თუ გვეყოლება ღმერთი, შეიძლება სხვა არაფერი გვქონდეს და მეტიც არაფერი გვინდოდეს
თუ გვეყოლება ღმერთი, შეიძლება სხვა არაფერი გვქონდეს და მეტიც არაფერი გვინდოდეს
"მე ხომ კოჭლი ვიყავი. ახლა კი სირბილიც შემიძლია და ხტუნვაც"
ნუგეშისცემას კაცთაგან ნუ ელი, - ამბობდა მამა იერონიმე, - თუ ვინმესგან მცირეოდენ ნუგეშს მიიღებ, ელოდე ორჯერ მეტ მწუხარებას. მხოლოდ ღვთისაგან ეძებე ნუგეშისცემა და დახმარება.

***
მამა ეფრემ კატუნაკელი (+1998) მოგვითხრობს: ვინმე მოძღვარს პირველშეწირულის წირვა უნდა შეესრულებინა. ნელ-ნელა ანთებდა კანდელებს და ტაძარს ამზადებდა, რადგან ათონის მთაზე პირველშეწირულის წირვა შუადღისას სრულდება. მისი მოხუცი მოძღვარი კი აჩქარებდა: მიდი, მამაო, სწრაფად დაიწყეო. მაგრამ მღვდელმონაზონი არ ჩქარობდა. და ამ დროს მას მაცხოვრის ხატიდან მოესმა ქრისტეს ხმა: "იჩქარე, მამაო, შენი მოძღვარი მშიერიაო".

იგივე მამა საღმრთო და კაცობრივ ნუგეშისცემაზე ბრძანებდა: კატუნაკის უდაბნოში, ათონზე, ღირსი მამები თავს ლეღვის ნაყოფით ინუგეშებდნენ ხოლმე. მაგრამ როცა კატუნაკში ტრაპეზზე სანუგეშოდ რაჰათ-ლუქუმი გამოჩნდა, მაშინ ლეღვის ხეები გახმაო. საგულისხმოა მისი მონათხრობი ერთი ამბავიც: ჩემი ბიძაშვილი გოგონა ჭკუიდან შეირყა და ძალზე იტანჯებოდა. 25 წლის შემდეგ გარდაიცვალა. მე ის ანგელოზთა დასში ვიხილე. მათთან ერთად ადიდებდა ყოვლადწმინდა სამებას. გესმით! განსაცდელების და მწუხარების დათმენისთვის (პარალიზებული იყო და თავის მოვლა არ შეეძლო), რომლებიც მასზე, რა თქმა უნდა, ღმერთმა დაუშვა, რამხელა ჯილდოს ღირსი შეიქმნა - ღმერთმა ანგელოზთა შორის დაასახლა.

***
როცა ბოლშევიკებისაგან განადგურებული ოპტის მონასტერი აღდგა, იქ მრავალი სანუგეშო ამბავი ხდებოდა. სასტუმრო ოთახები მონასტერში ჯერ არ ჰქონდათ და პილიგრიმები ტაძარში იძინებდნენ. ერთმა მათგანმა ლეიბი ღვთისმშობლის ხატის წინ გაშალა, მაგრამ საბანი აღარ შეხვდა და სიცივისგან ძილი გაუკრთა. შუაღამისას მასთან ვინმე მონაზონი მივიდა და თბილი მოსასხამი დააფარა. დილით კაცს უნდოდა პატრონისთვის დაებრუნებინა მოსასხამი. დაუწყო ძებნა, ვერ იპოვა, მერე კი უცბად სირბილი დაიწყო, გახარებული ხტოდა. რა დაგემართა, ძმაო? - ჰკითხეს ეკლესიის მსახურებმა. მან კი უთხრა: "მე ხომ კოჭლი ვიყავი. ახლა კი სირბილიც შემიძლია და ხტუნვაცო". კაცს მოძღვარმა უთხრა, - ის მონაზონი ღვთისმშობელი იყოო.

ერთხელ კი ოპტის უდაბნოში კოსმონავტები მივიდნენ, რომლებიც კოორდინატთა გადაკვეთის წერტილს ეძებდნენ - იმ ადგილს, საიდანაც მიწიდან ზეცამდე ნათლის სვეტი აღმართულიყო. მათ ეს ნათება კოსმოსიდან გადაიღეს და მრავალგზის გადიდებული ასლი ოპტის სავანეს აჩუქეს. ამ გამოცხადებებით დიდად ინუგეშეს მამებმა.

