ მხარეს მოივლიდა ხოლმე და განამხნევებდა ქრისტიანებს. სოფელ სინასოსში თურქებმა მას ქრისტიანებთან ურთიერთობა აუკრძალეს. მამა არსენი გაჩუმდა, მერე კი პროდრომოსს უთხრა: წავიდეთ აქედან და მალევე ნახავ, თურქები შეგვევედრებიან დაბრუნებასო. ნახევარი საათი იარეს, გასცდნენ სოფელს. ღირსი მამა მუხლებზე დაეშვა და ხელები ზეცად აღაპყრო. ლოცულობდა. უეცრად მოწმენდილი ცა ღრუბლებით დაიფარა და სოფელ სინასოსს საშინელი დელგმა დაატყდა თავს. თურქები მაშინვე მიხვდნენ შეცდომას და ორი მხედარი დაადევნეს მამა არსენს. დაეწივნენ თუ არა თურქები, ცხენებიდან ჩამოხტნენ და ღირს მამას შენდობა სთხოვეს. წინდა არსენმა აპატია მათ. მიბრუნდა სინასოსისკენ, სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა. წვიმა მაშინვე შეწყდა.

ერთხელ ვინმე თურქი შეიპარა ეკლესიაში და არა მარტო საეკლესიო ჭურჭელი მოიპარა, სახარებიდან და სხვა წიგნებიდან ძვირფასი მოჭედილობა მოაძრო, ხოლო წიგნები იატაკზე დაყარა. ბერძნებმა ხელი იარაღს წამოავლეს და იმ თურქს დაუწყეს ძებნა. მამა არსენმა ხალხს მშვიდად უთხრა: ნუ წუხხართ, ქურდი ფეხების თრევით თვითონვე მოვაო. რამდენიმე დღის შემდეგ თურქი ახლობლებმა მოუყვანეს წმინდა არსენს - ლოცვა წაუკითხეო. თურმე ქურდობის შემდეგ ეშმაკეული გამხდარა და ფეხები წართმევია. ეკლესიას თურქის მიერ მოპარული ჭურჭელი დაუბრუნეს. მაგრამ მამა არსენმა ქურდი მაშინვე არ განკურნა თურქების ჭკუის სასწავლებლად, უფრო მეტი კრძალვით რომ ყოფილიყვნენ ეკლესიის მიმართ. მართლაც, ამ ამბავმა თურქები ძალზე შეაშინა. 1924 წელს, როცა საბერძნეთმა და თურქეთმა მოსახლეობა გაცვალეს, ბერძნები კაპადოკიას ტოვებდნენ. ქურდი თურქის სოფელთან გაიარეს. წმინდა არსენმა მოაყვანინა თავისთან ქურდი, გახსნის ლოცვა წაუკითხა და განკურნა სიწმინდეთმკრეხელობისგან, ეშმაკეულობისა და პარალიზებისგან.
ბეჭდვა
1კ1