მამათა ცხოვრებიდან
მამათა ცხოვრებიდან
დამალული ცოდვა
იყო ერთი მლოცველი, მოწყალე და უცხოთშემწყნარებელი ქრისტიანი, მაგრამ ეშმაკის შურით ისეთი ცოდვით დაეცა, რომელიც მოძღვართან ვერ გაამხილა. მან მთელი ქონება მოწყალებად გასცა, მკაცრი მოღვაწეობით მოიუძლურა ხორცი და გამუდმებით შესთხოვდა ღვთისმშობელს: "ყოვლადუბიწო დედუფალო, შენ უწყი ჩემი შეცოდება და ძალგიძს მისი პატიება. გევედრები, შემიწყალე მე ცოდვილი". ამგვარ ღვაწლსა და სინანულში აღესრულა.

მივიდნენ მის სულთან ანგელოზნი და ეშმაკნი. ანგელოზებმა თქვეს: "დიდად იღვაწა ღვთისმშობლის წინაშე". ეშმაკებმა კი მიუგეს: "მაგრამ ჩვენ შევაცდინეთ და ცოდვაში ჩავაგდეთ, აღსარებაშიც ჩვენივე ძალით დაუმალა შეცოდება მოძღვარს, ამიტომ ეს სული ჩვენია".

წაიყვანეს სული ჯოჯოხეთში. ეს რომ იხილა ღვთისმშობელმა მარიამმა, შეევედრა თავის საყვარელ ძეს: "ძეო ჩემო სახიერო, ტკბილო და კაცთმოყვარეო, გევედრები, შეიწყალე ამ მონანულის სული!"

უფალმა მიუგო: "არ ეგების უაღსარებოდ ცხონება, მაგრამ შენი სიყვარულის გამო გავაცოცხლებ და აღიაროს ცოდვა მოძღვართან".

მაშინ ანგელოზებმა უნანელის სული სხეულში დააბრუნეს. შემცოდე მეყსეულად გაცოცხლდა და ცოდვა აღიარა. ამის შემდეგ ორმოცი დღე კიდევ იცოცხლა. ყველას უამბობდა: "ერთი საათი დავყავი ჯოჯოხეთში და ასე მეგონა, ასი წელი გავიდა-მეთქი!" ორმოცი დღის შემდეგ აღსარებითა და სინანულით გავიდა ამ სოფლიდან.

ყველგან ლოცვისათვის
ერთი ბერი ჰყვებოდა: "მოგზაურობისას ერთ სოფელში შევედით. კვირადღე იყო. დიდმა მამამ პეტრე იბერიელმა ბრძანა, წირვის დასაყენებლად საკურთხეველი მოემზადებინათ, მაგრამ საამისოდ ამორჩეული სახლი საკერპო აღმოჩნდა. ვუთხარი: "მამაო, ნუთუ იქ სწირავ, სადაც კერპები დგას?" "შვილო ჩემო, - მომიგო მან, - ჩვენ ღმერთს შევწირავთ მსხვერპლს და არა ეშმაკს".

როგორც კი დაიწყო წირვა, საცეცხლურიდან ცეცხლი გამოკრთა და კერპები დაწვა, სახლს კი არაფერი ავნო. ამის მხილველებმა ღმერთი ვადიდეთ.

თეოდოსი დიდის ცხოვრებიდან
ერთხელ წმინდა თეოდოსი დიდი ბეთლემს მიდიოდა და გზად ღირსი მარკიანეს სავანისაკენ გადაუხვია. ძვირფასი სტუმარი სიყვარულით მიიღეს, მაგრამ პურიც კი არ ჰქონდათ, რომ გამასპინძლებოდნენ. ღირსმა მამებმა დიდხანს ისაუბრეს, ხოლო როცა ტრაპეზის დრო მოვიდა, მარკიანემ უბრძანა მოწაფეებს, რამის ნახარში მოემზადებინათ. მასპინძელთა ტრაპეზის ასეთი სიმწირე რომ დაინახა, წმინდა თეოდოსიმ თავის მოწაფეებს უთხრა, საგზლად წამოღებული პური მოიტანეთო. წმინდა მარკიანემ ძუნწად გამასპინძლების გამო ბოდიში მოიხადა: ბოლო ხანს ისე გავღარიბდით, რომ სულ აღარა გვაქვს ხორბალიო.

თეოდოსიმ მარკიანეს წვერში საიდანღაც მოხვედრილი ხორბლის მარცვალი დაინახა, ფრთხილად გამოიღო და უთხრა: "აი, ხორბალი, თქვენ კი ამბობთ, არა გვაქვსო".

ნეტარმა მარკიანემ სიხარულით გამოართვა ხორბლის მარცვალი და ძმებს უბრძანა, ბეღელში წაეღოთ.

მეორე დილით, თეოდოსის წასვლის შემდეგ, ბერები ბეღელთან მივიდნენ და ნახეს, რომ ის ერთი მარცვალი ისე გამრავლებულიყო, ბეღელი პირამდე აევსო.

მარკიანემ მაშინვე გაგზავნა მოწაფე ღირს თეოდოსისთან და ხორბლის გამრავლებისთვის მადლობა გადაუხადა. ნეტარმა თეოდოსიმ კი შემოუთვალა: "მე კი არა, შენ გაამრავლე ხორბალი - მარცვალი ხომ შენს წვერში აღმოჩნდაო".

მოამზადა
ირინე იაკობიშვილმა
ბეჭდვა
1კ1