ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
მოძღვარი ხშირად ტიროდა მორჩილისგან მალულად
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-20

ღმერთმა ჩემზე იმითაც მოიღო წყალობა, რომ შემახვედრა მამა დიონისე კატუნაკელს და მის საკვირველ მორჩილს მამა არსენს. მამა დიონისე მწერალი გახლდათ, თხზავდა მშვენიერ ლექსებს და ზოგჯერ გვიკითხავდა კიდეც. მოთმინებითა და მონდომებით ეძიებდა სულის ცხონებას. არ იცოდა კომპრომისი. მამა არსენი კი "დამონებული" ბერი იყო. მისმა მოძღვარმა იცოდა ეს და ყოველდღიურად მოთმინებისა და მორჩილების გვირგვინით მოსავდა. რამდენჯერ მოქცევია მკაცრად, აბუჩად აუგდია, თანაც სხვა მამების წინაშე! ის კი მოთმინებით მოუდრეკდა მუხლს და შენდობას სთხოვდა.

ერთხელ, საღმრთო ლიტურგიაზე, როცა ზიარებისწინა საგალობლების დრო მოვიდა, ყველანი ჩვენ-ჩვენს მოძღვართან მივედით, რათა შენდობა მიგვეღო და ასე მივახლებოდით ცხოვნების სასმისს. როცა მამა არსენი მოძღვარს მიუახლოვდა, მან მკვეთრი მოძრაობით მოიშორა თავიდან და უთხრა: "ჰოი, შე ზარმაცო, კურთხევის აღებასაც ბედავ! არაწმინდებითა და ეგოიზმით აღსავსევ!" ამის შემყურეთ
IV-V საუკუნეების ბერ-მონაზონნი წარმოგვიდგნენ თვალწინ.

მამა არსენმა შენდობა ითხოვა და კუთხეში დადგა. მაშინ რამდენიმე ბერი მივიდა მამა დიონისესთან და სთხოვა, მორჩილისთვის ზიარების ნება მიეცა. მამა დიონისემ უთხრა მამა არსენს: "წადი, ეზიარე და მადლობდე, რომ მამების თხოვნით ზიარების ნება დაგრთე. დავემორჩილები მათ და მწამს, რომ ღმერთი შეგინდობს და მიგიღებს".

"გულშემუსვრილი და დამდაბლებული" მამა არსენი ატირებული მიეახლა ბარძიმს და მიიღო ის, ვინც ესოდენი დაითმინა კაცთა მოდგმისაგან. საოცარი კი ის იყო, რომ ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ მამა დიონისე სიხარულით აღივსებოდა. მოძღვარი ხშირად ტიროდა მორჩილისგან მალულად და მისი მოთმინებით აღფრთოვანებული იმ სიკეთეზე ფიქრობდა, რომელსაც იღებდა მამა არსენი ასეთი მოპყრობით.

ეს მორჩილებისთვის საუცხოო გაკვეთილი იყო. კურთხეულ არს ღმერთი!

რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევხვდი ამ გმირული სულის ადამიანს.

- მამაო, - ვკითხე, - ამას წინათ, ღამისთევის ლოცვაზე, წმინდა ზიარებისას, როგორ მიიღე მოძღვრის საქციელი?

- ძმაო, წმინდა ზიარებისას უფლის სიახლოვე განვიცადე, ასეთი რამ კი ჩემს სიცოცხლეში მხოლოდ რამდენჯერმე მომხდარა. ამიტომ დიდად ვაფასებ ჩემს მოძღვარს, რომ ამის საშუალებას მაძლევს. დაე, მარადჟამ თან მდევდეს მისი წმინდა ლოცვები.

ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, მამა არსენი ღრმად ხანდაზმულია და განმარტოებით ცხოვრობს. ცხოვრობს, როგორც მორჩილებისა და მოთმინების ნაყოფით დახუნძლული ზეთისხილი. მამა დიონისეს მეორე მორჩილი მამა ათანასე კი ადრე წაიყვანა უფალმა და მოთმინებისა და მორჩილების გემოს ხილვა ვერ მოასწრო.

