ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
ველოდი შუაღამის ზარს, რომ კვლავ მოვხვედრილიყავი კანდელებით მკრთალად განათებულ ამ პატარა საყდარში
"კარიბჭის" მკითხველს ვთავაზობთ არქიმანდრიტ ქერუბინის (კარამბელასი) მშვენიერ წიგნს "ნოსტალგიური მოგონებანი".
მამა ქერუბინი 1920 წელს დაიბადა. ნათლისღებისას გიორგი უწოდეს. მამა დაბადებამდე მოუკლეს მცირე აზიაში ბერძნულ-თურქული დაპირისპირებისას. 14 წლისამ მოისმინა ორი ათონელი ბერის მონათხრობი მთაწმინდაზე და ბერობა მოესურვა. 4 წლის შემდეგ მალულად ათონის მთას მიაშურა. მძიმე ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა, სოფელს დაბრუნებოდა, მაგრამ წმინდა მამათა მოღვაწე სული და ლოცვები თან გამოჰყვა. მამა ქერუბინმა ათენთან ახლოს, ოროპოსში დააარსა მონასტერი, სადაც მკაცრი ათონური ტიპიკონი შემოიღო. ის გარდაცვალებამდე (აღესრულა 1979 წლის 22 აგვისტოს) მონასტრის წინამძღვარი იყო. არქიმანდრიტმა ქერუბინმა XX საუკუნის ათონელ მამათა ცხოვრება აღწერა. ასევე დაგვიტოვა "ნოსტალგიური მოგონებანი", რომელიც მის მთაწმინდაზე ყოფნას ასახავს.

თავი 1. პირველი შთაბეჭდილება
1938 წლის 6 აგვისტოა. ხომალდმა "სამოსმა" პორტში უნდა ჩაუშვას ღუზა, გაიაროს პირეა-ალექსანდროპოლისი-კავალა-თესალონიკი. ამ ორთქლმავალი ხომალდის ერთ-ერთი მგზავრი მეც გახლავართ.

გზად კავალიდან თესალონიკისკენ შორს დავლანდე, რა დიდებულად ამოცურდა ზღვიდან უზარმაზარი, კონუსისებრი ათონის მთა. გულმა ისე გამიწია მისკენ, რომ მომინდა, ხომალდისთვის ხელი წამეშველებინა, რათა უფრო სწრაფად ეცურა. მალე მივუახლოვდით წმინდა მთას. ერთიმეორის მიყოლებით გამოჩნდა მონასტრები, გრანდიოზული ციხესიმაგრეები, რომლებიც ადამიანის რწმენისა და ღვთისკენ სწრაფვის ნიშნად აუგიათ.

14 წლის ვიყავი, როცა ორი მთაწმინდელი მღვდელმონაზვნის, მამა პაისისა და მამა ქრიზანთემოსის მონათხრობმა სულში ჩამისახეს მიწიდან ზეცამდე აზიდული მთაწმინდის ხატება. ამ კურთხეული ადგილის მგზნებარე სიყვარულმა გადამაწყვეტინა აქ მოსვლა. უჩუმრად გავუდექი გზას.

დაფნისთან მგზავრების გადასაყვანად რამდენიმე ნიჩბიანი ნავი მოცურდა. როგორც კი ფეხი ხმელეთზე დავაბიჯე, მაშინვე მოვეფარე რომელიღაც ძველ შენობას, მოვიდრიკე მუხლი, კეთილმოკრძალებით ვეამბორე წმინდა მიწას და აღვასრულე ღვთისმშობლისთვის მიცემული აღთქმა - თუ უფლის დედა ღირსმყოფს ოდესმე მთაწმინდაზე მოვხვდე, უპირველესად მის მიწას ვემთხვევი-მეთქი.

ათონის მთის ცენტრში, კარიესში წავედი ყველა მომლოცველისთვის აუცილებელი საბუთის - დიამონიტირიონის ასაღებად. გზაში ვერ ვძღებოდი მშვენიერი ბუნების - უსიერი ტყის, ანკარა წყაროების ყურებით. მსურდა, რაც შეიძლება მეტი შემეტყო ამ წმინდა ადგილზე, რომელიც ბავშვობიდან მიზიდავდა. გზად შეხვედრილი ზურგჩანთიანი ბერები სკვნილით ხელში მიცოცხლებდნენ სიყრმეში გაგონილს.

