მამა პაისი ათონელი: მართლმადიდებლურად ფიქრი ადვილია, მართლმადიდებლურად ცხოვრებისთვის კი ღვაწლია საჭირო
მამა პაისი ათონელი: მართლმადიდებლურად ფიქრი ადვილია, მართლმადიდებლურად ცხოვრებისთვის კი ღვაწლია საჭირო
რაც დღეს ვართ, ხვალ აღარ ვიქნებით
- მამაო, ერში სულიერად მცხოვრებმა ადამიანებმა ურწმუნოთ მარხულობა თუ უნდა აჩვენონ?

- ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვები: ოთხშაბათი და პარასკევი, მრავალდღიანი მარხვები - უნდა აღიარონ, რადგან ეს რწმენის აღსარება იქნება. მაგრამ მარხვები, რომელთაც ქრისტეს სიყვარულისთვის მოღვაწეობისას ვინახავთ, ანდა გვინდა, რომ მისით ღმერთმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს, დაფარული უნდა იყოს.

ჩვენი მიზანია, მართლმადიდებლურად ვიცხოვროთ და არა მხოლოდ მართლმადიდებლურად ვისაუბროთ და ვწეროთ. როცა მქადაგებელს პირადი გამოცდილება არ აქვს, მისი ქადაგება გულამდე ვერ აღწევს.

- მაშინ რა ხდება, როცა მსმენელი ან მკითხველი კეთილადაა განწყობილი?

- მაშინ ის საღმრთო მადლს ფლობს და სიკეთეს ამიტომაც იღებენ. მაგრამ თუ კაცი კეთილგანწყობილი არ არის და მქადაგებლის ნათქვამს განჩხრეკს, მისგან ვერანაირ სიკეთეს ვერ მიიღებს. მართლმადიდებლურად ფიქრი ადვილია, მაგრამ მართლმადიდებლურად რომ იცხოვრო, უნდა იღვაწო.

ერთხელ ერთმა ღვთისმეტყველმა თავისი ქადაგებით ადამიანებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა, რადგან ამის საჭიროება იყო. მის ქადაგებას მისდიეს, თვითონ კი სისხლის წვეთიც არ გაუღია. ხალხი ამან დააბრკოლა. ღვთისმეტყველმა თავი იმართლა: "ჩემი ქადაგებით ხალხს სისხლის ჩაბარების სურვილი გავუჩინე, ეს იგივეა, ყველაზე მეტი სისხლი გამეღოო." რა თქმა უნდა, აჯობებდა, არ ექადაგა, წასულიყო და უხმაუროდ თვითონვე ჩაებარებინა სისხლი!

თუ ადამიანი სწორად ცხოვრობს, მასზე მისი საქმეები მეტყველებენ. ერთი პროტესტანტი ყველას განიკითხავდა: მეუფეებს, მღვდლებს. მახლობელ მონასტერში ერთი ბერი მოღვაწეობდა. ათეისტმა პროტესტანტს ჰკითხა: - ყველა ეპისკოპოსს და მღვდელს რომ განიკითხავ, ამ მონაზონზე რას იტყვიო. მას პატივს ვცემ, რადგან სხვებს არ ჰგავსო.

მორწმუნე ხალხს ეხმარება ყველგან, სადაც არ უნდა იყოს. ჩემი ერთი ნაცნობი სერბეთის საზღვარზე მსახურობდა, მეორე მხარეს სერბი კომუნისტები იდგნენ. როცა საზღვარზე მღვდლები გადადიოდნენ, ეს პოლიციელი მათ ხელზე ეამბორებოდა. კომუნისტებმა ეს შეამჩნიეს და - ბერძენი პოლიციელი სერბ მღვდლებს ხელებს უკოცნისო. ამან მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სარწმუნოებაზე დააფიქრა.

მით უმეტეს, როგორ ეხმარება სხვებს კაცი, რომელსაც საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია და მაინც ქრისტიანული პრინციპების ერთგული რჩება! როცა ათონზე "დიდი" კაცები მოდიან, ვცდილობ, ვნახო ისინი და დავეხმარო, რომ მერე თავიანთი მაგალითით სხვებზეც კეთილად იმოქმედონ. ამის მაგალითია ჩემი ნაცნობი მარშალი. ყველაფერს გულით აკეთებს. სხვები უყურებენ, ჩაფიქრდებიან და უკეთესნი ხდებიან.