***
ღირსი მამა კოზმა ზოგრაფელის გარდაცვალების წინა დღეს მის კელიასთან მხეცები და ფრინველები შეიკრიბნენ. თავ-თავიანთი ხმით ემშვიდობებოდნენ და ანუგეშებდნენ იმქვეყნად მიმავალ ბერს. ღირსი კოზმას გარდაცვალების შემდეგ ყველა თავის ბინას დაუბრუნდა.

***
მეუფე ზინობი მაჟუგა ერთი ხანობა ურალში გადაასახლეს კომუნისტებმა, სადაც არხის გათხრაზე მუშაობდა. ერთ ზამთრის საღამოს პატიმრები ბანაკში ბრუნდებოდნენ. ორმოცგრადუსიანი ყინვა იყო. ტანმომცრო მეუფე ზინობი კოლონას ბოლოში მიჰყვებოდა. უეცრად გზის პირას თოვლზე ახალმოწყვეტილი ყურძნის მტევანი დაინახა. ეს დაუჯერებელი, წარმოუდგენელი სასწაული იყო! როცა ბანაკში დაბრუნდნენ, მეუფემ ყურძენი მთელ ბრიგადას მარცვალ-მარცვალ გაუნაწილა და განამხნევა პატიმრები უფლისაგან მოვლენილი წყალობით.

ყურძნის მტევანზე გაგვახსენდა! წმინდა იოანე-გიორგი მხეიძეს ერთხელ, დიდმარხვაში წმინდა ბარბარე გამოეცხადა, ყურძნის მტევანი მიაწოდა და ამით ანუგეშა ღირსი მამა.

***
მამა პორფირე ათენელს სწამდა, ყველაზე დიდი თანაგრძნობა, დახმარება, ნუგეშია ის, რომ მოუსმინო გაჭირვებულს, რომელსაც გაჭირვებაზე შენთან სურს საუბარი, შენთან ურთიერთობა უნდა, რათა მარტო და გარიყულად არ იგრძნოს თავი. ღირსი პორფირეც მზად იყო ყველა გაჭირვებულის მამობრივი სიყვარულით გულში ჩასაკრავად, სანუგეშებლად.

***
თანამედროვე ათონელი ბერი, მამა ვლასი მოგვითხრობს: მამა პეტრეს კელიაში საღამოთი დასაძინებლად დავწექით. რომელიღაც ავადმყოფ მამას საშინლად ახველებდა. ვიფიქრე, მოხუც ბერს საჭმელმა აწყინა-მეთქი. მეორე დღეს, სატრაპეზოში ჩაის სმისას, ვიღაც მოხუცი ერისკაცი შემოვიდა ჯოხით ხელში, ეტყობოდა, უსინათლო იყო. ჩაი დაისხა და თავის ოთახში წაიღო. ვინ არის-მეთქი, - ვკითხე მამა პეტრეს. მიპასუხა: ერთი ერისკაცია, კარგი ადამიანი. მთელი სიცოცხლე ათონის მთაზე გაატარა. ახლა დაბერდა, არავინ ჰყავს მომვლელი, კუჭი სტკივა, თვალისჩინიც დაკარგული აქვს. შემეცოდა და აქ მოვიყვანე, მცირედით მაინც რომ ინუგეშოს. მე კი იქნებ ღმერთმა მომიტევოს ცოდვებიო.

აქვე მინდა გაგაცნოთ ამონარიდი ერთი წერილიდან, ვინმე ერისკაცმა რომ მისწერა მამა პეტრეს: "ვერ ვივიწყებ დიდებულ სანახაობას: თქვენ, როგორც კეთილმა სამარიტელმა, თრთოლით და ცრემლთა დენით მიირქვით მკლავებში ღვთისაგან გამოგზავნილი უდიდესი საუნჯე - ახლობლებისგან მიტოვებული ყრუ და ბრმა კაცი. მან თქვენთან ჰპოვა სიყვარულით გამთბარი თავშესაფარი და თქვენთვისაც იყო ის ვითარცა საღმრთო წყალობა და მეგობარი". ამ ბრმის გარდა მამა პეტრესთან ერთი უპატრონო მოხუცი ერისკაციც ცხოვრობდა. მამა პეტრე შემთხვევით შეხვდა მას, თავისთან წაიყვანა, რომ ამ შეჭირვების ჟამს საცოდავს მცირედი ნუგეში მაინც მიეღო. მამა პეტრეს ბაღში ორი შავი ჯვარი იყო აღმართული იმ ადამიანების საფლავებზე, რომელთაც ის უვლიდა და მანვე მიაბარა მიწას.

