ღმერთს ჯერ არ სურს, რომ დედა გახდე. ორ წელიწადში გეწვევა ეს სიხარული
ღმერთს ჯერ არ სურს, რომ დედა გახდე. ორ წელიწადში გეწვევა ეს სიხარული
მუცლიდან ამოდიოდა და მთელ სახლს ავსებდა განწირული ბავშვის კივილი
ყოველი ბავშვის დაბადება ღვთის დიდი სასწაულია, ღვთის დიდი წყალობაა. მრავალჯერ მიუდგება მამაკაცი დედაკაცს, მაგრამ ყოველთვის არ ისახება მათი სიყვარულის ნაყოფი. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ამას ღმერთი ინებებს. ამის დასტურია ქვემოთ მოთხრობილი ამბავიც.

გიორგი და მისი მეუღლე არხონდულა 8 წელიწადი ამაოდ ელოდნენ შვილის შეძენას. უფრო მეტად ქალი განიცდიდა უშვილობას. მეუღლე მის დამშვიდებას ცდილობდა: "მოითმინე, ეს ღვთის ნებაა, ცრემლით და წუხილით ვერაფერს შეცვლი. ქორწინების მიზანი მხოლოდ ბავშვების ყოლა კი არ არის, ეს პირველ რიგში გზაა სულიერი პროგრესისაკენ". არხონდულა კი ლოცვას არ წყვეტდა. მას განსაკუთრებით უყვარდა წმინდა იოანე რუსი. სწორედ მას ევედრებოდა და ღვთის წინაშე შუამდგომლობას სთხოვდა, რათა დედობის ღირსი გამხდარიყო.

1979 წლის დეკემბერი იდგა. წმინდა იოანე რუსის ხატის წინ დაჩოქილ არხონდულას ტირილი უნდოდა. სასოწარკვეთილმა წარმოთქვა: "წმინდაო იოანე, რა დავაშავე შენს წინაშე ასეთი, რომ გეჯავრები? ღმერთი სიხარულს რატომ არ მიგზავნის?!" ლოცვის მერე შინ დაბრუნდა. შუაღამე გავიდა. ვიღაც უცნობი მიადგა გიორგის სახლის კარს. ცოლ-ქმარს გაეღვიძა. ქმარმა - შეიძლება სამსახურიდან მომაკითხეს, ვაცალოთ, ხმა არ ამოვიღოთ და წავაო. ამ დროს დააკაკუნეს, მერე უეცრად კარი გაიღო და ყველაფერი განათდა. ნათელში წმინდა იოანეს ხატი გამოჩნდა, რომელმაც უთხრა: "არხონდულა, რანაირად ილოცე ამ საღამოს? წმინდანებს არასოდეს არავინ შესძულებიათ. ღმერთს ჯერ არ სურს, რომ დედა გახდე. ორ წელიწადში გეწვევა ეს სიხარული". ორი წლის შემდეგ გიორგისა და არხონდულას ოჯახში ღვთის წყალობით ჯერ პირველი პატარა დაიბადა, მერე კიდევ ორი ბავშვი შეეძინათ.

***
მამა გაბრიელთან (ურგებაძე) სენაკში ცოლ-ქმარი იჯდა. ქალი ფეხმძიმედ იყო. ბერმა უთხრა: "ბავშვს ყველაფერი ესმის, ღვთის სიტყვა უთხარით და ისე აღზარდეთო". ქმარმა უპასუხა: "კედლის იქით რას ლაპარაკობენ, ის არ მესმის და ბავშვი მუცელში როგორ გაიგებსო". "მაშ, არ გჯერათ?! - შეტრიალდა მამა გაბრიელი და ბავშვს მიმართა, - ყრმაო, შენ გეუბნები, არ გესმის ღვთის სიტყვა?!" ბავშვმა ისეთი ტემპით დაიწყო მოძრაობა, ქალმა ვეღარ მოითმინა და ბერს სთხოვა, გარეთ გავალო.

