შემინდე, ჩემო დედავ, რადგან ჩემი სურვილით კი არ განგეშორე, არამედ ღვთის ნებით... ახლა კი ჩემი ვალია, ვიღვაწო შენი სულისა და ხორცისთვის
შემინდე, ჩემო დედავ, რადგან ჩემი სურვილით კი არ განგეშორე, არამედ ღვთის ნებით... ახლა კი ჩემი ვალია, ვიღვაწო შენი სულისა და ხორცისთვის
თუ ბავშვს გამოჯანმრთელების პირი არ უჩანდა, მოსაგრეობის აღთქმას დებდა
თავიდან გერისადმი დედინაცვლის დედაშვილურ სიყვარულზე ვთქვათ. წმინდა ბარსანოფი ოპტელის დედა მის მშობიარობას გადაჰყვა და მამამისმა მეორედ იქორწინა. დედინაცვალი ღრმად მორწმუნე და საოცრად გულკეთილი ქალი იყო და მართლაც შეუცვალა დედა. "შესაძლოა ღვიძლ დედასაც არ აღვეზარდე ასე, - ამბობდა მამა ბარსანოფი, - ყოველ დილით ადრიანად დგებოდა და, მიუხედავად ჩემი მცირეწლოვანებისა, ცისკრის ლოცვაზე მივყავდი.

ერთ დილას გავიღვიძე, მაგრამ წამოდგომა არ მინდა... დედა უკვე მზადაა და მოახლეს ეუბნება: - პავლეს ჯერ კიდევ სძინავს. სასწრაფოდ ცივი წყალი მომიტანეო. მაშინვე საბნიდან გამოვძვერი: დედიკო, უკვე გავიღვიძე-მეთქი. ტაძარში მივდივართ".

წმინდა ბარსანოფი მადლიერი იყო ამ "ძალდატანებისა" და ხშირად აღნიშნავდა ხოლმე, რა კარგად იმოქმედა მასზე ყრმობის დროინდელმა ცისკრის ლოცვებმა.

***
სიკვდილი მოყვარულ სულებს ვერ განაშორებს. უსაზღვროა დედობრივი სიყვარული და მას კაცის გარდაცვალება ვერ დაუდებს მიჯნას. შამორდინოს მონასტრის სქემმონაზვნის დედა პარასკევას დედა ბრწყინვალე ორშაბათს გარდაიცვალა. დიდად მოწყალე ქრისტეს უმცროსმა ძმებმა (გლახაკებმა) მიაცილეს სამარემდე. გავიდა ხანი. ქალიშვილი უკვე ბელევის მონასტრის მონაზონი იყო. ერთხელ სულიერი რჩევისთვის მამა ამბროსი ოპტელთან მივიდა. შენიშნა, რომ მამა ამბროსი სკიტიდან გამოვიდა, კუთხის გოდოლთან შეჩერდა და ვიღაცას გაუბა საუბარი. ვინ იყო, არ ჩანდა. მერე წმინდა ამბროსი მივიდა თავის ქოხთან. უამრავი ხალხი შემოეხვია. ამ დროს მისმა მორჩილმა იკითხა, - ვინ არის აქ ბელეველი მონაზონი? პარასკევა მივიდა და მორჩილმა მოძღვართან შეიყვანა. მამა ამბროსი მას მაშინ ჯერ არ იცნობდა. პარასკევას უთხრა, რომ ახლა მას მისი გარდაცვლილი დედა, ქიონია გამოეცხადა, აღუწერა, რა ეცვა მიცვალებულს დაკრძალვისას. გარეგნულადაც დაახასიათა. დედას უთხოვია ღირსი მამისთვის: ჩემს პარასკევას უმფარველეო. მართლაც, წმინდა ამბროსი, ვიდრე აღესრულებოდა, მუდამ ზრუნავდა მონაზონ პარასკევაზე.

