ამქვეყნიური ამაო ფიქრები იშვიათად ეხებოდა მის გულს, რადგან ფარად ჰქონდა აფარებული სიკვდილის ხსოვნა
ამქვეყნიური ამაო ფიქრები იშვიათად ეხებოდა მის გულს, რადგან ფარად ჰქონდა აფარებული სიკვდილის ხსოვნა
* მტარვალ მაქსიმიანეს, რომელმაც უამრავი უბრალო ქრისტიანი დახოცა, იმდენად სძულდა იესოს მოწაფენი, რომ მშვიდად არც მათ შვილებს ტოვებდა. ბრძანა, თუ ბავშვები კერპებს თაყვანს არ სცემენ, დახოცეთო. უამრავი ბავშვი შეკრიბეს ანტიოქიაში. მაქსიმიანე მათ წინაშე ქრისტეს შეურაცხყოფდა, ცალკე ქურუმები მიუგზავნა და ზოგს მოფერებით, ზოგს რისხვით აცთუნებდნენ.

ამ დროს მაქსიმიანეს შეატყობინეს, ბავშვებს შორის არის ორი ყრმა, დიდებული ოჯახის შვილები, მშობლებივით ჯიუტი ქრისტიანებიო. მაქსიმიანე შეეცადა მათ მოთვინიერებას. ბავშვებს ნაკერპავ საჭმელს აძალებდა, მაგრამ ისინი არ გაეკარნენ კერძებს, ყრმებმა ჯალათებს კადნიერად უთხრეს, - არანაირი ამსოფლიური სიკეთის გამო ქრისტეს არ უარვყოფთ და არც სიკვდილის შიშით დავარღვევთ მშობლების კურთხევასო. მაქსიმიანემ ისინი გაამათრახებინა, მერე კი ფილოსოფოს-სოფისტებს მისცა ხელთ. მათ ყმაწვილების "მოქცევის" იმედი არ ჰქონდათ, ამიტომ რაღაც ნარევი წაუსვეს ბავშვებს თავზე და ცხელ აბანოში შეყარეს. საშინელი სატანჯველით კვდებოდნენ ყმაწვილები, ერთმანეთს ამხნევებდნენ. პირველად უმცროსი გარდაიცვალა, უფროსმა ძმამ დაკოცნა მისი უსულო სხეული და ზედ დააკვდა.

* უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სიცოცხლე წარმავალია, ამის მაგალითს წმინდა იოანე მოწყალე გვაძლევს. ის იყო ჭეშმარიტი შვილი ზეცისა და მამაცი მებრძოლი მართლმადიდებლობისა. ამქვეყნიური ამაო ფიქრები იშვიათად ეხებოდა მის გულს, რადგან ფარად ჰქონდა აფარებული სიკვდილის ხსოვნა. სიცოცხლის ბოლოს ამ წმინდა კაცმა კუბო გააკეთებინა, ოღონდ ბრძანა, ბოლომდე არ შეკრათო. დღესასწაულებზე, ტრაპეზობისას სტუმრების წინაშე შემოვიდოდა მასთან მეკუბოვე და ეტყოდა: - მეუფეო, შენი კუბო ჯერ არ დაგვიმთავრებია. გვიბრძანე, დავასრულოთ მისი გაკეთება, რამეთუ სიკვდილი მოახლოვდა და არ იცი, როდის გეწვევაო.

ამგვარად წმინდა იოანეს თვალთა წინაშე ყოველთვის ჰქონდა სიკვდილი და სხვათაც ასწავლიდა ამ სოფლის წარმავლობას.

* ერთ მონასტერში მშვენიერი ტრადიცია ჰქონდათ: ყოველ დიდ ხუთშაბათს მოდიოდნენ მახლობელი სოფლებიდან შეჭირვებულები, ქვრივ-ობლები, გლახაკები და დადგენილი რაოდენობის ხორბალი, თაფლი და ღვინო მიჰქონდათ, რათა ქრისტეს აღდგომის სიხარული რამენაირად სხვებთან ერთად გაეზიარებინათ. ერთხელ მოუსავლიანი წელი დადგა. პური გაძვირდა. ძმებს საკვები საკმარისად ჰქონდათ, მაგრამ მოწყალების გაცემა ზედმეტად მოეჩვენათ და წინამძღვარსაც ამას ურჩევდნენ. დიდხანს არ სთანხმდებოდა წინამძღვარი, - ცოდვაა, ძმებო, დავარღვიოთ მონასტრის მამათაგან დაწესებული კანონები, ცოდვაა ღვთის იმედის უქონლობაო. ძმები კი ეუბნებოდნენ, სხვების გამო ჩვენ მშივრები არ დავრჩებითო. შეწუხებულმა წინამძღვარმა მათ უთხრა, - ქენით, რაც გნებავთო. დიდ ხუთშაბათს უამრავი გლახაკი მონასტრიდან ხელცარიელი წავიდა.

