რად მინდა თვალთა სინათლე, მე ხომ სიბრმავით ვცხონდები!
რად მინდა თვალთა სინათლე, მე ხომ სიბრმავით ვცხონდები!
ვერც ერთმა ამქვეყნიურმა სიკეთემ სიხარული ვერ მომანიჭა. ბედნიერი მხოლოდ იმ წუთიდან გავხდი, როცა მათზე უარი ვთქვი
XIX საუკუნეში ოპტის უდაბნოში მოღვაწეობდა სქემმონაზონი სერგი, ერისკაცობაში - სარატოველი ვაჭარი. ერთხელ, იტალიაში ყოფნისას, ვეზუვის მთაზე ასულა და უზარმაზარი ცეცხლის ტბა უხილავს, რომელზეც ზღვის ტალღებივით წამოიქოჩრებოდა ცეცხლის ტალღები. საშინელი სანახავი იყო!

უცებ მის თვალწინ ცხოვრებაზე გულგატეხილი უცნობი ცეცხლის ტბაში გადაეშვა და უკვალოდ გაქრა. ვეზუვის ვულკანმა მას ჯოჯოხეთი გაახსენა და ცხოვრების ამაოებაში დაარწმუნა. დიდხანს აღარც უყოყმანია, ოპტის მონასტერს მიაშურა, სადაც მისი ძმა მოღვაწეობდა.

* ედესის ეპისკოპოსი წმინდა თეოდორე გვიყვება, რამ აიძულა სვეტზე ასულიყო და მასზე მრავალი წელი ეღვაწა: "მე და ჩემმა ძმამ ერთდროულად დავტოვეთ სოფელი. სამი წელი მონასტერში დავყავით, მერე კი უდაბნოში მღვიმეები ვიპოვეთ და იქ დავსახლდით ცალ-ცალკე, მხოლოდ კვირაობით ვხვდებოდით ერთმანეთს.

ერთხელაც უდაბნოში საკვების (ბალახების და ფესვების) მოსაგროვებლად წავედით. უცებ ჩემი ძმა შედგა, თითქოს რაღაცამ შეაშინაო, იმ ადგილს გადაახტა და თავისი მღვიმისკენ ისწრაფა. მივედი და რას ვხედავ! დიდძალი ოქრო ყრია. მოვკრიბე, წავედი ერში, იმ ფულით დიდი სახლი ვიყიდე და საავადმყოფო მოვაწყვე. მონასტერიც გავმართე ორმოც კაცზე, დავუყენე იღუმენი და ათასი ოქრო დავუტოვე სხვადასხვა საჭიროებისთვის. სხვა ათასი ღატაკებს დავურიგე და ისევ მონასტერში დავბრუნდი. გზად ჩემი ძმის უგუნურ საქციელზე ვფიქრობდი. ამ დროს უფლის ანგელოზი გამომეცხადა და მითხრა: "შენი ყველა სიკეთე შენი ძმის იმ ერთ ნახტომად არ ღირს. შენი ძმა დიდია ღვთის წინაშე. შენ კი მისი ნახვის ღირსიც არ ხარ. ვერც იხილავ, სანამ სინანულით არ აღხოცავ ამ ცოდვასო".

მართლაც, ვეღარ ნახა ძმა მღვიმეში. მრავალი სინანულის ცრემლი დაანთხია, ღვთის მინიშნებით სვეტზე ავიდა და 49 წელი იღვაწა. ბოლოს უფლის ანგელოზმა ცოდვების მიტევება ამცნო. ისიც ახარა, რომ ძმას ზეციურ სასუფეველში იხილავდა.

* წმინდა მაკარი ოპტელი ამბობდა: "კაცი მანამ ჯიუტობს, არ ეთმობა სოფელი და არ მიდის მონასტერში, ვიდრე სოფელი ფეხქვეშ მიწას არ გამოაცლისო".

* ოპტის უდაბნოს სკიტში უსინათლო სქემმონაზონი კარპე მოღვაწეობდა. მას დიდად აფასებდნენ ოპტელი მამები. "მამა კარპე, თუმცა ბრმაა, მაგრამ ნათელს ჭვრეტსო", - ამბობდა წმინდა ლევი.

