საით მიფრინავ, ანგელოზო?
საით მიფრინავ, ანგელოზო?
ითამაშე, ითამაშე, შვილო! ქრისტე იყოს შენთან
* პატარა ზაქარია (შემდგომში სქემარქიმანდრიტი ზაქარია მინაევი, +1936) მშობლებმა სასწავლებლად ქალაქში გაუშვეს. ამ პერიოდში ბიჭს მოულოდნელად დედა გარდაეცვალა. მე-40 დღეს სახლის გზას დაადგა. 7 ვერსი ჰქონდა გასავლელი, მაგრამ თხლად ჩაცმულს უჭირდა დეკემბრის ქარ-ყინვასთან გამკლავება. დაღლილი ჩამოჯდა გზის პირას და მიეძინა. სამი თუ ოთხი საათის მერე ჩაესმა მფარველი ანგელოზის ხმა, - ადექი, წასვლის დროაო. ზაქარიას გაეღვიძა. მიხვდა, ხიფათი ელოდა. ადგა და წავიდა. უეცრად დათბა, თითქოს ზაფხული დამდგარიყო. ღვთის ეს დიდი წყალობა და მფარველი ანგელოზის დახმარება არასოდეს დავიწყებია მამა ზაქარიას და შემდგომში სულიერ შვილებს უყვებოდა გასაძლიერებლად.

* წმინდა სერაფიმე საროველს მოტოვილოვის ქვრივი ეწვია პატარა მიშასთან ერთად, რომელიც შემდგომში მისი უსაყვარლესი სულიერი შვილი გახდა. სოფელში გალაღებულ პატარას მოსწყინდა კელიაში ჩუმად ჯდომა, უფროსების ყურის გდება და სირბილი დაიწყო. დედამისმა შვილი დატუქსა. წმინდა სერაფიმემ ქალი შეაჩერა: - პატარას უფლის ანგელოზი ეთამაშება! როგორ შეიძლება, ბავშვს უმანკო თამაში აუკრძალო. ითამაშე, ითამაშე, შვილო! ქრისტე იყოს შენთან.

სიმდაბლითა და სიყვარულით აღსავსე მამობრივი მოფერება მიხაილ მოტოვილოვს მთელი სიცოცხლე დაამახსოვრდა.

* მამა დანიელ ოპტელი ბავშვობის ამბავს იხსენებს: "მაშინ ცხრა წლის ვიყავი და მშობლებთან ერთად ტულის მამულში ვცხოვრობდი. მემამულის ძველებური სახლი გვქონდა, უზარმაზარი ძველებურივე ავეჯით გაწყობილი... სასტუმრო ოთახს უზარმაზარი იტალიური ფანჯარა ჰქონდა. საღამოობით ბავშვებს ამ ოთახთან გავლა გვეშინოდა. მშობლებიც, ეს შიში რომ გაგვქარვებოდა, საგანგებოდ ისეთ დავალებებს გვაძლევდნენ, ამ ოთახთან რომ გაგვევლო. ამის გახსენებაზე ახლაც კი ვგრძნობ გულის თრთოლას.

