ღვთისმოშიშების გაკვეთილები
ღვთისმოშიშების გაკვეთილები
მშობლების შეურაცხმყოფელი. ერთხელ ღირს პართენს, ლამფსაკიელ ეპისკოპოსს, განსაკურნებლად ეშმაკეული ბიჭი მიუყვანეს. მუდამ კაცთა ნუგეშისმცემელი იყო წმინდა პართენი, ლოცვით მყის შეეწეოდა გაჭირვებულს. მაგრამ შეხედა თუ არა ყმაწვილს, უკმაყოფილება დაეტყო. მშობლები მუხლებში ჩაუცვივდნენ ღირს მამას და შვილის განკურნება სთხოვეს. ღვთის კაცმა კი უთხრა: "თქვენი შვილი განკურნების ღირსი არ არის! არაწმინდა სული იმიტომ ტანჯავს, რომ ლამის მამის მკვლელია!" შეაძრწუნა მშობლები მისმა ნათქვამმა. წმინდა პართენმა ჰკითხა:

- განა შვილი ხშირად არ გლანძღავდათ?

- დიახ.

- მწუხარების ჟამს ითხოვდით მის დასჯას?

- მართალია, შევცოდეთ ღვთის წინაშე! - მწარედ ამოიოხრეს მშობლებმა.

- დაე, იტანჯოს, რამეთუ დამსახურებული სასჯელი მიიღო, - თქვა წმინდა მამამ.

შვილისმოყვარე მშობლები ცრემლად იღვრებოდნენ და ვედრებას არ წყვეტდნენ. წმინდა პართენს შეეწყალა ისინი, მუხლი მოიდრიკა და ღვთისგან წყალობა გამოითხოვა. ეშმაკი განვიდა ვაჟისაგან.

უდიდესი მსხვერპლი. ნოლანის ეპისკოპოსი წმინდა პავლინე იმდენად მოწყალე იყო, რომ მთელი ქონება ვანდალების ტყვეობაში მყოფ თანამემამულეთა გამოხსნას მოანდომა. ბოლოს, როცა აღარც ფული დარჩა და აღარც რაიმე ფასეული, მასთან ერთი ქვრივი დედაკაცი მივიდა და ერთადერთი ვაჟის ტყვეობიდან დახსნა სთხოვა. წმინდა პავლინემ ქალს უთხრა; "ჩემი თავის გარდა აღარაფერი მაბადია, წამიყვანე და, როგორც შენი მონა, ვაჟის სანაცვლოდ მიმეციო". ქალმა იფიქრა, მღვდელმთავარი დამცინისო, მაგრამ წმინდა პავლინემ დაარწმუნა, რომ არ ხუმრობდა და ასეთი იყო ნება ღვთისა.

ზოგიერთი იტყვის, ხომ შეეძლო მღვდელმთავარს მოეთმინა და მერე არათუ ერთი, რამდენიმე ტყვე გამოესყიდაო. მაგრამ ასე კაცნი იტყვიან, ღმერთი კი სხვაგვარად განსჯის.

წმინდა პავლინე და ქვრივი დედაკაცი ვანდალების ქვეყანაში ჩავიდნენ. დაემხო ქალი მათი თავადის წინაშე და "მონის" სანაცვლოდ ერთადერთი ვაჟის დაბრუნება სთხოვა. თავადი ჯერ უარობდა, ეგ მოხუცი რაში გამომადგებაო, მაგრამ როცა შეიტყო, მონა კარგი მებაღეაო, დაიტოვა. დედაკაცი ვაჟთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა, წმინდა პავლინემ კი ბაღის მოვლა დაიწყო. ნაბრძანები ჰქონდა - ყოველ დილით ბატონის სუფრაზე ახალთახალი მწვანილი, ხილი და ბოსტნეული მიერთმია. ბატონიც ხშირად მიდიოდა ბაღში მოფუსფუსე მონასთან. როცა მისი სიბრძნე და გონიერება დაინახა, სურვილი გაუჩნდა, ყოველდღე ეხილა.

ერთხელ, სხვადასხვა თემაზე საუბრისას, წმინდა პავლინემ საიდუმლოდ უთხრა ბატონს: "მალე შენი სიმამრი მეფე რიქსი უეცრად გარდაიცვლება. ეცადე, დედაქალაქს არ განეშორო, თორემ სამეფო გვირგვინს სხვა ჩაიგდებს ხელშიო". ბატონი განაცვიფრა მონის ნათქვამმა. რადგან ერთგული იყო მეფისა, წავიდა და ყოველივე მოუთხრო, რაც მებაღისგან გაიგო. "მაგ კაცის ნახვა მინდა. უბრძანე, სუფრაზე ხილი და ბოსტნეული მომართვასო", - ისურვა მეფემ.