ზეციური მამის სასჯელმაც არ დააყოვნა: დიდ შაბათს მნე შევიდა საწყობში ფქვილის წასაღებად, რათა სააღდგომოდ ხმიადი გამოეცხოთ და საშინელი სუნი ეცა, მთელი ხორბალი დამპალიყო. მდინარეში გადაყარეს. განცვიფრდნენ ბერები, არ იცოდნენ, რითი ენუგეშათ. ღვთისმოშიშმა წინამძღვარმა მათ უთხრა: ვინც გარდავა ამ სავანის დამაარსებელი წმინდა მამის მცნებას, ვისაც ღვთის განგებულების იმედი არ აქვს და არ შეიწყალებს გლახაკებს, აუცილებლად დაისჯება ურჩობისათვის. თქვენ დაგენანათ ხუთასი საწყაო ხორბალი გლახაკებისთვის და ამით ხუთი ათასი დაღუპეთ. ამიერიდან იცოდეთ, ღვთის იმედი გქონდეთ და არა საკუთარი ბეღლისაო.

სამწუხაროდ, ჩვენც დაგვვიწყებია გლახაკთა გამოკვება, არსობის პურიც ამიტომაც ხშირად გვენატრება.

მარადის უნდა გვახსოვდეს ჩვენი უფალი, მარადიული უნდა იყოს სიყვარული იესო ქრისტესი.

* ანტიოქიის ეკლესიის მღვდელმთავარ წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილს ყრმობისას უფალმა თავზე ხელი დაადო და თქვა: ვინც არ მოიქცევა და იქნება, ვითარცა ყრმა, ვერ შევა სასუფეველში; ვინც მიიღებს ამ ყრმას ჩემი სახელით, მე მიმიღებსო. ეს ყრმა კი გაიზარდა და მღვდელმთავარი შეიქნა. მას ღმერთშემოსილი უწოდეს, რადგან მარადის გულით ატარებდა ღვთის სახელს. უფალმა მას მოწამებრივი სიკვდილი განუჩინა. იმპერატორ ტრაიანეს ბრძანებით, წმინდა ეგნატე მხეცებს მიუგდეს შესაჭმელად. სიკვდილის წინ ის დაუცხრომლად იმეორებდა იესოს სახელს. ჯალათებმა დასცინეს, რას ბუტბუტებო, მან კი უპასუხა: იესოს სახელი გულზე მაქვს დაწერილი და ბაგეებით როგორ აღარ ვაღიაროო! მხეცებმა დაჭამეს მოწამე. ღვთის განგებულებით, გული გადარჩა. ჯალათებს ახსოვდათ მისი ნათქვამი და თქვეს, - ვნახოთ, გულზე რა აწერიაო. წმინდა ეგნატეს გულზე ოქროს ასოებით ეწერა "იესო ქრისტე".

ძმებო და დებო ქრისტიანებო, თუ იესოს სახელი წმინდა ეგნატესავით მარადის გულში გვექნება და ბაგეებით აღვიარებთ, მაშინ მისი მეორედ მოსვლისას ღირსი შევიქნებით ქრისტეს მარჯვენა მხარეს დადგომისა და მარადიული სიხარულისა.

* ერთ-ერთ მონაზონს წმინდა ამბროსი ოპტელი თავის აშენებულ შამორდინოს მონასტერში ურჩევდა გადასვლას. მონაზონს კი ეშინოდა, რომ წმინდა მამის გარდაცვალების შემდეგ გაუჭირდებოდა. ამ ფიქრს დიდხანს არ უმხელდა მოძღვარს. ერთხელ, როცა წმინდა ამბროსისთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ღირსმა მამამ ამ მონაზონს მიმართა: იცით, რომ მამები სიცოცხლეში თავიანთ სავანეებს არასოდეს დაუტევებენ და განა სიკვდილის შემდგომ მათზე ხელს აიღებენ? არა, ყველაფერი ძველებურად იქნებაო.

