ეკლესია წყაროსა ჰგავს, რომლითაც წყურვილს ყველა იკლავს
ეკლესია წყაროსა ჰგავს, რომლითაც წყურვილს ყველა იკლავს
მამა იერონიმე ეგინელი ერთმა თურქმა მოსამართლემ მიიწვია შინ და გულთბილად დახვდა. როცა სასაუბროდ განმარტოვდნენ, მასპინძელმა ჰკითხა:

- ეფენდი მამაო, მე თურქი ვარ, მუსლიმანი. ვეხმარები ქვრივებს, ობლებს, ავადმყოფებს, ყველა მარხვას ვინახავ, ვცდილობ, სამსახურში მართლმსაჯული ვიყო. საკმარისია ეს სამოთხეში მოსახვედრად?

- ეფენდი, შვილები გყავს? - კითხვა შეაგება მამა იერონიმემ.

- დიახ, მყავს.

- მსახურები?

- რა თქმა უნდა.

- შენს ბრძანებას ვინ უკეთესად ასრულებს, შვილები თუ მსახურები?

- ცხადია, მსახურები, ბავშვები ხშირად არ მიჯერებენ.

- მაგრამ როცა მოკვდები, ვინ იქნება შენი მემკვიდრე - მსახური, უსიტყვოდ რომ ასრულებს შენს ბრძანებებს, თუ შვილები, რომლებიც არ გიჯერებენ?

- რა თქმა უნდა, შვილები.

- ასე რომ, ყველაფერს, რასაც აკეთებ, კარგია, - უთხრა მამა იერონიმემ, - მაგრამ შენ მხოლოდ კეთილი მონის პატივს მიაღწიე. თუ გინდა სამოთხე, ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრო, აუცილებელია ღვთის ძე შეიქმნე, ეს კი მხოლოდ ნათლისღებით არის შესაძლებელი.

ღირსი მამის სიტყვებმა დააფიქრა მოსამართლე, მალე მოინათლა და ეკლესიის შვილი, ღვთის შვილი შეიქმნა.

* * *
არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) ამბობდა: ადამიანებს საკუთარი თავის ფლობა რომ შეეძლოთ და ღვთის შიშით აღვსილნი ცოლქმრულ ურთიერთობებში საეკლესიო წესდებას იცავდნენ, მაშინ იმდენი შვილი შეეძინებოდათ, რომ ისინი ტვირთად კი არ დააწვებოდნენ, არამედ მხოლოდ სიხარული იშვებოდა მათთან ერთად. ახლა კი ჩვენი უძლურებისა და მცირედმორწმუნეობის გამო მრავალი უბედურება გვიჩნდება. განგაბრძნოთ ღმერთმა.

* * *
ეკლესიის შვილი ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს. ამის დასტურად თანამედროვე ათონელი მამის, ანთიმოზის (+1996წ., წმ. ანას სკიტელი) ცხოვრებიდან მაგალითს შემოგთავაზებთ: მამა მაქსიმე კატუნაკელმა მასზე გვიამბო: ერთხელ, ღამისთევის ლოცვის წინ ბერთან კურთხევისთვის მივედი და ვუთხარი: "მამაო, რახან ხანდაზმული ხართ, აუცილებელი არ არის, კირიაკონში (სკიტის მთავარი ტაძარი, - კ.კ.) დაესწროთ ღამისთევის ლოცვას. დარჩით თქვენს კელიაში და იქ ჩამოილოცეთ მსახურება.

გაკვირვებულმა შემომხედა და თავი გადააქნია: - ჩემო სულელო, თუ იცი, აქ რატომ მოვდივარ? რათა მიყუროთ მე, ბებერს, თუ როგორ ბეჯითად ვესწრები მსახურებებს და მთელი ლოცვა ფეხზე ვდგავარ, რომ მერე ჩემს მაგალითს მიჰყვეთო.

* * *
1927 წლის დეკლარაციის შემდეგ, როცა რუსეთში მიტროპოლიტმა სერგიმ საბჭოთა ხელისუფლებას ლოიალობა გამოუცხადა, ამან მრევლი აღაშფოთა. ცნობილი მამა, დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი იოსებიანელთა სქიზმაში წავიდა. სულიერ შვილებს იმ ტაძრებში შესვლაც კი აუკრძალა, რომლებიც მიტროპოლიტ სერგის ექვემდებარებოდნენ.

ერთი წლის შემდეგ მამა ვალენტინი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. ავად გახდა და გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან გულწრფელად მოინანია თავისი შეცდომა და ეკლესიას დაუბრუნდა. იგივე მოუწოდა თავის სულიერ შვილებს: "თქვენმა სულიერმა მამამ საშინელი სულიერი შეცდომა დაუშვა და მძიმედ შესცოდა. სამი წლის წინ გამოვეყავი მიტროპოლიტ სერგის და ჩემი სამწყსო მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღიდან გამოვიყვანე. ვაი მას, ვისგანაც ამ სოფელში საცთური მოდის, მე კი მრავალი შევაცდინე... ვკვდები და სიკვდილის პირისპირ მდგარი შევიგრძნობ ჩემს საშინელ ცოდვას წმინდა ეკლესიისა და თქვენ წინაშე. მაპატიეთ ქრისტეს გულისთვის და ჩემთან ერთად დაუბრუნდით მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს. შეინანეთ, სათითაოდ, მართლმადიდებლობისგან განდგომის ცოდვა, რომლისკენაც გიბიძგეთ".