მაშინ მესიზმრა: გვიან საღამოს დასაძინებლად გამგზავნეს. იმ "საშინელი" ოთახის წინ უნდა ჩამევლო. შიშით ვაღებ კარს, თან თავს ვიმშვიდებ, რისი მეშინია, ყაჩაღები ვერსაიდან შემოვლენ, კარ-ფანჯრები ჩარაზულია, ვერც მგელი შემოძვრება-მეთქი. მამაცურად მივუყვები დერეფანს. ვხედავ, კარღია სასტუმრო ოთახი მთვარის შუქითაა სავსე. ღია ფანჯრიდან შემოჭრილი ქარი ატრიალებს ყველაფერს. შემაჟრჟოლა. ტანში სიცივემ დამიარა. სადღაც გაქრა ჩემი ვაჟკაცობა! ახლა ხომ მგელიც შემოვა და ქურდიც-მეთქი. უეცრად ღია ფანჯარაში ბრწყინვალე ანგელოზი შემოფრინდა. მისი თოვლივით თეთრი ფრთები თვალისმომჭრელად ანათებდა. ტანზე ოლარი ჰქონდა შემოხვეული, როგორც დიაკვანს ზიარებისას. სამოსი თითქოს ნათელი სხივებით ჰქონდა ნაქსოვი. ძალზე მაღალი და ენით აუწერელი სილამაზისა იყო. ხელთ დიდი, მოწნული კალათა ეჭირა. ანგელოზმა ეს კალათა იატაკზე დადო და მიმიხმო. შიში იმწამსვე გამიქრა და ცნობისმოყვარეობით მივაჩერდი. მშვიდად შევედი ოთახში. ანგელოზმა ამიყვანა და კალათაში ჩამსვა, ფრთები დაიქნია და ზეცისკენ გამაფრინა. მაღლა ავედით. ვხედავდი ხეებს, ლამპრებით განათებულ ჩემს სახლს, სამეურნეო ნაგებობებს. რაც უფრო მაღლა და მაღლა ავდიოდით, თანდათანობით პატარავდებოდა დედამიწა, ბოლოს სულ გაქრა. ჩვენს ზევით მხოლოდ ბნელი ზეცა იყო, ვერცხლისფერი მთვარე და მოკაშკაშე ვარსკვლავები. გარშემო გაუმჭვირვალე ფარდასავით იდგა თვალშეუვალი ღამე. ამ საიდუმლო სიჩუმეში დაუცხრომელი, დაუოკებელი აღმაფრენისას, ამ უკაცრიელ სივრცეში უცნაურ და უჩვეულო გრძნობამორეულმა თავი წამოვყავი და ვკითხე:

- საით მიფრინავ, ანგელოზო?

- ღმერთთან! - მიპასუხა.

უფრო სწრაფად მივიწევთ წინ. უეცრად ღამე ნათელით შეიცვალა, უსასრულო, მზის სინათლეზე უფრო ბრწყინვალე ნათელით.

გარშემო ლივლივა ცისფერი ჰაერი გვაკრავს და მივფრინავთ მაღლა და მაღლა.

წინ უზარმაზარი მუხა დავინახე, გაბარჯღულტოტებიანი, მოჭრილი, ხვირთქლიანი. ანგელოზი მიფრინდა მუხასთან. შეჩერდა, ამომიყვანა კალათიდან და ხვირთქლზე დამსვა, თვითონ მოჭრილ ტოტზე ჩამოჯდა... ზემოდან მუხის ტოტები ფარავდა.

კვლავ ვკითხე ანგელოზს: - სადა ვართ-მეთქი.

ნახევარი გზა გავიარეთ ღმერთამდე! დავისვენოთ და მერე ავფრინდეთო.

ერთხანს ასე ვისხედით. უეცრად ანგელოზმა მხრით მსუბუქად მიბიძგა. შევხედე. თვალები ზევით აღაპყრო, თრთოლით მარჯვნივ, მუხის ტოტებს იქით მიმანიშნა და მიჩურჩულა:

- ღმერთი!

ტოტების იქით, დაუჯერებელ, თვალისმომჭრელ ნათელში დავინახე გამოუთქმელი სახიერების ხატება უფლისა "ძველთა დღეთა". დამაბრმავებელი სინათლის გამო გავარჩიე მხოლოდ სამკუთხედი. უჩვეულოდ ლამაზი, კეთილი, სიყვარულით, წყალობით და ისეთი სრულყოფილებით სავსე სახე ჰქონდა, რომლის მსგავსი დედამიწაზე არ არის და არც შეიძლება იყოს. ამ დროს გამეღვიძა"...

მამა დანიელს ნინველობის სიზმარი დიდი ხნის მერე აუცხადდა. "აი, ის დატოტვილი მუხა", - გაიფიქრა მან, როცა პირველად მივიდა ოპტის უდაბნოში და წმინდა ამბროსი იხილა. წმინდა ამბროსიმ კი სრულიად უცნობ ადამიანს შეხვედრისას უთხრა: "დიმიტრი მიხაილოვიჩ, მომიყევი, რა სიზმარი ნახე". უყვებოდა და ისევ ფიქრობდა, - აი, ის მუხა, რომლის ტოტების იქით ყოვლადწმინდა სამების ნათელი ვიხილე.

