თუკი ეკლესიაში ვეღარ ვიმსახურებ, მიიღე სული ჩემი, უფალო
თუკი ეკლესიაში ვეღარ ვიმსახურებ, მიიღე სული ჩემი, უფალო
მყუდროება უყვარდა, არავის შეაწუხებდა
ქართველთა ერთობის სიმბოლოა სვეტიცხოვლის ტაძარი, იქ დაკრძალული უფლის კვართი კი ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნებს. წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, - შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევსო. დიდია პასუხისმგებლობა თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისა დედაეკლესიის წინაშე, რომლის ერთიანობასაც ყველა უნდა უფრთხილდებოდეს. ეკლესია კი ეპისკოპოსის გარეშე არ არსებობს. ძველ საქართველოში ეპისკოპოსს უსათუოდ სვეტიცხოველში აკურთხებდნენ.

ერთ ზამთარს საშინელი ყინვები დაიჭირა და წმინდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერიძემ, დედოფლის დაჟინებით, მროველი ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა ეპისკოპოსად. იმავე ღამეს სვეტიცხოველი მოხუცი კაცის სახით ეჩვენა ტაძრის ქადაგს და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ სვეტიცხოვლის ტაძრის გარდა, სხვაგან არსად დაესხა ხელი ვინმესთვის მღვდელმთავრად - თვინიერ წესისა და ჩვეულებისა ქმნა ეს კურთხევა, უმეცრებით მოიქცა და შემდგომში ჩემი საყდრის შეურაცხყოფას აღარ ვაპატიებო.

ეკლესიის ერთიანობას არად დაგიდევდა სამცხის ათაბაგთა ნაწილი და მცხეთის საყდართან კავშირის გაწყვეტას ცდილობდა. ამით კი იმას მიაღწიეს, რომ ეს კურთხეული მხარე როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად დაცარიელდა, გამოიფიტა და დიდ ტვირთად დააწვა მომავალ თაობებს.

* 1624 წელს საქართველოში ჩამოვიდა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი და ორი წელი დაჰყო აქ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი მონათხრობი, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს სულიერი მამების მიმართ: "სასულიერო პირებს ქართველები ძალიან მორიდებით ეპყრობიან, მათ ძვირს ვერასგზით ვერ ათქმევინებთ. როდესაც თავადები, დიდებულნი და მათი მეუღლენი გზაზე შეეყრებიან მღვდელმთავრებს, თუ ცხენით არიან, ჩამოქვეითდებიან და შორიდანვე უწყებენ მუხლმოდრეკით თაყვანისცემას, შემდეგ ადგებიან და იღებენ მათგან ლოცვა-კურთხევას. ამის შემდეგ განშორდებიან უკან-უკან დახევით, რათა ზურგი არ შეაქციონ და ხელმეორედ მუხლმოდრეკით თაყვანს სცემენ. ამნაირად იქცევიან არათუ მარტო უბრალო ქართველნი, არამედ მეფე-დედოფალნიც".

საგულისხმოა ერთი ამბავიც, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, თუ რამხელა ავტორიტეტი ჰქონდათ საქართველოში სულიერ მამებს. 1779 წელს მერაბ ნიჟარაძის მიერ გადაბირებული ალექსანდრე ეურჩა მამას, იმერთა მეფე სოლომონ I-ს. სოლომონს მის გარდა სხვა ძე არ ჰყავდა, ამიტომ როცა მონანული შვილი მივიდა მასთან, ადვილად შეუნდო. ალექსანდრეს ცოლად შეერთო ევგენ აბაშიძის ქალი. სოლომონი წინააღმდეგი გახლდათ ამ ქორწინებისა, რადგან მტერი იყო აბაშიძეების, ამიტომ მასთან ჩასულ ალექსანდრეს კანონიერი მეუღლე გააშვებინა და ცოლად შერთო ბერი წულუკიძის ასული დარეჯანი. ერთი წლის შემდეგ ალექსანდრე უმემკვიდროდ გადაეგო. მეფემ ჯავრი მერაბ ნიჟარაძეზე იყარა და თვალები დაათხრევინა. სოლომონის ამ დიდ ტყუილს სხვაც დაემატა - ალექსანდრე ცოლის განტევებისა და უჯერო ქორწინების გამო სამღვდელო კრებამ "კრულ ჰყო" და მეფეს მისი ეკლესიაში დამარხვის ნება არ მისცა. ბევრი ევედრა მეფე სოლომონი ეპისკოპოსებს, მაგრამ მათ არ უსმინეს და ალექსანდრე ერთი მღვდლის წინაგაძღოლით დაფლეს ეკლესიის გარეთ.

