ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
თითქოს სიტყვები დაჭრილი მკერდიდან ამოსდიოდა
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-18

ჯვარი პატიოსანის კალივაში დიდ სულიერ ღვაწლს ეწეოდა ათზე მეტი კაცისგან შემდგარი საძმო. მკაცრი ტიპიკონი ჰქონდათ. მათი ხელსაქმე ხატწერა იყო. შეუმჩნევლად ცხოვრობდნენ ნავმისადგომთან. იშვიათად თუ მოვკრავდი თვალს რომელიმე უფროს ძმას, რომელსაც მუდამ ასაკით უმცროსი ძმა იოანიკე აცილებდა ხოლმე. საძმოს ერთი ნავი ჰქონდა, რომლითაც თევზს იჭერდნენ კალივის საჭიროებისთვის. ზღვის ის ნაწილი, ჩრდილოეთით რომ აკრავს მთაწმინდას, მდიდარია თევზით. ესეც ხომ ღვთისმშობლის კურთხევაა.

მამა იოანიკე ახალგაზრდა ბერი იყო, ოცდახუთიოდე წლისა, სერიოზული და მდუმარე. გეგონებოდა, დიდად გამოცდილ ბერს ხედავდი. სიტყვასაც ვერ დააცდენინებდი ბაგეთაგან. როგორც კი მორჩებოდა სამუშაოს, ნავს კლდეს მიადგამდა და სკიტის აღმართს აუყვებოდა. უნებლიე განცვიფრება გიპყრობდა მასთან შეხვედრისას, ამ მრავალი ნიჭით დაჯილდოებულ ყმაწვილთან, რომელმაც მოძღვრის შემწეობით ქრისტეს მიუძღვნა ყოველივე. მისი სახე დაუვიწყარია ჩემთვის. მამა იოანიკეს დარი მოღვაწენი იყვნენ საძმოს სხვა წევრებიც, მაგრამ ისინი არასოდეს სცილდებოდნენ თავიანთი კალივის საზღვრებს. მამა იოანიკემ ახალგაზრდამ შეისვენა, ოცდარვა წლისა თუ იქნებოდა. უფალმა ინება და ადრევე მოუწოდა თავისთან. სრულმა მორჩილებამ და კალივის მკაცრმა ცხოვრებამ შეურყია ჯანმრთელობა და ნათელი ადგილი განუკუთვნა საუკუნოდ ზეციურ სასუფეველში. შეგვიწყალოს უფალმა მისი წმინდა ლოცვით.

მამა გაბრიელი კი სკიტის მეწისქვილე გახლდათ. როცა წისქვილში ხორბლის დასაფქვავად ახალბედა ბერი მივიდოდა, იხმობდა და მხურვალედ ეტყოდა: "ბერო, ფხიზლად ადევნე თვალი შენს ქალწულებას, ყოველდღე შეევედრე ღვთისმშობელს, დაიცვას იგი. ქალწულების გარეშე, აბა, როგორ შევალთ სამოთხეში?" მას დაბალი და თავისებური ხმა ჰქონდა, ყურსაც აკლდა, ამიტომ მთელი ძალით ყვიროდა და მისი სუსტი ხმა განსაკუთრებულად დიდებულ ჟღერადობას იძენდა.

ზღვასთან მამა ეგნატეს საძმო ცხოვრობდა. თითქმის ყველა ძმა ქიოსიდან იყო. საოცარი გახლდათ მათი ღვთისმოშიში ასკეტიზმი. მამები: მინა, ოქროპირი, ხარლამპე და კიდევ ორი-სამი ბერი მონდომებით, მოთმინებითა და მორჩილებით შრომობდნენ, რომ გადაესხვაფერებინათ თავიანთი კლდოვანი კალივა. თავიანთი სულების აღორძინებაზეც ზრუნავდნენ, რათა უფალი მიეღოთ.

ცოტა მოშორებით, კირიაკონიდან დასავლეთით, წმინდა სამების კალივა მდებარეობს. აქ ორი ბერი ცხოვრობდა: მამა პეტრე და მამა ანდრია. ერთხელ ჩემს აწ განსვენებულ მოძღვართან ერთად ამ კალივას ჩავუარეთ. მამა პეტრე აივანზე იჯდა, რაღაცას კემსავდა და მზის მადლმოსილი სხივებით თბებოდა.

