არავინ ქრისტიანთაგან აღარ იკადროს ამგვარი ურჯულო საქმე
არავინ ქრისტიანთაგან აღარ იკადროს ამგვარი ურჯულო საქმე
მივემსგავსეთ ნაქართველარებს
მამა იონა ხელაშვილი (1772-1837) ერთ-ერთ წერილში იოანე ჯანდიერს ახსენებს იმ დროს, როცა ქართველ ახალ მორჩებს იტაცებდნენ და ყიდდნენ თურქი, ლეკი და თვით ქართველი, ან უფრო სწორად, როგორც მამა იონა ბრძანებს, "ნაქართველებულთაგანიცა, საკინძე გახსნილთაგანიო". ფრიად საგულისხმო სიტყვებია. საკინძეშეხსნილი - ძველად თურმე გადაგვარებულ, გადარჯულებულ ქართველს ნიშნავდა. ჭეშმარიტ, ქრისტიან ქართველ მამაკაცს კი საკინძე ყოველთვის შეკრული ჰქონდა (აღარაფერს ვიტყვით დედაკაცებზე). ქართველი კაცი იფარავდა, არ აჩენდა თავისი სხეულის ნაწილს, ყელს, მკერდს და ამით ალბათ მოყვასსაც უფრთხილდებოდა, რომ არ აღეძრა მასში არაწმინდა ვნებები. გავიდა დრო, შემოვიხსენით საკინძე, განვამრავლეთ ცოდვა, აღვერიეთ და მივემსგავსეთ უცხო ერებს, მივემსგავსეთ ნაქართველარებს. სანუგეშოდ გავიხსენოთ ამბები საკინძეშეკრული და გონებით ღვთისკენ მიმართული ქართველების ცხოვრებიდან, თუ როგორ ებრძოდნენ და ამარცხებდნენ ისინი საკუთარ ვნებებს.

* ბატონი იოსებ მეგრელიძე ლიახვის ხეობის სიძველეების აღწერისას საბაწმინდის დედათა მონასტერზეც მოგვითხრობს, სადაც 1925-26 წლამდე ყოფილა ბზის ყუთი, რომელშიც იდო ფეხი მე-19 საუკუნის 30-იან წლებში გარდაცვლილი მონაზვნისა: "არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ამ ქალს თავს დაესხნენ. მან ღმერთს შესთხოვა, სანამ შეურაცხმყოფდნენ, მანამ დამფერფლე, ოღონდ ჩემგან რაიმე ნიშანი დატოვეო. ასეც მოხდა და ეს ფეხი დარჩა".

აქვე ბატონი იოსები ამ ლეგენდის სხვა ვარიანტსაც მოგვითხრობს: "საყინულის ერთ-ერთ ორმოში ცხოვრობდა ღვთის მსახური ქალი, რომელიც ორმოში ჩასვლისას თან ჩაიტანდა ქილა წყალს და ერთ თონის პურს. ის ხუთშაბათს, საღამოობით ამოდიოდა ორმოდან და საჭმელ-სასმლის ნახევარი უკან ამოჰქონდა. ერთხელაც ამოვიდა, მაგრამ წყალი და პური აღარ ამოჰყვა. ზემოთ კი ნახა კაცი. ქალმა არ იცოდა, რით გამასპინძლებოდა სტუმარს, ძლიერ შეწუხდა და ღმერთს შესთხოვა, გასკდეს ეს კლდე, - მიუთითა სავანის სამხრეთ-აღმოსავლეთ კლდეზე, - წამოვიდეს წყალი, გამოჰყვეს თევზი და მე თუნდა დავინაცრო, ოღონდ ჩემი ნასახის რამე დარჩესო... ასეც მოხდა - მისი ფეხი დარჩა სავანეში. ამის შემდეგაა, რომ სავანის ხევში რუ ჩამოდის, ამ გზით აღმოცენდა და საყინულეც შემდეგ გაჩნდაო (საყინულეს ეძახიან ერთ ადგილს. მხოლოდ ძალიან ცხელ დღეს აქ, მთის ძირში, ლოდებქვეშ წყაროები გამოდის და იყინება). სხვა ვარიანტი ზემოთქმულს აგრძელებს: მონაზონი სტუმარს თევზით გაუმასპინძლდა. სტუმარს მოეწონა ქალი და სთხოვა, ცოლად გამომყევიო. მონაზონს ეწყინა და ღმერთს შესთხოვა, ცოდვაში ნუ შემიყვან და თუ გინდა, ახლავე დავინაცრო, ოღონდ ჩემი რაიმე დარჩესო. ასეც მოხდა, მისი ფეხიღა დარჩა. წყალი კი დის შემდეგ და ისაა სვეტის წყაროო.

