ხალხო, გონს მოდით!
ხალხო, გონს მოდით!
ქართველები ყოველთვის ქრისტიანები ვიყავით, რატომ სცემთ თაყვანს კერპებს...
ეს ასე არ უნდა გაგრძელებულიყო
1749 წელს აზატ-ხანის ძლევის შემდეგ მეფე თეიმურაზი და მისი ძე მეფე ერეკლე ადრიბეჟანის დასაპყრობად წავიდნენ. განჯასთან მიეგებნენ ხანები განჯისა, შაქისა, შირვანისა და ყარადაღისა. ერეკლეს ნებით ისინი შეიპყრეს. თეიმურაზს არ სურდა ამ უგვანო საქმის ჩადენა, მაგრამ ძეს წინ ვერ აღუდგა. არაგვის გამგებელი ჯიმშერ ჩოლოყაშვილი ანგარი კაცი იყო. ფიქრობდა, ხანები თავის დასახსნელად ბლომად ოქროს გაიღებენო. რადგან ერეკლეს ის ძალიან უყვარდა, ისარგებლა ამით, წააქეზა მეფე და ხანები შეაპყრობინა, მაგრამ მოიწია ქართველებზე ღვთის რისხვა და ანგარების გამო დაისაჯნენ. აჯი ჩალაბის ძემ გადმოლახა მტკვარი შაქის, შირვანის და ლეკის ჯარით, ეკვეთა ქართველებს, ადვილად დაამარცხა ისინი, გააქცია და ტყვეები გაათავისუფლა.

* სერგი ნილუსი თავის წიგნში "მდინარეთა ზედა ღმრთისათა" მოგვითხრობს 1909 წლის ჟურნალ "კოლოკოლში" დაბეჭდილ ცრუ წინასწარმეტყველებაზე: "ამ დღეებში ვინმე სამუშიამ, რომელიც თავის თავს ბერს უწოდებს, ქუთაისის გუბერნატორს მიართვა თხოვნა: მე სიყრმიდანვე ღვთისმეტყველი კაცი ვარ. ამ წლის მარტს ზეციდან მიღებული ბრძანების შემდეგ კელიაში მარტო ვცხოვრობ. მე რომ კელიაში (მღვიმეში) ვმოღვაწეობ, უწყის ეს ზუგდიდის მაზრის უფროსმა. ამჟამად, ღვთის ბრძანებით, მე მაქვს სიტყვა სათქმელი სახელმწიფოების მიმართ. როცა ამ სიტყვას ყველა სახელმწიფოს გადავცემ და ისინი არ დაიჯერებენ, მაშინ ღვთის სამართლიანი რისხვა გადმოვა ახლანდელი ეპოქის ადამიანებზე შიმშილის, საყოველთაო ომის და გადამდებ სნეულებათა სახით. ეს შეეხება ყველას, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა. მე ვთხოვ თქვენს უმაღლესობას, დამკითხოს ამ საკითხზე და შეიტყოს, თუ რა მეუწყა ზეციდან. ნუ ჩამთვლით სახელმწიფოსა და მთავრობის მტრად. მე მათი წინააღმდეგი ვარ, ვინც ეწინააღმდეგება მეფეს, სახელმწიფო რეჟიმს და ღმერთის არსებობას უარყოფს. გჯეროდეთ, რომ ღვთის მადლით მე მათი ძლევა შემიძლია აქვე გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში მთელ დედამიწაზე ერთი მეფე იქნება, ზეციდან ბრძანებისამებრ უკვე მოვამზადე კანონები, როგორიც უნდა მიიღონ. მე უბრალო კაცი ვარ, მაგრამ ზეცით განათებული".

როგორ დაასრულა ამ საცოდავმა სამუშიამ ცხოვრება, უცნობია, ნეტავ შეინანა თავისი ამპარტავნება, თუ ისევ კერპთაყვანისმცემელი დარჩა?!