***
ერთ მონასტერში ბერს ხორციელი ბრძოლები ჰქონდა, მაგრამ როგორც კი ერთი მოხუცი ბერის მოვლა და ნუგეშისცემა დაიწყო, ღმერთმაც ანუგეშა და ხორციელი ვნება გაუქრა.

***
ბერი ვლასი ჰყვებოდა: ერთი მოწყალე მონაზონი ცხოვრობს ათონის მთაზე. ყოველ კვირას ტრაპეზიდან ინახავს თევზის რამდენიმე ნაჭერს და მიაქვს განდეგილი, მოხუცი და ავადმყოფი ბერებისთვის, სხვა დღეებში კი მათ სხვა რამით შეეწევა - ტანსაცმლით, წინდებით, ხილით. ამ ნუგეშის წილ ბერი ზის ღირს მამებთან და თავისდა სანუგეშოდ იხმევს უდაბნოში ბერების მიერ მოწეულ სულიერ ნაყოფს. ისინი მას თავიანთ და სხვათა ცხოვრებაზე მოუთხრობენ, ბერი კი ამ ღირსშესანიშნავ ამბებს მონასტრის მამებს უყვება, მათდა სანუგეშოდ და გასაძლიერებლად.

***
გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მამა ვიტალიმ თქვა: მონაზვნების ცრემლების გამო კუბოდან ხელს გამოვყოფო. მართლაც, როცა მას წესს უგებდნენ და ხელში განტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ, გარდაცვლილმა ხელი გაშალა და ფურცლის ჩადების შემდეგ თითები მოკეცა. "თვითონ აიღო, თვითონ აიღო!" - იძახდნენ განცვიფრებული სულიერი შვილები. ამ სასწაულმა დიდად ანუგეშა მგლოვიარე მორწმუნენი.

***
1911 წლის ხარება დღეს ათონზე ბერად უნდა აღეკვეცათ დიონისეს მონასტრის მორჩილი გიორგი. მაგრამ ასე არ მოხდა. მამა ეგნატემ მიზეზი ჰკითხა წინამძღვარს. მორჩილმა მითხრა, რომ გუშინ რუსების მონასტერში, ტრაპეზზე ზეთისხილი ჭამა. ბერად აღკვეცის მერე უნდა ეზიაროს, მაგრამ ჩვენი ტიპიკონით ზიარებამდე ერთი დღით ადრე ზეთისხილის ჭამის უფლება არ ჰქონდა. ამიტომაც ვაკურთხე, დღეს იმარხულოს, რომ ხვალ შეგვეძლოს ბერად აღვკვეცოთო, - მიუგო წინამძღვარმა. შეეცოდა მამა ეგნატეს მორჩილი: "საწყალს დაავიწყდა, ზეთისხილი არ ეჭამა, ამიტომ ბერადაც არ აღკვეცეს და ხარება დღესაც ამარხულებენო". წირვის შემდეგ მოძებნა გიორგი, მოეხვია და რომ ენუგეშებინა, უთხრა მორჩილს: - მეც შენთან ერთად ვიმარხულებ და აღვასრულებ კანონს, ჩემო შვილოო. ხარება დღეს, დიდმარხვის ერთადერთ დღეს, როცა ნებადართულია თევზის ჭამა, მამა ეგნატე სატრაპეზოში არ წავიდა და მასთან ერთად გაინაწილა სეფისკვერი. საღამოს კი გიორგისთვის სასურველ ეკვდერში მივიდა, რათა ბერად აღკვეცის წინ, დიდი სქემის შემოსვის წინ (ათონზე დიდ სქემას მალევე შემოსავენ ხოლმე მორჩილს) საჭირო კანონი წაეკითხათ. მამა ეგნატეს კურთხევით გიორგიმ ეს ლოცვა სამჯერ წაიკითხა. მერე კი მამა ეგნატემ ბერულ ცხოვრებაზე საოცარი დარიგებებით განამხნევა მორჩილი. ბოლოს წმინდა იოანე ოქროპირის დაუჯდომელი წააკითხა. გიორგიმ ლოცვა დაამთავრა, მოიხედა უკან და განცვიფრდა - მამა ეგნატეს სახე მზესავით უბრწყინავდა. შემდეგში, როცა თვითონვე გახდა დიონისეს მონასტრის არქიმანდრიტი (ბერობაში გაბრიელი უწოდეს), კვლავაც ინუგეშებდა ხოლმე ამ ამბის გახსენებით.

