სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ
სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ
არ უნდა გძულდეს და აქედან მოდის სიყვარული
დიდი გული ჰქონდა ზაქარია ჭიჭინაძეს. კომუნისტებმა სახლი ჩამოართვეს, მაგრამ იოსებ იმედაშვილის შუამდგომლობით, როგორც იქნა, ერთი ოთახი დაინარჩუნა.
ამ ერთ ოთახში უამრავი სტუმარი დაუდიოდა ხოლმე. ერთხელ მუშებმა პურმარილი მოიტანეს და ზაქარიას ოთახში ქეიფი გამართეს. ჯერ ზაქარია ადღეგრძელეს, მერე ერთი ახალგაზრდა მუშა შეაქეს - ოქროს მარჯვენა კი გაქვს, მაგრამ კარგი იქნებოდა, ოჯახი შეგექმნა, რომ საქართველოსთვის კარგი შვილები აღგეზარდაო.

თავშესაფარი არა მაქვს და ცოლს როგორ შევირთავო, - უთქვამს ახალგაზრდას.

ოთახი რომ იშოვო, რა იზამო, - უკითხავს ზაქარიას.

ხვალვე მოვიყვან ცოლსო.

- თუ ეგრეა, მოდი, შვილო, ეს ოთახი ხომ მოგწონს?

- თქვენა?

- მე გავალ.

- როგორ შეიძლება! - განგებ იუარა.

- ჩემი სიტყვა სიტყვაა, ოღონდ შენ გაბედნიერდე...

- რაკი ეგრეა, მე და ჩემი დანიშნული ხვალვე ხელს მოვაწერთ და გადმოვალთ.

მეორე დღიდან ზაქარიამ ოთახი დაუცალა, თვითონ კი თავისი "კუშეტკა" დაბლა სართულში, კიბის ქვეშ, პატარა საკუჭნაოში შედგა. ეს საკუჭნაო იმდენად პატარა იყო, რომ "კუშეტკის" ნაწილი და ზაქარიას ფეხები გარეთ ეწყო. იოსებ იმედაშვილს რომ უნახავს ზაქარია ამ ყოფაში, გაგიჟებულა. "მუშა ხალხს ცხოვრება უნდა, დაცოლშვილება, ქართველი ხალხის გამრავლება, ოთახი, თავშესაფარი, ბინა კი არა აქვს!.. მაშ, რა მექნა, ახალგაზრდას ცოლის შერთვა სურდა, გაბედნიერება, სახლი კი არ ჰქონდა. მე კი გამოჭიმული ვიყავი იმ ოთახში... არ მიმეცა? გეკითხები, არ მიმეცა?" - ეკითხებოდა ზაქარია მის მოსაყვედურე იოსებს.

***
გონიერმა მტერმა შუღლი ჩამოაგდო ქართველებსა და აფხაზებს შორის. არ ვიცი, რამდენად სწორია ასე დაყოფა - ჩვენ ხომ ათასწლეულების განმავლობაში ერთნი ვიყავით. საერთო ჭირი და ლხინი გვქონდა. ამ მტრობაში ორივეს უდევს წილი. ჯერ ჩვენი ძმობის ამბავი გავიხსენოთ, მერე მტრობისა.

1864 წელს რუსეთმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა, ხოლო მთავარი მიხეილ შერვაშიძე რუსეთში გაასახლა. იგი ვორონეჟში გარდაიცვალა 1865 წელს. ეს ამბები გახდა მიზეზი 1866 წელს აფხაზთა ცნობილი აჯანყებისა, რომელიც იარაღით ჩაახშვეს. დაიწყო მასობრივი მუჰაჯირობა - მუსლიმანური აღმსარებლობისა და რუსეთისადმი მტრულად განწყობილი აფხაზების თურქეთში გადასახლება. 1867 წლისთვის ოცი ათასამდე აფხაზს დაატოვებინეს სამშობლო. მათი რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა ქართველი სასულიერო და საერო პირების ძალისხმევა. ამ უბედურების დროს, როცა აფხაზთათვის ყველა ქრისტიანის სახელი საზიზღარი იყო, მხოლოდ ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ჰქონდა აფხაზებთან კავშირი, - ბრძანებს წმინდა ამბროსი (ხელაია), - მხოლოდ მას უზიარებდნენ თავიანთ ჭირ-ვარამს, მას ენდობოდნენ.