* * *
წმინდა მაკარი ოპტელი უცხოეთში მცხოვრებ სულიერ შვილს სწერდა: "მადლობა ღმერთს, რომ ჯანმრთელად გამყოფებთ უცხო მხარეში. დაე, დაიფაროს მან თქვენი სულიერი სიჯანსაღე და მტკიცედ გამყოფოთ ჩვენს მართლმადიდებელ სარწმუნოებაში და ჩვენი ეკლესიის დოგმატების აღსარებისას, რომელიც დაამყარა თვითონ უფალმა შვიდი საეკლესიო კრების, შვიდსვეტიან საფუძველზე, სადაც სულიწმინდა მოქმედებდა დოგმატების სჯულისდებასა და დაფუძნებაში, თუმცა საცთურების დედაქალაქში იმყოფებით, სადაც რწმენის საწინააღმდეგო სხვადასხვანაირი მავნე აზრი ტრიალებს და თვით ურწმუნოებაც მოდებულია, სადაც ყველას არ ძალუძს გაუძლოს მტრის აგრერიგად შემოტევას, მაგრამ გული მეუბნება, რომ ღვთის ძალის შეწევნით არ შეირყევით, არამედ მტკიცედ იდგებით ჩვენი მშობლიური მართლმადიდებელი სარწმუნოების საფუძველზე, თქვენს გულებში დაიმარხავთ ამ უძვირფასეს მარგალიტს, რაზეც მდაბლად ვევედრები ყოვლადმოწყალე უფალს. გთხოვთ, თქვენც ევედროთ ღმერთს ამისთვის. არ შეიძლება საკუთარი თავის იმედად ყოფნა, თითქოს თქვენივე ძალით და გონებით შეგეძლოთ თავის დაცვა. ღმერთია თქვენი შემწე და მფარველი და დედაი მისი - შუამდგომელი ჩვენი, და გადაგაფარონ მათ თავიანთი საფარველი".

KARIBCHE* * *
წმინდა კოზმა ეტალონელი ამბობდა: "ბევრი რამ წამიკითხავს არაწმინდა და უღმერთო ერეტიკოსებზე. გამომიკვლევია სიღრმეები სიბრძნისა. ყველა სხვა რწმენა სიცრუეა. მე ჩავწვდი ჭეშმარიტებას: მხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოებაა კარგი და წმინდა, უნდა ვირწმუნოთ და გამოვისახოთ ჯვარი წმინდა სამების სახელით. გიხაროდეთ, როცა მართლმადიდებელ ქრისტიანს ხედავთ და ტიროდეთ ბიწიერი რწმენის ხალხსა და უღმერთოებზე...

როცა ეკლესიის ზარის ხმა გესმით, ისწრაფეთ ტაძრისკენ, ყურადღებით მოუსმინეთ მსახურებას, ღვიძლ შვილებსაც საყდრისკენ უბიძგეთ, რამდენადაც შეძლებთ, ნუ შესცოდავთ, იარეთ ტაძარში, რომ ღმერთმა გაკურთხოთ და სულიერად წარემატოთ. ვისაც ზარების ხმა ესმის და ტაძარში არ მიდის, ცოდვებში იხრჩობა, როგორ წარღვნის წყლებში. იცით, რომ საეკლესიო სარეკელის ისტორია იმ სარეკლიდან მოდის, რომლითაც ნოე ცხოველებს თავის კიდობანში მოუხმობდა? ეკლესიის სიმბოლოა ნოეს კიდობანი და ვინც მასში არ შევა, ცოდვის წყლებში დაიხრჩობა.

ეკლესია წყაროსა ჰგავს, რომლითაც წყურვილს ყველა იკლავს, ამიტომაც სამღვდელო პირებმა ყოველდღე უნდა იმსახურონ, რომ ქრისტემ ქვეყანა და მისი მცხოვრებნი აკურთხოს და დაიფაროს ყველანაირი მწუხარება-თავდასხმისგან".

