ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
რაც უფრო გაზრდი და მოიკრებ შენში თავმდაბლობას, ქრისტე მით მეტად განგეცხადება
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-23

წმინდა ბასილის სკიტის კირიაკონი, რომელსაც ახლა მამა გერასიმეს კალივა უვლიდა, წმინდა ბასილი დიდის პატივად იყო ნაკურთხი. სკიტი დაუარსებიათ კაბადოკიიდან მოსულ ბასილიანელ ბერებს, რომელთაც თან წმინდა მამის თავი მოუსვენებიათ.

მამა გერასიმე თესალიელი იყო. თავიდან ვოლოსის გვერდით, ფლამურიის სავანეში მოღვაწეობდა. ჯერ კიდევ დიაკვანმა შინაგანი ასკეტური ცხოვრების მოშურნეობით ვოლოსი დატოვა და ამ უდაბნოში მოვიდა. დაუმეგობრდა ისიქასტ მამას, კალენიკე კატუნაკელს. მისგან შეისწავლა გონიერი ლოცვა. გვჯეროდა, რომ ის თავისი მოძღვრის კვალს მიჰყვებოდა.

ტანად დაბალი იყო, სულით კი გოლიათი. ჩონჩხივით გამხდარს მეჩხერი წვერი ჰქონდა, უბრალოებით და სიყვარულით იყო აღსავსე. ის ბევრი რამით იყო დაკავშირებული ჩვენს საძმოსთან. თავის მორჩილს, მამა მაქსიმეს გაუზიარა მისტიკური ცხოვრების ცოდნა. წმინდა მამათა შრომების, განსაკუთრებით კი "სათნოებათმოყვარეობის" კითხვა იყო მათი ყოველდღიური ტკბობის საგანი. მათ პატარა კალივას დაბალი კარი ჰქონდა და მომცრო კელიები. როცა ვესტუმრე, ბუხრის გვერდით იჯდა და "სათნოებათმოყვარეობას" კითხულობდა. განსაკუთრებული სიხარულით მიმიღო. იქვე ჩამოვსხედით. ცივი ზამთარი იდგა. ბუხარში ნაძვის ხის შეშა იწვოდა. მან აბზინდის ცხელი ნაყენი მომიტანა და საუბარი დავიწყეთ ჩვენს საყვარელ თემაზე - ხშირ წმინდა ზიარებაზე. ამ თემაზე სასაუბროდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. ხშირად იტყოდა ცრემლმორეული: რამდენ კურთხევას კარგავენ ძმები, როცა წმინდა ბარძიმის (ზიარების) გარეშე ცხოვრობენ! ყოველდღიურად თვალწინ უდგათ ქრისტე, ის მათთვის შეიწირება, ისინი კი უარს ამბობენ მის მსხვერპლზე. ვნახოთ, რას წერენ ამაზე წმინდა მამები, - მითხრა და წიგნი გადაშალა. ჩვენ ვკითხულობდით "სათნოებათმოქმედს", "სათნოებათმოყვარეობას", წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის და წმინდა მაკარი კორინთელის შრომებს. მან ასევე გამაცნო უპირველეს მამათა აზრებიც. საუბარი ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უაღრესად წმინდად და მკაფიოდ მეტყველებდა. ის ამგვარად დამეხმარა ხშირი ზიარების მნიშვნელობის შეცნობაში.

მისი მორჩილი, დალოცვილი მამა მაქსიმე, იატაკზე ფეხმორთხმული მდუმარედ უსმენდა მოძღვარს. გარეთ ქვენა ქარი ნამქერს ატრიალებდა. ჩვენ კი ბუხართან თბილად მსხდომნი ვეღარ ვამჩნევდით, როგორ გადიოდა დრო.

- მოდით, მწუხრის ლოცვა წავიკითხოთ, - თქვა მამა გერასიმემ, - ოღონდ აქვე, რადგან ამინდი კირიაკონში წასვლის ნებას არ გვაძლევს, საშინლად ცივა.

