ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
თუ ვერ ვგრძნობთ, რომ ყველანი ძმები ვართ, სულიწმინდა ვერასოდეს განისვენებს ჩვენს გულებში
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-26, 2007-#1, 2008

ბევრის მოყოლა შემეძლო დიონისეს მონასტერზე, მაგრამ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს მოგითხრობთ.

სკიტებსა და კელიებში მცხოვრებ ბერებს ჩვეულებად ჰქონდათ, მონასტრებში წასულიყვნენ და იქაურ მამებს ტრაპეზის დღესასწაულისთვის მომზადებაში დახმარებოდნენ.

ერთხელაც, მოძღვრის კურთხევით, რამდენიმე ძმასთან ერთად დიონისეს მონასტერში წავედი მამების დასახმარებლად. თითქმის მთელი მთაწმინდიდან იწყეს მოსვლა ბერებმა და ერისკაცებმა, რათა ერთად ეზეიმათ შობა წმინდა იოანე ნათლისმცემლისა. თავდაუზოგავად ვშრომობდით, ყველა სამორჩილო საქმეში ვეხმარებოდით.

წინა დღეს, სადილის შემდეგ, მილიტუპოლისის ღირსსახსოვარი მიტროპოლიტი იეროსთეოსი მობრძანდა. ატყდა ზარების რეკვა. იღუმენი, მღვდელმონაზვნები და მგალობლები გალობით გაემართნენ მის შესახვედრად. შთამბეჭდავი სანახაობა იყო!

მოგვიანებით, როცა მზე გადაიწვერა, კვლავ გაისმა ზარების არამიწიერი წკრიალი. მალე დიდებული ღამისთევის ლოცვა უნდა დაწყებულიყო: "დიდება წმიდასა და ერთარსებასა და ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა..." სტასიდიები მდუმარე ლანდებით შეივსო. მარჯვნივ მამა დანიელ კატუნაკელი გალობდა, რომელსაც მისი მორჩილები ეხმარებოდნენ, გერონტი და ნიფონი. მარცხნივ სკიტელი მამა იდგა.

დაიწყეს გალობა. ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, თითქოს სხვა სამყაროში იყავი. დიაკვნები კმევისას მგალობელთა რიტმს ჰყვებოდნენ. მამა დანიელმა თავისი კეთილკრძალული, ძლიერი ხმითა და რიტმის ხელოვნებით ჩემზე იმგვარი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ის ღამისთევა დღემდე მახსოვს. მაგრამ მამა დანიელს მისი სულიერების გამო უფრო მეტ პატივს ვცემდი.

იქ მომსახურენი წირვას ერთ-ერთი კარიბჭიდან ვუცქერდით. მხოლოდ ის, ვისაც უნახავს და განუცდია ეს იმქვეყნიური ღვთისმსახურება, მიმიხვდება, რისი აღწერაც მსურს. მღვდელმთავარი, მღვდლები და დიაკვნები, მგალობლები, კანონარქი, ყველანი მანტიაშემოსილნი, - მსახურებას არაამქვეყნიურ ელფერს სძენდნენ. ღმერთი და ადამიანები გაერთიანდნენ. ტაძარი ზეცას მიემსგავსა.

ტაძრის ბრწყინვალებამ მალე სატრაპეზოში გადაინაცვლა. ტრაპეზზე 350-ზე მეტმა ბერმა მოიყარა თავი. სუფრის თავში ეპისკოპოსი ბრძანდებოდა, მის მარჯვნივ - სავანის იღუმენი. მიირთმევდნენ და იმავდროულად ამბიონზე შემდგარ წიგნის მკითხველს უსმენდნენ. დასასრულს "პანაღეის წესი" აღასრულეს და "ღირს არსი" იგალობეს. კურთხევის ნიშნად ყველამ ღვთისმშობლის სეფისკვერის ნაწილი ავიღეთ.

მეორე დღეს აღმშენებელთა და დამაარსებელთა ხსენება იყო, მაგრამ მოძღვრისგან იქ დარჩენის კურთხევა არ მქონდა და მწუხრის ლოცვისთვის აღარ დამიცდია, იმავე დღეს გამოვბრუნდი. ღამისთევის ლოცვები ათონელ ბერებს სულიერ სიკეთეს მატებს. რადგან თავს სულიერად "გლახაკად და უპოვრად" ვთვლიდი, ვცდილობდი, ყოველი ღამისთევის ლოცვისას მენახა ან მომესმინა ისეთი რამ, რაც უფალთან მიახლებაში დამეხმარებოდა. ასე ხდებოდა ჩვენი კალივის ყოველკვირეულ ღამისთევებზეც.