კარიესი მწვანეში იყო ჩაფლული. აგვისტოს ხვატი იდგა, მაგრამ ზღვიდან მონაბერი ნიავი იქაურობას აგრილებდა. იმ ღამეს სასტუმროში დავრჩი. ეს ჩემი პირველი საღამო იყო მთაწმინდაზე. დილით ფეხით გავემართე დაფნისკენ. ნავსადგურში ხალხი ირეოდა: ბერები, ჟანდარმები, მუშები... ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აწ განსვენებულმა ძია გიორგიმ. ამ თეთრწვერა ოფიცერს თავზე ორთავიანი არწივით დამშვენებული ქუდი ეხურა. დაფნის ხმაურიანმა ცხოვრებამ, ცოტა არ იყოს, დამამწუხრა, მიზეზს კი ვერ ვხვდებოდი.

ერთმა სათნო ბერმა ტკბილად მკითხა: - დახმარება ხომ არ გინდაო. თავიდან ჩემი განზრახვის დამალვა მსურდა, მაგრამ ვერ შევძელი. ვუთხარი, კავსოკალივის სკიტში ბერად შემდგარი მეგობრის ნახვა მინდა-მეთქი. გახარებულმა მამა მეთოდემ (ასე ერქვა იმ ბერს) მითხრა, კავსოვალივის სკიტს ეკუთვნის წმინდა მეთოდეს სახელობის კელიაც, სადაც მე ვცხოვრობო. კატერით წმინდა ანას სკიტამდე მივედით. მგზავრობის დროს ხან ბუნების მშვენიერებით ვტკბებოდი, ხანაც კატერის მგზავრებს ვათვალიერებდი: ბერებს, პილიგრიმებს, მუშებს. განსაკუთრებით ბერების ასკეტური სახეები მიზიდავდა, მდუმარედ ისხდნენ ფიქრებში ჩაღრმავებულნი. ჩანდა, რომ ამ მოგზაურობისასაც კი საკუთარი თავის შეცნობასა და გონების მოკრებას ცდილობდნენ. პირველად წმინდა გრიგოლის მონასტერი გამოჩნდა. რამდენი რამ მსმენოდა ამ სავანეზე! ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო კინოვია, სადაც ბერები მკაცრად მოსაგრეობდნენ. მალე კატერმა მარცხნივ მოუხვია და მაღლა გამოჩნდა სიმონ-პეტრას უზარმაზარი შენობა. გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ წმინდა დიონისეს მონასტერი დავინახე. ავღელდი. აქ ხომ წმინდა იოანე ნათლისმცემლის მარჯვენა ინახება! აქვეა კონსტანტინოპოლის პატრიარქის, წმინდა ნიფონტის წმინდა ნაწილები. ღმერთო, ნუთუ ეს ცხადია-მეთქი, ვჩურჩულებდი.

დიონისეს მონასტრის მერე ათონის უდიდესი მწვერვალის ძირში მდგარი წმინდა პავლეს მონასტერი გამოჩნდა. ზღვიდან ძველ ვენეციურ ციხესიმაგრეს ჰგავდა. ამ მონასტერში ინახება ის ძვირფასი საჩუქარი, მოგვებმა რომ მიართვეს ახალშობილ იესოს. მალე უკან ჩამოვიტოვეთ ბერების ლამაზი დაბა მშვენიერი ქოხებით და თვალწარმტაცი ბაღებით. ათი წუთის შემდეგ მივაღწიეთ წმინდა ანას სკიტს. ხარბად მივჩერებოდი. მაინტერესებდა, იყო თუ არა იმგვარი, როგორც მამა პაისი და მამა ქრიზანთემოსი აღმიწერდნენ.