აუჩქარებლად, კეთილმოკრძალებით და ასკეტური წესით ჩავიკითხეთ მწუხრი და ღვთისმშობლის კანონი. როგორც კი დავასრულეთ, მამა გერასიმემ თქვა: "დაღამდა, მოდი სერობის ლოცვა წავიკითხოთ". სერობის ლოცვისა და ღვთისმშობლის დაუჯდომლის წაკითხვის შემდეგ დასასვენებლად ჩამოვსხედით. ვიფიქრე, დილის მსახურების დაწყებამდე ვიძინებ-მეთქი, მაგრამ მამა გერასიმეს, ეტყობა, სხვა, კურთხეული გეგმა ჰქონდა:

- შუაღამიანი და ცისკარი ხომ არ გველოცა?

ძალზე დაღლილი ვიყავი და დამეზარა. თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მამა გერასიმემ წარმოთქვა: "კურთხეულ არს..." ჩვენც შუაღამიანის ლოცვა დავიწყეთ, რომელსაც ცისკარი მოვაყოლეთ. ჟამნების კითხვას მოვრჩით თუ არა, გვითხრა, - ახლა ნელ-ნელა წავიდეთ ტაძარში და ვეზიაროთო.

ბნელოდა. უკუნეთში სამივე ერთი ფარნით გავუდექით გზას. ყინავდა. მალე მივაღწიეთ კირიაკონს, გავაღეთ კარი და მოკრძალებით შევედით. დიდებული, არაამქვეყნიური წუთები იდგა! შინაგანად დაძაბულნი ვიყავით. ზიარების წინა ლოცვები წავიკითხეთ და უფალს გარდამოსვლა ვთხოვეთ... "წყალობისა შენისა მომართ კადნიერად მოვალ შენდა მეტყველისა: რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და ჰსუმიდეს სისხლსა ჩემსა, ჩემს შორის ჰგიეს, და მე მის შორის". ტაძრის გაყინული გუმბათის ქვეშ გაისმა ჩვენი იმედით, ტკივილითა და საღმრთო სიყვარულით აღსავსე ხმა: "სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღმრთისაო, ზიარებად შემიწყნარე..."

მამა გერასიმემ წმინდა ტრაპეზზე აღასრულა წმინდა შეერთება და მალე სამეუფო კარისკენ მოგვიხმო: "შიშითა ღვთისათა, სარწმუნოებითა და სიყვარულით მოვედით".

შიშით და გამოუთქმელი სიხარულით ვეზიარეთ წმინდა საიდუმლოს. "სადაც ორი ან სამი ჩემი სახელით შეიკრიბება, მე მათ შორის ვარ". წავიკითხეთ სამადლობელი ლოცვები და დავბრუნდით ჩვენს კალივაში. თენდებოდა. ირგვლივ სიგლახაკე და უბრალოება სუფევდა: ტაძარში, კალივის მდაბალ ასკეტთა სახეებზე. შინაგანად კი ვფლობდით აღუწერელ სიმდიდრეს, შეუფასებელ საუნჯეს.

არასოდეს დამავიწყდება ის საღამო, რომელიც მთლიანად ღმრთისადმი იყო მიძღვნილი და აღსავსე გახლდათ მამათა სწავლით, ლოცვით და ღვთისმსახურებით.

ასე ცხოვრობდა მამა გერასიმე თავის საძმოსთან ერთად ასკეტური ცხოვრებით, ხშირი წმინდა ზიარებით, სიმშვიდით, მღვიძარებით, გონიერი ლოცვით, ქრისტესთან განუყრელი შეერთებით.