იმ დროს სკიტში იღუმენი ვარლაამიც (ბალაამელი) მოღვაწეობდა. ერთხელაც მამა კარპეს შესთავაზა: "კარგი იქნებოდა, მოსკოვში წასულიყავი. იქაური ექიმები ისე დახელოვნებულან თავიანთ საქმეში, რომ შენისთანა სნეულებსაც კი უბრუნებენ თვალისჩინსო". შეშფოთებულმა მამა კარპემ წამოიძახა: "რას ამბობ! რად მინდა თვალთა სინათლე, მე ხომ სიბრმავით ვცხონდებიო". ღირს მამას სიბრმავე სულაც არ ამძიმებდა. ხორციელ თვალთა ახილვა არც კი სურდა, რომ სოფლის ამაოება და საცთურნი არ დაენახა.

* დიდი მღვდელმთავრის წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელისთვის ამსოფლიურ დიდებასა თუ განსაცდელს ერთი ფასი ჰქონდა.

პენტაპოლის საეპისკოპოსო საყდრიდან რომ გადააყენეს, ერთხანს ათენის საღვთისმეტყველო სკოლის დირექტორი იყო. როცა სკოლის ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე სხვა ეპისკოპოსი ეწვეოდა ხოლმე, წმინდა ნექტარიოსი არასოდეს იკავებდა მთავარ ადგილს, წმინდა ტრაპეზის მარჯვნივ დადგებოდა, მხოლოდ მცირე ომოფორს შეიმოსავდა, მიტრის ნაცვლად კი ბერის შავ ბარტყულს დაიხურავდა.

ათენში ალექსანდრიიდან ჩამოვიდა კაცი, რომელმაც მღვდელმთავარს ოდესღაც ცილი დასწამა. საბერძნეთის ხელისუფლებამ, მუშაობის ნებართვა რომ მიეცა, სარეკომენდაციო წერილი მოსთხოვა. ის კი იმ ადამიანს მიადგა, ვისაც "კარგად იცნობდა". წმინდა ნექტარიოსმაც მისცა საჭირო წერილი, მას ხომ დიდი ხანი იყო "მთელი გულით მიეტევებინა" ცილისმწამებლისთვის.

* მამა პაისი ათონელი წუხდა იმ ამაო ქება-დიდების გამო, რომლითაც თანამედროვენი ავსებდნენ. "ჩემი სახელი - ჩემი სიკვდილიაო", - ამბობდა. წმინდა მამა გვასწავლიდა: "თუ ანგელოზებრივი ცხოვრება გვსურს, მარტო სოფელს კი არა, ამსოფლიურ სულსაც უნდა გავექცეთ, ვიღვაწოთ წმინდა მამათა დარად, რათა ადვილად ავენთოთ სულიერადო". ამბობდა: "ბევრი იმისგან იტანჯება, რომ ვერ განდიდდება ამაო დიდებით და ვერც ამაო ნივთებით მდიდრდება. ასეთნი არ უფიქრდებიან, რომ ამქვეყნიურ სიმდიდრესა და სახელს საიქიო ცხოვრებაში ფასი არა აქვს. ამ ნივთების, ამ სახელის იმქვეყნად წაღება შეუძლებელია; იქ მხოლოდ ჩვენი საქმენი გადაგვყვება, რომელთა წყალობითაც მიწაზევე ვიღებთ "საზღვარგარეთის პასპორტს", რომელიც დიდებული საუკუნო მოგზაურობისას გამოგვადგება".

* ღირსი ფილოთეოსი (ზერვაკოსი) სულიერ შვილებს მოძღვრავდა: "ჭეშმარიტი ბედნიერება სათნოებათა მოპოვებაშია და არა პატივსა და ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებაში. ნამდვილად ბედნიერნი ისინი არიან, ვინც ღვთისგან ბოძებულ მცნებათა აღსრულებისა და სათნოების მოპოვებისთვის იბრძვის".

* როცა ახალგაზრდა იოანე (შემდგომში - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ღირსი მამა ეგნატე კატუნაკელი) ათონზე ჩავიდა სამოღვაწეოდ, თან საკმაო თანხაც ჩაიტანა. მის მოძღვარს ნეოფიტეს გაუკვირდა ფულის სიმრავლე. მომავალი სულიერი შვილისთვის უპოვარება რომ ესწავლებინა, თანაც დაენახვებინა, როგორ უცქერენ ათონელი მამები სიმდიდრეს, დაავალა, მთელი მთაწმინდა მოევლო და ფული გაჭირვებული მონაზვნებისთვის დაერიგებინა. თან ყველასთვის ხელწერილი უნდა ჩამოერთმია. "მხოლოდ ამის შემდეგ გახდები ჩემი სულიერი შვილიო", - უთხრა მოძღვარმა.