თავი 11. უდაბნო
ჩვენს მოძღვარს ერთი დალოცვილი წესიც ჰქონდა - მეუდაბნოე მამებისთვის სანუგეშოდ დროდადრო ძღვენი გაეგზავნა. სავანის ერთ-ერთი ძმა ევლოგიებით დატვირთული უდაბნოში მიდიოდა.

ჩემი ბერად შედგომიდან კარგა ხანი გავიდა. შობა ახლოვდებოდა. მოძღვარმა მიმიხმო და მაკურთხა, მეუდაბნოე მამებთან წავსულიყავი. ცხადია, განჭვრიტა ის სულიერი სიკეთე, რასაც ამით მივიღებდი. დავალება მოვისმინე და სიხარულით ავთრთოლდი. "მაკურთხე, მამაო", - მოვიდრიკე მუხლი ჯერ ტაძარში, მერე მოძღვრის წინაშე, ავიკიდე აბგა, ავიღე კვერთხი და გზას გავუდექი კარულიისკენ.

ეს უდაბნო ფრიალო კლდეებითა და ციცაბო ხეობებით იყო დაქსელილი. იშვიათად თუ შენიშნავდით მურტის ხეს, მუხას თუ ბუჩქს, რომლებზეც უდაბნოს ფრინველნი იბუდებდნენ და გარემოს ჭიკჭიკით ატკბობდნენ.

სანამ მწვერვალზე მდებარე აღდგომის კალივაში მივიდოდი, ერთ მღვიმეს ჩავუარე, სადაც ღვთისმშობლის ეკვდერი იდგა. აქ დაბრძანებულია ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ყველა მგზავრს აკურთხებს. კანდელის ანთება მოვისურვე, მაგრამ ჩემთვის ვიღაცას დაესწრო.

გზად მრავალ მამას შევხვდი, მდუმარედ, თვალდადრეკით მიმომავალთ. მხოლოდ ვესალმებოდით ერთმანეთს: "მაკურთხე - ღმერთმა გაკურთხოს" - და ისინი გზას აგრძელებდნენ, ერთიანად მღვიძარებაში შთაფლულნი, რომელსაც არც მგზავრობისას დაუტევებდნენ და არც ხელსაქმისას, არც დღისით და არც ღამით. "ყველაზე ძლიერ მდუმარება შეიყვარეთ, - გვასწავლის ასკეტური ცხოვრების მასწავლებელი ისააკ ასური, - მდუმარება - მღვიძარება - ლოცვა".

უდაბნო წმინდა ანას სკიტიდან იწყება. პირველი კალივა მამა გერასიმე ჰიმნოგრაფისა გახლდათ. დავაკაკუნე. კარი მამა გერასიმემ გამიღო და გულთბილად, ღიმილით შემეგება. მოვიდრიკე მუხლი წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატარა საყდარში. ყველაფერი ღარიბულად და უბრალოდ მოეწყოთ. ბაკში მოგროვილი წვიმის წყლითა და ლუკუმით გამიმასპინძლდა. ეს ადგილი მშრალი და უწყლო გახლდათ. მამები დასალევ წვიმის წყალს ბაკში აგროვებდნენ. მერე კი თავის სახელოსნოში შემიყვანა, რომელიც მისი სენაკიც იყო. უმალ შევნიშნე ხის ტახტი გაქუცული ქვეშაგებით, რომელზეც ჩვეულებისამებრ "ისვენებენ" ბერები. პაწაწინა სარკმლიდან შემომავალი მკრთალი შუქი წიგნებით, ქაღალდითა და საწერ-კალმით სავსე მაგიდას ეცემოდა. აქ წერდა მამა გერასიმე პოეტური აღფრთოვანებისას საღმრთო ჰიმნებს, ასე რომ გაამდიდრეს ჩვენი ჰიმნოგრაფია.

- აქ ვმუშაობ, - მითხრა მან, - აქვე ვისვენებ.

- მამაო, სურვილი კი მაქვს, შევიტყო თქვენი მუშაობის შესახებ, მაგრამ უდროობა ამის ნებას არ მაძლევს. ვიმედოვნებ, სხვა დროს მაინც მომეცემა ხელსაყრელი შემთხვევა.