- მუხის ხეს ფოთლები მწვანე ჰქონდა თუ დამჭკნარი? - ჰკითხა წმინდა ამბროსიმ.

- უკვე ჭკნებოდა.

- მაშ, იჩქარე. მოდი, ჩამოჯექი მონასტრის ხეზე, სანამ ფოთლები არ დასჭკნობია.

მართლაც, თავისი ცხოვრების გზის ნახევარზე მამა დანიელი მუხის ხესთან - მამა ამბროსისთან მივიდა და ხვირთქლზე ჩამოჯდა, ოპტის კელიაში დასახლდა და აქვე აღესრულა. მფარველმა ანგელოზმა კი კალათით კვლავ ღმერთისკენ გააქროლა.

* ღვთის ძალა და მფარველი ანგელოზის შეწევნა სიყრმიდანვე იგრძნო წმინდა სერაფიმე საროველმა. სამი წლისას მამა გარდაეცვალა, დედამისმა, აღათიამ ქმრის დაწყებული ტაძრის მშენებლობა გააგრძელა. ერთხელ მშენებლობის მოსანახულებლად შვიდი წლის შვილიც წაიყვანა. სამრეკლოს თავზე ავიდნენ. დედა მუშებს ესაუბრებოდა. ამ დროს ყრმას ფეხი დაუცდა და დაბლა ჩამოვარდა. გულშემუსვრილმა ჩამოირბინა აღათიამ ხარაჩოები. ეგონა, შვილს ცოცხალს ვეღარ ნახავდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ბავშვი სრულიად უვნებელი დახვდა.

* მფარველი ანგელოზები განსაკუთრებით ახლოს უმანკო, უცოდველ ყრმებთან არიან. ეს ამბავი ადასტურებს ამ აზრს:

ერთი თერძი ოთახში მუშაობდა. იქვე აკვანში მის შვილს ეძინა. უეცრად გაუცნობიერებელი შიში მოერია - ბავშვს რაღაც ემუქრებაო და ცხადადაც ჩაესმა: - სწრაფად ადექი, ამოიყვანე ბავშვი აკვნიდანო.

თერძმა არ დაუჯერა უცნობ ხმას, დამშვიდებაც კი სცადა. დახედა ბავშვს - ტკბილად ეძინა. ოთახშიც სახიფათოდ არაფერი მოეჩვენა, ქუჩაშიც სიმშვიდე იყო. მაგრამ სული მაინც უშფოთავდა. დასამშვიდებლად მუშაობა გააგრძელა და გასამხნევებლად სიმღერაც კი შემოსძახა. ხმამ ისევ უბრძანა ბავშვის გაყვანა.

კაცმა კვლავ ყურადღებით მიმოიხედა გარშემო. სახიფათო არაფერი ჩანდა. მუშაობა განაგრძო, მაგრამ შიში ვერ მოიშორა. მერე, თითქოს იქუხაო, კვლავ ჩაესმა: "ადექი სწრაფად და ბავშვი აიყვანე საწოლიდან!"

აკვანს ხელი დასტაცა და თავის სამუშაო მაგიდასთან მიიტანა.

ეგ იყო და იმ კუთხეში, სადაც აკვანი იდგა, დიდი თარო გრიალით ჩამოიქცა.

საშინელმა ხმაურმა ბავშვი გამოაღვიძა და აატირა, მაგრამ თავი მამის მკლავებში იგრძნო და კვლავ მიიძინა.

ხმაურზე გაფითრებული დედაც შემოვარდა, ეგონა, შვილს ცოცხალს ვეღარ ნახავდა. ქმარმა მოუთხრო ამ სასწაულზე და ორივემ ერთად ადიდა ღმერთი. უთუოდ მფარველმა ანგელოზმა გადაარჩინა პატარა ქრისტიანი.

* "აჰა ესერა, შობო შენ ყრმაი წული, ვერძი რჩეული ღმრთისაი, შესწირე იგი მას, რომლისთვისაც აღგითქვამს და სახელად გიორგი უწოდო", - უთხრა მარიამს ძილში ვინმე დიდებულმა კაცმა. მშობლებმა აღთქმა შეასრულეს და შვიდი წლის გიორგი მონასტერში მიიყვანეს, სადაც სამი წელი დაყო.