***
მამა პაისი ათონელი ამბობდა: როცა კაცს ებრალება მოყვასი, ეს ღმერთს კეთილად განაწყობს მისადმი. ღმერთს უხარია, როცა კაცი თავისი სიყვარულით აჩვენებს, რომ მისი ნათესავია და ამიტომ ღვთაებრივ ნუგეშისცემას აძლევს, ურომლისოდაც კაცი ამ ტკივილს ვერ გაუძლებდაო. არ მახსოვს დღე, ღვთაებრივი ნუგეშისცემა რომ არ განმეცადოს, - ამბობს მამა პაისი, - არის შუალედებიც. მაშინ თავს ძალზე ცუდად ვგრძნობ. აქედან ვხვდები, როგორ ცუდად ცხოვრობს ადამიანთა უმეტესობა. ისინი განეშორნენ ღმერთს და მოაკლდნენ ღვთაებრივ ნუგეშისცემას. მაგრამ თუ გვეყოლება ღმერთი, შეიძლება სხვა არაფერი გვქონდეს და მეტიც არაფერი გვინდოდეს. საქმე ისაა, რომ თუ ადამიანს ყველაფერი აქვს, ღვთის რწმენის გარდა, ის შინაგანად იტანჯება. ამიტომაც შეძლებისდაგვარად უნდა მივუახლოვდეთ ღმერთს. მხოლოდ უფლის სიახლოვეს იგრძნობს კაცი სიხარულს - ნამდვილს და საუკუნოს. ტკბილი იესოსგან მოშორებით მყოფნი, მწარე სასმისს ვსვამთ. როცა ძველი კაცი ხდება ძე მეუფისა, ის საზრდოობს ღვთაებრივი სიტკბოებით, სიცოცხლეშივე ხარობს ზეციური სიხარულით, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და კაციც ამბობს: "ნუთუ სამოთხეში იმაზე მეტი სიხარული იქნება, რასაც ახლა განვიცდი?"

როგორ ვანუგეშოთ ინვალიდი ბავშვები? - მამა პაისი მოგვითხრობს: ერთ ათი წლის გოგონას სიმსივნე აღმოაჩნდა და თვალი ამოკვეთეს. თანაკლასელებმა დაცინვა დაუწყეს და ბავშვი ძალზე იტანჯებოდა. მამამისმა შემომჩივლა, - ვიფიქრე, ყველაფერს ვუყიდი, რასაც მომთხოვს, თავისი ინვალიდობა რომ არ გაიხსენოს-მეთქი, მაგრამ ეს როგორ გავაკეთო, მის გარდა კიდევ ხუთი ბავშვი მყავს და მისი შეშურდებათო. დავუშალე: "ეს ხომ ცრუ ნუგეშისცემა იქნება, პრობლემებს ამით ვერ გადაწყვეტს. თუ ახლა ყველა სურვილს აუსრულებ, ცოტა ხნის შემდეგ "მერსედესს" მოგთხოვს, თვითმფრინავს... ამდენ ფულს კი როგორ იშოვი? შეეცადე, შვილს ასწავლო, უხაროდეს თავისი ცალთვალობა. დაე, იფიქროს, რომ მოწამეა. ბევრ მოწამეს თვალები ამოჩიჩქნეს, ყურები დააჭრეს, ცხვირიც და მთელი სამყარო მათ დასცინოდა. მაგრამ მოწამეები დაითმენდნენ ტკივილს და სხვათა დაცინვას. თუ გოგონა გაიგებს ამას და ღმერთს ადიდებს, მაშინ ღმერთიც აღმსარებელთა შორის დააყენებს... განა ეს უბრალო რამეა? შენს გოგონას ხომ ცოდვები არა აქვს, რომ თავისი სახიჩრობით ზღოს. ამიტომაც ამისთვის ღმერთი სრულად მიაგებს". საცოდავმა მამამ მადლობა გადამიხადა და წავიდა. ის მართლაც დაეხმარა თავის გოგონას - შეაცნობინა, რომ ცალთვალობა მისთვის ღვთის კურთხევაა. დაეხმარა, რომ მას ამისთვის ღმერთი ედიდებინა.

გოგონა გაიზარდა, დაამთავრა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ახლა მასწავლებელია და უფრო მეტად ხარობს, ვიდრე ის გოგონები, რომელთაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ იტანჯებიან, რადგან ვერ შეიცნეს ცხოვრების ღრმა აზრი.
ბეჭდვა
1კ1