მამა იოაკიმე გვეუბნებოდა, თუ ღამისთევის ლოცვისას გულში უფალთან მიახლებას ვერ შევძლებთ, ჩვენი შრომა და მსხვერპლშეწირვა ფუჭი იქნებაო. ბერისთვის ღმერთი უნდა იყოს ანიც და ჰოეც. ამიტომაც ვიწყებთ ღამისთევის ლოცვას კმევით და ცხოველმყოფელი სამების განდიდებით. მთელი ღამე გულითა და გონებით საღმრთო დიდების ტახტს უნდა ვუვლიდეთ გარს.

***
წმინდა გრიგოლის მონასტერი ჩემს დროს ერთ-ერთი საუკეთესო კინოვია იყო მთაწმინდაზე. იქაური მამები დიდი მოღვაწენი იყვნენ. მათი იღუმენი, არქიმანდრიტი ათანასე, სულიერი ცხოვრების მაგალითს აძლევდა მთელ სავანეს. დიდებული პიროვნება გახლდათ! ვცადე, "თანამედროვე ათონელი მამების" მეორე ნაწილში მასზე მომეთხრო.

აწ განსვენებული მამა დიმიტრი კი მოწამე იყო. ოც წელზე მეტხანს იტანჯებოდა თიაქრით. მისი სნეულება მაშინაც კი იყო შესამჩნევი, როცა ანაფორა ეცვა, რადგან ლამის მთელი შიგნეულობა ტანზე მიკრულ ტომარაში ჰქონდა მოთავსებული. ექიმები დაჟინებით სთხოვდნენ, ოპერაცია გაეკეთებინა, უკიდურეს შემთხვევაში, შეეწყვიტა ტაძარში ლოცვაზე დასწრება, ღვთისმსახურებას ხომ მკაცრად უკრძალავდნენ, მაგრამ, მიუხედავად ასაკისა და მძიმე ავადმყოფობისა, მამა დიმიტრი ოცი წლის განმავლობაში ყოველდღე აღასრულებდა საღმრთო ლიტურგიას და ყველა ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა. მამები აღფრთოვანებული იყვნენ მისი სულიერი გმირობით.

ავადმყოფობასა და ტანჯვაში გაატარა სიცოცხლე მამა კონსტანტინემაც - შესანიშნავმა ბერმა, ნამდვილმა გმირმა. და ღმერთმაც აკურთხა მისი აღსასრული - მამა კონსტანტინე ზიარებისთანავე გარდაიცვალა.

არ შეიძლება, არ გავიხსენოთ მამა არტემი. თანამედროვეთა მოწმობით, ლოცვისას ის არასოდეს ჯდებოდა სტასიდიაზე. სავანეში მოსვლიდან ვიდრე აღსასრულამდე ასე იქცეოდა.

ერთხანს მამა არტემი არტეში, მონასტრის მეტოქიონში მოღვაწეობდა. როცა ბაზარში მიდიოდა საყიდლებზე, უკან ხელცარიელი ბრუნდებოდა, რადგან მთელ ნავაჭრს მოხუცებსა და გლახაკებს ურიგებდა.

საოცრად უბრალო იყო. ერთხელ მონასტრის საქმეზე პირეაში ჩავიდა. ნავსადგურში ერთი მეძავი დედაკაცი მიუახლოვდა და სახლში (ბორდელში) წაყვანა შესთავაზა. უმანკო ბერი ღმერთს ადიდებდა: ამდენ ხალხში ერთი კაცი მაინც გამოჩნდა, ვინც შემიფარებსო.

მასპინძელმა ოთახში შეიყვანა, საჭმელი მისცა და მარტო დატოვა. ბერმა სკვნილზე ლოცვა დაიწყო. მალე ქალმა კარზე დაუკაკუნა.

მამა არტემი მიჩვეული იყო, რომ კარზე კაკუნისას ამბობდნენ: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...", ის კი "ამინს" იტყოდა და კარს გააღებდა.

- თქვი "ლოცვითა...", თორემ არ გაგიღებ, - გასძახა ქალს, როცა მან კარზე ბრახუნი ატეხა.