***
ღირს ლუკა ელადელს სიყრმიდანვე შეჰყვარებოდა მონასტრული ცხოვრება. ერთხელაც დედას გაეპარა დ ათონის რომელიღაც მონასტერში ჩაიცვა კაბა. დედამისმა ევფროსინიამ იცოდა შვილის კეთილი სურვილი, მაგრამ რა ექნა, შვილი ძალზე ენატრებოდა: "უფალო, შენ ხარ მოწამე ჩემი ქვრივობისა და განსაცდელებისა, ნუ მიმატოვებ, ნუ წამართმევ ჩემი სიცოცხლის ერთადერთ ნუგეშს, საყვარელ ძეს! მე მისთვის არ დამიშლია შენი მცნებების დაცვა. მისი არა მარტო ხორციელი, სულიერი მშობელიც ვიყავი, მსურდა, სათნოებებით აღსავსე მენახა. პირს ნუ მიიქცევ ჩემგან, დამიბრუნე ჩემი ვაჟი, რათა ვადიდო სახელი შენი წმინდა". ღმერთმა მოხედა მის ცრემლებს. იმ მონასტრის წინამძღვარს, სადაც ლუკა მოღვაწეობდა, ძილში მტირალი ევფროსინია გამოეცხადა და შესჩივლა: "უბედურ ქვრივს ასე მწარედ რატომ მატირებ, რატომ წამართვი მხოლოდშობილი ძე, იმედი ჩემი სიბერისა? დამიბრუნე, თორემ არ დავცხრები და ღვთის წინაშე გიჩივლებო". წინამძღვარს შეშინებულს გამოეღვიძა, თავიდან ეშმაკის საცთური ეგონა, მაგრამ როცა სიზმარი სამჯერ განმეორდა, მოიხმო ლუკა და დატუქსა: "რად მოგვატყუე, ობოლი ვარო, როგორ გაბედე ჩვენთან ცხოვრება, როცა გულში სიცრუე გქონდა. დაბრუნდი დედაშენთან, რომელიც შენ გამო მესამე ღამეა სულს მიწუხებსო, - მერე კი, როცა ლუკას ცრემლები იხილა, მშვიდად უთხრა, - ჩემო ბიჭო, აუცილებლად დაბრუნდი დედასთან, მერე კი თვით უფალი შეგეწევა კეთილ განზრახვაში. ვხედავ, რომ დედაშენის ლოცვას დიდი ძალა აქვს ღვთის წინაშე და ყველა შენი ლოცვის განქარვება შეუძლია. წარვედ მშვიდობით და გახსოვდეს, მშობლების კურთხევის გარეშე რაიმეს ქმნა არ შეიძლება". წმინდა ლუკა შინ დაბრუნდა. ევფროსინიას განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, მადლი შესწირა უფალს. ლუკა ოთხ თვეს დარჩა დედასთან, მერე კი მთელი გულით შესთხოვა უფალს შეწევნა. ღვთის მოშიშმა ევფროსინიამ ახლა უკვე აკურთხა შვილი და თავის წმინდა ლოცვებით დაცული მონასტერში გაუშვა.

***
ამაღელვებელია წმინდა ილარიონ ქართველის (ძველის) ცხოვრების ეს ეპიზოდი.

16 წლის იყო წმინდა ილარიონი, მშობლები რომ მიატოვა და გარეჯის უდაბნოში დასახლდა, ათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ იერუსალიმში წავიდა და იმ მღვიმეში დასახლდა, რომელსაც ადრე ელია თეზბიტელიც აფარებდა თავს და წმინდა იოანე ნათლისმცემელიც. ამ მღვიმეში გაატარა 17 წელი უდიდეს ღვაწლსა და მარადის ღვთის ხილვაში. და აი, მას ეჩვენა ვინმე კაცი, "ბრწყინვალე და საშინელი", რომელმაც უთხრა: "წადი შენს მშობლიურ ქალაქში, რამეთუ სათნო ეყო ღმერთს შენი მშობელი. ილოცა, რომ არ განვიდეს ხორცთაგან სული მისი, ვიდრე არ გიხილავს. მისი აღსასრული მოახლოებულია. ღვთის ნებით, უნდა წახვიდე, წესისაებრ გაისტუმრო იმქვეყნად დედაშენი და პატივით დაკრძალო. მერე კი კვლავ იწყო მოღვაწეობა ისე, როგორც უფალი ინებებსო".