აი, ამ ხანებში მწყემსმთავართან მივიდა ერთი მაჰმადიანი აფხაზი, სახელად ურუსი, თავისი 12 წლის ვაჟით და მოახსენა: "შენთან მოვედი, კეთილო მწყემსო და მამაო! მე სამუდამოდ ვეთხოვები სამშობლოს, მივდივარ ოსმალეთში და ჩემს ვაჟს შენ გიტოვებ. მეტი არა გამაჩნია რა, ცოლი და სხვა შვილები ადრე დავკარგე. არ ვიცი, რა მომელის უცხო მხარეში, მაგრამ მაინც ვტოვებ ჩემს საყვარელ სამშობლოს. არ მინდა ჩემი უბედურება გავუზიარო ჩემს ერთადერთ შვილს... მოწყალეო მამაო, ვიცი, მიიღებ, აღზრდი ქრისტიანულად და იქნება ბედნიერიო". თვალცრემლიანი მამა გამოეთხოვა შვილს, რომელიც წმინდა ალექსანდრეს მეოხებითა და საფასით აღიზარდა და დიდი სარგებლობა მოუტანა ქრისტიანობას აფხაზეთში.

ეს ამბავი კი 1918 წელს მოხდა. საქართველოს მთავრობამ აფხაზეთიდან ბოლშევიკების გასადევნად სახალხო გვარდია გაგზავნა ვალიკო ჯუღელის მეთაურობით. მას იქ შეხვდა ალექსანდრე შერვაშიძე, 150 ცხენოსანი მოიყვანა და დაჰპირდა, კვლავ მოვკრებ მეომარ აფხაზებსო. ჯუღელმა კი უკმეხად უპასუხა: - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იმდენად ძლიერია, რომ აფხაზეთის ფეოდალების დახმარებას არ საჭიროებსო. განაწყენებული შერვაშიძე ოჯახით ოსმალეთში გადავიდა, უფიქრია, ესენი აღარ გამახარებენო, ხოლო აფხაზეთში ტატაშ მარშანიას მეთაურობით შედგა შერვაშიძის რაზმი, რომელმაც აფხაზეთის საქართველოდან ჩამოშორება განიზრახა. საგულისხმოა ისიც, რომ როცა ბოლშევიკები აფხაზეთში მეორედ შეიჭრნენ, მათ განსადევნად გაგზავნილ მაზნიაშვილის რაზმს 300 ცხენოსანი აფხაზიც შეუერთდა და ქართულ-აფხაზურმა ჯარმა ტუაფსეც კი აიღო.

***
ერისთავები და თუმანიშვილები ურთიერთს გადაკიდებულნი ყოფილან. ორივე ერეკლე მეფეს ხლებია ომში. მეფეს ქალაქში კაცის გაგზავნა დასჭირვებია და სანდოდ ერისთავი უცვნია. მას უთქვამს, - ვაითუ მტერმა დამიჭიროს და ქაღალდი მიპოვოსო. ცხენისთვის ნალი აუყრია, წერილი ჩაუტანებია და ისევ დაუჭედია. თუმანიშვილს ეს ამბავი თათრებისთვის შეუტყობინებია: "ერისთავს ქალაქში ცხენის ნალის ქვეშ დამალული მეფის ბარათი მიაქვსო". გადაუდგნენ თათრები ერისთავს: "რა უყავ მეფის ბარათიო". მე უბრალო მგზავრი ვარ, მივდივარ ჩემს გზაზე. რა ბარათი, რასა კითხულობთო. მაგრამ როცა ცხენისთვის ნალი აუყრიათ და წერილი უპოვიათ, მიმხვდარა საქმის ვითარებას ერისთავი. დროს ელოდა თუმანიშვილის ჯავრის ამოსაყრელად. თუმანიშვილს გორს ზევით 700-კომლიანი დიდი სოფელი ჰქონდა. ეახლა ფაშას ერისთავი და გამოსთხოვა ჯარი, - ქართლში უნდა გავითარეშოო. მისცა ათასი კაცი. ერისთავმა თუმანიშვილებს ლექსად შეუთვალა:

