მთელმა სამყარომ რომ მიგატოვოს, მე მაინც არ დაგტოვებ
მთელმა სამყარომ რომ მიგატოვოს, მე მაინც არ დაგტოვებ
პირველი ტყვია რომ გავარდა, წინ აფარებია ილიას - ამ კაცს ნუ მოკლავთ, მე მომკალით, მე, თქვე ურჯულოებოო...
ერთგულების მაგალითს კაცთა მოდგმას თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე აძლევს.

უდაბნოში განმარტოებულ ბალაამელ ბერს, მამა სისოს ეშაკმა განსაცდელები დაატეხა თავს. სულიერი ტკივილისგან იატაკზე გორავდა და ცრემლად იღვრებოდა. უეცრად გამოეცხადა მაცხოვარი და უთხრა: მთელმა სამყარომ რომ მიგატოვოს, მე მაინც არ დაგტოვებო.

ძველი პატერიკი მოგვითხრობს: ერთ ბერს სიძვის ბრძოლები ტანჯავდა. ერთხელ ეგვიპტურ სოფელში წარმართი ქურუმის ქალიშვილი დაინახა, შეუყვარდა და მამამისს ქალიშვილის ხელი სთხოვა. ქურუმმა უთხრა: სანამ ჩემს ღმერთს არ შევეკითხები, პასუხს ვერ მოგცემო. მივიდა დემონთან და უთხრა: - ერთი ბერი ქალიშვილის ხელს მთხოვსო. "უარყო თუ არა თავისი ღმერთი, ნათლობა და ბერობის აღთქმა?" - ჰკითხა ბოროტმა. კიო, - უპასუხა ქურუმმა. მაშინ დემონმა თქვა: - ნუ მისცემ მას შვილს ცოლად, რადგან ღმერთს არ მიუტოვებია ის და ჯერ კიდევ შეეწევაო. ქურუმმა უარი მოახსენა ბერს და მიზეზიც უთხრა. ეს რომ გაიგო ბერმა, თავისთვის თქვა: ღმერთმა ჩემზე ასეთი მოწყალება მოიღო, მე ცოდვილმა უარვყავ უფალი, ჩემი ბერობა, მიუხედავად ამისა, ღმერთი მაინც მეხმარება. მოდი, უკანვე დავბრუნდებიო. მართლაც, საკუთარ კელიას დაბრუნებულმა მარხვით, ლოცვით, სინანულით, დიდი თავმდაბლობით გამოისყიდა ღვთის ღალატის ცოდვა.

***
წმინდა ამბროსი ოპტელის ცხოვრების ბოლო წლებში მისი სულიერი შვილები წუხდნენ, მოძღვრის სიკვდილის შემდეგ სულიერად გაგვიჭირდებაო. წმინდა ამბროსიმ ასე გაამხნევა ისინი: - ღირსი მამები სიცოცხლეში თავიანთ სავანეს არ ტოვებენ. არც სიკვდილის შემდეგ უღალატებენ, ძველებურად მონასტერში იქნებიანო.

***
ერთგულნი უნდა ვიყოთ წინაპართაგან გადმოცემული ტრადიციებისა, გნებავთ, იმ მრავალხმიანი გალობისა, არასულიერად რომ ეჩვენება ზოგიერთს.

მამა პაისი ათონელი ჰყვებოდა: კატუნაკის უდაბნოში, წმინდა იპატის სახელობის კელიის ეზოში უამრავი ჯოხი დამხვდა ჩარჭობილი. ვერ ვხვდებოდი, რისთვის დასჭირდა კელიაში ადრე მცხოვრებ ბერს შუა ბაღში ამის გაკეთება. ამოვაძვრე ეს, ჩემი აზრით, უსარგებლო ჯოხები. ერთ ზაფხულს, ბაღში მუშაობისას, დავინახე, რომ გველი ამოძვრა იმ სოროდან, საიდანაც ადრე ჯოხი ამოვაძრე. ჯოხი მოვძებნე და ისევ სოროში ჩავარჭე. მივხვდი, რომ ბაღში ბევრი გველის სორო იყო. მივბაძე ადრე აქ მცხოვრებ მამას. ამის მერე გადავწყვიტე, სადაც არ უნდა მივსულიყავი, იქ ჩარჭობილი ლურსმნისთვისაც კი არ შემეცვალა ადგილი.