ეს ფეხი მცხეთობას თურმე მცხეთას მიჰქონდათ, ერედვობას - ერედვში და ლოცვის შემდეგ ისევ უკან აბრუნებდნენ".

* მამა ვასილი (ფირცხალავა, +1960): "ბერისთვის ყველაზე საშინელი ცოდვა მრუშობაა. მასთან შედარებით სხვა ცოდვები ადვილად მოსაცილებელი მტვერია". ის ჰყვებოდა: "ათონზე ნაცხოვრები ერთი ბერისგან გამიგია, რომ მღვდელი, რომელიც ამ ცოდვას სჩადის და თან წირვას ასრულებს, ცხოვრებაშივე ჯოჯოხეთშია. როცა ამბობს, "მშვიდობა ყოველთა" და "კურთხევა უფლისა თქვენზედა", მაშინ საკურთხევლის ანგელოზი ეხმიანება: "ხალხს ღვთის კურთხევა, შენ კი შეჩვენება". როცა ის ეზიარება, მისი სული ნახშირივით შავდება, ხოლო როცა წირვას ამთავრებს, ეშმაკი უახლოვდება, პირზე კოცნის, როგორც მეგობარს".

* მამა პართენი (აფციაური) გვასწავლის: "მრუშობის ცოდვებზე საუბრები აღმზრდელობითი მიზნითაც კი მავნებელია. ისინი აღიზიანებენ სულის ჭრილობებს და დაცემისკენ მიჰყავთ ადამიანი. ეს ცოდვა განსაკუთრებით იმითაა სახიფათო, რომ სული ფარულად მიდრეკილია მისადმი. ეს ვნება შეიძლება შეუმჩნეველი იყოს, როგორც მბჟუტავი ნახშირი ფერფლის ქვეშ".

* სამთავროს მონასტრის იღუმენია დედა ზოილე ამბობდა: "ყმაწვილქალობიდან მონაზონი ვარ და მამაკაცის ხელი არ შემხებია, მაგრამ ღმერთს იმ მეძავივით ვთხოვ შენდობას, მირონი რომ სცხო და ცრემლებით განბანა ფეხები".

დედა ზოილე ამბობდა: ახალგაზრდობაში ვნებები მებრძოდა და საღამოს ლოცვის შემდეგ, ღამით ჩუმად ავდიოდი ზედაზნის მონასტერში, ვლოცულობდი მის კედელთან, დილით კი წირვისთვის ვბრუნდებოდი ჩემს სავანეში. იქ ცრემლით მივდიოდი, სიხარულით კი ვბრუნდებოდი.

* არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) ამბობდა: ზოგი იტყვის, არა მაქვს ქალებზე ბრძოლებიო. რა სისულელეა. სანამ არის სქესთა გარჩევა, ბრძოლებიც იქნება. ვისაც უნდა და არ მიდის ქალთან, ითმენს ქრისტეს სიყვარულისთვის, - ეს არის ღვაწლი.

ერთი ქალიშვილი ჰყვებოდა: ხშირად ვამბობდი ხოლმე, ქალს მეძავობას ვერ ვაპატიებ-მეთქი ერთხელაც მამა გაბრიელის სენაკში ვარ, იქ ჩემს გარდა სხვებიც იყვნენ. მამა გაბრიელი სიყვარულზე ქადაგებს. უეცრად მომიბრუნდა და მითხრა: მეძავიც უნდა გიყვარდეს, შვილო, ხომ ნახე, მარიამ მეგვიპტელი როგორი ცოდვილი იყო, დღეში ჩვიდმეტ კაცთან მიდიოდა, მაგრამ სინანულით როგორი დიდი წმინდანი გახდაო.