იყო დრო, როცა დიდგვაროვნებიც მორწმუნენი იყვნენ. ერთი ცნობილი ქალბატონი და მისი მეუღლე სადილად იყვნენ მიპატიჟებულნი. მიძინების მარხვა იდგა. სუფრაზე ხორცი და თევზი შემოიტანეს. ქალბატონი მარხულობდა და, რა თქმა უნდა, კერძებისთვის პირი არ დაუკარებია. დეპუტატმა უთხრა: - უძლურები და მოგზაურები მარხვას არ ინახავენო. რა თქმა უნდა, - უპასუხა ქალმა, - განსაკუთრებით ისინი, ვინც ოთხთვალათი მოგზაურობენო. ასე რომ, სახსნილო საჭმელს არც შეხებია. სადილზე ერთი ღვთისმსახურიც იყო, რომელიც ნამეტანი ეპირფერებოდა დიდკაცებს - ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ყოფნაო... ამ ქალბატონის ქმარმა სიტყვა შეაწყვეტინა: "ნუ ესავთ მთავართა ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრება" (ფსალმ. 145,3). სხვა დროს ამავე ქალბატონმა უნივერსიტეტის ერთ პროფესორს უთხრა: - წვრილმანებს ნუ გამოედევნებით და მღვდლებს გამოცდებზე ნუ ჩაჭრით. ეცადეთ, ჩააბარონ გამოცდები, რადგან ეპარქიებს მღვდლები არ ჰყოფნისო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადრე დიდებული ქალბატონები წუხდნენ ეკლესიაზე, ხალხისთვის კი მაგალითნი იყვნენ.

დღეს ადამიანებზე დადებით გავლენას მოახდენს ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ქრისტიანი სხვებისგან თავგანწირვით, სულიერი სიმამაცით და კეთილშობილებით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომაც ვეუბნები ერისკაცებს: "გიყვარდეთ ქრისტე, იყავით თავმდაბალნი, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა და ქრისტეც თქვენს სათნოებებს კაცთა წინაშე გამოაცხადებს". სათნოებას "წესად" აქვს, ადრე თუ გვიან "გასცეს" ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც იმალებოდეს ან თავს ქრისტესთვის სულელად აჩვენებდეს...


სწორი დამოკიდებულება საეკლესიო პრობლემებისადმი
- მამაო, როცა ეკლესიაში რთული პრობლემები წამოიჭრება, სწორი დამოკიდებულება მათდამი რანაირად უნდა გვქონდეს?

- უკიდურესობებს უნდა გავექცეთ. ყოველი უკიდურესობა მტკივნეულად სერავს ადამიანთა გულებს. ორი ასეთი ადამიანი ერთმანეთს დაჭამს, რადგან საღმრთო მადლს არიან მოკლებულნი და მაშინ, ღმერთო გვიშველე - ამას დასასრული აღარ ექნება. ხოლო ისინი, ვისაც მათი მოდრეკა ძალუძს, რომ ისინი შეერთდნენ, თანამოაზრენი გახდნენ და შერიგდნენ, ქრისტესგან უხილავი გვირგვინით შეიმკობიან.

ყურადღებით უნდა ვიყოთ, ეკლესიაში პრობლემები არ შევქმნათ და არ გავაღვივოთ მცირეოდენი ადამიანური სისუსტე, რომ ამით მეტი ბოროტება არ ჩავიდინოთ და მავნეს სიხარულის საბაბი არ მივცეთ. ის, ვინც მცირეოდენ უწესრიგობას დაინახავს, ძალზე აღშფოთდება და განრისხებული გაქანდება მის გამოსასწორებლად, იმ უგუნურ მნათეს ჰგავს, რომელიც თვალს მოჰკრავს, სანთელი წვეთავსო და მის გასასწორებლად გავარდება. გზად გადათელავს მლოცველებს, გადააბრუნებს სანთლებს და ღვთისმსახურებისას უწესრიგობას გამოიწვევს. სამწუხაროდ, ჩვენს დროში დედაეკლესიას მრავალი აშფოთებს: ერთნი განათლებულნი, რომლებიც დოგმატებს გონებით ჩაებღაუჭნენ და არა წმინდა მამათა სულით, მეორენი - უწიგნურნი, რომლებიც ასევე დოგმატებს ჩაეჭიდნენ, ოღონდ კბილებით. ამიტომაც აღრჭენენ კბილებს რაიმე საეკლესიო პრობლემებთან შეხებისას და ეკლესიას მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე მტრები. კარგია, მდინარე თუ ძალზე სწრაფი არ იქნება, რადგან ჩქარ დინებას ყველაფერი თან მიაქვს: ხეები, ქვები, ადამიანები. ასევე კარგია, თუ მდინარე წყალმარჩხი არ იქნება, რომ კოღოებით სავსე ჭაობს არ დაემსგავსოს.