იოანე სიხარულით შეუდგა საქმეს, მაგრამ ფულის დარიგებას მთელი ოთხი თვე მოანდომა - მიუხედავად სიღატაკისა, ბერების უმეტესობა ფულს არ ართმევდა. დიდი თხოვნის შემდეგ თუ დათანხმდებოდნენ, მაშინაც სულ მცირეოდენს იღებდნენ. რაც უფრო ღარიბი იყო კალივა, რომელსაც იოანე სტუმრობდა, მით უფრო მდიდრები იყვნენ სულიერად იქ მოღვაწენი. ამ მამების შეხედვაც კი განამდიდრებდა ახალგაზრდას.

მეორე განსაცდელი მაშინ დაუდგა, როცა დეიდამისმა რვა მილიონი ოქროს დრაქმის მემკვიდრედ გამოაცხადა. ბევრს შეაგონებდნენ, მცირე ხნით დაბრუნდი ერში და მემკვიდრეობა მიიღე, თორემ დეიდაშენს გული გაუსკდებაო. ამაო სოფელი კიდევ ერთხელ, მთელი ძალით შეერკინა. გამოსავალი მამა ნეოფიტემ გამონახა. მისი რჩევით, იოანემ წერილი გაუგზავნა დეიდას და ქონების სამ ნაწილად გაყოფა მოსთხოვა: მესამედი ღარიბებს დაურიგე, მეორე ნაწილი - ღარიბ ნათესავებს, მესამე კი ეკლესიას შესწირეო.

ამაო საზრუნავი თავიდან რომ მოიშორა, იოანემ მეტი წარმატებით გააგრძელა ღვაწლი და სანაქებო მამა შეიქმნა.

* წმინდა ბარსანოფი ოპტელი ამბობდა: "მართალთა და მოღვაწეთა სხეული უხრწნელი რჩება, მეფეთა და ამა სოფლის ბატონთა გვამი კი მტვრად იქცევა. ამას წინათ წერდნენ, რომ კატაკომბების გათხრისას დიოკლეტიანეს, ნერონისა და სხვა მეფეთა საფლავები იპოვეს, მათი საფლავები, რომელთა წინაშეც ძრწოდა სამყარო. რა ბედი ეწია მათ გვამებს? როცა კატაკომბის მსახურს ჰკითხეს, რა ნახეს იმ ურნებშიო, გულგრილად უპასუხია: "რა და ნაცარიო". როცა ნაცარი მოუკითხავთ, უთქვამს: "ცოლს მივეცი თეთრეულის გასარეცხად, - ამ საქმისთვის თუღა გამოდგებოდაო".

ღმერთო ჩემო! განა ამ ძლევამოსილ მბრძანებლებს აზრად მოუვიდოდათ, რომ მათი ნეშტი ჭუჭყიან თეთრეულთან ერთ სათლში აღმოჩნდებოდა! არადა, როგორ ზრუნავდნენ თავიანთ სხეულზე!.."

* XIX საუკუნის დასაწყისში ათონის მთაზე ორად ორი ქართველი მკვიდრობდა: წმინდა ილარიონი და ღირსი ბენედიქტე. ისინი სულიერი ძმები და მეგობრები იყვნენ. როცა მამა ილარიონი ივერონის მახლობლად, მთავარანგელოზთა სენაკში დასახლდა, უამრავი მნახველი სტუმრობდა. ის კი მათ გაურბოდა და მამა ბენედიქტეს ეწვეოდა ხოლმე ილია წინასწარმეტყველის სენაკში, აქვე ეზიარებოდა და ხუთი დღის შემდეგ ბრუნდებოდა. სამუდამოდ დარჩენა კი არ სურდა. მამა ბენედიქტეს ეუბნებოდა: შენც ქართველი ხარ და მეც, ვაითუ ფუჭსიტყვაობას მივეცეთო. ასე უფრთხილდებოდნენ ღირსი მამები ძმისა და საკუთარ სიმშვიდეს.

* დიდი საქმეა მოყვასისთვის ლოცვა, მაგრამ თურმე შესაძლოა, ამაოდაც ევედრებოდე უფალს, მეტიც - შენი ლოცვით ღმერთი განარისხო.

მამა ეფრემ კატუნაკელი თავისი ძმისთვის ლოცულობდა, რომელიც ეკლესიის მიმართ გულგრილი იყო. ლოცულობდა ბიძაშვილი ქალისთვისაც, რომელსაც მაგიასთან ჰქონდა კავშირი. მამა ეფრემი ლოცვისას დასაშვებ ზღვარს გადასცდა და ასე ილოცა: "იესო ქრისტე, იმ სისხლის გამო, რომელიც ჯვარზე დაანთხიე, შეიწყალე მისი სულიო!" "ასეთი კადნიერებისთვის, - იგონებდა შემდგომში, - კარგა გვარიანი ალიყური მომხვდა. გონს მოვედი და ცოდვათა მიტევება შევთხოვე უფალს.