დაენანა წმინდა ილარიონს ამ მყუდრო სავანის დატოვება. მეორე ღამეს ძილში იხილა, თითქოს ზეთისხილის მთაზე იყო და იქ იხილა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი. იქვე იდგნენ ბრწყინვალედ მოსილი დიდებული კაცნი. უფლის დედამ წმინდა ილარიონს მიმართა: "სწრაფად აღასრულე ის, რაც ღამით ანგელოზის მიერ გეუწყაო". წმინდანი დაემორჩილა ღვთის ნებას და მშობლიურ კახეთში დაბრუნდა. მამა და ძმა გარდაცვლოდნენ, შინ დახვდნენ დედა და და. როცა სანატრელი ილარიონი იხილეს: "აღვსებულ იქმნეს ცრემლითა და გამოუთქმელითა სიხარულითა და მოწლითა სურვილითა ამბორს უყვეს ხელთა და ფერხთა მისთა". "შვილო ჩემო საყვარელო, - უთხრა დედამ, - რადგან ღმერთმა ისმინა ჩემი ლოცვა და შენი პატიოსანი სახის ხილვის ღირსი მყო, ამიერიდან, როგორც გინდა, ისე განაგე ჩვენთვის. ჩვენი ქონება ღმერთს მიეცი, მონაზვნად აღგვკვეცე და სინანული გვასწავლე, რათა შენ მიერ ჩვენც ვცხონდეთ".

წმინდა ილარიონმა სახლი მონასტრად აქცია, დედა და და მონაზვნად აღკვეცა, მცირე ხანი დარჩა დედასთან, მერე კი მშვიდობით წარგზავნა ღმერთთან შვილის ხილვით გაბედნიერებული დედა.

***
ლამაზი ამბავია მოთხრობილი წმინდა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც".

ძალზე ახალგაზრდა იყო წმინდა გრიგოლი, როცა დაუტევა მშობლები, გაიპარა ქართლიდან და კლარჯეთში გადავიდა სამოღვაწეოდ. გავიდა დიდი ხანი. გაითქვა წმინდა გრიგოლის სახელი და ქართლამდეც მიაღწია. ესმა ეს მის სანატრელ დედას, რომელიც უკვე მოხუცებულიყო. გამხიარულდა სულით, განძლიერდა ხორცით და მადლი შესწირა ქრისტეს, რომელმაც "კეთილი სახარება ასმინა ძისა მისისაი... ხორციელად სიქადულისაი და სულისა მისისა გვირგვინოსანმყოფელისაი". ის იყო მისი ერთადერთი შვილი, მისი შობის მერე მამაკაცი აღარ იცოდა, არამედ სიწმინდით, ლოცვით, მარხვით და ღვთის შიშით ცხოვრობდა. გული კი მარადის ძის განშორებას გლოვობდა. შვილის ამბის შეტყობით ნუგეშცემულს ყოველი წყენა დაავიწყდა, წავიდა კლარჯეთში, თან გაჰყვნენ მსახურები. მივიდა მერეს მონასტერში დედა ფებრონიასთან და წერილით აუწყა თავისი მისვლა გრიგოლს. შვილი დედას ეახლა, თაყვანი სცა და ქრისტესმიერი კურთხევა მისცა. დედა სიხარულით მიეგება თავის ძეს და უთხრა: - ჩემო ტკბილო შვილო, მინდოდა მენახე და შენი ხილვით ყველა ტკივილი დამავიწყდაო. წმინდა გრიგოლმა დაამშვიდა: - შემინდე, ჩემო დედავ, რადგან ჩემი სურვილით კი არ განგეშორე, არამედ ღვთის ნებით... ახლა კი ჩემი ვალია, ვიღვაწო შენი სულისა და ხორცისთვის, რადგან ამას გვასწავლის წმინდა წერილი და მამათა სწავლანი, რომ მშობლებს პატივს ვცემდეთ, რათა, ღვთის მადლით, შენგან კურთხევა მივიღო, ვითარცა შვილმან მშობლის მოყვარემ. ნუგეში სცა მოხუცებულ დედას, მერე კი წმინდა ფებრონიას ჩააბარა. ღირსმა მამამ დიდება შესწირა ღმერთს, რომელმაც "მიჰმადლა მას კეთილად მსახურებაი დედისა თვისისა და სრულიად კურთხევაი მისგან მიიღო".