- ხედავ ამ ბერს? - შემეკითხა მოძღვარი, - იცი, რას აკეთებს? საიდუმლოდ აღასრულებს სიყვარულის საქმეს - ძმების წინდებს აგროვებს; შუა ზამთარშიც კი ჩამოჯდება აივანზე, ლოცულობს და განსაცვიფრებელი ოსტატობით კემსავს მათ. თანაც არ დაგავიწყდეს, უკვე ოთხმოცდათხუთმეტს გადააბიჯა. ყველაზე განსაცვიფრებელი კი ისაა, რომ მალულად იღვწის, არ სურს, "მარცხენა ხელმა იცოდეს, რას აკეთებს მარჯვენა". მე ეს ამბავი ერთი ბერისგან შევიტყვე, რომელსაც წინდებს უკემსავდა.

ამბა მოსე შავი მომაგონდა, რომელსაც ისეთი სიყვარულით აღვსებოდა სული, რომ უკუნი ჩამოწვებოდა თუ არა, ყველა ძმას წყლის ჭურჭელს უვსებდა. ცხადია, ეს საქმე ძალზე დამქანცველი იყო. ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ვმადლობ უფალს, რომ საკუთარი თვალით ვიხილე ჩემს თანამედროვე ბერთა საქმეში გამოვლენილი ამგვარი სიყვარული.

წმინდანს უბრალოება გამოარჩევს. უბრალოება შეეძინა მამა დიონისესაც. თითქმის ბავშვი მოვიდა მთაწმინდაზე. კარგი მოძღვარი გახლდათ, ნათელი გონებითა და წრფელი გულით. ლოცვამ და ცრემლმა, მარხვამ და თითქმის დაყუდებულმა ცხოვრებამ გააკეთილშობილა იგი. ერთხელ მოძღვარმა მასთან მისახმარებლად გამგზავნა. როცა სადილობის ჟამმა მოაწია, მამა დიონისემ სუფრასთან მიმიწვია, ერთად ვიტრაპეზოთო, - შემომთავაზა. უარი ვუთხარი დიდსულოვან მიპატიჟებაზე. რთული მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანე, ჩემს მოძღვართან მორჩილი გაგზავნა საკითხავად, მაკურთხებდა თუ არა, მათთან ერთად მეტრაპეზა. მამა გრიგოლს უყვარდა და დიდ პატივს სცემდა მამა დიონისეს, ამიტომ სიხარულით დამრთო ნება.

ტრაპეზობისას ერთი ძმა წიგნს კითხულობდა. ძალზე საინტერესო საკითხავი გახლდათ. აწ განსვენებულმა მოძღვარმა წაკითხულის განმარტება მოისურვა, მაგრამ ისე აღელდა, რომ ცრემლები წასკდა და აქვითინდა. ბოლოს ტრაპეზი დატოვა და თავის სენაკში განმარტოვდა. ვერც მოტრაპეზენი დავრჩით გულგრილნი მოსმენილის მიმართ, შეგვძრა მამა დიონისეს გულჩვილობამაც და რა გასაკვირია, რომ ჩვენც ტირილით გავუყევით მოძღვრის კვალს. ღირსსახსოვარო მამა დიონისე! ვინ შეავსებს იმ სიცარიელეს, ჩვენს სკიტს რომ დაუტოვე?

სკიტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ორი კალივა მდებარეობდა: მამა იოსებ მოძღვრისა და მამა კონსტანტინესი. ისინი კლდეზე მიეშენებინათ და სახიფათოდ გადმოკიდებულიყვნენ ჩვენი სკიტის თავზე. ერთიმეორეს ეჯიბრებოდნენ მკაცრი და განკრძალული ბერმონაზვნური ტიპიკონით. იქ მოსაგრე მამები სახლობდნენ. მათი მარხვა, ლოცვა და ჭირთათმენა გვაცვიფრებდა. უფრო კი გვაკვირვებდა ახალგაზრდა ბერების თავის უარყოფა და ჰეროიზმი.

ჩვენი სკიტის ჩრდილოეთით მეტყავე მამა ხარლამპე ცხოვრობდა, შემკობილი ყველა სათნოებით, რაც კი შეიძლება მოიმუშაკოს მოღვაწე ბერმა. ასკეტურმა ცხოვრებამ, მდუმარებამ, გულგრილობამ მიწიერი საგნების მიმართ, გულმოდგინე ზრუნვამ თავისი მორჩილების "ღვთისმიერი სრულყოფისთვის" დააყენა ის ჩვენზე მაღლა. ახლა, როცა ამ მოგონებებს ვწერ, მამა ხარლამპემ თავისი ნაყოფიერი ცხოვრების მიმწუხრს მიაღწია.