***
მამა ვიტალი სიდორენკოზე ფეხმძიმე დედამისი ალექსანდრა ლოცულობდა: "ღმერთო, ისეთი შვილი მომეცი, რომ სათნო გეყოს შენც და ადამიანებსაც!" ერთხელ, ძილში, ორი კაშკაშა მზე დაინახა და გაუკვირდა, მნათობი ორი რატომ არისო. ძილშივე უპასუხეს: ერთი მზე შენს წიაღშიაო. მართლაც შეეძინა მზეჭაბუკი, რომელმაც შემდგომში მრავალთა სული გაათბო ღვთის მადლით.

***
თანამედროვე ღირსმა მამამ პორფირე ათენელმა ერთ პედიატრს უთხრა: "განუმარტე დედებს, რაოდენი პატივი დასდო ღმერთმა, როცა დედობის ღირსი გახადა. მას აქეთ, რაც თავიანთ წიაღში ჩასახულ ემბრიონს ატარებენ, მათ მეორე ცხოვრება აქვთ. დაე, ესაუბრონ შვილებს, მუცელზე ხელი გადაისვან და მოეფერონ. ჩანასახი ყველაფერს იდუმალად გრძნობს. დაე, ილოცონ მათთვის დიდი სიყვარულით. ემბრიონი ასევე გრძნობს დედის სიყვარულის უქონლობას, დედის მღელვარებას, მრისხანებას, მის უარყოფას და ეს ტრავმა მის პატარა სულს მთელი ცხოვრება გაჰყვება. დედის წმინდა გრძნობები და წმინდა ცხოვრება მის ყრმას ჩასახვისთანავე განწმენდს".

მამა პორფირე ერთ ოჯახს მფარველობდა, სადაც ბავშვები მძიმედ ავადმყოფობდნენ. "ფეხმძიმობის დროს ოჯახში დაძაბული ურთიერთობა გქონდათ, - უთხრა მამა პორფირემ ოჯახის დედას, - სწორედ მაშინ გაჩნდა შენს ორგანიზმში ერთგვარი მგრძნობიარობა, რომელმაც ჩანასახი შეცვალა". შემდგომში შვეიცარიელმა ექიმებმა ბავშვები გამოიკვლიეს და ეჭვი ემბრიონის მუტაციაზე მიიტანეს. როცა მშობლებმა მოძღვარს შესჩივლეს, რა ვუყოთ ბავშვს, მეტისმეტად შფოთავს და მშიშარააო, მან უპასუხა: მასზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ, საკუთარი ცუდი ურთიერთობებით დედის მუცლიდანვე ასეთი თქვენ გახადეთო.

***
წმინდა გიორგი მთაწმინდელის მშობლებს ქალ-ვაჟი - თეკლა და თეოდორე შეეძინათ. თეკლა სიყრმიდანვე სამცხეში, ტაძრისის დედათა მონასტერში მიაბარეს და, აღთქმისაებრ, ღმერთს შესწირეს, მაგრამ ამას არ დასჯერდნენ, თქვეს, თუ ვაჟი გვეყოლება, კვლავ ღმერთს შევწირავთ, რადგან წესი ასეთია - ღვთის მიმართ ვერძი უნდა შეიწიროსო. ერთ ღამეს მარიამს ბრწყინვალე და დიდებული ვინმე ეჩვენა და უთხრა: შობ ვაჟს, ღვთის რჩეულ ვერძს, შესწირე იგი ღმერთს ისე, როგორც აღგითქვამს და სახელად გიორგი უწოდეო. გაიღვიძა მარიამმა, უამბო ქმარს სიზმარი და ორივემ ცრემლით მადლობა შესწირა უფალს.

***
წმინდა სერგი რადონეჟელის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე დედამისი მარიამი ეკლესიაში წირვაზე იდგა. სახარების წაკითხვის წინ ყრმამ ისე დაიყვირა დედის მუცელში, რომ მისი ხმა ტაძარში მლოცველებმაც კი გაიგონეს. ქერუბიმთა საგალობელის დროს მეორედ დაიყვირა, ხოლო როცა მღვდელმა წარმოთქვა "წმიდა წმიდათა", მესამედ მოესმათ დედის მუცლიდან ყრმის ყვირილი. ყველამ დაასკვნა, რომ ამ ქვეყანას მოევლინებოდა ღვთის დიდი მსახური. შიშით და კრძალვით აივსო მარიამი და გულისფანცქალით მოელოდა ღვთისაგან აღთქმული ყრმის დაბადებას...