***
სქემარქიმანდრიტი გაბრიელი (ზირინიანოვი) ჰყვებოდა თავის დედაზე: "ჩვენი ოჯახი მეგობრული, შრომისმოყვარე გახლდათ. ბავშვებს არასოდეს უხეშად არ სჯიდნენ და მხოლოდ გონივრულად ეალერსებოდნენ. შვილების გონს მოსაყვანად ერთ-ერთ საშუალებად, სიტყვების გარდა, დედა ღვთის წინაშე "ჩივილს" ირჩევდა. თუ ვიცელქებდი, მეტყოდა: "გაბრიელ, არ მიჯერებ და ონავრობ. მე კი შენს მაგივრად პასუხი უნდა მივცე ღმერთს... შენი ცელქობით ცოდვებს იგროვებ და მერე თავს ვეღარ გაართმევ".

მაგრამ ბალღობა თავისას შვრებოდა - კიდევ რაღაცას დავაშავებდი... მაშინ დედაჩემი იჩოქებდა ხატების წინ და აცრემლებული ხმამაღლა შესჩივლებდა ღმერთს: "უფალო! მე შენგან შვილი გამოვითხოვე, ის კიდევ არ მიჯერებს და ონავრობს. არ ვიცი, რა ვუყო. შეიძლება თვითონაც დაიღუპოს და მეც დამღუპოს... უფალო, ნუ დაუტევებ, გონს მოიყვანე, რომ აღარ იცელქოს!" მეც იქვე ვიდექი, მესმოდა დედის ღაღადისი. მრცხვენოდა, დედაც მეცოდებოდა: - "დედიკო, მეტს აღარ ვიზამ," - ვჩურჩულებდი გაუბედავად. ის კი ისევ ღმერთს შესჩიოდა ჩემზე. მე ისევ პირობას ვდებდი, არ ვიცელქებ-მეთქი და დედასთან ერთად ვიწყებდი ლოცვას...

დედა ძალზე სულიერი ადამიანი იყო. ბავშვურ სიცელქესაც ამგვარად უცქერდა: ცოდვა იყო ეს თუ არა. მთელი ცხოვრება ყველაფერს რელიგიური ნიშნით აფასებდა: სათნო იყო თუ არა ეს ღვთისთვის". ღრმად სწამდა ღვთის შემწეობისა და როცა გაბრიელი ავად ხდებოდა, ლოცვას იწყებდა. თუ ბავშვს გამოჯანმრთელების პირი არ უჩანდა, მოსაგრეობის აღთქმას დებდა. რადგან გაბრიელი სუსტი ბავშვი იყო, აღთქმები კი მშობლებს ბევრი დაუგროვდათ: ტაძარში ყოველ დღესასწაულზე დადიოდნენ, ხორცს არ ჭამდნენ, მოწყალებას გასცემდნენ, ცოლქმრული ურთიერთობა შეწყვიტეს. აი, ასეთი ხის ნაყოფი მართლაც კეთილი და ღვთივსასურველი გამოვიდა.