* წმინდა ალექსი ბერი ბრძანებს ერთ "უსარგებლო, უმადლო ზნეობისა და სავნო ჩვეულებაზე", რომლის მონად გამხდარა ადამიანი - ესაა მოდა, "ადამიანის გონებრივად და ქონებრივადაც დამაკნინებელი სენი. რავდენი მწარე ოფლით სიღარიბეში მყოფი ოჯახი, უგუნურ სირცხვილით შეპყრობილი, ამ სენის მეოხებით ვალის ქვეშ ვარდება! სწორედ უჭირო ჭირის გამჩენი მასხარაა ახალ-ახალი "მოდის" გამომგონი, რომლის წინაშე მაღალი პირები უფრო ყურმოჭრილი მონა მოთაყვანე არიან. "მოდას" ისეთი ფრთები შეასხა უგულისხმოებამ, რომ განურჩევლად შვენიერებისა (ე.ი. შვენის თუ არა იგი ადამიანს) მაინც მაისის ვარდია. ვინ აოცნა საცოდავ ჩვენს დრკუ მავალს ბუნებას, რომ ადამიანის შვენიერება "მოდაშია", რომლის სიმტყუნეს იგი თითოეულ "მოდის" ნაბიჯის გადადგმის დასასრულს ხედავს. უგუნურია ის ადამიანი, ვინც ვერ გაარჩევს, თუ რაშია მშვენიერება და უშნოება - გუშინ დამამშვენებლად ცნობილი დღეს უშნოდ რამ შეცვალა, თუ არა ჭკუის მოტყუებამ და განუსჯელმა უაზრობამ?! როდის უნდა ეღირსოს ადამიანობა სულიერ ნათელ აზროვნებას! როდის უნდა დაგმოს უსარგებლო წყეულ მოდათა დაუსრულებელ ფერისცვალების საზღვეველი ბეგარა?!"

* წმინდა ალექსი ბერი (შუშანია) ამბობდა: "ანგარებას, გინა ვერცხლის მოყვარებას მოციქულმა კერპთ-თაყვანისცემა უწოდა და ესე წოდება უცილობელი ჭეშმარიტებაა მით, რომ ანგარის სული და გული ფულშია. იგია მისი ღმერთი, მისი თვალთა ხედვა და ისე შეკრულ არს მისის ტრფიალებით, რომ თავის საგემოვნოთაც აღარ ელევა, რათა განიხაროს ცხოვრების პატივით. ასეთია ანგართა კერპთაყვანისცემა ფულისა". ამიტომაც განაკრძალებდა მონაზვნებს, ეუბნებოდა, რომ "ანგარი მონაზონის ლოცვა ეშმაკის მსხვერპლია და მოღვაწეობა მისი ამაოა. მონაზონთაგან სიკვდილის დროისთვის დაუნჯებული ათასობით ნაანდერძევი ფული, თუნდაც სიქველის სამოქმედოდ და სარგებელ იყოს, მაინც სირცხვილის საუნჯეა და მათი სულიერის ნაკლულევანების გამოცხადებაა, რადგან ვერ შეელივნენ თავიანთ სიცოცხლეში ღარიბ გაჭირვებულთა დასარიგებლად".

* ათონზე, როცა ივერონს წმინდა ექვთიმე წინამძღვრობდა, ერთი მთავარდიაკვანი ჰყავდათ, პატივცემული ხალხის შვილი. საკმაოდ ბევრი ფული შეუწირავს მონასტრისთვის. თვით ძვირფასი შესამოსელიც კი. მაგრამ მცირე რამ კერპთაყვანისცემა სჭირდა და არ უნდოდა, მისი შეწირული სამოსელი მის გარდა სხვა ვინმეს ჩაეცვა. ერთხელ წმინდა ექვთიმეს უსისხლო მსხვერპლის შეწირვა სურდა და ერთ დიაკონს უთხრა, იმ ხსენებული მთავარდიაკვნის შესამოსელი (კვართი) ჩაეცვა. მან მიუგო: "სულიერო მამაო, ვაითუ შეწუხდეს ეგ ძმა, რადგან არ სურს, ვინმემ მისი კვართი შეიმოსოსო". ეს რომ ესმა წმინდა ექვთიმეს, მთავარდიაკონი დაიბარა: "მართალი მითხარ, რა დატოვე სოფელში?" მშობლები, ძმები და არცთუ მცირე შემოსავალი. ხოლო რაც მონასტერს შევწირე, თავად უწყიო. ღირსმა მამამ ჰკითხა: "მაშ, გირჩევნია, შვილო, რომ ყოველი მადლი და სასყიდელი წარწყმიდო შენი კვართისთვის?" ხოლო მან შეშინებულმა თქვა: "ნუ იქნება ასე, მამაო!" წმინდა ექვთიმემ მოატანინა კვართი და დააწვევინა. ბერი ფეხებში ჩაუვარდა და მოძღვრისაგან შენდობა აიღო.