ერთადერთხელ ვიყავი მამა ხარლამპეს კალივაში, ფეხსაცმელი მივუტანე შესაკეთებლად. იჯდა და თავჩაღუნული ხელსაქმობდა სადგისით, კანაფით, მეწაღის დანით. შევედი. მუშაობას განაგრძობდა, არც შემოუხედავს და სიტყვაც არ უთქვამს. მივხვდი: ლოცვასა და მყუდროებაში ცხოვრობდა, თავისი იდუმალი მდუმარებისას მთელი არსებით უფალს შეერთებოდა. სრულიად ვერ გრძნობდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ. მოველაპარაკე მის გვერდით მომუშაკე მორჩილს და ჩემს კალივაში დავბრუნდი. შთაბეჭდილება მოძღვარს გავუზიარე. მიპასუხა: შვილო ჩემო, მამა ხარლამპე ჩვენი დროის ბერებს არ მიეკუთვნებაო!

სკიტის ზეთსახდელის ზემოთ, კალივაში, მამა კირილე მოღვაწეობდა თავის მორჩილთან, თუ მეხსიერება არ მღალატობს, მამა ექვთიმესთან ერთად. მამა კირილე მკაცრი ბერი იყო. მოძღვრისგან გამიგონია, მანამდე იქ მამა კესარია ცხოვრობდაო. მისი აღსასრული საგულისხმო იყო სკიტის ცხოვრებაში. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე საწოლს მიჯაჭვულმა ყვირილი იწყო - სკიტის ბერებს დახმარებას სთხოვდა. რაღაც საშინელი სნეულებაც გამოაჩნდა - კისერი ისე გაუსივდა, თავი ტანისგან აღარ განერჩეოდა.

შეშფოთდნენ მამები. ცდილობდნენ, როგორმე აეხსნათ ეს უცნაური ამბავი, თითოეული ბერის გარდაცვალება ხომ დიდად მნიშვნელოვანი იყო მათთვის. იცოდნენ, რომ მამა კესარია ძალზე შემწყნარებელი მოძღვარი იყო, თუმცა განუსჯელად მიმტევებელი. ყოველი აღსარების მიღების შემდეგ, ჩვეულებისამებრ, ამბობდა: "მიგიტევებ ცოდვებს და ჩემს კისერზე ვიღებო". ამგვარად, მისი დიდად სამწუხარო გარდაცვალება ბერებმა ღვთის განგებად მიიჩნიეს - უფალმა ინება, ავადმყოფობითა და ტკივილით განეწმინდა მოძღვრის სულიო.

ჩვენს სკიტში 54 კალივა იყო. მათში უმეტესწილად ორი ან მეტი ბერი იღვწოდა. რამდენიმეში თუ ცხოვრობდა თითო მამა. გავიხსენებ მარტოდმცხოვრებ მოხუცებულ ბერებს მამა სამუელსა და მამა ბიკენტის.

პირველი თითქმის მთელ დროს კალივაში ჩაკეტილი ატარებდა, სულ რამდენჯერმე თუ მეყოლება ნანახი. ეს კი დიდ მოვლენად ითვლებოდა. როგორ არსებობდა, რას ჭამდა, ცხოვრების როგორი წესი ჰქონდა - უცნობი დარჩა. სხვა ბერებთან ურთიერთობას გაურბოდა. ბევრი მას დიდ ასკეტად და მოღვაწედ თვლიდა, თუმცა სხვები ფიქრობდნენ, ასეთმა ცხოვრებამ ხიბლში ჩააგდოო.

მამა ბიკენტის კი ბუნებრივი უბრალოება ჰქონდა. სადაც უნდა ყოფილიყო, ყველგან ხმამაღლა ლოცულობდა: გზაში, კირიაკონში თუ სხვებთან შეხვედრისას. "მაცხოვნე მე, ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე, შემიწყალე მე!.." - ხშირად გვესმოდა მისი ლოცვა. მამა ბიკენტის ხმაში ტკივილი და ბრძოლა იგრძნობოდა, თითქოს სიტყვები დაჭრილი მკერდიდან ამოსდიოდა. მისი ტკივილით აღსავსე შეძახილი წმინდა მაკარის ბრძნულ სიტყვებს გახსენებდა: "თუ სული გოდებს და ღმერთს შეჰღაღადებს, უფალი სულიერ მოსეს უგზავნის, რომელიც მას ევიპტელთა მონობისგან დაიხსნის. მაგრამ ამისთვის სული უნდა გოდებდეს და უფალს ხსნას შესთხოვდესო". გამუდმებით ცხონებაზე ფიქრობდა და ეს იწვევდა მის სულიერ მწუხარებას. როცა ვინმეს შეხვდებოდა, მისალმების ("გვაკურთხე, მამაოს") შემდეგ თავისი მკვეთრი აქცენტით (ის კაპერნისის მხარიდან იყო) ეკითხებოდა: "რას იტყვი, მამაო, ვცხონდებით?" სხვას არაფერს იტყოდა, სხვა არაფერი აწუხებდა. თავისი კრძალულებით ეფრემ ასურს დაედარებოდა. "მაცხოვნე მე, ღვთისმშობელო!.." - ითხოვდა და თვალთაგან ცრემლი მდინარესავით სდიოდა. "ნუ დამიტევებ მე, რომ წარვწყმდე. აქ სულ ბავშვი მოვედი შენი დიდი სიყვარულის გამო. მაცხოვნე მე, ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე..." შრომობდა თუ გზას ადგა, შეუჩერებლივ შესტიროდა დედა ღვთისას...