***
ერთგულებას ოჯახიც ითხოვს. მამა არისტოკლე (+1918) მრავალ ეშმაკეულს ლოცვით კურნავდა. ერთხელ ერთი შეპყრობილი ქალი მოიყვანეს. ორი ჯანღონიანი მამაკაცი ძლივს აკავებდა, თანაც ქალი გაეთოკათ. საცოდავი მამა არისტოკლეს წინ დააყენეს. ბერმა მკაცრად შეხედა და ჰკითხა: მასში შესვლის ნება ვინ მოგცა? ეშმაკეულმა წვრილი და საზიზღარი, არაბუნებრივი ხმით უთხრა, - მე ძალით არ შევსულვარ, თვითონ მომცა ამის ნება. მაგან მჭედელთან იმრუშა მაშინ, როცა კანონიერი ქმარი ჰყავს და ამით მეც მომეცა მასში შესვლის ნებაო. ღირსი მამის ლოცვით ქალი ყველას თვალწინ განიკურნა.

***
თორმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წმინდა ანდრონიკესა და ათანასიას უეცრად ქალ-ვაჟი გარდაეცვალათ. დიდმა მწუხარებამ მშობლები მონასტერში წაიყვანა. შემდგომი თორმეტი წელი ისე იმოღვაწევეს, ერთმანეთისა არაფერი იცოდნენ. წმინდა ათანასია უფრო წარემატა სულიერებით ქმარყოფილს. ამიტომაც, ღვთის ნებით, - შესაძლოა ეს ათანასიას სურვილიც იყო, - წმინდა დედამ ანდრონიკეს მონახულება გადაწყვიტა და მამაკაცის სამოსში გამოწყობილი ეწვია. ანდრონიკემ ვერ იცნო და როგორც "ძმა" ათანასე, ისე მიიღო. თორმეტი წელი იღვაწეს გვერდიგვერდ სენაკებში. განაცვიფრებდა ანდრონიკეს სულიერი ძმის მოღვაწეობა, მაგრამ დადგა ათანასიას გარდაცვალების ჟამი. უფლის წინადაცვეთის დღესასწაული იდგა. ასეთ საზეიმო დღეს აღესრულები და ტირიო? - ჰკითხა იღუმენმა დანიელმა თვალცრემლიან ათანასიას. მამაო, მე ჩემს თავზე კი არა, ანდრონიკეზე ვტირი. ქენი სიკეთე და ეს წერილი გადაეციო, სთხოვა წმინდა ათანასიამ. მისი გარდაცვალების შემდეგღა აღმოაჩინეს, რომ ქალი იყო, წერილში კი თავის თავგადასავალს ჰყვებოდა. დედა ათანასიას სიკვდილმა დააუძლურა ბერი ანდრონიკე. იღუმენს თავისთან უნდოდა წაეყვანა, მაგრამ უარი უთხრა, - მამაო, აქ დამტოვე, რათა ჩემს მეგობარ ათანასიასთან ერთად დავიმარხოო. მეცხრე დღეს გარდაიცვალა წმინდა ანდრონიკე. ბერებმა ის თავისი სულიერი დის გვერდით დაკრძალეს, რადგან ნათქვამია: - ვინც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განაშორებსო.

***
ღმერთმა შვილი არ მისცა წმინდა ილია მართალს და ოლღა გურამიშვილს, მაგრამ ამით მათი სიყვარული არ განელებულა. ოლღა სიბერეშიც კი თავს ბედნიერად თვლიდა, თავისი ილიკოსთვის ჭიქა წყალი რომ მიერთმია. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, თუ როგორ ზრუნავდა წმინდა ილიაზე. იმ საბედისწერო დღეს, პირველი ტყვია რომ გავარდა, წინ აფარებია ილიას - ამ კაცს ნუ მოკლავთ, მე მომკალით, მე, თქვე ურჯულოებო... თუ სიკვდილი გინდათ ვინმესი, მე ჩამქოლეთო. არც ის დაინდეს. თოფის კონდახით თავი გაუჩეჩქვეს. ილია მოკვდა, ოლღა ძლივს გადაარჩინეს. როცა ქმრის მკვლელები დაიჭირეს და დახვრეტა მიუსაჯეს, ოლღამ სასჯელის გაუქმება ითხოვა.