მონაზონი ეკატერინე (ებრალიძე) კი ასეთ ამბავს იხსენებს: ერთხელ მამა გაბრიელი სამრევლოს გვერდით სკამზე მშვიდად იჯდა. ამ დროს მოვიდა საკმაოდ ლამაზი, თვალებშეღებილი შარვლიანი ქალი, მიეჭრა ბერს, ჩაუჯდა კალთაში, დაუწყო კოცნა: "მამა გაბრიელ, რა ლამაზი ხარ, რა მშვენიერი, როგორ მომწონხარ. მოვალ და გინახულებ". მამა გაბრიელს ზეაღეპყრო თვალები და თითქოს გაქვავებულიყო, ხმას არ იღებდა. დიდხანს უსმენდა ქალის უაზრო ლაპარაკს, უცბად შეხედა და უთხრა: "ჰო, მაყვალა, მოდი, კიდევ მოდი". თავისი სახელის გაგონებამ ლამის გააგიჟა მაყვალა, ხვევნა-კოცნა გაამრავლა, როცა გული იჯერა, წამოხტა ბერის მუხლებიდან და წავიდა.

მეორე დღეს მართლაც მოვიდა, მაგრამ წინანდელ მაყვალასთან არაფერი აკავშირებდა. ჩაეცვა შავი გრძელი კაბა, მოეხვია თავსაფარი, თვალები ტირილისაგან ჰქონდა დაწითლებული. დაიწყო მოთქმა: "მამა გაბრიელ, ვიცი, კარს არ გამიღებ, ვიცი, აღარასოდეს გნახავ. შემინდე ჩემი გუშინდელი საქციელი, ვგრძნობ, რაც გამიკეთე - აღმადგინე მკვდარი და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული. მადლობას გიხდი ყველაფრისთვის". ეს ისეთი სულისშემძვრელი სანახავი იყო, რომ იქ მყოფნი დიდხანს გვატირა. გამახსენდა ერთი დეტალიც. მაყვალას მოსვლამდე ბერი მოულოდნელად ადგა და შევიდა თავის სენაკში. ეჭვი არ გვეპარება, რომ მან იგრძნო ქალის მოსვლა და არ ისურვა მასთან შეხვედრა. როგორც კი წავიდა მაყვალა, ბერს აღარავინ მიუღია, მუხლმოდრეკილი, ცრემლებით ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატთან.

* წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა დიდი ენერგია შეალია იმერეთში, თავის სამწყსოში გავრცელებულ ათასგვარ სისაძაგლესთან ბრძოლას. ამის საილუსტრაციოდ ერთ ამბავს გავიხსენებთ: სოფელ კინოთში ერთ საბატონო გლეხს, ოსაძეს გვარად, ბიცოლა დაესვა ხასად. ვერავითარი გავლენა ვერ იქონია მეძავებზე მღვდელმა. მოახსენეს ბოლოს ეს საქმე გაბრიელს. ფრიად შეწუხდა მღვდელმთავარი. წამოვიდა მრევლში, შეჰყარა პოლიცია, სამღვდელოება, მრევლი ტაბაკინის ეკლესიაში, წამოაყენა ქალი და კაცი წინ და დაუპირისპირა ხალხს. მთელი ოქროპირობა დახარჯა მათ სამხილებლად და ვერ გატეხა ცოდვილნი. ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან, სული აღუშფოთა ამ უტიფრობამ. ბოლოს მღვდელმთავარმა მოიყვანა ამდენი ხალხი და დაავალა, მეძავებისთვის მიეფურთხებინა და კიდეც შეასრულეს.

* დავით ბატონიშვილი მოგვითხრობს ერთ საშინელ ამბავს, რომელიც 1818 წელს მომხდარა სოფელ ხელთუბანში. მდივანი ეგნატე თუმანიშვილი მოკვდა და სოფლის ეკლესიაში დაკრძალეს. ზემოდან საფლავის ქვა დაადეს. ღვთის რისხვით, მეხი დაეცა საფლავს და მკვდარი ამოაგდო. ეს ჭეშმარიტად ასე იყო და ამის თვითმხილველნიც მომითხრობდნენო, ბრძანებს ბატონიშვილი. მიზეზად კი იმას თვლიდნენ, რომ ამ ეგნატეს სიჭაბუკეში განეხრწნა ღვიძლი და. ღვთის რისხვაც იმიტომ მოიწია, რომ ეკლესიაში დამარხვის ღირსი არ იყო. ჩვენს სამხილებლადაც იქმნა, რათა არავინ ქრისტიანთაგან აღარ იკადროს ამგვარი ურჯულო საქმე.