ცხელი ნაყენი დავლიეთ, მადლობა გადავუხადე ამ წმინდა კაცს და ფრთებშესხმულმა ჩემს კალივას მივაშურე. როცა მოძღვარსა და ძმებს აღვუწერე მომხდარი, მამა გრიგოლმა მითხრა: რაც უფრო გაზრდი და მოიკრებ შენში თავმდაბლობას, ქრისტე მით მეტად განგეცხადება. ასე რომ, განსაცდელის ჟამს იქონიე მოთმინება და სიმდაბლის გულისთქმა.

***
აქ, წმინდა ბასილის სკიტში, მოხდა მთაწმინდური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ერთი ყველაზე ყურადსაღები ამბავი. ერთ მოძღვართან უდაბნოს მკაცრ პირობებში სამოღვაწეოდ ერთი ახალგაზრდა მივიდა. მოძღვარი ჯერ ყოყმანობდა, ბოლოს მაინც დაიტოვა.

ყმაწვილი მონდომებით შეუდგა ახალ ცხოვრებას. მოძღვარი ხედავდა მის სწრაფვას და შესაბამისადაც ეხმარებოდა. მაგრამ ერთხელ კისერზე ძვირფას ჯაჭვზე ჩამოკიდული ოქროს საათი შეამჩნია. დააცადა, მცირე ხანი გასულიყო, მერე კი შესაფერისი დრო შეურჩია და ჰკითხა, - ეს რა არისო.

- მამაჩემის სახსოვარი ოქროს საათია. ეს ჩემთვის დიდი საუნჯეა, - უპასუხა აღელვებულმა მორჩილმა.

- შვილო, არ შეიძლება ბერს თავისი ოჯახის გასახსენებლად რაიმე ჰქონდეს, მით უმეტეს, ოქრო.

მორჩილი დაიბნა.

- თუ აქ ცხოვრება გინდა, ეს ნივთი, რომელსაც გულით ასე მიეჯაჭვე, უნდა დაამსხვრიო.

მორჩილი გაქვავებული უსმენდა.

- აი, ამ ქვით დაამსხვრიე, - უთხრა ბერმა.

მალე მორჩილი მარტო დარჩა. ეშმაკის თავდასხმა, გულისთქმები, სულიერი ორთაბრძოლა - ყველაფერი ერთდროულად დაატყდა თავს და უწყალოდ ტანჯავდა. სამი დღე და ღამე ებრძოდა გულისთქმებს. "მე ყველაფერი მივატოვე, - ფიქრობდა ის, - ერთხელ და სამუდამოდ გავწყვიტე კავშირი სოფელთან და ოჯახთან. მხოლოდ მამაჩემის საათი დავიტოვე. ისიც უნდა გავანადგურო, უარყოფის ქვაზე უნდა დავამსხვრიო? ნუთუ ასეთი მკაცრია ბერული ცხოვრება? რა შეუვალი მოძღვარია! საათის ხელყოფას, მირჩევნია, თვითონ დამამსხვრიოს ქვაზე".

მოძღვარი უყურებდა ამ ორთაბრძოლას და ლოცულობდა მისთვის.

როცა მეოთხე ჟამი დადგა, ვაჟმა აიღო საათი, ეამბორა, ვაჟკაცურად გამოისახა ჯვარი, გაიქცა მოძღვართან და სიხარულით ამცნო თავისი გამარჯვება.

- მამაო, სად არის ქვა?

- აი, იქ, შვილო.

წამით შეჩერდა. გაახსენდა მამა, მოეფერა მისეულ საჩუქარს. მაგრამ თამამად მივიდა ქვასთან.

- მე შენ უნდა დაგამსხვრიო, - თქვა მან, - ქრისტეს უნდა, რომ მთლიანად მას ვეკუთვნოდეთ. მას არ სურს, სოფელთან ერთი ძაფიც რომ გვაკავშირებდეს, თუნდაც ის ძაფი ოქროსი იყოს.