"რახან არ ამბობს, ესე იგი დემონური სულია", - გაიფიქრა მამა არტემმა, ლოცვა განაგრძო და კაკუნს ყური აღარ ათხოვა.

რადგან ბერმა ღამის გათევისთვის ფული არ გადაიხადა, მეორე დღეს ქალი მთავარეპისკოპოსთან მივიდა საჩივლელად. მამა არტემი თავს იმართლებდა, მას თავად სურდა ჩემი დაბინავება და ამაში ფული არ მოუთხოვიაო. მთავარეპისკოპოსმა დააფასა მამა არტემის უბრალოება და მისი კვებისა და ღამისთევის ფული თვითონ გადაიხადა.

***
კონსტამონიტის მონასტერი ჩემი მოძღვრის მონანიების სავანე იყო. ათონზე ახალმოსული პირველად სწორედ იქ მოღვაწეობდა. ამიტომაც, ბუნებრივია, მასთან დიდი სიახლოვე გვქონდა. ამ სულიერი ნათესაობის გამო ხშირად ვსტუმრობდი მონასტერს, განსაკუთრებით კი მის დღესასწაულებზე. აქ მოღვაწე ყველა მამას ვიცნობდი - როგორც მოძღვრის მონათხრობიდან, ისე პირადადაც. მამა ფილარეტი, მამა სტეფანე, მამა ნიფონი, მამა მოდესტი, მამა სიმონი - კეთილგონიერი და განმსჯელი ბერები, მონაზვნური სრულყოფილების ღვაწლის მოსაგრენი. მათ ყველა დიდ პატივს სცემდა.

მონასტრის ერთ-ერთი დღესასწაული წმინდა კონსტანტინეს ხსენების დღეს აღესრულებოდა.

ერთხელაც ჩვენი სკიტის რამდენიმე ძმა გავემგზავრეთ კონსტამონიტში მათი სიხარულის გასაზიარებლად.

მონასტერი მთელი მთაწმინდიდან მოსული მომლოცველებით გავსებულიყო. ღამისთევის ლოცვა საზეიმოდ დაიწყო. მღვდლები, დიაკვნები, მგალობლები თავიანთი მოვალეობის აღსრულებას შეუდგნენ. ყველა და ყველაფერი განადიდებდა ღმერთს და პატივს მიაგებდა უდიდეს იმპერატორ წმინდა კონსტანტინეს.

სატრაპეზოში მივეხმარე, მერე კი კარიბჭეში სტასიდიაზე ჩამოვჯექი. მარჯვნიდან ჩურჩული მომესმა. ცხადად გავარჩიე სიტყვები: "უფალო ჩემო, შემიწყალე მე". ლოცვასთან ერთად ქვითინიც გაისმა. გავინაბე. ძალზე მომინდა შემეტყო, ვინ იყო ეს ძმა, თვით საზეიმო ღამისთევისასაც კი ასე დაძაბულად რომ ლოცულობდა. ნ-ი აღმოჩნდა, ღვთისმოშიშებითა და განკრძალული ლოცვით ცნობილი მამა. ოცი წლისა მოსულა მონასტერში. მაშინ სავანის სულიერ მხედრობაში მრავალი წმინდა მონაზონი ირიცხებოდა და ისიც მათ მაგალითს მისდევდა. უმძიმეს სამუშაოსა და სამორჩილო საქმეს აკეთებდა და ამას მდუმარედ აღასრულებდა. ყველა სულიერ გმირობაში მოწინავე იყო. ყველას განაცვიფრებდა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც მის მიბაძვას ცდილობდა. მამა ნ-ი დღემდე (1979 წლამდე) თავის მონასტერში ცხოვრობს და სულიერ ცხოვრებაში ერთხელ არჩეულ გზას მიჰყვება. რამდენსაც უნდა ეცადონ, მოღვაწე ბერები თავიანთ მოსაგრეობას მაინც ვერ დაფარავენ და მათი სულიერი გმირობები ცნობილი ხდება.

ღამისთევის ლოცვა, რომელსაც პატივცემული იღუმენი სვიმეონი წარმართავდა, დიდი სულიერი დაძაბულობით ჩატარდა. რამდენგზის შემიმჩნევია ცრემლი და ამოოხვრა ღირს მამათა, უფლის სიახლოვეს რომ განიცდიდნენ!

