ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
შვილო, ჩვენ ბერებს ხელშეკრულებით არ ვიღებთ. ვინც აქ მოდის, სავანეს ემორჩილება
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყ. იხ. ##8-10

ლოცვა დაიწყო. იღუმენი მთელი დიდებულებით წარუძღვა პატიოსანი ჯვრის პატივად ღვთისმსახურებას. წინადასაწყისი ფსალმუნის წაკითხვის შემდეგ რჩეული საგალობლების გალობა დაიწყეს. ღამისთევის ლოცვა გრძელი იყო და მგალობლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

საბერო მანტიებით მოსილი კანონარქი და ეკლესიარქი, ანგელოსთა მსგავსად, გადადიოდნენ ერთი კლიროსიდან მეორეზე. ამ წმინდა ადგილს ცოცხალი და კედლებზე გამოსახული ღირსი მამანი ჭეშმარიტ სამოთხედ აქცევდნენ. დიაკონს ხელთ ოქროსფერი კაცია ეპყრა (ესაა მინიატურული ტაძრის ფორმის სახელურიანი საცეცხლური, რომელსაც ხშირად ეჟვნებს აბამენ და კმევისას ჟღარუნობს) და გალობის ტაქტის მიხედვით აკმევდა. ყველაფერში იგრძნობოდა გამორჩეული წესრიგი. მაშინ ვიფიქრე, ჭეშმარიტად ისეა, როგორც თქვა წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა - "კინოვია დედამიწის სამოთხეა, სადაც ბერები ანგელოზთა დარად მსახურობენ და განადიდებენ ღმერთსო". ვფიქრობდი, დავრჩენილიყავი წმინდა დიონისეს კინოვიაში, სადაც მამა ლაზარე ცხოვრობდა და რომელიც აღსავსე იყო სიხარულით. აქაურობა საბერო ცხოვრებისთვის საუკეთესო ადგილად მესახებოდა.

ამასობაში ლიტია დაიწყო. კარიბჭეში პირველი იღუმენი შემოვიდა, მას მოჰყვნენ მგალობელი მამები. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. დიაკვანმა მოიხსენია წმინდა სავანის ქტიტორები და განმაახლებლები: იმპერატორები, დედოფლები, უფლისწულები. სახელების ჩამოთვლამ და ლოცვამ ბიზანტიის ეპოქას მიმაახლა.

"გიხაროდენ, ჯვარო ცხოველსმყოფელო", - მესმის მამა ლაზარეს გალობა და ვხედავ, რომ მთელი ეს პროცესია ბრუნდება ტაძრის მთავარ ნაწილში.

ლიტიას საკითხავები მოჰყვა, შემდეგ - ექვსფსალმუნი. მას, როგორც ყოველთვის, იღუმენი კითხულობდა, დიდი ღვთისმოშიშებით, აუჩქარებლად, გულშემუსვრილი, სიხარულნარევი მწუხარე ხმით. თითოეული სიტყვა შეფერილი იყო შესაბამისი აზრით. მას შემდეგ, ჩემი ათონზე ყოფნის პერიოდში, ვცდილობდი დიონისეს მონასტერში მოხვედრისას დავსწრებოდი ცისკარს მამა გაბრიელის მიერ წაკითხული ექვსფსალმუნის მოსასმენად.

"აქებდითას" გალობისას დიდი პატივით გამოაბრძანეს ძელიცხოველის ნაწილი. ჩვენ ღირსნი გავხდით მისი თაყვანისცემისა, და თანაც როდის - მისი ამაღლების დღეს! ცისკარის შემდეგ მამებმა შეისვენეს. გრძელმა "უფალო, ღაღადვჰყავ", დიდებისმეტყველებამ, ზეთისცხებამ ღამისთევის ლოცვა რვა-ცხრა საათამდე გააგრძელა.

ორი საათის მერე ზარის მელოდიურმა ხმამ საღმრთო ლიტურგიაზე მოგვიწოდა. ეს იყო საზეიმო ღვთისმსახურება, რომელსაც იღუმენი მეთაურობდა. დანარჩენი მღვდელმონაზონნი და დიაკვნები თანამსახურებდნენ მას. გვირგვინი ღვთის კურთხევისა იყო წმინდა ზიარების საიდუმლოში ბერების მონაწილეობა. ისინი ცრემლნარევი ღვთისმოშიშებით მიდიოდნენ საზიარებლად. რა ღრმად აღმებეჭდა სულში ეს წუთები!