რიქსი შეაძრწუნა წმინდა პავლინეს ხილვამ. გონს რომ მოვიდა, სიძე იხმო და უთხრა: "ჭეშმარიტია მისი სიტყვები. წუხელ სიზმარი ვნახე: თითქოს ჩემს თავადებს ბჭობა ჰქონდათ. მაგიდის თავში ეს კაცი იჯდა. ითათბირეს და გადაწყვიტეს, სამეფო ჩამომართვან. ჰკითხე, ვინ არის და სადაურია. არა მგონია, უბრალო კაცი იყოს".

მეფის სიძემ წმინდა პავლინე ცალკე გაიხმო, უფლის სახელი დააფიცა და ვინაობის გამხელა მოსთხოვა. ღირსი მამაც იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ მღვდელმთავარი იყო.

"მაპატიე, ღვთის კაცო! - ებოდიშებოდა ბატონი, - რომ უცოდინარობით მონის ტვირთი დაგადე". მეფემ კი უთხრა: "მთხოვე, რაც გინდა და საგანძურით დაუბრუნდი შენს სამწყსოსო". "ერთსა გთხოვ, მეფევ, - მდაბლად მიმართა წმინდა პავლინემ, - ჩემთან ერთად გამოუშვი ყველა ტყვე, ვინც ჩემი სამშობლოდან წამოგიყვანიათ. სწორედ ეს იქნება ის საგანძური, რომელსაც თან გამაყოლებთო".

მეფის ბრძანებით მთელ სამეფოში მოძებნეს ნოლანელი ტყვეები და წმინდა პავლინეს გადასცეს. მღვდელმთავარი დიდი პატივით დაბრუნდა სამშობლოში და თანამემამულეებს სიმშვიდე და სიხარული მიუტანა.

ასე იცავს ღმერთი იმის სიცოცხლეს, ვისაც სხვების გადასარჩენად თავი არ ენანება.

ღალატის საზღაური. ბერძენთა მეფის თეოფილეს ზეობის ჟამს აგარიანთა სარდალმა ამირ მუმნმა ქრისტიანთა ჯარი ბრძოლაში გაანადგურა და მშვენიერ ქალაქ ამორიას ალყა შემოარტყა. მაღალი კედლები და უამრავი ხალხი იცავდა ქალაქს. ბერძნები ყოველღამ გამოცვივდებოდნენ ხოლმე გალავანს გარეთ და მტრის უთვალავ ჯარისკაცს მოწყვეტდნენ. ამირ მუმნი დაეჭვდა კიდეც, იქნებ ქალაქი ვერც ავიღოო და ალყის მოხსნა განიზრახა.

საუბედუროდ, ბერძენთა მეფის სარდალთა შორის მოღალატე აღმოჩნდა. ვატაძისმა (ასე ერქვა ამ უბედურს) ისრით ბარათი ესროლა მტერს, რომელიც უკვე შლიდა ბანაკს. სწერდა: "ამდენი სისხლი დაღვარეთ და ასე იოლად აპირებთ დანებებას? ქალაქის კედელს იმ მხრიდან შემოუტიეთ, სადაც კოშკზე მარმარილოს ლომი დგას. გალავნის ამ ნაწილს მე ვიცავ და ვფიცავ, დაგეხმარებით. თქვენ კი თავად იცით, როგორ უნდა დააფასოთ ასეთი საქციელიო". ბარათი მართლაც შენიშნეს და ამირ მუმნს მიართვეს.

შუაღამისას მთელი ძალით შეუტიეს ქალაქის იმ ნაწილს, რომელსაც მოღალატე ვატაძისი იცავდა. ამირ მუმნი ქალაქში შევიდა და ცოდვის კალო დაატრიალა (მისი მსახვრალი ხელი ქართველებსაც მოგვწვდა). ყველაფერი ფერფლად იქცა. უამრავი ქრისტიანი ტყვედ ჩაიგდეს და მონად გაყიდეს. ვატაძისმა მუსულმანობა მიიღო და ამირ მუმნმაც უხვად დაასაჩუქრა.