* მთაწმინდის საზღვართან ერთი მიყრუებული ბულგარელთა სოფელი იყო, ლიბიზლია, სადაც ძველი დროიდან დედაკაცის სახის კერპიც კი იყო შემორჩენილი, რომელსაც იქაურები ემსახურებოდნენ. მისგან გვეძლევა მზეც, წვიმაც, ყოველივე სიკეთე. მას ჩვენი დახოცვაც შეუძლიაო, - ამბობდნენ. ერთხელ, როცა წმინდა გიორგი მთაწმინდიდან კონსტანტინოპოლში მეფესთან მონასტრისთვის რაღაცის სათხოვრად მიდიოდა, გზად ამ სოფელშიც შეიარა. ლიბიზლიელებმა ურჩიეს, - კონსტანტინოპოლში საქმის მოგვარება ჩვენს ღმერთს ევედრე და დაგეხმარებაო. წმინდანმა - თქვენი მადლობელი ვარ, რომ მითხარით, ახლა კი წამიყვანეთ და მაჩვენეთო. როცა ბულგარელთა უსულო ღმერთი იხილა, თქვა: - ხვალ მოვალ და დაველაპარაკებიო.

მეორე დილას წმინდა გიორგიმ მჭედელს ურო გამოართვა, მერე კი იკონომოსთან და სხვა ორ კაცთან ერთად მივიდა კერპთან, გამოისახა ჯვრის ნიში და წარმოთქვა სიტყვები იოანეს სახარებიდან: "პირველითგან იყო სიტყვა..." იქვე მყოფნი აფრთხილებდნენ, მოგკლავსო. წმინდა გიორგიმ გაიცინა და ქრისტეს ჯვრით შეჭურვილმა კერპს ურო მოუქნია და დაფშვნა.

* ამას წინათ ძველ გაზეთებს ვათვალიერებდი. თვალი ლენინის სურათს მოვკარი. გამახსენდა ის დრო, როცა მის საშინელ კერპს გვათაყვანებდნენ, მისი დაბადების დღეს შეგვაბამდნენ ხოლმე სისხლისფერ ყელსახვევს და პიონერის ფიცს გვადებინებდნენ. მერე იყო კომკავშირი, პარტია... "ღმერთო, რა ბედნიერებაა, რომ ჩვენი შვილები არ გაივლიან ამ საშინელ გზას", - გავიფიქრე. როცა ჩვენს უახლოეს წარსულს ვიხსენებ, უფრო და უფრო მეტ ფასს იძენს ის, რაც მამა გაბრიელმა მოიმოქმედა 1965 წლის 1 მაისს: ქაშვეთის ტაძარში მას სულიერი შვილი შეხვდა და შეწუხებულმა შესჩივლა ქართველთა სულიერი მდგომარეობა. მინისტრთა საბჭოს შენობის წინ ეკიდა ლენინის 12-მეტრიანი სურათი. მორწმუნის წუხილმა დააჩქარა მამა გაბრიელის განზრახვა. მან ნავთი აიღო, ლენინის სურათს მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. მერე იქვე დადგა და უცქერდა, როგორ იწვოდა კომუნისტთა სათაყვანო კერპი. იმდროინდელმა ხელისუფლებამ ე.წ. მერვე პოლკი გამოიძახა. სანამ ისინი მოვიდოდნენ, იქვე მყოფმა ხალხმა ცემა დაუწყო მამა გაბრიელს, რომელიც ქადაგებდა: "ხალხო, გონს მოდით! ქართველები ყოველთვის ქრისტიანები ვიყავით. რატომ სცემთ თაყვანს კერპებს..." ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხალხს ხელიდან ფაქტობრივად გვამი გამოსტაცეს. სისხლით მოსვრილ მოძღვარს თავის ქალა და ძვლები დამტვრეული ჰქონდა. უგონოდ იწვა ერთი თვე. ეტყობა, ხელისუფლება საჩვენებელი სასამართლო პროცესის გამართვას აპირებდა და კარგად მკურნალობდა დაშავებულს. შემდგომში, დაკითხვისას, რატომ დაწვი ლენინის სურათიო, პასუხობდა: "რად დააწერეთ "დიდება დიდ ლენინს", უნდა დაგეწერათ "დიდება ქრისტე ღმერთს". აბა მკვდარს რა დიდება უნდა?! მე მკვდრეთით აღმდგარი და სხვათა აღმადგინებელი უფალი მწამს, ეგ თქვენი ლენინი კი მკვდარი ძაღლივით გდია და ვის რად უნდა! არა გრცხვენიათ, კერპად მკვდარი რომ გაგიხდიათ, თქვენ როგორი ქრისტიანები ხართო". მათვე უწინასწარმეტყველა: "მაგ თქვენს ლენინს მალე თქვენვე გადააგდებთ და იმ ძეგლის ადგილას ვარდების მოედანი გაშენდებაო". ისე მადლიანად ქადაგებდა მამა გაბრიელი, რომ უშიშროების თანამშრომელთაგან ერთ-ერთს უთქვამს: მეცა მწამს ქრისტესიო. სხვებს შეუჩერებიათ: ხომ არ გაგიჟდი, დახვრეტა მოგენატრაო? "რატომ დაწვით ლენინის პორტრეტი, მამაო?" - ჰკითხა ბერს ერთმა რუსმა მწერალმა, ახლა მონაზონმა: "მე ვარ მწყემსი და ღმერთმა მომანდო მის ცხვრებზე ზრუნვა. მათ აღმართეს კერპი და სურდათ, ხალხს თავი მოედრიკა მის წინაშე. ეს არის ტიპი ანტიქრისტესი, მსგავსი ადამიანისა, ან უფრო მხეცისა. კომუნისტებს სურდათ, რომ მისთვის საღვთო პატივი მიეგოთ. ეს ასე არ უნდა გაგრძელებულიყო".