* ძალზე მნიშვნელოვანია მამის კურთხევა, ის წარმავალ სოფელში აკურთხებს და მარადისობაში გადაგყვება. ამის დასტურად ორ მაგალითს გავიხსენებთ. წმინდა თეოდორე სტუდიელი მოგვითხრობს: ერთმა მოძღვარმა თავის სულიერ შვილს, რაღაცის გაკეთება უბრძანა. ის შეყოვნდა. უკმაყოფილო მოძღვარმა მოწაფეს ეპიტიმია დაადო: - არ ეჭამა, ვიდრე იმ საქმეს არ შეასრულებდა. მოწაფე წავიდა კურთხევის შესასრულებლად. საქმე კი გააკეთა, მაგრამ უკან მობრუნებულს მოძღვარი გარდაცვლილი დახვდა. მოწაფემ დადებული ეპიტიმიის მოხსნა მოისურვა, მაგრამ გარშემო უდაბნოში არავინ იყო, ვინც ამას გააკეთებდა, ვერც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა გახსნა იგი, საბოლოოდ, ბერმა თხოვნით მიმართა კონსტანტინოპოლის პატრიარქ გერმანეს. მან ამ საქმის გასარკვევად შეყარა სხვა მღვდელმთავარნი, მაგრამ ვერც პატრიარქმა და ვერც მღვდელმთავართა კრებამ ვერ შეძლეს მოძღვრის სასჯელის გახსნა, რომელსაც უცნობია, ჰქონდა თუ არა მღვდლობის ხარისხი. ამიტომ მოწაფე იძულებული გახდა, სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ ხილით ეკვება.

სკიტში ერთი მეტად მორჩილი ბერი ცხოვრობდა, მაგრამ ერთხელ ეშმაკისგან ცთუნებულმა უარი თქვა მორჩილების შესრულებაზე და უკურთხებლად, მით უმეტეს, რომ ურჩობის გამო აკრძალული ჰქონდა სკიტიდან გასვლა, მაინც მიატოვა იქაურობა და ალექსანდრიაში წავიდა, სადაც აწამეს და ქრისტესთვის აღესრულა. იმ ქალაქის ქრისტიანებმა ახალმოწამის სხეული თავიანთ ტაძარში დაასვენეს. მაგრამ ყოველი ლიტურგიის ჟამს, როცა დიაკვანი იტყოდა: კათაკმეველნო, განვედითო, კუბოში ჩასვენებული მოწამე უხილავი ძალით კარიბჭეში გადიოდა და ლიტურგიის დამთავრებამდე იქ რჩებოდა. ერთი ალექსანდრიელი დიდგვაროვანი ამ ამბის გასარკვევად ლოცულობდა. მან გამოცხადებით ნახა, ეს მოწამე ერთი ბერის მოწაფე იყო, რომელიც ურჩობის გამო მისმა მოძღვარმა შეკრა. როგორც მოწამემ, წამების გვირგვინი მიიღო, მაგრამ მოძღვრის აკრძალვის გამო საღმრთო ლიტურგიაზე დარჩენა არ შეუძლია, ვიდრე ის არ გახსნისო.

როგორც იქნა, მოძებნეს მოძღვარი, რომელიც ალექსანდრიაში ჩავიდა და გახსნა სულიერი შვილი. ამის მერე კუბო ლიტურგიისას ადგილიდან აღარ დაძრულა.

* ადამიანის სიმდაბლეც ღვთის სიყვარულთან ერთად მარადიული უნდა იყოს.

XIX საუკუნეში ოპტის მონასტერში ორი ხორციელი ძმა მოღვაწეობდა - მოსე და ანტონი (პუტილოვები). ორივე წმინდანად არის შერაცხული, მამა მოსე 37 წელი წინამძღვრობდა ოპტის უდაბნოს. მამა ანტონი კი დიდხანს მონასტრის სკიტს ხელმძღვანელობდა. უდიდესი სიყვარული აერთიანებდა მათ. მამა ანტონი, როგორც სულიერ მამას, მორჩილებდა თავის ხორციელ ძმას. როცა მამა მოსე გარდაიცვალა, დიდად დამწუხრებულ მამა ანტონს უცრემლოდ არ შეეძლო მისი გახსენება. ერთი კია, თავისი ძმის სულიერ ცხოვრებაზე, მის დაფარულ შინაგან კაცზე, მის ხილვებზე არაფერს ამბობდა და როცა სთხოვდნენ მოყოლას, უარობდა. გარდაიცვალა და მარადისობაში გაიყოლა მოგონებები თავის ძმაზე.