აგარიანთა ტყვე ქრისტიანი სარდლები შვიდი წელი ისხდნენ საპყრობილეში და იტანჯებოდნენ. მათი გამომსყიდველი არავინ ჩანდა.

მტერს ტყვეების გადაბირება სურდა - ხან კეთილი სიტყვით, ხანაც მუქარით ცდილობდა მათ გამაჰმადიანებას. რომ არაფერი გამოუვიდა, ამირ მუმნმა მათი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ორმოცდაორმა ქრისტიანმა დათხია სისხლი საკუთარი რწმენისათვის...

მართლმსაჯულია ღმერთი! როცა ქრისტიანთა თავდადება და რწმენის ერგულება იხილა, აგარიანთა თავადმა მოიხმო ვატაძისი, გულგრილად რომ უცქერდა თანამოძმეთა ტანჯვას, და მრისხანედ უთხრა: "შენ ქრისტეს რწმენასაც უღალატე და საკუთარ მეფესაც. ვინ იცის, შემთხვევა რომ მოგეცეს, იქნებ მაჰმადიანობაც დაუტევო და ახლა მე მიღალატო. ამიტომაც შენი ღალატისგან თავს დავიზღვევო", - და მონებს უბრძანა, მისთვის თავი მოეკვეთათ.

ასეთი იყო საზღაური მოღალატისა.

შემრიგებელი. ერთი ღვთისმოშიში მეუდაბნოე მცირე ხნით სკიტში მივიდა საცხოვრებლად. ძალზე დაღონდა, ცარიელი სენაკი რომ ვერ იპოვა. ერთ-ერთმა მამამ, მისი წუხილი რომ ნახა, იქვე, უდაბნოში, თავისი ქოხი დაუთმო, სადაც მეუდაბნოე ლოცვისთვის განმარტოვდებოდა ხოლმე. მალე ბერებს შორის ქრისტესმიერი ძმობა და სიყვარული ჩამოვარდა.

გავიდა ხანი. ახალმოსული ბერის სულიერი სიბრძნე რომ იხილა, მრავალმა ქრისტიანმა მასთან რჩევისთვის იწყო სიარული. უხვი შესაწირიც მიჰქონდათ. ეს რომ ქოხის პატრონმა იხილა, ბერის შეშურდა და თქვა: "ამდენი ხანია აქ ვცხოვრობ, ვმარხულობ, ვლოცულობ, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა, ეს კი ორიოდე დღეა აქ დასახლებულა და ყველა მისგან იღებს კურთხევასო". ბერის ლანძღვას არ დასჯერდა, ადგა და მოწაფეს უბრძანა: "წადი, სტუმარს გადაეცი, ჩემი სენაკი დატოვოს და სადაც უნდა, იქ წავიდესო". ღვთისმოშიში და გონიერი მოწაფე მივიდა ღირს მამასთან და სულ სხვა რამ უთხრა: "ჩემმა მოძღვარმა გამომგზავნა, რომ მეკითხა, ხომ ჯანმრთელად ბრძანდებითო". "გადაეცი შენს მოძღვარს, ილოცოს ჩემთვის, შეუძლოდ ვგრძნობ თავსო", - მიუგო სტუმარმა. ახალგაზრდა ბერი სულიერ მამასთან დაბრუნდა და უთხრა: "უკვე იშოვა სხვა სენაკი და მალე გადავა კიდეცო".

რამდენიმე დღის შემდეგ ბერმა ისევ გაგზავნა მოწაფე და სტუმარს შეუთვალა: "თუ ჩემს სენაკს არ დატოვებ, მოვალ და კვერთხის ცემით გაგაგდებო!.." "ჩემმა მოძღვარმა თქვენი ავადმყოფობა რომ შეიტყო, მოსანახულებლად გამომგზავნაო", - უთხრა ხიზანს. "გადაეცი, რომ მისი ლოცვით გამოვკეთდიო", - დაუმადლა სტუმარმა. დაბრუნდა მოწაფე მოძღვართან და უთხრა: "ერთი კვირის ვადას გთხოვთო".