* * *
როცა წმინდა იოანე (მაქსიმოვიჩი) შანხაიში მოღვაწეობდა, იქ ერთ ქალბატონს ცოფიანმა ძაღლმა უკბინა. ცოფის საწინააღმდეგო წამლები, ეტყობა, არ გაიკეთა ან ამას დიდი ყურადღება არ მიაქცია, საშინელი დაავადებით დასნეულდა და სიკვდილის პირას მივიდა. საზიარებლად ქალთან წმინდა იოანე მიიყვანეს. ამ დროს ავადმყოფს მოუარა სიცოფემ და ახალმიღებული სისხლი და ხორცი უფლისა გადმოაფურთხა. ხომ არ გადაყრიდა! წმინდა იოანემ მოაგროვა სიწმინდე და თვითონ მიიღო. იქვე მყოფი მორწმუნეები შეშფოთდნენ: - მეუფეო, რას აკეთებთ? ცოფი ხომ გადამდებიაო. მეუფემ მშვიდად უპასუხა: - არაფერი მოხდება, ეს უფლის სისხლი და ხორცი არისო. მართლაც, არაფერი მომხდარა.

* * *
1924 წელს მცირეაზიელი ბერძნები მასობრივად გადაასახლეს სამშობლოში. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ხალხმა ბევრი რამის წაღება ვერ მოახერხა, ვერც საეკლესიო სიწმინდეებისა. წმინდა არსენმა (კაპადოკიელი) ყველა ბავშვი მონათლა და მერე მთელი კვირა მარხავდა მიწაში საეკლესიო ჭურჭელს, თურქებს რომ არ შეებილწათ. რამდენიმე ჯორზე ბავშვები და მოხუცები შესვეს და გაუდგნენ გზას. წმინდა არსენი პირუტყვით არასოდეს მგზავრობდა და ახლაც ფეხით გაჰყვა ხალხს. კარგა მანძილის გავლის შემდეგ გაახსენდა, რომ ფარასაში, ერთ-ერთი ეკლესიის ტრაპეზში ჩასვენებული წმინდა იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილის წამოღება დავიწყებოდა. უკან დაბრუნდა, აიღო წმინდა ნაწილი და სამწყსოს მიეწია. 90 წლის მარტოხელა კაცმა ჯერ ფარასისკენ და მერე უკან 60 კმ გაიარა. ასეთია ჭეშმარიტი შვილობა ქრისტეს ეკლესიისა.

* * *
აქვე გვინდა ვახსენოთ ქრისტეს ეკლესიის მეათერთმეტე ჟამს შეძენილი შვილიც. ერთხელ, ფარასაში ყოფნისას, წმინდა არსენმა ჩუმად ერთი თურქი ქალი მონათლა და სახელად ელეფთერია უწოდა. ქალი ფარული ქრისტიანივით ცხოვრობდა, სამად სამჯერ ეზიარა, ისიც ჩუმად. ნათლობის შემდეგ თავს ავადმყოფად აჩვენებდა და მუსლიმანი მეუღლის სარეცელს აღარ იყოფდა. გაუჭირდა ელეფთერიას ურწმუნოთა გარემოში ცხოვრება. სახიერმა ღმერთმა მალევე გაათავისუფლა ხორცთაგან და თავისთან წაიყვანა.

ქალი უეცრად ავად გახდა და რამდენიმე დღით საწოლს მიეჯაჭვა, ავადმყოფს ზიარება უნდოდა. მამა არსენთან მისვლა გაუჭირდა, არც ღირსი მამისთვის იყო ადვილი მისი მონახულება. მამა არსენმა ვაშლი ამოჭრა, წმინდა ძღვენი შიგ ჩადო, დახურა, შეფუთა და ქალის ნათლიას გაატანა. ავადმყოფმა სახეგაბრწყინებული ნათლია რომ დაინახა, წარმოთქვა: "ქრისტე სულია ჩემი". თუმცა აზრადაც არ მოსვლია, რომ ნათლიას შეიძლებოდა მისთვის უფლის ხორცი მიეტანა. ელეფთერია ეზიარა და მაშინვე აღესრულა.

მამაო, რა ეშველება ახლა, მუსლიმანური წესით განბანენო, - წუხდა ნათლია. გგონია, თურქებს ნებას მივცემ განბანონ, ვინც მე მოვნათლე? - ბრძანა მამა არსენმა და ელეფთერიასთვის დაუცხრომელ ლოცვას შეუდგა. მართლაც, როცა გარდაცვლილი ქრისტიანის განბანა მოისურვეს, თურქებს ხელები გაუჩერდათ, ქალი განუბანელი დაკრძალეს თურქულ სასაფლაოზე. მამა არსენმა მისთვის ცალკე პანაშვიდი გადაიხადა და ლოცვა განაგრძო. ელეფთერია ყოველღამე ეცხადებოდა ხოლმე სახლეულებს. ნივთებს გადმოყრიდა და ეუბნებოდა: - აქ, ჯოჯოხეთში, თქვენს სასაფლაოზე, რად მტანჯავთ. სასწრაფოდ გადამასვენეთ ქრისტიანულ სასაფლაოზეო. თურქებმა მამა არსენს სთხოვეს და მან ქალი ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალა. ელეფთერია იმავე ღამეს გამოეცხადა ოჯახის წევრებს და გახარებულმა უთხრა: - იცოცხლეთ ათასი წელი. ახლა მე სამოთხეში ვარო.
ბეჭდვა
1კ1