სიყრმიდანვე ფარავდა ღმერთი ამ წმინდა ყრმას. ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრებისას პატარა გიორგიმ მინდორში გაისეირნა "მღერად და განცხრომად", როგორც სჩვევიათ ყრმათა. ეშმაკი ხედავდა, რომ იზრდებოდა ყრმა, მისი ძალის დამთრგუნველი, ამიტომ მისი დაღუპვა გადაწყვიტა.

თვითონვე მოუთხრობდა ამ ამბავს თავის სულიერ შვილებს წმინდა გიორგი მთაწმინდელი: მდინარე ქციის პირას ვიდექი. გაღმიდან ცეცხლისფრად შემოსილი ყრმა მიხმობდა - მოდი და ვიმღეროთ, ვითამაშოთო. მისკენ რომ წავედი, სხვა, თეთროსანმა ყრმამ ხელი მომკიდა სახელოზე: - აქ დარჩი, ჩემთან. მე უმჯობესი მოყვასი ვარ შენიო.

როგორც თვითონ განმარტა ღირსმა მამამ: მდინარის იქით საუკუნო ცეცხლით შემოსილი ეშმაკი იყო, რომელსაც ყრმის წყალში დახრჩობა სურდა, ხოლო სპეტაკსამოსიანი - მფარველი ანგელოზი, რომელიც სიყრმიდანვე დაუდგინა მას ღმერთმა მცველად და მფარველად. როგორც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი უფალმან". წმინდა ბასილი დიდი კი ბრძანებს: "ყოვლისა მორწმუნისაი მიცემულ არს ანგელოზი მცველად ცხოვრებისა მისისა".

ეშმაკმა კიდევ ერთხელ სცადა მისი დაღუპვა. როცა ყრმა მონასტერში ცხოვრობდა, ცეცხლი მოეკიდა მონასტერს. ირგვლივ საშინელი კვამლი დადგა. "ყრმასა მას ნეტარს" ამ დროს ღრმად და მშვიდად ეძინა. კვლავ მოვიდა მასთან ის სპეტაკად მოსილი ყრმა, გააღვიძა გიორგი, ხელი მოჰკიდა, გარეთ უვნებლად გამოიყვანა და მახლობლად მდგარ ეკვდერში მიიყვანა, თვითონ კი გაქრა. "ვფიქრობ, ეს სასწაული ნაკლები არ არის სამი (ბაბილონელი) ყრმის სასწაულისა", - ბრძანებს მისი ცხოვრების აღმწერელი.

ფერის ჯოჯიკის ძესთან ცხოვრების დროს მაღლიდან გადმოადგო ეშმაკმა, მაგრამ უფლის ანგელოზებმა დაიცვეს. ერთხელ, ღამით, ბიძასთან ერთად ცხენით მიმავალ გიორგის ჩაეძინა. ის იყო, კლდის პირს მიადგა, რომ ხმა მოესმა, - ფრთხილად იყავი, გადავარდებიო. უფლის ანგელოზს, ვიდრე გიორგის ეძინა, მისი ცხენი ხელით ეჭირა, მერე გაქრა.

უფლის ანგელოზი ყოველთვის თან ახლდა წმინდა მამას. ბაგრატ მეფის თხოვნით მთაწმინდიდან სამშობლოში მომავალი ხმელეთით დაადგა საქართველოს გზას. მდინარე ევფრატს მიაღწიეს. მიუახლოვდნენ ქალაქ სებასტიას. არ იცოდნენ, რომ ის ცოტა ხნის წინ თურქებს გადაეწვათ. საცაა, ხელში ჩაუცვივდებოდნენ მტარვალთ. ამ დროს ყველას მოესმა ხმა: "სად მიდიხართ?" მიხვდნენ, რომ უფლის ანგელოზი აფრთხილებდათ. მიბრუნდნენ და მთებისკენ გაიქცნენ. დიდი წვალებით მიაღწიეს კესარიას. იქიდან კი ზღვით წამოვიდნენ სამშობლოში.
ბეჭდვა
1კ1