გავიდა ის ერთი კვირაც. ბერმა მოთმინება დაკარგა, აიღო კვერთხი და ხიზნის გასაძევებლად წავიდა. მოწაფე კი დაწინაურდა, სენაკისკენ იჩქარა და სტუმარს მოახსენა: "ჩემი მოძღვარი სატრაპეზოდ თქვენს მისაპატიჟებლად მოდისო". ეს რომ გაიგო, სტუმარი მაშინვე გამოვიდა ქოხიდან და შორიდანვე მუხლი მოუდრიკა კვერთხმომარჯვებულ ბერს: "თანახმა ვარ და შრომას ნუ შეიმთხვევ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაოო". მისი სიმდაბლით განცვიფრებულ ბერს გული მოულბა, მანაც მოუდრიკა მუხლი და სატრაპეზოდ წაიყვანა.

როცა სტუმარი გააცილეს, ბერმა მოიხმო მორჩილი და ჰკითხა: "რასაც გაბარებდი, სტუმარს თუ გადასცემდიო". "არაფერი მითქვამსო", - გამოუტყდა მოწაფე. გაუხარდა ბერს სულიერი შვილის საქციელი და უთხრა: "ამიერიდან შენ - მოძღვარი და მე - მოწაფე, რამეთუ შენი საქციელით ორივეს სული ცხონდაო".

ჩავიხედოთ ჩვენს გულებში, ქრისტიანებო. რამდენჯერ მოვქცეულვართ ამის საპირისპიროდ - შერიგების ნაცვლად, "უბოროტო" ჭორაობით თუ გამიზნულად კაცთა შორის მტრობის ცეცხლი გაგვიღვივებია. ზემოთქმული კი მაგალითია მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარულისა.

ვინც მოწყალებას გასცემს. დიდი მღვდელმთავარი და მართლმადიდებლობისთვის მებრძოლი მამა წმინდა ტიხონ ამაფუნტელი ხაბაზის შვილი იყო, ახალგაზრდობაში პურს ყიდიდა. გულმოწყალე და ღვთისმოშიში ყმაწვილი პურს მოწყალებად ურიგებდა გლახაკებს, რაც ძალზე აბრაზებდა მამამისს. ტიხონმა განრისხებულ მშობელს უთხრა: "მამა, ტყუილად ბრაზობ. მე ამ პურს ქრისტეს ვასესხებ, რადგან, წმინდა წერილის მიხედვით, მისგან ხელწერილი მაქვს მიღებული: "ვინც ღმერთს ასესხებს, ასწილად მიიღებს". ეს ჭეშმარიტებაა და თუ არ გჯერა, წავიდეთ ბეღელში და ნახავ, ღმერთი ვალს როგორ აბრუნებსო". მოჰკიდა ხელი და ბეღელთან მიიყვანა. მამამ კარის გაღება მოისურვა, მაგრამ აღმოჩნდა, აქამდე ცარიელი ბეღელი საუკეთესო ხორბლით ავსებულიყო. შეძრწუნდა კაცი, დაეცა მიწაზე და მადლობა შესწირა ღმერთს. ამის შემდეგ შვილისთვის მოწყალების გაცემა აღარასოდეს აუკრძალავს.

ღვთისმსახურების პატივი. როცა ამბა ამოსი იერუსალიმის პატრიარქის ტახტზე აღამაღლეს, მისალოცად სხვადასხვა მონასტრიდან მეუდაბნოე მამები მივიდნენ და თაყვანი სცეს, როგორც მამამთავარს შეეფერება. წმინდა ამოსმა ამბორუყო მათ და ნაღვლიანად შესთხოვა: "ილოცეთ, მამებო და ძმებო, ჩემ ცოდვილისთვის. უმძიმესი უღელი დამედგა და შემაძრწუნებს პატივი უფროსობისა. სადღაც წამიკითხავს, ლევი, რომის მამამთავარი, ორი კვირა მოუკლებლად, მარხვით და ლოცვით ევედრებოდა ღმერთს ცოდვათა მიტევებას. ბოლოს კი მოესმა ხმა, რომელიც ეტყოდა: "ღმერთმა ყველა ცოდვა გაპატია, იმათ გარდა, რომლებიც იმ მოვალეობებს ეხება, ხელდასხმის მიხედვით რომ უნდა აღგესრულებინა. მხოლოდ მათ გამო განიკითხებიო".

დიდი ძალაუფლება და პატივი მიეცემა ქრისტიანს ხელდასხმისას. ბევრი მიეცემა და ბევრიც მოეთხოვება - ქრისტე საშინელ სამსჯავროზე მისთვის მიბარებული ყოველი სულისთვის მოჰკითხავს.
ბეჭდვა
1კ1