ოცი წელი იცხოვრა საყვარელი ილიკოს გარეშე. მისი ერთადერთი ნუგეში ილიას წერილების კითხვა იყო. აიღებდა ილიას სურათს და დასტიროდა, - ჩემო მფარველო, ჩემო სიცოცხლევ, სად ხარო. სახლი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა, თვითონ კი მთაწმინდაზე იქირავა ბინა, საყვარელ ადამიანთან რომ ახლოს ყოფილიყო. ავიდოდა მთაზე, წამოუწვებოდა საფლავზე ილიას. მაგრამ თანდათან უჭირდა იქ ასვლაც... 1927 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა წმინდა ილიას ერთგული მეგობარი და თანამოაზრე.

***
მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი (ბულგაკოვი), ავტორი "დოგმატური ღვთისმეტყველებისა", სინოდის წევრი გახლდათ. ერთხელ საქმეზე იყო ჩასული პეტერბურგში და წარუდგა იმპერატორ ალექსანდრე მესამეს. მეფის შეკითხვაზე, რა აზრის ხართ რუსეთში კონსტიტუციური წყობის შემოღებაზეო. უპასუხა, მომხრე ვარო. მეფე განრისხდა და გავიდა ოთახიდან. მიტროპოლიტი წავიდა. მეფემ კაცი გაგზავნა სინოდის ობერ-პროკურორთან, პობედონოსცევთან და უბრძანა, მიტროპოლიტი გაეძევებინა კათედრიდან. მაგრამ ღმერთმა თვითონ დასაჯა მეფის ხელისუფლებისგან განდგომილი: ქალაქგარეთ, თავის აგარაკზე, ბანაობისას სისხლი ჩაექცა და გარდაიცვალა.

***
როგორი უნდა იყოს ოჯახის მამა განსაცდელის ჟამს? ერთგული თავისი "სამწყსოსი", მათზე მლოცველი. მამა ხარლამპე დიონისელი (+2000) ჰყვება მამამისზე: 1941 წელს მამა გიორგი ქარსლადისმა მრავალი ქრისტიანი შეიფარა. მათ შორის იყო მამა ხარლამპე (მაშინ - ერისკაცი ათანასე). საშიშროებამ გადაიარა, მოსახლეობა თავიანთ სახლებს დაუბრუნდა. შინ მიმავალი მამა ხარლამპე, მისი ძმა და ბიძაშვილი ბულგარელმა ოკუპანტებმა დაატყვევეს. შვიდი დღე-ღამე სიკვდილს ელოდნენ, მაგრამ წმინდა გიორგის სასწაულით ახალგაზრდები განთავისუფლდნენ. შინ დაბრუნებული ათანასე სამლოცველო ოთახში შევიდა ღვთისთვის სამადლობელი ლოცვის აღსავლენად. იქ დახვდა მუხლმოდრეკით ხატების წინ მლოცველი თვალცრემლიანი მამა.

- მამიკო, დავბრუნდით, წმინდა გიორგიმ გადაგვარჩინა, - მიახარა შვილმა.

- დიდება უფალს, ჩემო შვილო, - მამა ათანასეს მოეხვია.

- მამიკო, წმინდა გიორგის აღვუთქვი, თუ ტყვეობიდან დამიხსნიდა, ღმერთს შევწირავდი თავს.

- ეს ყველაზე უკეთესია, რის გაკეთებაც შეგიძლია, ჩემო შვილო. სულით და გულით გაკურთხებ. გინდა, მეც გეტყვი რაღაც მნიშვნელოვანს: იმ დღეს, როცა თქვენ შეგიპყრეს და საზიდრიანი ცხენი მარტო დაბრუნდა, მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ სიკვდილი გელოდათ. იმ დღიდან არც მიჭამია, არც მისვამს და სამლოცველო ოთახიდან არ გამოვსულვარ. ახლა კი წავიდეთ სამზარეულოში, ცოტათი მოვძლიერდეთ.