მამა ბიკენტის წრფელ გულში ღვთისმშობელი სახლობდა თავის ძესთან ერთად. ეს ქვითინი, ეს ცრემლები, როგორც მე მომეჩვენა, მასში გამოუთქმელ წმინდა სიხარულს შობდა. შემდგომში ყოველთვის მაინტერესებდა და ვკითხულობდი ხოლმე, როგორ ცხოვრობდა ეს დალოცვილი ადამიანი. ვიდრე სიკვდილამდე თურმე ისევ ისე ლოცულობდა - ქვითინით და ვაებით. როგორც ძმებმა კარცონესებმა მითხრეს: მისი სიკვდილი იყო გარდაცვალება ღირსი მამისა, ცრემლიანი ლოცვის გმირისა.

ძმები კარცონესების ზევით, ჩვენი კალივის სიახლოვეს, წმინდა მოციქულთა კალივა იყო, სადაც ორი სულკურთხეული ადამიანი სახლობდა: მამა ანთიმოზი და მისი საძმოს ერთადერთი წევრი მამა იეროთეოსი. ორივე სამოცს გადასცილებოდა. დიდებული მგალობელნი გახლდნენ. მაგრამ ჩვენ გვაცვიფრებდა უპირველესად მამა იეროთეოსის სიყვარული და მორჩილება თავისი მოძღვრისა. თავიანთი გალობითა და დიდი ღვთისმოშიშებით ისინი განსაკუთრებულ ელფერს სძენდნენ ღამისთევის ლოცვებს. დაუვიწყარია ჩემთვის მათი ხატება!

კირიაკონის ქვემოთ, ამაღლების კალივაში, მამა ნიკოლოზ კვიპრელის საძმო ლოცვითა და შრომით იღვწოდა. მორჩილად ჰყავდათ მამა იოანე და ძმები - პეტრე, ექვთიმე და აბრაამი. ამ კალივაში ადრე ღირსმოწამე ნიკოდიმოსსაც უცხოვრია. ღირსი მამა თურქების ბატონობისას ეწამა.

ამ კალივის მეზობლად პატრიარქის კალივა იყო. ეს სახელი აქ პატრიარქ კირილე V ყარაყალოსის მოღვაწეობის შემდეგ დაერქვა. იმ დროს კი, რომელსაც ჩვენ აღვწერთ, კალივაში ხუთი-ექვსი მამა განმარტოებულიყო. თავიანთ წინამორბედთა დარად, ისინიც კეთილ ღვაწლში განლევდნენ სიცოცხლეს.

კირიაკონის ზევით მდებარეობდა მამა მელეტის კალივა, რომლის საძმოს წევრიც გახლდათ მთაწმინდაზე ცნობილი პროტოფსალმი მამა ოქროპირი.

ყოველთა წმიდათა კალივაში, ჯვარი პატიოსანის კალივის ქვემოთ, სამი ღვიძლი ძმა იღვწოდა: სერაფიმე, ოქროპირი და გრიგოლი. სამივე მკაცრი ბერი იყო, ისევე როგორც სხვა სკიტების მკვიდრი მამები. მათი კალივის ზემოთ ჩინებულ მოძღვართან, მამა ნეოფიტესთან ერთად ცხოვრობდა მამა აღათანგელოზის საძმო. ამ საძმოს წევრი ბერი სკიტის მდივანი გახლდათ. ამ კალივებს შორის მდებარე მამა აზარიას კალივაზე კი უკვე მოგითხრეთ.

გაგრძელება იქნება
ბეჭდვა
1კ1