"ხელთუბანს ჩამოგიხტებით, თუმანიანო ჭაკებო,
საბძელს და კალოს დაგიწვავთ, სასახლეს გაგივაკებთო".

მართლაც აუკლიათ ხელთუბანი, წაუყვანიათ ხალხი ტყვედ, მათ შორის თუმანიშვილის ცოლიც. თუმანიანთ რძალს ძუძუთა ბავშვი ჰყოლია. გაუჭირდა თურმე სიარული. თათრებმა ბავშვის მოკვლა ბრძანეს. შეძრწუნებულ დედას ერისთავისთვის უთხოვია: ნათლია (ისინი ნათესავები ყოფილან), ნუ მოკლავ ამ ბავშვს, მას არაფერი დაუშავებია, მე კი, რაც გინდა, ის მიყავიო. შესცოდებია ერისთავს და უბრძანებია, ქალი ცხენით წამოიყვანეთო.

***
წმინდა მეფე სოლომონ II მოტყუებით შეიპყრო გენერალმა ტორმასოვმა და ციხეში დაამწყვდია. ერთგულმა ქართველებმა მეფის დახსნა გადაწყვიტეს. ერთი ფარეში მეფის ლოგინში ჩაწვა, ვითომ ეძინა. მსახურის ტანისამოსგადაცმული სოლომონი კი ისე გამოაპარეს, რომ რუსებმა მხოლოდ მეორე დღეს შეიტყვეს ეს ამბავი. გაცეცხლებულმა ტორმასოვმა შეიპყრო პოლიცმაისტერი დავით გოსტაშაბიშვილი და ნიანია სუბატიშვილი, აგრეთვე მაქსიმე პენტელაშვილი, გიგია იმერელი, აზნაური ფალავანდიშვილი და სამივე ავლაბარში დახვრიტეს. საფლავებს მცველები დაუყენეს. იმ ღამეს მეფისთვის თავდადებული ქართველების საფლავებს ბრწყინვალე ნათელი დაადგა. შეშინებულმა სალდათებმა თაყვანი სცეს საფლავებს. ეს რომ გენერალმა ტორმასოვმა გაიგო, უბრძანა სალდათებს, ამ სასწაულის ამბავი არ გაემხილათ. დავით გოსტაშაბიშვილი, ნიანია სუბატიშვილი და ფარეში, მეფის მაგივრად რომ ჩაწვა ლოგინში, გააციმბირეს. ფარეში პერმში გარდაიცვალა, დავითი და ნიანია კი რამდენიმე წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

***
ქართველთა შორის მტერმოყვრობის ამბების მოთხრობა შორს წაგვიყვანს. დასასრულ, მამა გაბრიელის (ურგებაძე) დარიგებებს გავიხსენებთ.

სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე, ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს, ღმერთს უყვარს საქმე, კეთილი საქმე არის სიყვარული.

ნურვის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? - ჰკითხეს ბერ გაბრიელს. ბოროტება, ცოდვა მოიძულეთ, თვით ადამიანი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. შენი მტერი უნდა გიყვარდეს, ხოლო ქრისტეს მტერი როგორ უნდა შეიყვარო?! მაგრამ არ უნდა გძულდეს და აქედან მოდის სიყვარული.
ბეჭდვა
1კ1