* 1916 წლის 17 იანვარს ალავერდის ეპისკოპოსად ხელი დაასხეს პიროს ოქროპირიძეს. ამ მნიშვნელოვან დღეს მეუფემ სიტყვა წარმოთქვა იმ კათედრაზე, რომელიც "სახელგანათლებულია" წინამორბედ ღვაწლმოსილ ეპისკოპოსთაგან. მეუფე პიროსს მაგალითად დაესახა ალავერდელი ეპისკოპოსი იოანე, რომელიც მოწამებრივად აღესრულა ლეკთაგან 1480 წელს, მრავალ ლეკთა ქრისტიანად მომაქცეველი ეპისკოპოსი ბარსანოფი, თურქთა ტყვეობიდან თავდახსნილი ეპისკოპოსი ზენონი, რომელიც ღირს იქმნა ალავერდის ტაძარში დაკრძალვისა, ასევე განაძლიერებდა და ძალას მატებდა მოწამის გვირგვინით შემკობილი წმინდა ხატი ქეთევან დედოფლისა და სხვა ერისკაცთა. იცოდა წმინდა მეუფემ, რომ "სამსახურის გზაზე" გადაეღობნენ "ბოროტი ვერაგობანი", ამიტომაც ყველას შესთხოვდა ლოცვას ღვთის მიმართ, რათა გაეხადა "ძლიერი, სამართლიანი და წყნარი სადიდებლად წმინდისა მართლმადიდებელი ეკლესიისა და სასარგებლოდ აწ ტანჯულისა ძვირფასი სამშობლოსი".

1921 წელს საქართველოში ბოლშევიკები გაბატონდნენ. დაიწყო ეკლესია-მონასტრების შევიწროება. უსაფუძვლო ბრალდებით დააპატიმრეს პიროს ეპისკოპოსიც. 1922 წელს კომუნისტები იმდენად გათავხედდნენ, რომ ალავერდის მონასტერში დასვენებული წმინდა გიორგის ოქროს ხატი გაძარცვეს. ალავერდის საგანძური იქაურ მამებს ტაძრის თაღში ჩაუშენებიათ. მაგრამ გამცემს რა დალევს! კომუნისტებმა სამალავს მიაგნეს, საგანძური თელავში გადაიტანეს და დაპატიმრებულ მეუფე პიროსს მოსთხოვეს, ხელი მოეწერა ამ სიწმინდეების სახელმწიფოსთვის გადაცემის აქტზე, რაზეც მან მტკიცე უარი თქვა. მაშინ ალავერდის სიწმინდეები თბილისში გადაგზავნეს, ხოლო ეპისკოპოსი კომკავშირელებს აცემინეს და დასისხლიანებულ-დასახიჩრებული კიბის ქვეშ დაამწყვდიეს. გულმა ვეღარ გაუძლო და 23 აპრილს ქრისტესთვის წამებული ამბა ალავერდელი პიროსი წარდგა საყვარელი უფლის წინაშე. ის გახლდათ კომუნისტთაგან რწმენის ერთგულებისთვის მოკლული პირველი ქართველი მღვდელმთავარი.