იღუმენს ხელთ წმინდა ბარძიმი ეპყრა. ვიღაც კეთილმოკრძალებით გალობდა: "სერობასა საიდუმლოისა შენისასა დღეს, ძეო ღმრთისაო..." მამები მუხლს იდრეკდნენ კლიროსის მხარეს, შენდობას ითხოვდნენ და წმინდა ბარძიმს, ცხოვრების სასმისს მიეახლებოდნენ, "რათა ეცხოვრათ საუკუნოდ" და "რათა მიეღოთ ქრისტე, მათ გულებში დავანებული". იგივე სასმისი პირველ ქრისტიანთა დროიდან აძლიერებდა მოწამეებს, რომ ძლევაშემოსილიყვნენ. იგივე სასმისი ახლაც განაძლიერებს "სინდისის მოწამეებისთვის" მებრძოლებს, საბერო ღვაწლით წამებულებს...

ასეთი დიდი დღესასწაულებისას ტრაპეზზე ზარის რეკვით მოუწოდებენ და სატრაპეზოში ეკლესიიდან საზეიმო მსვლელობებით მიდიან. სანთლებით ხელში მიმავალ მამებს მიჰყვებიან მგალობლები და მანტიით მოსილი იღუმენი, კვერთხით ხელში.

სუფრასთან ყველამ ჩვენ-ჩვენი ადგილი დავიკავეთ, იღუმენმა განსაკუთრებული ზანზალაკი დარეკა და ამით ლოცვის ნიშანი მისცა. წიგნის მკითხველმა ლოცვა წარმოთქვა მაღალი ამბიონიდან, მერე ტრაპეზი იკურთხა და მივუსხედით სუფრას. გამიკვირდა - საჭმელი ზეთით იყო გაკეთებული. ერში დიდ ცოდვად ითვლება პატიოსანი ჯვრის ამაღლების დღეს ზეთის გამოყენება. ვიფიქრე, მამა ლაზარე ამიხსნიდა ყველაფერს.

წიგნის მკითხველი აუჩქარებლად, დინჯად კითხულობდა. თავიანთი თეფშის წინ თავდახრილი მამები ჭამდნენ უჩუმრად, თან ძელიცხოველის ჯვრის ამაღლების საკითხავს უსმენდნენ. ცოტა ხნის შემდეგ იღუმენმა ზანზალაკი კვლავ შეარხია. მკითხველი შეჩერდა, რომ წარმოეთქვა: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალე და გვაცხოვნენ ჩვენ". ამის მერე წიგნის კითხვა გააგრძელა. ამ დროს მამებმა ჯვარი გამოისახეს და ღვინიანი ჭიქა ასწიეს.

სატრაპეზოს გარემო - საოცარი ფრესკები, უბრალო ხის მაგიდა, ასკეტური სკამები და ჩვეულებისამებრ ტრაპეზისთვის განკუთვნილი მცირე დრო ლოცვის, დუმილის და თავშეკავების ატმოსფეროს ქმნიდა - თითქოს ტაძარში ვყოფილიყავი. ტრაპეზს განსაკუთრებულ მისტიკურ ელფერს სძენდა იქ კუნკულით მოსილი მდუმარე მამების ყოფნა.

როცა იღუმენი დარწმუნდა, რომ ყველამ იტრაპეზა, კიდევ ერთხელ დარეკა ზანზალაკი და წიგნის კითხვა შეწყდა. წიგნის მკითხველი ჩამოვიდა ამბიონიდან და გაემართა იღუმენისკენ. გზად სამჯერ წარმოთქვა: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...", მუხლი მოიდრიკა და მის ხელთაგან მიიღო დაწესებული ევლოღია - პურის ნატეხი და ჭიქა ღვინო. წინამძღვარმა ნიშანი მოგვცა და ჩვენც წამოვდექით მადლობის სათქმელად.

ამას მოჰყვა "პანაღეას წესი". სატრაპეზოს მორჩილი ბერი ხელთ ღვთისმშობლისბეჭდიანი სეფისკვერით მიუახლოვდა სატრაპეზოს შუაში დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატს. სეფისკვერით ჯვარი გამოსახა ხატის წინ და თქვა: "დიდებულ არს სახელი წმიდისა სამებისა" და "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ". ამის მერე, სანამ მგალობლები გალობენ და ეკლესიარქი კაციათი აკმევს, სეფისკვერი ძმათა შორის ნაწილდება.

ამით სრულდება ტრაპეზობის წესი. სატრაპეზოდან იღუმენი პირველი გამოდის, გასასვლელის პირდაპირ დგება და აკურთხებს გამომსვლელებს. მარჯვნივ და მარცხნივ დგანან მუხლმოდრეკილი ტრაპეზარი, მზარეული და წიგნის მკითხველი. როგორც მამა ლაზარემ ამიხსნა, ისინი შენდობას ითხოვენ, ტრაპეზობისას თუ რამე რიგზე არ იყო.