მერე მტკიცე მოძრაობით დადო საათი ფილაზე და წმინდა შეუპოვრობით ისე დასცხო ქვასანაყი, თითქოს საკუთარ ნებას და გულს ურტყამდა! როცა საათი უფორმო მასას დაამსგავსა, მოძღვარმა, რომელიც ამ სცენას სახლიდან უცქერდა, დაუძახა, შვილო, წაიღე და უფსკრულში მოისროლეო. მორჩილი ასეც მოიქცა. თანაც თვალები დახუჭა, რომ შემთხვევით არ დაენახა, სად ჩავარდებოდა საათი, შემდგომში ეშმაკს რომ არ შეეშფოთებინა გულისთქმებით. გახარებული მობრუნდა მოძღვართან.

- ახლა უკვე ბერობის ღირსი ხარ, შვილო, - უთხრა ბრძენმა მოძღვარმა. მან კი ცრემლმორეულმა მუხლი მოუდრიკა ბერს, კურთხევა აიღო და მადლობა გადაუხადა, რომ საშუალება მისცა, გამოცდილიყო და ბრძოლაში გაემარჯვა.

KARIBCHEთავი 13. კავსოკალივის სკიტში
მთაწმინდაზე სკიტში თუ ვინმე დასახლდება, აუცილებლად რაიმე ხელსაქმე უნდა იცოდეს, რომ თავი გაიტანოს. ჩვენს კალივაში მისულს ორი ძმა დამხვდა, ხატმწერები: მამა იოაკიმე და მამა გრიგოლი. მათ შეგირდად ამიყვანეს, გამაკეთებინეს რამდენიმე ესკიზი, რომ შევემოწმებინე, რამდენად შემეძლო ეს საქმე. მაგრამ როცა დარწმუნდნენ, ამის ნიჭი არ მქონდა, მოძღვარმა და მამა იოაკიმემ გადაწყვიტეს, კავსოკალივის სკიტში ხეზე კვეთა შემესწავლა.

სკიტში წმინდა გრიგოლის მონასტრიდან მისული ორი ნაცნობი ბერი ცხოვრობდა: მამა ოქროპირი და მისი მორჩილი მამა ალექსი, ჩემი ხორციელი ნათესავი. მათი ისიქასტრიონი სკიტიდან 20 წუთის სავალზე, ერთ კლდოვან, უწყლო ადგილას მდებარეობდა და არსაიდან ჩანდა. მშრალად იყო ნაგები. ერთ სახურავქვეშ იყო მოქცეული წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მცირე საყდარი, ორი-სამი კელია და პატარა სამზარეულო, რომელიც სატრაპეზოსაც წარმოადგენდა. ადრე აქ რუსი ისიქასტები მოსაგრეობდნენ.

კავსოკალივაში თვით მოძღვარმა წამიყვანა და სთხოვა ორივე მამას, ჩემთვის ხელობა ესწავლებინათ. ღირსმა მამებმა სიხარულით მიმიღეს. თუმცა გამაფრთხილეს, - ცხოვრება აქ მკაცრი და უნუგეშოაო. მაგრამ ამან ვერ დამაბრკოლა. ჩემი მოძღვრის ლოცვებით სულიერად ისე ვიყავი განწყობილი, მიხაროდა კიდეც ჩემი მეუდაბნოეობა.

კავსოკალიველი მამები დიდი სიყვარულით და პატივისცემით მეპყრობოდნენ. ბევრი მათგანი ერისკაცობაში გავიცანი, როცა ათენში საქმეებზე ჩამოსულებს მამაჩემის სახლში ვმასპინძლობდი. ეს სკიტი მთაწმინდის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას იყო გაშენებული. თვალს იტაცებდა ბაღები, მოჩუხჩუხე წყაროები, სიმწვანეში ჩაფლული კალივები, მუხები, ვაზი, ყვავილები, დეკორატიული მცენარეები. მშვენიერი ქვაფენილი და ისტორიული კათოლიკონი მაღალი სამრეკლოთი - ავსებდა ამ ადგილის სილამაზეს. ყოველივე ეს მატერიალური თუ სულიერი გარემო აღავსებდა სულს, ფერს უცვლიდა, აღამაღლებდა ყველას, ვინც ამ მყუდრო გარემოში მოხვდებოდა.