ზოგიერთი საერთო სიკეთისთვის, ურთიერთკრიტიკისთვის კი არ ზრუნავს და საკუთარ თავს კი არ უყურებს, არამედ სხვებს მისჩერებია. მაგალითად, ელოდება, რას იტყვის ან დაწერს მისი ოპონენტი, რომ მერე მას უსასტიკესი დარტყმა მიაყენოს. მას იგივე რომ ეთქვა, რაც ოპონენტმა თქვა ან დაეწერა, წმინდა წერილის და მამათა ნაწერების უფრო მეტი ციტატით გაამყარებდა. ასეთი ადამიანი დიდ ბოროტებას სჩადის, რადგან ჯერ ერთი, ეს უსამართლო დამოკიდებულებაა მოყვასის მიმართ, მეორე, ამცირებს მას მორწმუნეთა თვალში. და კიდევ, ასეთი ადამიანი ხშირად სუსტებს აცდუნებს და მათში ურწმუნოებას თესავს. ზოგიერთი ამართლებს თავის ბოროტებას, ამხილებს სხვებს და არა საკუთარ თავს, სპეკულირებს სახარებისეული სიტყვებით: "უთხარ კრებულსა" (მათე 18,17) და შინასაეკლესიო პრობლემებს საქვეყნოდ გამოფენს, ყველგან იმას გაჰყვირის, რისი თქმაც იქ არ შეიძლება და წესი არაა. დაე, ამ ადამიანებმა თავიანთი პატარა ეკლესიის - ოჯახისა თუ მონაზვნური საძმოს ნაკლის გამოფენით დაიწყონ, თუ ეს მოეწონებათ, მაშინ დედაეკლესიაც განიკითხონ. კარგი შვილი დედას არასოდეს არაფერს დააბრალებს.

ეკლესიას სხვადასხვანაირი ადამიანი სჭირდება მსახურებისთვის: რბილი ხასიათისაც და მკაცრი ზნისაც, ისევე, როგორც ადამიანის სხეულს სჭირდება სხვადასხვანაირი საჭმელი, ტკბილიც, მჟავეც, ბაბუაწვერას მწარე ფოთლებიც კი. თითოეული საჭმელი ხომ თავისებურია შემადგენლობით და ვიტამინებით. ასევე ეკლესიის სხეულისთვის აუცილებელია ყველანაირი ყაიდის ადამიანი. თითოეული ჩვენგანი მოვალეა, მოყვასის არა მარტო სულიერი ხასიათი დაითმინოს, არამედ მისი კაცებრივი სისუსტეებიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგს უგუნური პრეტენზიები აქვს სხვების მიმართ. სურთ, რომ ყველა მათნაირი სულიერი ზნისა იყოს და თუ განსხვავდება, ასკვნიან, არასულიერიაო.


"იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე" (ებრაელთა მიმართ 13,8).
- მამაო, ხშირად მოგვისმენია ეკლესიის განახლებაზე საუბარი. თითქოს ეკლესიაც ბერდება და განახლება სჭირდება.

- ბერდება? სულაც არა! ადამიანები, რომელთაც მოკრძალება არა აქვთ, მაგრამ ცოტათი მაინც აზროვნებენ, არ კმაყოფილდებიან ახალი, თანამედროვე ნახელავით და სიძველეებს ეძებენ. მაგალითად, ახალდაწერილი ხატები არ აღელვებთ, ძველებს უფრო აფასებენ. თუ ასე იქცევიან ცოტათი გონიერნი, რაღა ითქმის ღვთისმოშიშებზე! ამ მაგალითიდანვე ჩანს, რამდენად მცდარია ეკლესიის განახლებასა და სხვა ამგვარ საგნებზე საუბარი.