მადლობა გადავუხადე, კურთხევა ავიღე და გზა განვაგრძე. მარჯვნივ ჩამოვიტოვე კლდეზე დაშენებული აღდგომის კალივა, სადაც დიდი მოძღვარი მამა საბა ცხოვრობდა. ეს დიდებული მამა "თანამედროვე ათონელი ბერების" მეექვსე თავში გავიხსენე (მამა საბა წმინდა ილარიონ ქართველის (ყანჩაიშვილის) მოწაფე გახლდათ, - კ.კ.). მარცხნივ კი ღირსსახსოვარი მოძღვრების გრიგოლისა და კოზმას კალივა შევნიშნე. შიშმა მომიცვა, რაღაც უცნაურმა ნოსტალგიამ, თითქოს წმინდა ბერთა ეპოქაში აღმოვჩნდი: როგორ მომინდა, ასეთი გმირების, სულიერი გიგანტების გვერდით მეცხოვრა!

მამა გერასიმეს კალივის ქვემოთ ღრმად მოხუცებული მამა აბიმელექი ცხოვრობდა, კეთილშობილი და ტკბილად მოუბარი. კალივაში შემიპატიჟა. მრავალი რამ მსმენოდა ამ ადამიანზე და აი, დამიდგა ჟამი, გამეცნო იგი და განაგონის ჭეშმარიტებაში დავრწმუნებულიყავი. დავსხედით. არც შემოუხედავს, მონაზვნურ ცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თითქოს ამისკენ შინაგანი აუცილებლობა უბიძგებდა. მახსოვს, "გონების სიწმინდეზე" მესაუბრებოდა. ნამდვილი მეუდაბნოე მამა გახლდათ, რომელიც მოუკლებელი ღვაწლით შინაგანად განიწმენდდა თავს.

გავიფიქრე, ნეტარია ჩემი მეგობარი მამა მელქისედეკი, ასეთი ადამიანის გვერდით რომ მოსაგრეობს-მეთქი. მამა აბიმელექი იცნობდა თავისი ეპოქის დიდ სულიერ პიროვნებებს, მათ შორის - წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელს, პაპადიამანტისომს, მორაიტიდისს (ცნობილ ბერძენ მწერლებს, - კ.კ.)... როცა ახალგაზრდა ბერები მამა აბიმელექს ვხვდებოდით, იდუმალი სურვილი გვიპყრობდა, ოდესმე მისნაირი ცხოვრების მწვერვალებისა და გონიერი ლოცვისთვის მიგვეღწია. ამისთვის კი გრძელი, ეკალბარდებით სავსე, სისხლთმადინარი გზა უნდა გაგვევლო. ერთხელ, შეხვედრისას რომ მოვიკითხე, მამობრივი სიყვარულით ორიოდე სიტყვით მიპასუხა, რომლებიც მღვიძარების ფილოსოფიის მთელ ბიბლიოთეკას მოიცავდა: "ჩვენ, შვილო, "გონებას ვიცავთ". შენც შეეცადე, თვალი ადევნო და გონება წმინდად შეინახო". მოწიწებით ვეამბორე ხელზე და აღფრთოვანებულმა განვაგრძე გზა.

ოდნავ ქვემოთ მამა თომა იუვილერის საძმოს კალივა მდებარეობდა. საკმაოდ დიდი მანძილი გავიარე და მარცხნივ ღირსსახსოვარი მამა დანიელ სმირნელის კალივა გამოჩნდა. მისი ბიოგრაფია "თანამედროვე ათონელი მამების" მეოთხე ნაწილში მოვათავსე. მამა დანიელი თავისი სეხნია მოძღვრის ღირსეული შვილი იყო, მრავალი ნიჭით აღსავსე და ტრადიციულად მკაცრად მოაზროვნე.

კატუნაკის განაპირას, მამა დანიელის კალივის იქით, ორ მორჩილთან - იოანესა და ნიკონთან ერთად დაყუდებულიყო მამა ანთიმოზი. მონაზვნური ცხოვრების პირველ წლებში მამა დიონისეს მკაცრად მოღვაწე საძმოში მორჩილებდა - რაც შეიძლება უკეთ უნდა მომზადებულიყო უდაბნოში სულიერი ბრძოლისათვის და მართლაც სრულყოფილი ისიქასტი გახდა. მისი მორჩილებიც მოძღვარს მიჰყვებოდნენ სულიერ ცხოვრებაში. ჭეშმარიტად კურთხეული საძმო გახლდათ, მლოცველი, მდუმარე, მოღვაწე.