ღმერთი ყველას ითმენს, მაგრამ მაგიისგან რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ თავი!"

* წარმოშობით ქართველი ნიკოლოზ ჟევახოვი (ალბათ ჯავახიშვილი, +1947), მეტად ღვთისმოშიში ქრისტიანი, ნიკოლოზ ივანენკოს ამბავს ჰყვებოდა, რომელიც 1912 წელს გარდაიცვალა. ის მდიდარი და ცნობილი ოჯახის შვილი გახლდათ, მათი გვარი მოლდაველთა მთავარ ივონისგან მოდიოდა.

საიმპერატორო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ საოლქო პროკურორად დანიშნეს სამხრეთ რუსეთში. ახალგაზრდობა განცხრომაში გაატარა, ერთფეროვანი სამსახური არ მოსწონდა და თადარიგში გასული მეურნეობას გაუძღვა. მშობლები ადრე გარდაეცვალნენ და მილიონის საფასურის ქონება დაუტოვეს: მამულები სხვადასხვა გუბერნიაში, ფაბრიკები, ქარხნები... გვერდით გამოცდილი მეურნე ხალხი ედგა და თვითონაც ბევრი შემატა ამ სიმდიდრეს, თუმცა ის უკვე ვერავითარ სიხარულს ვეღარ ანიჭებდა.

ამაოებით გაბეზრებული საზღვარგარეთ გადასახლდა. დიდებულად ცხოვრობდა პარიზში, ლონდონში... ყოველწლიურად 750000 მანეთს ხარჯავდა. მისი გულკეთილობით ბევრი სარგებლობდა. რუსეთში იშვიათად თუ ჩავიდოდა.

და აი, ერთხელაც საგულისხმო ამბავი შეემთხვა, რომელმაც უფალთან მიიყვანა. თეატრიდან შინ ფეხით ბრუნდებოდა. მუდამ დახურული ეტლით მგზავრობდა, ახლა კი რატომღაც ღამის პარიზში გასეირნება მოიწადინა.

ტროტუარზე, საფარნე ბოძთან, გადაშლილი წიგნი შენიშნა. ფარანს მიუახლოვდა. რუსულად დაბეჭდილი სახარება აღმოჩნდა. გადაშლილი ფურცელი დანით გაასუფთავა და ტალახქვეშ დაფარული სტრიქონები წაიკითხა: "ჰრქუა მას იესუ: უკეთუ გნებავს, რათა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, და მოვედ და შემომიდეგ მე" (მათე 19,21).

მდიდარი ვაჟისთვის ნათქვამმა უფლის სიტყვებმა მყის ფერი უცვალა ნიკოლოზს. განა შემთხვევით წააწყდა წიგნს? ამ ამბავში ღვთის მოწოდება დაინახა და ისიც გაჰყვა უფლის ძახილს.

საზღვარგარეთ ყველა საქმე მოათავა, ყველა კავშირი გაწყვიტა და რუსეთში დაბრუნდა. თავისი მიწების ნაწილი ღარიბ ქრისტიანებს დაურიგა, ნაწილი გაყიდა და სოფლებში 34 ეკლესია ააშენა, თვითონ კი უსახლკარო მწირივით მონასტრიდან მონასტერში გადადიოდა. შემორჩენილი ფულით მონასტრებს შეეწეოდა, გლახაკებსაც ურიგებდა.

ორმოცი წლის იყო ნიკოლოზი, ღვთისკენ რომ მოიქცა, 20 წელი მწირობაში გაატარა, 63-ისა კი ბოროვის მონასტერში დასახლდა.

ერთხელ უთქვამს: "მე ცოდვილს ყველა ამქვეყნიური სიკეთე მქონდა, რაც კი შეიძლება ინატროს ადამიანმა. ყველა ხორციელ სურვილს ვიკმაყოფილებდი, მაგრამ ვერც ერთმა ამქვეყნიურმა სიკეთემ სიხარული ვერ მომანიჭა. ბედნიერი მხოლოდ იმ წუთიდან გავხდი, როცა მათზე უარი ვთქვი. არ მეგულება ადამიანი, მიწიერი სიკეთისკენ რომ არ მიილტვოდეს. სიმდიდრე მანამ არის მიმზიდველი, ვიდრე მისკენ ისწრაფვი, მაგრამ როცა მას შეიძენ, მძიმე ტვირთად დაგაწვება".
ბეჭდვა
1კ1