თუ დღეს კაცი იმარხავს გარდამოცემას - მარხულობს, დღესასწაულებზე არ მუშაობს, არის მოკრძალებული, ზოგიერთი მასზე იტყვის: - მთვარიდან ხომ არ ჩამოვარდნილა, ეგ ყველაფერი წარსულის გადმონაშთიაო. თუ შეეცდები შედავებას - ვერ ხედავ, რა დროში ცხოვრობ? ყველაფერი ეს მოძველდაო! თანდათანობით გარდამოცემას ზღაპრად თვლიან. მაგრამ რას ამბობს წმინდა წერილი: "იესო ქრისტე გუშინ და დღეს და თავადი არს უკუნისამდე". თუ კაცი გარდამოცემას არ იმარხავს, ის მაინც თქვას: "შეგცოდე, ღმერთო ჩემო!" მაშინ ღმერთი შეიწყალებს. მაგრამ დღეს თუ კაცს რაიმე სულიერი სისუსტე სჭირს, ცდილობს, მოყვასსაც გადასდოს, რადგან თუ მოყვასს მისნაირი სისუსტე არა აქვს, მაშინ ცოდვილს ეს ამხილებს. ადექი და ეშმაკეული სულიერ გარემოში ჩასვი, ეკლებზე იჯდება, ადგილს ვერ იპოვის, რადგან სულიერი გარემო ააფორიაქებს. ასევეა ცოდვებში ჩაფლული ადამიანი, სხვების პატიოსნება ამხილებს, სიმშვიდეს ურღვევს. საკუთარ სინდისს ყელში ეცემიან მოსახრჩობად და ამიტომაც ლაპარაკობენ ეგრეთ წოდებულ გადმონაშთებზე. საუკუნო ფასეულობებს ჟამგარდასულად რაცხავენ და მათი უხამსობით შეცვლა სურთ. სოფელი იხრწნება. ამა სოფლის ადამიანებს სულიერი სილამაზე ერისკაცული უსახსრობის სახით წარმოუდგენიათ, ხოლო სულიერ სილამაზეს სიმახინჯედ თვლიან. ნებისმიერი ბერი გაკრიჭე! ხომ ულამაზო გახდება? მაგრამ ამ ულამაზობას ამა სოფლის მკვიდრნი მშვენიერებად ჩათვლიან.

დღეს ებრძვიან ეკლესიას, ებრძვიან დასანგრევად. ვთქვათ, ეს ადამიანები ურწმუნონი არიან, სხვებსაც ასწავლიან უღმერთობას. როგორ შეუძლიათ არ აღიარონ ის სიკეთე, რაც ეკლესიას ადამიანებისთვის მოაქვს, რომ ასე კადნიერდებიან მის წინააღმდეგ გალაშქრებისას? ამაში ძევს დიდი ბოროტება. მაგალითად, როგორ შეუძლიათ არ აღიარონ ის ზრუნვა, რომელსაც ეკლესია ბავშვების აღზრდისთვის ეწევა, ეხმარება მათ, კარგი ადამიანები გახდნენ და არა ხულიგნები? სამაგიეროდ, თვითონვე უბიძგებენ ბავშვებს ცუდისკენ. ხელს უხსნიან მათ, ვინც ბავშვებს ხრწნის. რას ასწავლის ეკლესია ნორჩებს? იყვნენ კეთილგონიერები, პატივი სცენ სხვებს, წესიერად მოიქცნენ, რომ საზოგადოებას ნამდვილ ადამიანად შეუერთდნენ. ეკლესიის დამანგრეველთა მცდელობის მიუხედავად, ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

რუსეთში უღმერთობის ჟამს ერთი დედაბერი ეკლესიაში მივიდა, მუხლი მოიდრიკა და ლოცვა დაიწყო. იმ დროს ტაძარში ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელგანთქმული მეცნიერი ქალიც იმყოფებოდა. შეხედა მოხუცს და ჩაილაპარაკა, - ეს წარსულის საქმეაო. მოხუცმა მიუგო: ამ სვეტთან, სადაც მე ვდგავარ, მოხვალ და იტირებ, რადგან, შვილო ჩემო, რაც დღეს ვართ, ხვალ აღარ ვიქნებით, დღევანდელობა დავიწყებას მიეცემაო. ქრისტიანობა კი არასოდეს დაბერდება.
ბეჭდვა
1კ1