ამის მხილველნი შეძრწუნებულნი პირქვე დაემხნენ და თავის აწევას ვერ ბედავდნენ
ამის მხილველნი შეძრწუნებულნი პირქვე დაემხნენ და თავის აწევას ვერ ბედავდნენ
მტარვალი ნადირ-შაჰი თავის ამალას ასე მიმართავდა: "ნუ განარისხებთ ქართველებს, სამხედრო ნიჭითა და დიდებით განთქმულთ, იმგვარ სამხედრო ქარიშხალთ გამოვლილთ, რომელიც არყევდა მათ სახელმწიფოს და არა მათ სარწმუნოებას". მადლობა ღმერთს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რამეთუ მათი წყალობით მართლმადიდებელ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა სულიერი მამანი, სამღვდელონი, ზეცისა კაცნი და ქვეყანისა ანგელოზნი, გოდოლნი ქართველთა სარწმუნოებისა. მათი გახსენებით ვინძლო განგვიხურდეს სარწმუნოებაში ფრიად განგრილებული გულები, რამეთუ ცეცხლი მათგან გამომავალი არ არის ცეცხლი შემწველი, არამედ - "სული ღმრთისაი განმანათლებელი".

***
როცა წმინდა გრიგოლ ხანძთელს, ძალზე ახალგაზრდას, აუწყეს ახლობლებმა, რომ მღვდლად უნდა ეკურთხებინათ, ძალზე შეწუხდა. მორიდებით შეახსენა მათ, თუ როგორი განკრძალული უნდა იყოს მღვდელი, რარიგად დიდია და აღმატებული მღვდლობის ხარისხი. ხოლო მას მიუგეს: "აწ მოგცა შენ ღმერთმა "კეთილი მოხუცებულობაი გონებისა" და აწი ნუღარ იურჩებ, არამედ დაემორჩილე ქრისტეს და ჰმონე მას მღვდლობითო". ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ წმინდა გრიგოლს უარი აღარ უთქვამს და, ღვთის ნებით, მღვდლად ეკურთხა.

***
წმინდა გრიგოლ ხანძთელის კურთხევით და თავისი ნების საწინააღმდეგოდ, წმინდა მატოიმ თავს იდო მერეს დედათა მონასტრის მღვდლობა. ამბობდნენ, რომ ორმოც წელს მონასტერში მისი მღვდლობისას მისგან უქმი სიტყვა და უსარგებლო პასუხი არავის მოუსმენია. არა მხოლოდ ეს, არამედ, რომელნი ხედვიდნენ მის ღვთისმოშიშებას, სიწმინდესა და უბიწოდ ცხოვრებას, ამის მხილველნი ვერვინ იკადრებდა "უდებად განცხრომას", რამეთუ ყველას ექმნა სახედ კეთილისა. იგი დარჩა ჭეშმარიტ ქალწულად ხორცითაც და სულითაც. მარხვით და ლოცვით დათრგუნა ხორციელი ვნებები და სულის მტერნიც მოაუძლურნა. ხოლო როცა გარდაიცვალა, წმინდა დედა ანტონიოს დაყუდებულს ჰქონდა ხილვა: ანგელოზთა კრებულს აჰყავდა ზეცად წმინდა მატოის სული. ღირსი მამა ბრწყინვალე სამღვდელო შესამოსლით იყო შემოსილი, ხოლო ხელთ ოქროს საცეცხლური ეპყრა. მას უთქვამს თურმე დედა ანტონიოსისთვის: საკურთხეველს, რომელსაც ყრმობიდანვე ვმსახურებდი, აწ ამით საკურთხევლით დაუსრულებლად მისსა მსახურებად მივიცვალე, რამეთუ ღირსი შევიქმენი ზეცისა საკურთხევლისა წინაშე წარდგომისა და მარადის მსახურებისაო.

***
წმინდა ზაქარია ანჩელი ყრმობისას ბატკნების მწყემსი გახლდათ. თავის მეგობრებთან ერთად ხშირად თამაშობდა ხოლმე. მათი საყვარელი თამაში "ჟამისწირვა" იყო. ერთხელაც, თამაშისას, ყრმა ზაქარიამ გაამზადა პური და ღვინო, ვითარცა შესაწირავი და დადო პატიოსანი ჯვრის წინაშე. სხვა ბავშვები გარსმოდგომოდნენ მას და ანგელოზებრივი ხმით გალობდნენ "წმიდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ", თან მრავალგზის "კირიელეისონს" იმეორებდნენ. ამ დროს გზად ანჩელი ეპისკოპოსი მოდიოდა და იხილა მან ზეციდან დაშვებული ნათლის სვეტი ყრმა მღვდელზე. ნახა ისიც, რომ პური და ღვინო ზაქარიას ლოცვით უფლის სისხლად და ხორცად გადაქცეულიყო. განცვიფრდა მღვდელმთავარი, მივიდა და ამ ყრმის ხელითვე ეზიარა. ამის შემდეგ ანჩელმა ეპისკოპოსმა ზაქარია თავისთან წაიყვანა და ღირს მამებს ჩააბარა აღსაზრდელად.