ისიქასტრიონში 1939 წლის ოქტომბრიდან 1940 წლის მაისამდე ვცხოვრობდი. ღირს მამებთან ყოფნით არა მარტო ხეზე ჭრა შევისწავლე, არამედ ახლოს გავიცანი ამ წმინდა ბერთა ცხოვრება და გმირული მოსაგრეობა. ქანცგამცლელი მარხვა, გაჭირვება-სიძნელეები, მცირე ხნის ძილი, უზომო შრომა. დუმილი გახლდათ მშვენიერი მუსიკა დღისა. ისინი საუბრობდნენ დიდი საჭიროების შემთხვევაში, დანარჩენი დრო განუწყვეტლივ გონებით ლოცულობდნენ.

რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის სიახლე არ იყო, ჩვენი კალივის ბერებსაც ცხოვრების დაახლოებით ასეთი განრიგი ჰქონდათ.

მე ვიყავი იმ კაცთა შორის, რომელთაც, თუმცა სხეული ესხათ, მაგრამ ანგელოზებრივ ცხოვრობდნენ, მათი ცხოვრების წესს დიდად აფასებდნენ სკიტელი მამები და შემომნატროდნენ, რომ ამ წმინდა ბერთა გვერდით ვცხოვრობდი. რარიგი მადლიერებით იყო აღსავსე ჩემი ახალგაზრდული სული!

დაუვიწყარ, უტკბეს კავსოკალივაში რვა თვე ვიცხოვრე და ერთხელაც არ მინახავს, მამებს მკაცრი მოსაგრეობის წესი დაერღვიათ. აქ საოცარი ჰარმონია სუფევდა. ხელობის შესწავლისას ჩემს დაშვებულ შეცდომებს დიდი სიფრთხილით და სიყვარულით ასწორებდნენ. როგორი დიდებული ხეზე მკვეთლებიც იყვნენ, ისე გემოვნებით, ფაქიზად მოასწორებდნენ ჩემს მოუხეშავ ხასიათს. მეგონა, მამა იოაკიმეს გვერდით ვიყავი.

ჩემი კელია მოძღვრის ასკეტური ოთახის გვერდით მდებარეობდა. იგი მძინარი თითქმის არასოდეს მინახავს. ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს იწყებდა მიწამდე მუხლთა დრეკას, ოხვრას, ტირილს, რაც იოანე კიბისაღმწერლის სიტყვებს გვახსენებდა: "გლოვა ჭეშმარიტი საღმრთოი ესე არნ ჭმუნვარება სულისა და გული მწუხარე, რომელი მარადის იურვებნ საქმეთათვის სატკივართა, და ყოველსა ჟამსა ტრფიალისა მის მიმართ თვისისა წყურიელ არიან, რაჟამს ვერ ეწიის, ეძიებნ მას ტკივილითა გულისათა და შემდგომად მისსა გოდებით ხმობენ კვნესით და სულთქმით".

ჩვენთან ღვთისმსახურება დაახლოებით შუაღამისას, პირველ საათზე იწყებოდა და, ასკეტთა წესისაებრ, უმეტესად სკვნილზე სრულდებოდა. მე იქ ვიგრძენი, რას ნიშნავდა მათთვის, ისევე როგორც ყველა ჭეშმარიტი ბერისა და ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის, უწმინდესი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც "მეტია ყველა სხვა სახელზე". ლოცვისას ძალზე ხშირად ბერები ატირდებოდნენ და წყვეტდნენ ღვთისმსახურებას, რადგან მისი გაგრძელება აღარ შეეძლოთ...

გაგრძელება იქნება
ბეჭდვა
1კ1