ნავმისადგომთან მდგარი ჭადრების ჩრდილში ჩამოვჯექი. მოშორებით ვიღაც ბერი ქვიშაში ორმოს თხრიდა, შემდეგ კი კონსერვის ქილა წყლით გაავსო. ასიოდ მეტრში ანკარა წყარო მორაკრაკებდა. ეტყობა, ბერმა კალაპოტი გაუსუფთავა. წყალი დამალევინე-მეთქი, - ვთხოვე. ჩემს სიცოცხლეში ასეთი გემრიელი წყალი არ დამილევია.

სკიტში მივედით. მე და მამა მეთოდე წმინდა იოანე ნათლისმცემლის კალივისკენ გავემართეთ. მსურდა მენახა მამა აზარია და მისი მორჩილი ხორციელად ძმები იოანე და ამბერკი. მივუყვებოდით დაბურულ მუხნარში მიმავალ ბილიკს. ბერი უსიტყვოდ მიაბიჯებდა. მე უკან მივყვებოდი. ლოცვაში ხელი აღარ შევუშალე, თორემ სურვილი მკლავდა, ბევრი რამ შემეტყო მისგან.

გავიარეთ ხშირი ბუჩქნარი. ირგვლივ ვაზისა და მურტის სურნელი იფრქვეოდა. გვერდით ჩავუარეთ ლობიოს სარებს და აღმოვჩნდით კარების წინ. ავიარეთ სამი საფეხური და მოვქაჩეთ ზონარს. აწკრიალდა ზანზალაკი. კარი გაიღო და გამოვიდა შუახნის ბერი, ფეხშიშველი, ძველი ანაფორა ეცვა და გაცვეთილი სკუფია ეხურა. სახე ბავშვური სიხარულით უბრწყინავდა. ყურადღებით შემომხედა და მკითხა, - შენ ალბათ გიორგი ხარო.

- დიახ. მაგრამ საიდან მიცნობთ?

- გიცანი, რადგან სწორედ ასეთად აღგწერა ჩემმა ძმამ, იოანემ.

მადლობა გადავუხადე ჩემს თანამგზავრს, რომელსაც ამის მერე აღარ შევხვედრივარ. არადა ვისურვებდი მის ნახვას. ყოველთვის მახსენდება ლოცვისას მისეული გონების მოკრება.

შევედით პატარა, უბრალო შენობაში, რომლის წინა ნაწილში კელიის ეკლესია იყო. მამა ამბერკიმ, წმინდა ხატებისთვის თაყვანი რომ მეცა, ტაძრის კარები გამიღო. საყდარი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისა გახლდათ. დიდი მოკრძალებით ვემთხვიე კანკელის ხატებს. ეს იყო ათონური კალივის პირველი ეკლესია, რომელშიც შევედი. ჩემი ყურადღება მიიპყრო ანალოღიამ, შანდალმა, ძველმა ბიზანტიურმა ხატებმა, ორადგილიანმა სტასიდიამ (სტასიდიას სკამს ეძახიან ათონზე, მასზე ღვთისმსახურებისას სხდებიან). საკმეველი, ცვილი და ზეთი განსაკუთრებულ სურნელებას აფრქვევდა.

დიდი იყო ჩემი სიხარული. ჩემს წინაშე იდგა მამა ამბერკი, რომელზეც ამდენი რამ მსმენოდა მისი ძმისაგან. მამა ამბერკი ათონზე 9 წლისა მოვიდა და მას შემდეგ სოფელი არ ენახა...

შემდეგ შევედით უბრალო არქონდარიკში (სტუმართა სამასპინძლოში). მამა ამბერკი წავიდა და ტრადიციული ათონური ნუგეშისცემისთვის მომიტანა ლუქუმი, ყავა და რაკა (რძისფერი არაყი, რომელსაც წყალგარეულს სვამენ). ამ დროს კიბეზე ნაბიჯების ხმა მომესმა. ალბათ მამა იოანეა-მეთქი. მართლაც, გაუგია ჩემი ხმა და მოსასალმებლად მოვიდა, ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა.