***
დედის ლოცვა მაგალითად ექცა მამა საბას (ოსტაპენკო). სიცოცხლის ბოლომდე თვალწინ ედგა დედის მწუხარე სახე, როცა შვილი რაღაცას აშავებდა. "ვუცქერდი დამწუხრებულ დედას, ჩავუვარდებოდი მუხლებში, შენდობას ვთხოვდი გაბრაზებისთვის და ისიც სრულიად იცვლებოდა. როცა ვცელქობდით, კუთხეში გვაყენებდა ხოლმე. თვითონ მეორე ოთახში მოიდრეკდა მუხლს და შესტიროდა უფლის დედას: "ზეციურო დედოფალო, მე ისინი კი დავსაჯე, მაგრამ მათი გამოსწორება არ შემიძლია! შენ გამოასწორე ისე, როგორც იცი". გვეცოდებოდა დედა, რადგან ბავშვები ვიყავით მისი მწუხარების მიზეზნი. ვთხოვდით შენდობას, მოვიდრეკდით მუხლს, მასთან ერთად ლოცვას ვიწყებდით, უფალს ცოდვების პატიებას ვთხოვდით და ყველანი ვიცვლებოდით, უკეთესნი ვხდებოდით".

***
ჭეშმარიტად დედაშვილობის საპირისპიროა ის, რასაც დღევანდელ საქართველოში ვხედავთ, როცა დედა სხვისი შვილის თვალში ბეწვს ამჩნევს, ღვიძლი შვილის თვალში - მორსაც ვერა. ტელევიზორს "აღსაზრდელად" ვაბარებთ შვილებს და ისინიც ეკრანის გმირების ენით გვესაუბრებიან, აგრესიულად, ამპარტავნულად. ვინ არის დამნაშავე, როცა ახალგაზრდები ერთმანეთს ხოცავენ? რა თქმა უნდა, მათი ყოვლისმიმტევებელი მშობლები.

როსლავში, სმოლენსკის გუბერნიაში, ავადმყოფობის შემდეგ ერთი ღარიბი მემამულე ქალი გარდაიცვალა. მესამე დღეს, როცა ეკლესიაში უნდა გადაესვენებინათ, მიცვალებული კუბოში წამოჯდა. როცა დარწმუნდნენ, რომ ცოცხალი იყო, ისევ საწოლში ჩააწვინეს. მალე ფეხზე დადგა და რამდენიმე წელიც იცოცხლა. აი, რას მოუყვა იგი ახლობლებს: როცა მოვკვდი, ზეცაში ამიყვანეს და საშინელი სამსჯავროს წინაშე წარმადგინეს. იქვე იდგა ერთი პირმოქუფრული კაცი, ვეებერთელა წიგნი ჰქონდა გადაშლილი და ყველა ჩემს ცოდვას მახსენებდა, ყრმობიდან აქამდე ჩადენილს. ღვთის წყალობით, ბევრი ცოდვა მეპატია, ვფიქრობდი, გადავრჩი-მეთქი, რომ მკაცრად მომთხოვა პასუხი, ასე რატომ გაზარდე შვილი, ის ხომ გაირყვნა და ასეთი საქციელი დაღუპავსო. თავს ვიმართლებდი, დიდობაში გაირყვნა-მეთქი. არც ჩემი ქვითინი ესმოდათ, არც ღაღადისი. ბოლოს ერთმა კაცმა თქვა: - გაუშვით, რათა შეინანოს და თავისი ცოდვა გამოიტიროს ისე, როგორც საჭიროაო. იმავე კაცმა ხელი მკრა და სააქაოს გამომიშვა. უფლის ანგელოზებმა ისევ ჩემს კუბოში დამაბრუნეს.

სამწუხაროდ, ვერც ამ სასწაულმა მოიყვანა გონს გაცოცხლებული ქალის ვაჟი.
ბეჭდვა
1კ1