მამა გაბრიელს წმინდა ანტონ მარტმყოფელი გამოეცხადა და უთხრა, იმ დღეს მარტყოფში ასულიყო
მამა გაბრიელს წმინდა ანტონ მარტმყოფელი გამოეცხადა და უთხრა, იმ დღეს მარტყოფში ასულიყო
მოგონებები წმინდა მამა გაბრიელზე (ურგებაძე)

შემოქმელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე):
- საოცარი პიროვნება იყო მამა გაბრიელი, ხშირად უწევდა მონასტერში მოსვლა. ბევრჯერ გვთხოვდა  ტრაპეზის გამზადებას. ვითომ შიოდა, სინამდვილეში  ამ საჭმელს არ ჭამდა და ისეთ ადამიანებს დაპატიჟებდა ტრაპეზთან, რომლებიც მშივრები იყვნენ.

1986 წლიდან 1995 წლამდე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, სწავლის მერე ჩავდიოდი მცხეთაში და სამთვაროს დედათა მონასტერში ვრჩებოდი, სტიქაროსანი ვიყავი.  მამა დავითს (მეუფე დანიელი),  ვეხმარებოდი სტიქაროსნობაში და  თითქმის სულ დედათა მონასტერში ვრჩებოდი. 

მამა გაბრიელს კარგად ვიცნობდი. 1990 წელს მღვდლად რომ აკურთხეს, მას შემდეგ დედათა მონასტერში იყო მამა გაბრიელი და მონასტრის კოშკში ცხოვრობდა. ყოველდღიური შეხვედრა მქონდა მასთან. მწირველი მღვდელი ვიყავი და თავად ყოველთვის შემოდიოდა წირვაზე, ქადაგებდა. უმეტესწილად ასწავლიდა მრევლს და მონაზვნებს არ განეკითხათ ადამიანები. ამბობდა ხოლმე, ვინც განიკითხავს,  იმ განკითხვითვე იქნება განკითხულიო. ყოველთვის სიყვარულზე ქადაგებდა.

ასეთი ამბავი მინდა გავიხენო. როცა მარტყოფის, ღვთაების მამათა მინასტრის წინამძღვარი ვიყავი, მაშინ სამოქალაქო ომი იყო. სამწუხაროდ სოფელ ნორიოს მკიდრიც უარყოფითად იყო განწყობილი ღვთაების მონასტრის მიმართ. ასეთი აზრი იყო,  თითქოს მონასტერში იარაღი ინახებოდა და იქ  შეიარაღებულები იყვნენ. სოფელი ვერ ეგუებოდა იმას რომ ღვთაების  მონასტერი საპატრიარქოს გადაეცა.  სამწუხაროდ ძალიან დიდი დაპირისპირება არსებობდა.. დაახლოებით 30 ადამიანი მყავდა მონასტერში. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სამი კვირის გახსნილი იყო მაშინ  მონასტერი. მანამდე, სამწუხაროდ, მონასტერს სხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ.

ერთ დღეს ჩვენთან დაპირისპირებული ხალხი გვემუქრებოდა, რომ უნდა ამოსულიყვნენ მონასტერში. ალბათ ჩხუბი მოხდებოდა, შეიძლება ვინმე დაღუპულიყო კიდეც. იმუქრებოდნენ, ეს ჩვენი მონასტერიაო და უნდა გავეყარეთ მონასტრიდან. თურმე ასეთი რამ მოხდა: მამა გაბრიელს წმინდა ანტონ მარტმყოფელი გამოეცხადა და უთხრა,  მარტყოფში ასულიყო. მართლაც ერთ-ერთ ჩემს სულიერ შვილს ოთარ ნიკოლაიშვილს (რომელიც მამა გაბრიელთან დადიოდა) სთხოვა მამა გაბრიელმა,  მანქანით წაეყვანა ღვთაების მონასტერში.  ოთარმა თქვა,  გზაში ბევრი სასწაული მოხდაო. მანქანაში თითქოს ვგრძნობდი, წმინდა ანტონ მარტმყოფელი  მოგვყვებოდაო.

მამა გაბრიელი მონასტერში დიდი სიხარულით მივიღეთ. საღამო იყო და მართლაც რამდენიმე ადამიანი რომ იმუქრებოდა რომ ჩვენ უნდა გავეყარეთ მონასტრიდან, პირიქით მოხდა - ისინი წამოვიდნენ და  მამა გაბრიელმა ისეთ დღეში ჩააგდო... მადლობა ღმერთს, რომ იმ დღეს მამა გაბრიელმა სიკვდილისგან გადაგვარჩინა. იქ მართლაც ცუდი ამბავი მოხდებოდა. ეს მართლაც სასწაულია. წმინდა ანტონ მარტმყოფელმა მოიყვანა მამა გაბრიელი და დაიცვა მთელი მონასტერი განსაცდელისგან.


ბეჭდვა
1კ1