* წმინდა კირიონ კათოლიკოსმა (საძაგლიშვილი) კიევის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. 1883 წლიდან 1896 წლამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1896 წელს გარდაეცვალა ცოლი, ანეტა თაბუნაშვილი, და ერთადერთი ვაჟი იორამი. კირიონმა ბერის კაბა ჩაიცვა. ამის მიზეზი, პირადი ტრაგედიის გარდა, მშობლიური ეკლესიის დაცემული მდგომარეობაც გახლდათ. აი, რას სწერს მამა ი. ჩიჯავაძეს 1907 წლის 12 თებერვალს, როცა ის სინოდის დადგენილებით კოვნივოში გადაიყვანეს: "იწერები - მონასტერი გექმნება თუ არაო, ან შემოსავალიო. ფულის გულისთვის, შენ კარგად იცი, არ დამიწყია სამსახური. მამაჩემმა დამიტოვა 12000 მანეთი და მშვენიერი მამული. თუმცა თითქმის 600 თუმნის ვექსილები დაიწვა, ესე იგი ვერა ავიღე რა, მაგრამ მაინც საკმარისი ფული დამრჩა მამისაგან. ამ ფულით და ჩემი მეცადინეობით მამული გავაფართოვე, ახალი მიწები შევიძინე, მშვენივრად შევიმუშავე და სამუდამოდ უზრუნველყოფილი ვიყავი. სახარების მდიდრისა არ იყოს, მეც მინდოდა მეთქვა ჩემი თავისთვის: სულო ჩემო, სვი, ჭამე და ისიამოვნე (ლუკა 12,19), მაგრამ სწორედ ამ დროს გარდაიცვალა გაბრიელ ეპისკოპოსი... ხსენებულ დროს ჩვენ ბერობაში რიგიანი კანდიდატი აღარავინ სჩანდა, გარდა ლეონიდისა (ოქროპირიძე, - კ.კ.). ამ გარემოებამ იძულებული მყო, ღრმად ჩამეხედა და შემეგნო ჩვენი ეკლესიის მდგომარეობა. ასი წლის მონობის უღელმა მეტად დააქვეითა ჩვენი ეკლესია. როდესაც გავითვალისწინე ჩვენი აწმყო, დავრწმუნდი, რომ თუ გვსურს ჩვენი ხალხოსნობა არ აღიგაოს პირისაგან ქვეყანისა, აუცილებელია ჩვენი ნაციონალური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ამის განხორციელებისთვის საჭირო იყო გაგვემრავლებინა ბერები მაღალის სწავლით აღჭურვილნი, მაგრამ პირველი მძიმე ნაბიჯი ვის უნდა გადაედგა? სტატსკი სოვეტნიკი ვიყავი, პენსიას ორიოდ წელში დავიმსახურებდი, სახლ-კარი, მამული, საქონელი მზათ. სხვა უჩემო შეირთავდა ლამაზ ცოლს და მყუდრო ოჯახობრივ ცხოვრებით დატკბებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი უარვყავ. დავიდგი თავზე ბაბილონის გოდოლი, შევუდექ საქმეს და საარაკო თავგადასავალი გადამხდა". წმინდა კირიონის ღირსეული ბერული, მღვდელმთავრული ცხოვრება ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია. მისი წმინდა ლოცვით გამრავლებოდეს ჩვენს ეკლესიას ბერულსამოსიანი ჯარისკაცები.

* წმინდა გრიგოლ ხანძთელს სულიერნი შვილნი - თეოდორე და ქრისტეფორე აფხაზეთში გაეპარნენ, რათა იქ მონასტერი აეშენებინათ. მათ ძებნაში ქართლის სანახებში ღირსმა მამამ ერთი ყრმა დაიმოწაფა, სახელად ეფრემი. დაჰპირდა, აფხაზეთიდან რომ მოვბრუნდები, ხანძთაში წაგიყვანო. ასეც მოიქცა. ეფრემი ქრისტეფორესა და თეოდორეს მიერ წამოყვანილ ყრმა არსენთან ერთად ხანძთაში დაასახლა. გავიდა ხანი. ყრმები გაიზარდნენ, "მამაკაცებასა სრულსა მოწევნულნი სიწმიდით" იხილვებოდნენ. ეფრემი არსენზე მრავალი წლით ადრე დაადგინეს აწყურის ეპისკოპოსად. არსენი კი მამამისმა, სამცხელმა აზნაურმა მირიანმა, მცირედ ეპისკოპოსთა თანადგომით და კურთხევით ქართლის კათოლიკოსად დაადგინა, რის გამოც ფრიად "გულწყებულ" იყვნენ მასზე უმრავლესნი ეპისკოპოსნი. შეიკრიბნენ ისინი ჯავახეთში გვარამ დიდის ბრძანებით, რომელიც ნაწყენი იყო მირიანზე. კრებაზე მივიდა წმინდა გრიგოლიც, რომელმაც ფარულად გაიყვანა ეფრემი და უთხრა, - შენს სულიერ ძმას, არსენს ნუ უშლი მღვდელმსახურებასო. ეფრემმა უარი უთხრა, - ამიერიდან არსენის ცხვარი ვერ ვიქნები და ვერც ის იქნება ჩემი მწყემსიო. წმინდანმა უთხრა, - მაშინ მეც უარმყოფ, ეფრემ, როგორც შენს მოძღვარსო. ატირდა ეფრემი და დამორჩილდა მოძღვრის ნებას. მისი მცნებისაებრ, განაახლა არსენ კათოლიკოსის სიყვარული და ადვილად დააწყნარა შფოთი ძნელად მოსაცილებელი. მრავალი სიკეთე მისცა წმინდა ეფრემმა ჩვენს ქვეყანას. აღმოსავლეთის კათოლიკოსებს წმინდა მირონი იერუსალიმიდან მოჰქონდათ. წმინდა ეფრემმა, ქრისტესმიერი ბრძანებით, იერუსალიმის პატრიარქის თანხმობით, ქართლში განაწესა მირონის კურთხევა. 40 წელს მღვდელმთავრობდა სულიწმინდით შემკობილი ეფრემ მაწყვერელი. მადლი ჰქონდა იმგვარი - კაცთა დაფარულ საქმეებს ცხადად ამხილებდა და სასიკვდილოდ განწირულ სნეულებს ერთი სიტყვით მსწრაფლ განკურნავდა, ხოლო ურჩთა სიტყვითვე მოაკვდინებდა. მრავალ სხვა სასწაულსაც იქმოდა და სათნოებით აღსავსე "კეთილსა შინა სიბერისასა" გარდაიცვალა და მორწმუნეთა მეოხია უკუნისამდე.