* ვერცხლისმოყვარეობის კერპის თაყვანისმცემელი შეიძლება გლახაკიც იყოს. ანჩის საეპისკოპოსო საყდრის დამპყრობელმა, უბედურმა ცქირმა წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოკვლა ვინმე ანჩელ მოისარს დაავალა და სამაგიეროდ ხუთ თხასა და სამ გრივ ფეტვს დაჰპირდა. ანჩელი მოისარი ხანძთის ტყეში ჩაუსაფრდა წმინდა გრიგოლს. ხედავს კაცი, რომ მოდის ღირსი მამა, მოამზადა მშვილდ-ისარი. წმინდა გრიგოლი ამ დროს ეფრემ ასურის სიტყვას იტყოდა "გოდებით ტირილსა შინა". მაშინ ამ საწყალობელმა კაცმა იხილა, ნათლის სვეტი ცამდე აღწეული ჰფარავდა ღირს გრიგოლს, თავზე ედგა ჯვარი თვალშეუდგამი, ხოლო გარშემო ცისარტყელა ერტყა. ამგვარმა დიდებულებამ შეაძრწუნა კაცი, დაემხო, შიშით ვეღარ დგებოდა. თანაც მკლავები აღარ ემორჩილებოდა. მაშინ წმინდა გრიგოლმა უთხრა: ჰოი, საწყალობელო, შეასრულე, რაც გიბრძანეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტიანობის უარისმყოფელი, რადგან უბრალო საფასურად მზად ხარ ბერის სისხლი დათხიო. განა ხუთი თხისა და მცირეოდენი ფეტვის გამო არ მოხვედი ჩემს მოსაკლავად! კაცმა ტირილით შენდობა და განკურნება სთხოვა. მაშინ წმინდა გრიგოლმა ჯვარი დასახა მკლავზე და განკურნა სულიერადაც.

* მძიმე მემკვიდრეობა დახვდა იმერეთში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს, მაგრამ ღვთის მადლით, ყველაფერს გაართვა თავი. მან, პირველ რიგში, აკრძალა მისადმი გადაჭარბებული პატივისცემის გამოხატვა. მანამდე წირვის შემდეგ ეპისკოპოსს ეკლესიიდან სახლამდე გალობით მიაცილებდნენ ხოლმე. ეს ჩვევა წმინდა გაბრიელმა მოშალა. ასევე არ უყვარდა, თუ ვინმე ძვირფას სუფრას გაუშლიდა. კარგი მასპინძლობისთვის მადლობის ნაცვლად საყვედურობდა: - ძროხა და ხბო რა საჭირო იყო, მე ერთი წიწილა ორ დღეს მეყოფოდაო. ერთხელ თავის ძმისშვილს, მარიამ ქიქოძეს მისწერა: "შენ თავს იმართლებ, მაგრამ სხვაში, ერთ რამეში არ ხარ მართალი, სნეული ბოვშვის წამლის ფული არ გქონდა და დიდ სადილს აკეთებ, მაძღრებს აძღებ და ათრობ. ვინ დაგატანა ძალა? თავხედობა და ამპარტავნება იყო, მეტი არაფერი".

მეუფეს ოდიში ჩააბარეს სარევიზიოდ. იქ ჩასულმა დიდი სამზადისი დაინახა, ძროხა და ცხვრები გატყაველი. მღვდელმთავარს ასე ვხვდებითო, - ამბობდნენ ოდიშელები. მაშინ წმინდა გაბრიელმა ხალხი დაითხოვა: მე არაფერი მჭირდება, სადილი სხვაგან მიირთვითო. ხოლო დიდი ხარჯის გამწევ მღვდელს ოლარი ახადა - წირვა აღარ გაბედოო...
ბეჭდვა
1კ1