გავიდა საუკუნეები და რუსეთში კიდევ ერთმა ყრმამ დაიძახა დედის მუცლიდან, ოღონდ ეს განწირულის კივილი იყო. მწერალი მარინა კრავცოვა მოგვითხრობს: "გალინას და მის ქმარს 15 წლის ავადმყოფი ქალიშვილი ჰყავდათ. ძალიან გაწვალდნენ მშობლები და ალბათ ამიტომაც მეორე შვილის გაჩენა აღარ უნდოდათ, მაგრამ ერთხელ გალინამ თავი ვერ დაიცვა და დაფეხმძიმდა. მეგობარმა მუცლის მოსაშლელი წამალი მოუტანა. საღამო ხანი იყო. გალინა სამზარეულოში მეუღლეს აპურებდა და თან ჩასახულ ყრმასა და უფროს ქალიშვილზე შესჩიოდა.

- რას იზამ, შეძლებ ორივეს მოვლას? - ჰკითხა ქმარმა.

- უნდა მოვიშორო. მე უფრო ალიონას ბედი მაწუხებს. სულ სხვანაირია. ახლა ყოველკვირა ეკლესიაში სიარული აიჩემა...

ქმარი დაჰპირდა, ალიონას დაველაპარაკებიო, გალინამ კი მეგობრის მოტანილი წამლის ერთი აბი გადაყლაპა. წყალი მიაყოლა და უეცრად... ჭიქა ხელიდან გაუვარდა. შეძრწუნებული ქალი ერთიანად გათეთრდა - მუცლიდან ამოდიოდა და მთელ სახლს ავსებდა განწირული ბავშვის კივილი, რომელიც ტირილში გადადიოდა. კიოდა ჯერ დაუბადებელი პატარა, ტკივილისაგან ისე მწარედ მოსთქვამდა, როგორც ზრდასრული, მოაზროვნე და მგრძნობიარე არსება. გალინა სკამზე დაენარცხა, თვალებით დახმარება სთხოვა ქმარს. მასაც შიში ედგა თვალებში.

- რამე გაიგონე? - ჰკითხა გალინამ.

- კი, ჩვენი შვილი ყვიროდა, - წაიბუტბუტა ქმარმა.

ყვირილზე ალიონა შემოვარდა ტირილით: "ეს ჩემი ძმა იყო, დედა, რა უყავი ჩემს ძმას..." ახლა მისმა ავადმყოფურმა სახემ შეაშინა მშობლები. "არ მინდა წამლები, მხოლოდ ნაკურთხი წყალი მომეცით", - თქვა ბავშვმა, მოსვა წყალი და მიიძინა.

- როგორა ხარ, შვილო? - ჰკითხა გალინამ გამოღვიძებულ ქალიშვილს. შვილი მრისხანედ უყურებდა.

- დედა, ჩემი ძმა მოკვდა?

- არა, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, რომ ავადმყოფი ბავშვი გამიჩნდება.

ალიონამ პირი იბრუნა.

- შვილო, ჩემი დანახვა აღარ გინდა?

- არა, - გოგონა ცრემლით თანაუგრძნობდა ჯერ არშობილ ძმას.

- რა იცი, რომ ბიჭი იქნება? - ჰკითხა გალინამ.

- სიზმარში ვნახე, - უპასუხა ალიონამ, - დედა, ის ძალიან ლამაზია! - მერე კი უცბად წამოხტა ლოგინიდან, კარადიდან ტანსაცმელი გამოაწყო, - არა, ასე არ შეიძლება, რაღაც უნდა ვიღონოთ. ახლავე წმინდა სერგის ლავრაში წავალ. ძმა უნდა გამოვითხოვო ღვთისაგან.

- სად წახვალ, შვილო, სიცხიანი?