ასეთი წმინდა და მადლმოსილი ხორციელი მამა ჰყავდა იღუმენ ხარლამპეს. მისი სულიერი მოძღვარი, დამრიგებელი კი მამა იოსებ ათონელი (მღვიმელი) იყო. სულიერი მამის ერთგულებაზე მამა ხარლამპე ჰყვება:

- ახალი მისული ვიყავი მამა იოსებთან. კელიაში ერთი ბერი მოვიდა და გვაუწყა: - ჩვენს სკიტში ერიდან ერთი ღმერთშემოსილი მოძღვარი მოვიდაო. გავიფიქრე, კარგი იქნება მისი ქადაგება მომესმინა და რაიმე სულის სარგო შემეტყო-მეთქი. მამა იოსებს კურთხევა ვთხოვე. "წადი, თუ ასე გინდა", - მითხრა მან. წავედი სკიტში. მშვენიერი ქადაგება მოვისმინე, არაჩვეულებრივი დარიგებანი. აღფრთოვანებული დავბრუნდი მონასტერში და მოძღვარს ვუთხარი, - მამაო, ბევრი რამ შევიძინე, მღვდელი მართლაც ღმერთშემოსილია-მეთქი.

მამა იოსებმა თავი გადააქნია და კელიაში წასვლის წინ მითხრა: "დღეს ღამისთევის ლოცვის შემდეგ ჩემთან მოდი". მივედი. ყოველგვარი აღფრთოვანების გარეშე, თავჩაღუნული მეკითხება:

- აბა, მითხარი, როგორ ჩაიარა ღამისთევის ლოცვამ?

- ეჰ, მამაო, გონება გაფანტული მქონდა, საშინელება იყო...

- მაგრამ შენ გუშინ ხომ მითხარი, ღმერთშემოსილი მოძღვარი გავიცანიო? ღამით კი ცუდად ილოცე.

- დიახ, ცუდად ვილოცე, მამაო, მაგრამ არ ვიცი, რატომ.

- მაშინ გეტყვი: შენ ჩემთან დიდი ხანია ცხოვრობ. მე აღგკვეცე ბერად და გაკურთხე მღვდლად. ხომ იგრძენი ის სიკეთე, რაც შენთვის მოძღვარმა გასწია?

- დიახ, მამაო, თქვენ ჩემთვის ბევრი რამ გააკეთეთ.

- მორჩილს, რომელიც სიმშვიდეს ნახულობს თავისი მოძღვრის სიახლოვეს, არა აქვს უფლება, სხვა მოძღვართან წავიდეს. ეს იმის ტოლფასია, რომ არ ენდო ადამიანს, რომელსაც ღმერთმა ჩააბარა შენი თავი. ეს სულიერი მრუშობააო.

ორი-სამი დღე არ მიმდიოდა ლოცვა და ღვთისმიერ ეპიტიმიას ვიხდიდი, მაგრამ ყველაფერი ჩემთვის გასაგები არ იყო, ამიტომაც კვლავ ვკითხე მოძღვარს:

- მამაო, შენ თქვი, მორჩილს არა აქვს უფლება, სხვა მოძღვარმა გამოკვებოს სულიერადო. მაშ, მამა ეფრემ კატუნაკელი, რომელსაც თავისი მოძღვარი ჰყავს, თქვენ რაღატომ გიმადლით ყველაფერს, თუ რამ სიკეთე აქვს?

- ეს სხვა შემთხვევაა. წარმოიდგინე, რომ ცხოვრობ ოჯახში და მამაშენი საჭმელს არ გაძლევს. რას იზამ? შიმშილით ხომ არ მოკვდები? სწორედ ასე იყო მამა ეფრემის თავს. ის იძულებული გახდა, ჩემგან საზრდელი მიეღო. მაგრამ ამავე დროს უფლება არ ჰქონდა, თავისი მოძღვარი მიეტოვებინა, თუმცა ის ძალზე მკაცრი იყო. ამიტომაც მე და მამა ნიკიფორე (მოძღვარი ეფრემისა) შევთანხმდით - ის მორჩილებას მისცემდა, ხოლო რაც ეფრემის სულიერ ცხოვრებას შეეხებოდა, ჩემი საქმე იქნებოდა.
ბეჭდვა
1კ1