ათი წუთის შემდეგ ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა. ძმები კელიებში დაბრუნდნენ მცირე ხნით დასასვენებლად. მამა ლაზარეს ვკითხე, რატომ მოიტანეს ტრაპეზზე ზეთიანი საჭმელი-მეთქი. მან მითხრა, ამის ნებას ღამისთევის ღვაწლი აძლევთო. პასუხმა სრულიად დამაკმაყოფილა. მადლობა გადავუხადე და უამრავი შინაგანი განცდით აღვსებული, არაქათგამოცლილი დასაძინებლად წავედი.

ნასადილევს მტკიცე სურვილი გამიჩნდა, დიონისეს მონასტერში დავრჩენილიყავი, თუ მოძღვარი ორი წლით მიმიღებდა და დამადგენდა მამა ლაზარეს მორჩილად და დამხმარედ საავადმყოფოში. ღვთის ნების შესატყობად ეს თავისებური გამოცდა გახლდათ. თუ ის ჩემს წინადადებას მიიღებდა, მაშინ დავრწმუნდებოდი, რომ ღვთის ნება იყო დიონისეს მონასტერში დავრჩენილიყავი და აქვე შევმდგარიყავი ბერად, თუ არადა, წავიდოდი წმინდა ანას სკიტში, მამა გრიგოლის კალივაში.

გამიხარდა, რომ ამ დაბრკოლების გადალახვის საშუალება მოიძებნა. გავიქეცი საავადმყოფოში მამა ლაზარესთან, ის ტახტზე მჯდარი მელოდა. გავედით ეზოში და ხის სკამზე დავსხედით. ჩვენ წინ გადაშლილიყო მშვიდი ეგეოსის ზღვა. მე მას ჩემი ღამისთევისეული შთაბეჭდილებები მოვუყევი და გულისნადებიც გავუმხილე. ყურადღებით მომისმინა და მიპასუხა:

- უთხარი იღუმენს, თუ ეს ღვთისგანაა, ის შენს პირობას მიიღებს.

ერთი საათის შემდეგ უკვე იღუმენის კაბინეტში ვიყავი.

- მამაო, მაკურთხეთ, რომ ერთი სერიოზული შეკითხვით შეგაწუხოთ.

მან დიდი მამობრივი სიყვარულით მიმიღო. ვუთხარი, რაც მინდოდა. მამა გაბრიელმა მცირე ხნის დაყოვნების შემდეგ მითხრა:

- შვილო, ჩვენ ბერებს ხელშეკრულებით არ ვიღებთ. ვინც აქ მოდის, სავანეს ემორჩილება. მონასტერი გადაუწყვეტს, თუ რა მორჩილება მისცეს, ასევე სხვა დანარჩენსაც. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ვერაფრით გაგახარებთ. თუ გნებავთ, დარჩით ჩვენთან და წმინდა იოანე ნათლისმცემელი ყველაფერს მოაგვარებს.

- გმადლობთ, მამაო, გულწრფელი პასუხისთვის, - ვუთხარი მას, - ეს მავალებს, უფრო მეტად გცეთ პატივი თქვენ და თქვენს მონასტერს. მაგრამ რომ ვიყო თანმიმდევრული ღმერთთან ურთიერთობაში, ასევე საკუთარი თავისადმი, უნდა წავიდე და წმინდა ანას სკიტში ბერად შევდგე.

დამწუხრებული დავბრუნდი მამა ლაზარესთან და მამა გაბრიელის პასუხი გადავეცი.

- მე ველოდი ასეთ პასუხს, - მითხრა მამა ლაზარემ, - თუმცა თავიდანვე არ გითხარი, გუნება რომ არ წაგხდენოდა. მაგრამ შეიძლებოდა მას შენი წინადადება მიეღო.

იმ წუთიდან დავრწმუნდი, რომ წმინდა ანას სკიტში უნდა გავმგზავრებულიყავი. საღამოს მამა ლაზარემ მომითხრო, თუ როგორია სკიტის და საერთოდ მთაწმინდაზე ცხოვრება-მოღვაწეობა. ცოტათი დამწუხრებული დავშორდით ერთმანეთს საქმის ამგვარი დაბოლოების გამო.

დილით კვლავ შევხვდით ერთმანეთს ღვთისმსახურებაზე, მერე დავემშვიდობე, მისგან კურთხევა და ლოცვა გამოვითხოვე. ჩამოვჯექი მონასტრის ნავსადგომთან და წმინდა ანასკენ მიმავალ გემს დაველოდე. მალე მეთევზის ნავით წმინდა ანას სკიტამდე მივცურეთ. ამ წმინდა სავანეზე დავამყარე ახლა ჩემი იმედები.
გაგრძელება იქნება
ბეჭდვა
1კ1