- არა, დედიკო, ეს ნიშანი იყო. ბიჭი ყვიროდა! ყვიროდა შენი მუცლიდან ჯერ უშობელი პატარა. გესმის? ერთად წავიდეთ წმინდა სერგის ლავრაში და წმინდა მამა დაგვეხმარება.

- ალიონა, ცუდადა ხარ... არ გაგიშვებ!

- გამიშვებ! - გაჯიუტდა გოგონა. გალინა მიხვდა, რომ წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა. რა იცოდა, რომ ბავშვი ამ დროს ფსალმუნს "რომელი დამკვიდრებულ არს" კითხულობდა.

იმ ღამეს ალიონა შინ არ დაბრუნდა. დილამდე ლოცულობდა წმინდა სერგის ლავრაში და ჯანმრთელობას გამოითხოვდა ჯერ უშობელი ძმისათვის.

***
"ჩემი წინაპრები მწყემსები იყვნენ, - ჰყვება წმინდა გრიგოლ ფერაძე, - წლიდან წლამდე რამდენიმე თვით სწყდებოდნენ ოჯახს, მწყემსავდნენ საქონელს უდაბნოში (გარეჯში, როგორც ვარაუდობს წმინდა გრიგოლის ძმისშვილი, ბატონი რომანოზ ფერაძე - კ.კ.), რომელიც მხოლოდ ზამთარში და ადრე გაზაფხულზე მწვანდებოდა. ერთ საღამოს მათ მოევლინათ ზეციური სასწაული, რომელმაც გადაწყვიტა ერთ-ერთი მათგანის ბედი. შესაძლოა, ეს შობის ღამეს მომხდარიყო. ამ დროს უდაბნოში საღამოები წყნარი იცის. მწყემსები კოცონთან საუბრობდნენ თავიანთ დიდებულ წინამორბედებზე, რომელთაც ოდესღაც სხვა, შორეულ უდაბნოში ვარსკვლავიან ღამეს ანგელოზები გამოეცხადნენ და ამცნეს უდიდესი საკვირველება - მხსნელის დაბადება და ადამიანთა მოდგმის ახალი ცხოვრების დასაწყისი. იმ ღამეს მწყემსები მორჩილებით იყვნენ აღვსილნი. გამთენიისას, იმ დროს, როდესაც ეკლესიის ზარები აღვიძებენ დაღლილ ბერებს და დილის ლოცვისაკენ მოუწოდებენ, უეცრად ზარების სასწაულებრივი ჟღერა გაისმა. მწყემსები ადამიანთა საცხოვრისისგან შორს იყვნენ, უახლოესი ეკლესიაც მეტისმეტად შორს იყო... ეს ანგელოზთა ზარები უხმობდნენ მორწმუნეებს დილის ლოცვაზე. მას, ვინც მამაზეციერმა მუდმივი ცხოვრების ღირსად მოავლინა, ძალი შესწევს გაიგონოს ანგელოზთა ზარების ხმები.

ზებუნებრივმა სიხარულმა აღავსო ორივე მწყემსის გული. ციური ნიშანსვეტი სანუკვარი სიზმრების აღსრულებას, მათი ოცნების განხორციელებას, დედამიწაზე ხეტიალის დასასრულს მოასწავებდა. ერთ-ერთი მათგანი სასწრაფოდ დაემშვიდობა მეგობარს და გაემართა მონასტრის ნანგრევებისკენ, რათა მიწიერი ამაოების ხმაურს არ ჩაეხშო მასში ანგელოზთა ზარების სასწაულებრივი ხმა, ხოლო მეორემ, ვისაც სოფელში დარჩა ცოლ-შვილი, სასწაულებრივი მელოდიით ინიშნა, რომ მისი შთამომავლები ადამიანის სულის მწყემსებად იქცეოდნენ. სოფელში დაბრუნებულმა ვაჟი სკოლაში შეიყვანა.

ამ დროიდან იწყება ახალი ჟამი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. ცხვრის მწყემსები სულთა მწყემსებად გადაიქცნენ..."
ბეჭდვა
1კ1