მამათა შორის განსაკუთრებით საყვარელი მამა მოდესტი იყო, ღვთისგან უხვად დაჯილდოებული ბერი. მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა წმინდა მამათა შრომებს და თეორიას პრაქტიკასთან აერთებდა. მამა მოდესტი ბიბლიოთეკარი გახლდათ. იმავდროულად სავანის საავადმყოფოში სნეულებს ემსახურებოდა. ლმობიერსა და დიდსულოვანს ყველა მამა ძმად მიაჩნდა.

ერთხელ, როცა მონასტრის სასაფლაოზე საუკუნოვან ხეებქვეშ მივსეირნობდით, მითხრა:

- თუ ვერ ვგრძნობთ, რომ ყველანი ძმები ვართ, სულიწმინდა ვერასოდეს განისვენებს ჩვენს გულებში. ჩვენი დამოკიდებულება ძმათა მიმართ არ უნდა იყოს დამოკიდებული მათ სულიერ ღირსებებზე. ამისი მაგალითი თვით უფალმა მოგვცა. მას ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე განურჩევლად ჩვენი სულიერი მდგომარეობისა. ყველაზე ცოდვილიც კი ისევე უყვარს, როგორც ყველაზე წმინდა. ამიტომაც ყოველი ადამიანი სულში უნდა ჩავიკრათ, მეტადრე უნდა მოვეფეროთ ათონელ მამებს. სიყვარულს დათმენა შეუძლია. სიყვარულს დათმობაც ძალუძს. ასე მოვაწესრიგებთ ურთიერთობას თანამოსაგრეებთან. ღმერთი ხომ სიყვარულია.

სიყვარული იყო მისი ცხოვრების მისამღერი. სწორი გახლდათ მისი ყველა მოქმედება, მუდამ ღვთის ნების ბეჭდით დამოწმებული. დიდ პატივს ვცემდი მას და ყოველთვის, როცა მონასტერში მივიდოდი, ვცდილობდი, მასთან რაც შეიძლება მეტხანს ვყოფილიყავი. მამა მოდესტი დამეხმარა, გამეგო, რომ სიყვარულის წინაპირობა ღმერთთან ურთიერთობაა, რომელიც ლოცვითა და წმინდა საიდუმლოებაში მონაწილეობით ხორციელდება.

შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მამა ნიფონსა და მამა მოდესტს სავანის სულიერ ცხოვრებაში წამყვანი ადგილი ეკავათ. შესაძლოა, ვცოდავ მათი თავმდაბლობის წინაშე, რადგან ისინი ჯერ კიდევ წუთისოფლის ტყვეები არიან, მაგრამ იმედი მაქვს, შემინდობენ, მათზე რომ გიამბეთ. მათ ხომ უკვე ისწავლეს, უყვარდეთ და ერთნაირად დაითმინონ ისინიც, ვინც განადიდებენ, და ისინიც, ვინც განიკითხავენ.

თავი 15. ათონის მიტროპოლიაში
ერთხელ კალივიდან ლავრის საკრებულოში წერილი გამატანეს. შუაღამისას უნდა წავსულიყავი, რომ დილით, როცა საკრებულოს კანცელარია გაიღებოდა, მონასტერში ვყოფილიყავი. სწრაფად მოვითავე საქმე და უკან გამოვბრუნდი.

- ქერუბინ, ფრთხილად იყავი, - გამაფრთხილა მოძღვარმა, - თუ ღამით ტყეში ვინმეს შეხვდები, ნუ გამოესაუბრები. იცი, ვინც მყავს მხედველობაში (ერთ პიროვნებას გულისხმობდა). გზაში იესოს ლოცვა იკითხე.

მუხლი მოვიდრიკე, მოძღვრისგან კურთხევა ავიღე და გზას გავუდექი.

ღამეა. ტყეში უცნაური ხმები მესმის. დაძაბული ვარ. "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ", "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეგიწყალენ ჩვენ", "წმიდაო ღმრთისაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის"...

უეცრად ჯორის ყროყინი მომესმა. "ვინც უნდა იყოს, დავღუნავ თავს და ჩავუვლი, კურთხევასაც არ ვთხოვ", - გავიფიქრე. ასეთი იყო ბრძანება ჩემი მოძღვრისა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვა
1კ1