* საქართველოში ჩამოსულმა წმინდა გიორგი მთაწმინდელმა მრავალ ქრისტიანს განუკურნა სული. მათ შორის იყო ერთი ახალგაზრდა ბერი. წმინდა გიორგიმ მისი აღსარება რომ მოისმინა, უთხრა: შვილო, ღვინის სმას თავი ანებე და სიძვის გულისხმისგან განთავისუფლდებიო. ბერი თავს იმართლებდა: მამაო, სადაც მე ვიმყოფები, მშრალი ჰავაა, ვაითუ ავადმყოფობა რაიმე შემემთხვასო. მაშინ მამა გიორგიმ პირდაპირ უთხრა: შვილო, მე ვიქნები ღმერთსა და შენს შორის შუამდგომელი. თუ ჩემს მცნებას დაიმარხავ, ეგ ვნება განგეშოროსო. დაუჯერა ახალგაზრდა ბერმა ღირს მამას, წმინდა ზიარების დროს ღვინოს არ სვამდა და ვნებებიც განეშორა. არც ავადმყოფობა შეჰყრია და სხვა ღვინის მსმელებზე უკეთესად გამოიყურებოდა.

* წმინდა ილარიონ ქართველის გარდაცვალების შემდგომ დასნეულდა ძე იმ მთავრისა, რომელმაც შეიფარა თავის სახლში წმინდანი. პროკოპის (ასე ერქვა მთავრის ვაჟს) სარცხვინელი და მუცელი დაუსივდა. მშობლებმა წაიყვანეს და წმინდა ილარიონის ლუსკუმასთან დატოვეს. იმავე ღამეს გამოეცხადა წმინდანი და უთხრა: პროკოპი, თუ არ აღმითქვამ, რომ უწესოდ აღარ მოიქცევი, ვერ განიკურნები მაგ სნეულებისგანო. ვაჟმა შეჰფიცა, რომ აღარ შესცოდავდა. მაშინ წმინდანმა დაადო ხელი მუცელზე, ილოცა და ჯანმრთელი წამოაყენა ფეხზე.

* აშოტ კურაპალატის ძემ, ადარნასე კურაპალატმა მეძავი ქალის შესმენის გამო უსამართლოდ განიშორა ცოლი და ამ მეძავ დედაკაცთან იმრუშებდა. მრავალგზის ამხილა ადარნასე წმინდა გრიგოლმა, მაგრამ ამაოდ. მაშინ უწინასწარმეტყველა, რომ დასნეულდებოდა, ხოლო მისი შვილები ეშმაკეულები გახდებოდნენ. ასე გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ცოლყოფილის, მონაზონ ანასტასიას საფლავისაგან შენდობას არ აიღებდა. ასეც მოხდა. ადარნასეს ნიკრისის ქარმა დაუწყო ტეხა, შვილები კი ეშმაკისაგან იტანჯებოდნენ, მხოლოდ მას შემდეგ განიკურნენ, როცა დედა ანასტასიას საფლავს ემთხვივნენ. ოჯახის ამრევი მეძავი ქალიც ეშმაკეული იყო. როცა გონს მოვიდა, წმინდა ფებრონიას შეევედრა, წმინდა გრიგოლისთვის ეთხოვა მისი განკურნება. მაგრამ წმინდა გრიგოლმა ბრძანა, ეს განსაცდელი იმიტომ შეემთხვა, რომ ღვთისმსახურ მეფეს კანონიერი ცოლი მოაშორა. თავისი უჯერო საქმეების გამო სიკვდილამდე მიეგოსო. მართლაც, ქალი თუმცა გონებაზე იყო, მაგრამ სიკვდილამდე ეშმაკი ტანჯავდა. როცა გარდაიცვალა, დედა ფებრონიამ სხვა დედების სიახლოვეს დააკრძალვინა. მაგრამ ამ დედაკაცის გვამი სამჯერ ნახეს აკლდამის კართან დადებული. მისი დაკრძალვა აღარ იკადრეს, ვიდრე წმინდა გრიგოლისგან შენდობის წერილი არ მიიღეს. წმინდანი გარდაცვლილ დედებს სთხოვდა, დაემარხათ თავიანთ გვერდით გვამი უბედური დედაკაცისა. წმინდა გრიგოლის წერილი წაიკითხეს დედათა სასაფლაოზე. შემდეგ კი ქალის ცხედარი მეოთხედ მიაბარეს მიწას და მას ადგილი აღარ უცვლია. განცვიფრდა ამის მხილველი ხალხი, "ხოლო გულისხმისმყოფელთა დაუკვირდა და ადიდებდეს ღმერთსა".
ბეჭდვა
1კ1