ყოვლადსახიერმა ღმერთმა მრავალგზის მოიღო წყალობა, მამა ანთიმოზს შემახვედრა და ახლოს გამაცნო - იმის წყალობით, რომ ჩვენს კალივას მჭიდრო კავშირი ჰქონდა მათთან. მიუხედავად სერიოზულობისა და სიმკაცრისა, მოძღვარი თავს გვიტოლებდა და გვესაუბრებოდა ყველაზე უმცროსს, სულ ახალბედასაც კი. მართლაც სიყვარულით იყო სავსე. კალივაში ერთი პატარა აივანი ჰქონდათ კარულიის მხარეს. აქ ასკეტურ ხის სკამებზე ჩამომსხდარნი ვუღრმავდებოდით ღვთისმიერ ფილოსოფიას, რომელიც მონაზვნურ ცხოვრებას ახლავს. მე ვტკბებოდი ამ საათებით. სული ჩემი ძღებოდა ამ დალოცვილი კაცის ხილვით. ამიტომაც, როცა მოძღვარი მეუდაბნოე მამებთან ნობათს მატანდა, ვსარგებლობდი შემთხვევით და მამა ანთიმოზს ვესაუბრებოდი.

ერთხელაც მივედი მასთან და კარზე დავაკაკუნე. არ მიპასუხა. ვიფიქრე, რადგან მოვედი, აღარ გავბრუნდები-მეთქი. თანაც, კარი ჩაკეტილი არ იყო. ფრთხილად შევაღე და შევედი. საოცარი სანახაობა დამხვდა: მამა ანთიმოზი ლოცვაში ჩაფლულიყო. ხელთ სამასმარცვლიანი სკვნილი ეპყრა. ნათელი და ამაღლებული მეჩვენა. ჩემი მისვლა ვერ შეამჩნია. კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით გამოვედი და აივანზე ჩამოვჯექი, სადაც, ჩვეულებისაებრ, ვსაუბრობდით ხოლმე. დაველოდე, სანამ ღირსი მამა უფალთან საიდუმლო და წმინდა საუბარს დაასრულებდა...

კალივაში შესული რომ დამინახა, გაუკვირდა. მერე თვითონაც ჩამოჯდა. ლოცვის ფასზე მომითხრობდა. დედააზრი მისი ნათქვამისა ეს იყო: "იესოს ლოცვა განაღმრთობს ადამიანს, უფლის დედისადმი ვედრება კი ამ განღმრთობას შეამზადებს". ეს სწავლება, ვითარცა ძვირფასი განძი განწმენდილ ბაგეთაგან მიღებული, სათუთად შევინახე და ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ღირსი გავხდი, ჩვენი ეპოქის ახალგაზრდა ბერებისთვის გადამეცა. ვფიქრობ, მათ ნაკლები საშუალება აქვთ, ვიდრე ჩვენ, ძველ ბერებს, გვქონდა და ამიტომ უფრო მეტიც მოგვეთხოვება.

მამა ანთიმოზის ხასიათი ადასტურებდა იმ ჭეშმარიტებას, რომ როცა სულს სულიწმინდა მოიცავს, ძმებთან ურთიერთობისას ის კეთილშობილი, ფაქიზი და ამაღლებული ხდება. ერთხელ სხვა ძმებთან ერთად ვესტუმრე. თავსხმა წვიმა წამოვიდა. როცა გადაიღო, წასვლა მოვინდომეთ. მამა ანთიმოზმა ჩვენი გაცილება გადაწყვიტა. წინ მიდიოდა, ბილიკი რომ ეჩვენებინა, რომელიც ისედაც ვიცოდი. მერეღა მივხვდით, რისთვის წამოსულიყო: კვერთხს ბუჩქებს ურტყამდა და წვიმის წვეთებს ფერთხავდა, რომ არ გავწუწულიყავით. ასეთია განწმენდილი გულის კეთილშობილური საქციელი.

გაგრძელება იქნება
ბეჭდვა
1კ1