- მთაწმინდა გხვდება თავისი მშვენიერი ყვავილებით, - მითხრა ღიმილით. შემძრა ასეთმა შეხვედრამ. "ბერს, სხვა ყველაფერთან ერთად, კეთილშობილი სული უნდა ჰქონდეს", - გავიფიქრე. ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა დაუვიწყარი ღირსი მამა აზარია. 75-ზე მეტი ხნის იყო, მაგრამ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და პატარა ბავშვივით იქცეოდა. ასეთი ადამიანები შედიან ღვთის სასუფეველში, როგორც ბრძანებს მაცხოვარი: "თუ არ მოიქცევით და არ იქნებით ბავშვებივით, ვერ შეხვალთ ზეციურ სამეფოში". მამა აზარიამ ორიოდე სიტყვა თქვა, მერე კი ზარი დარეკა, რათა მეცხრე ჟამისა და მწუხრის ლოცვა დაეწყოთ. ვიჯექი სტასიდიაზე და თავს ბედნიერად ვთვლიდი. აღვსებულიყო ჩემი ახალგაზრდული სული. უბრალო გალობა, მამათა ღვთისმოშიშება ისეთ განწყობას მიქმნიდა, რომ ჩემთვის ვთქვი: "ამაზე მეტსა და უკეთესს რას უნდა ელოდე ასეთი ღირსეული გარემოცვისაგან?"

მწუხრის შემდეგ ვახშამი შემოგვთავაზეს - უბრალო, მაგრამ გემრიელი საჭმელი და მათი ბაღისეული ვეებერთელა ატმები. მამა აზარია თურმე შესანიშნავი მებაღე და მეთევზე ყოფილა.

მწუხრის შემდეგ ყველამ მუხლი მოვუდრიკეთ მოძღვარს და კურთხევა ავიღეთ მისგან. თუმცა მგზავრობისგან დაღლილი ვიყავი, ველოდი შუაღამის ზარს, რომ კვლავ მოვხვედრილიყავი კანდელებით მკრთალად განათებულ ამ პატარა საყდარში. ლამფა ანათებდა საღმრთო წიგნებს და სამ ბერს, რომელთა იქ ყოფნაც იქაურობას სიმშვიდეს და შინაგან სიხარულს ჰფენდა... ეს იყო პირველი ცისკარი, რომელიც მოვისმინე მთაწმინდაზე, ამიტომაც დღემდე არ დამვიწყებია. ვისურვებდი, ისევ განმეცადა ის სულიერი მდგომარეობა.

ცისკრის შემდეგ ყავა დავლიეთ, მერე კი მამა ამბერკიმ თავისი ბაღი მანახა: ნაყოფით დახუნძლული ატმის ხეები და სხვა ხეხილი კარგად იყო მოვლილი, ყველგან წესრიგი და ჰარმონია იგრძნობოდა. ვნახე სამხატვრო სახელოსნოც, მთლიანად დავათვალიერე ეს კალივა, რომელიც მოვლილ სოფლის სახლს ჰგავდა.

აივანზე ვიჯექი. უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა. მოვბრუნდი. მამა აზარიას ხელში ბადე ეჭირა და კალათით ცოცხალი თევზი მოჰქონდა, რომელიც ღამით ჩაგდებული ბადიდან ამოეყვანა.

ამ წმინდა საკრებულოში 5-6 დღე ვიცხოვრე სულიერი აღფრთოვანებით და სიხარულით აღსავსემ. ამ ხნის განმავლობაში მამა იოანესთან ერთად მოვილოცე კირიაკონი (სკიტის მთავარი ტაძარი). სკიტის დიკეა (მას სკიტელი მამები ირჩევენ, მისი მოვალეობა, სხვა საქმესთან ერთად, კირიაკონის მოვლაცაა) იყო აწ განსვენებული მამა ხარლამპე წმინდა მოდესტის კალივიდან. ტაძარი მთლიანად ბიზანტიური ხატებით იყო გამშვენებული. დიდი მღელვარებით ვემთხვიე წმინდა ანას წმინდა ნაწილებს და მის სასწაულმოქმედ ხატს. ჩურჩულით ვუთხარი მადლობა, რომ ღირსმყო მოვხვედრილიყავი ამ წმინდა ადგილას, რომელიც მის ხილვამდე შემყვარებოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1