* ბოლოს კი ლამის ჩვენი თანამედროვე ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლ ცერცვაძე გავიხსენოთ. ის 1910 წელს დაბადებულა. მის გაჩენამდე მშობლებს - ალექსანდრეს და სოფიოს - ოთხი შვილი დაჰღუპვიათ და ღმერთისთვის აღუთქვამთ, თუ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადებოდა, უფალს მიუძღვნიდნენ. ასეც მოხდა, დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელი წმინდა გიორგის პატივსაცემად უწოდეს. ძნელი ბავშვობა ჰქონდა. საშინელი დრო იდგა. ერთხელ სოფლის ეკლესიიდან კომკავშირელებს წმინდა წიგნები გამოუტანიათ და დაუწვავთ. პატარა გიორგის დრო უხელთია და ნაწილი წიგნებისა გადაურჩენია და გადაუმალავს... 1928 წელს მშობლებმა გიორგი ჩარდახიან ურემზე დასვეს, ერთი ცხვარიც გამოაბეს და თეთრი გიორგის ეკლესიაში აიყვანეს, სადაც მოღვაწეობდნენ ღირსი მამები: არქიმანდრიტი კირილე (ცინცაძე), არქიმანდრიტი მელქისედეკი (ცელაძე) და ბერი ამბროსი. მრავალ განსაცდელს გაუძლო ახალგაზრდა მორჩილმა. 1935 წელს სამხედრო ბეგარა მოიხადა - ორი წელი იმსახურა ცხენების მომვლელად. ლოცვის დრო რომ მოაღწევდა, განზე მიდგებოდა და ლოცულობდა. ამის გამო ჭკუასუსტს ეძახდნენ. ჯარის შემდეგ მონასტერს დაუბრუნდა. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლების თხოვნითა და ბერების ლოცვა-კურთხევით ოჯახი შექმნა. 1948 წელს უწმინდესმა კალისტრატემ მღვდლად დაასხა ხელი. 1976 წელს აღიკვეცა ბერად გრიგოლის სახელით და მეორე დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა ალავერდელ ეპისკოპოსად აკურთხა. 16 წელი მართავდა ეპარქიას. მთელი თავისი ენერგია ეკლესიის სულიერ აღორძინებას მოახმარა. იყო მოწყალე, თავმდაბალი, მკაცრი - როცა საღმრთო საგნებში განსწავლიდა მრევლს. საოცრად უყვარდა ლოცვა. საღვთისმსახურო წიგნების უმეტესი ნაწილი ზეპირად ახსოვდა. მარხვის დროს გარეთ იშვიათად გამოდიოდა, იჯდა სენაკში და სკვნილს მარცვლავდა. მყუდროება უყვარდა, არავის შეაწუხებდა. თუ ავად გახდებოდა, მასთან მხოლოდ დამლაგებელი შედიოდა, ისიც - მცირე ხნით, და ხილით თუ მოიკითხავდა მეუფეს. ეპისკოპოსი გრიგოლი დღედაღამ ლოცულობდა. ლოგინზე მწოლიარე კი უნახავთ, მაგრამ მძინარე - არასოდეს. ყველაზე მეტად იესოს ლოცვა უყვარდა. ამ ლოცვას მოკრძალებული კითხულობდა. იესოს ლოცვით უფალში ვნეტარებო, - ამბობდა. ალბათ ამიტომაც გამოირჩია იგი უფალმა - სწორედ მან დაადგა თავზე გვირგვინი სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქად აღსაყდრებისას უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს. "თელავში კი ლეგენდასავით დადის, - მოგვითხრობს მისი ცხოვრების აღმწერელი მღვდელმონაზონი ნაუმი, - მეუფე გრიგოლი თავისი ნებით აღესრულაო. ხანმოკლე ავადმყოფობისას მას ღმერთმა სიცოცხლის დღენი უბოძა, მაგრამ მეუფემ სთხოვა: "თუკი ეკლესიაში ვეღარ ვიმსახურებ, მიიღე სული ჩემი, უფალოო". ღმერთმა შეუსრულა თხოვნა. 1992 წლის 6 თებერვალს დიდი მღვდელმთავრის ცხედარი ალავერდის ტაძარში დაკრძალეს, ალავერდელი მღვდელმთავრების: პეტრეს (კონჭოშვილი), პიროსის (ოქროპირიძე) და დავითის (ბურდილაძე) გვერდით...
ბეჭდვა
1კ1