***
კლარჯეთში ერთ ქალს დაბადებით ყრუ-მუნჯი შვილი ჰყავდა. როცა გოგონა 13 წლისა შეიქნა, დედამისს ძილში წმინდა ეპიფანე ხანძთელი გამოეცხადა და უთხრა: ხვალ ვინმე წარმოგზავნე ჩემთან, ხანძთაში, მას წირვისას ჩემს ხელთნაბან წყალს გამოვატან, ის სცხე და განიკურნება შენი შვილიო. მართლაც, მეორე დღეს ქალმა მსახური გაგზავნა ხანძთაში. წმინდა ეპიფანესაც ეუწყა ღვთისაგან ეს ყოველივე და მსახურს ხელთნაბანი წყალი გამოატანა. ქალმა დიდი სასოებით იპყრა ხელთ "ევლოგიაი იგი უსისხლოისა მსხვერპლისა ღირსად შემწირველი მღვდელისა" და სცხო თავის ასულს. ბავშვს დაეძინა. სამი დღე-ღამის შემდეგ გაიღვიძა სრულიად განკურნებულმა და ადიდებდა ღმერთს.

***
ფერისცვალების დღესასწაულზე წმინდა ექვთიმე სხვა მამებთან ერთად ავიდა ათონის მწვერვალზე და იქ მდგარ ტაძარში ლიტურგია აღასრულა. წირვის უმთავრეს მომენტში, როცა "წმინდა არს" იგალობეს, ყველამ იხილა წმინდა ექვთიმე - ვითარცა ცეცხლი მგზნებარე. იმავე წამს იძრა მიწა და მოესმათ ხმა, ვითარცა მრავალი კაცის შეძახილი. ამის მხილველნი შეძრწუნებულნი პირქვე დაემხნენ და თავის აწევას ვერ ბედავდნენ. ისევ წმინდა ექვთიმემ წამოაყენა და განამხნევა ისინი, უთხრა, - ნუ გეშინიათ, ძმებო, მოგვხედა ღმერთმა და ქრისტემ ადიდა თავისი დღესასწაულიო.

***
წმინდა გიორგი მთაწმინდელმა ერთი ახალგაზრდა ძმა, სახელად სტეფანე, მღვდლად აკურთხა. მასზე ამბობდა დიდი მოძღვარი:L"თუმცა ასაკით პატარაა სტეფანე, მაგრამ გონებით მოხუცებულიაო". ჰოდა, ეშმაკმაც შური იძია. როცა ძმები ტაძარში წირვისთვის ემზადებოდნენ, ეცა სტეფანეს და ძირს დასცა. საცოდავი კბილებს აღრჭენდა, პირიდან დუჟი მოსდიოდა. ეს ამბავი სასწრაფოდ შეატყობინეს წმინდა გიორგის (მთაწმინდელს). ღირსი მამა არ შეუშფოთებია ეშმაკის კადნიერებას, არც ლოცვანი უხმარია კაცთა დასანახავად, არამედ მცირედ ილოცა ღვთის მიმართ, მივიდა სტეფანესთან და ჩუმად ჩასძახა: "სტეფანე". მანაც, თითქოს ძილიდან გამოერკვაო, მიუგო: "მაკურთხე მამაო". ბერმა ჰკითხა: "რა დაგემართა, შვილო?" სტეფანემ მიუგო, - არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ თქვენი ხმის გაგონების შემდეგ უკვე კარგად გავხდიო. წმინდა გიორგიმ პირჯვარი გამოასახვინა მას. შემდეგ ბრძანა, დაეწყოთ გალობა და წირვა აღევლინათ. სტეფანესაც უბრძანა, სხვებთან ერთად ეწირა. ზოგიერთი შეშინდა - ავადმყოფობა არ გაუმეორდესო. წმინდა მამამ ისინი მცირედ მორწმუნეობაში ამხილა და უთხრა: იგივე ღმერთია ამის მკურნალი, რომელმაც ეშმაკთა ლეგეონი, ღორებითურთ, ზღვაში ჩაყარაო. ამის შემდეგ დამშვიდებულმა ძმებმა უფალს უსისხლო მსხვერპლი შესწირეს.

***
წმინდა მიქაელ პარეხელი ძმათაგან განშორებულად მოღვაწეობდა. მას ებრძოდა კეთილის მოძულე ეშმაკი. ერთხელ კლდიდანაც კი გადმოაგდო. შეწუხდა ბერი, დაიღალა ეშმაკთმიერი განსაცდელებით და შეწევნისთვის წმინდა გრიგოლს უხმო. მამა გრიგოლი მაშინვე მივიდა მასთან, შექმნა ხის ორი ჯვარი - ძლევისა მომცემელი ორი ბეჭედი, სენაკთან ჩაარჭო სხვადასხვა ადგილას, საზღვრად განუჩინა წმინდა მიქაელს და უთხრა: ამ ორ ქრისტეს ჯვარს შორის, წმინდა სამების შეწევნით და პატიოსანი ჯვრის ძალით, უშიშრად იდექი, ხოლო თუ განეშორები, ადრინდელზე უარესი განსაცდელი გადაგხდებაო.

ამის შემდეგ ნეტარმა მიქაელმა სრული სიმშვიდე ჰპოვა.
ბეჭდვა
1კ1