ძმის გვერდით უნდა დაეკრძალათ ტაძარში. გათხარეს მამა მოსეს სამარე. საყვარელი არქიმანდრიტის სხეულის ნახვა მოუნდა იღუმენ მარკოზს. ახადა კუბოს თავსახური. მამა მოსეს სხეული გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ უხრწნელად ესვენა, სამოსიც ახალივით გამოიყურებოდა. მამა მარკოზი კუბოსთან მარტო როცა დარჩა, მოსაგონებლად მამა მოსეს მანტიის კალთის ჩამოჭრა მოინდომა. შეეხო თუ არა დანით მანტიას, წამსვე დაიხურა სახურავი და იღუმენ მარკოზს ხელზე დაეცა. მიხვდა მამა მარკოზი, რომ წმინდა მოსეს სიმდაბლის გამო არ სურდა, მცირედითაც რომ განდიდებულიყო თუნდაც მარკოზის წინაშე: "მაპატიე, მამაო წმინდაო, სიყვარულისაგან კადნიერება, გამიშვი ხელი", - დიდხანს სთხოვდა მარკოზი ცოდვათა მიტევებას, ვიდრე სახურავი თავისით არ აიხადა.

ამ ამბის მოსაგონებლად მამა მარკოზს საჩვენებელი თითი დაზიანებული დარჩა.

* კომუნისტთა საკონცენტრაციო ბანაკებში გამოვლილი მღვდელი ვასილი ევდოკიმოვი ჰყვებოდა: მოსკოვში, ყაზანის სადგურის ახლოს, სამი დიდი მღვდელმთავრის სახელზე აგებული ტაძარი იდგა. რევოლუციის შემდეგ მისი ნგრევა დაიწყეს. ამ დროს სადგურის რესტორანში მართლმადიდებელი ოფიციანტი მუშაობდა. საშინელი შიმშილობა იყო. ოფიციანტს რესტორანში სადილი ეკუთვნოდა, ის კი თავის კერძს გაჭირვებულებს ურიგებდა, თვითონ მიდიოდა კომუნისტთაგან შეგინებულ ტაძარში, აიღებდა იატაკიდან ფეხით გათელილ ჯვარს თუ ხატს, კეთილმოკრძალებით გაწმენდდა და ამოიოხრებდა: "მართლმადიდებლები აშენებენ, სხვები კი ანგრევენო". რა თქმა უნდა, ის შესაბამის ადგილას მიაბრძანეს.

ოფიციანტის შესახებ კი მე ასე შევიტყვე. იმ პერიოდში ქუხდა პროფესორ ბრაუდოს სახელი. მისი ლექციების დროს გაჭედილი იყო დარბაზი. ერთხელ მის მოსასმენად წავედი. ლექციაზე გვეუბნებოდა, ღვთის რწმენა შიზოფრენიის განსაკუთრებული სახე და რელიგიური სიგიჟეაო. აღტაცებული მსმენელები ტაშს უკრავდნენ. პროფესორის სიტყვების დასადასტურებლად, ავადმყოფობის სადემონსტრაციოდ დარბაზში ჩვენი ოფიციანტი შემოიყვანეს.

შიმშილისაგან გაფითრებულს იმდენად მშვიდი და ზეშთაგონებული სახე ჰქონდა, რომ დარბაზი მაშინვე მიწყნარდა. "ალბათ მოიწყინეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში", - ჰკითხა პროფესორმა. "არა, - უპასუხა ოფიციანტმა, - თან ბიბლია მაქვს და ალბათ მთელი ცხოვრება არ მეყოფა ამ დიდებული წიგნის შესაცნობად". პროფესორმა მას ბიბლიაზე შეკითხვები დაუსვა. იმედი ჰქონდა, დაანახვებდა საზოგადოებას, თუ რამდენად "ბნელი, ბრმა ფანატიკოსი" იყო იგი, რადგან ვერ ამჩნევდა წინააღმდეგობას ბიბლიაში. მაგრამ ოფიციანტი ნათლად და ბრძნულად პასუხობდა, ბიბლიიდან ზეპირად კითხულობდა ტექსტებს. ეს ისე შთამბეჭდავი იყო, რომ ახალგაზრდობა მის მხარეზე გადავიდა. გაბრაზებულმა პროფესორმა ამოიძახა, როგორ შეგეძლოთ ამის დამახსოვრება, როცა ალბათ ექვსასი ფურცელიაო და საბოლოოდ ჰკითხა: - ნუთუ ყველაფერი ეს არ მოგბეზრდათ და ძველებურად არაფერზე ჯავრობთო? "არა, - უპასუხა კაცმა, - ღმერთთან ყოფნა ყველგან კარგიაო". და ისეთი კეთილშობილური ჟესტით დაემშვიდობა იქ მყოფთ, რომ აუდიტორიას ოხვრა ამოხდა. მსმენელთაგან ბევრი გაჰყვა მას.

ასე აჯობა მარადიული მოძღვრებით განათლებულმა ადამიანმა ერის წარმავალი მეცნიერების პროფესორს.
ბეჭდვა
1კ1