მამა ვიტალის (სიდორენკო) სტუმრობა მამა გაბრიელთან (ურგებაძე).
მამა ვიტალის (სიდორენკო) სტუმრობა მამა გაბრიელთან (ურგებაძე).
იგონებს სქემიღუმენია ელისაბედი (ორლოვა):
მამა ვიტალის ძალზე უყვარდა საქართველო და დიდ პატივს მიაგებდა მის წმინდანებსა და მოსაგრეებს.. რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსულ სულიერ შვილებსაც მუდამ აკურთხებდა, ამ ძველისძველი ქრისტიანული ქვეყნის წმინდა ადგილები მოელოცათ.
80-იანი წლების ბოლო იქნებოდა. აღდგომა დღეს მამა ვიტალიმ სქემიღუმენია სერაფიმას (დიაჩენკო) და მე მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტრის მოლოცვა შემოგვთავაზა. სიხარულით დავთანხმდით.
მცხეთაში მონასტერში მისულებს გვითხრეს, რომ მონასტრის იღუმენია და დედები ბოდბეში, საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულთასწორ ნინოს განსასვენებლის მოსალოცად წასულიყვნენ. ადგილზე მხოლოდ ბერი გაბრიელი (ურგებაძე) და ორიოდე მონაზონი დაგვხდა.
ძალზე საინტერესო იყო მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრის ამ ორი უდიდესი ბერის შეხვედრა. მამა გაბრიელი სტუმარს გამოაგება, ერთმანეთს დიდი სიხარულით გადაეხვივნენ (რასაკვირველია, ერთმანეთის არსებობა ორივემ შორიდან იცოდა, მაგრამ ეს მათი პირველი შეხვედრა იყო) და სიყვარულით მოიკითხეს. გარკვეულ ხანს ისაუბრეს, შემდეგ კი მამა გაბრიელმა სუფრასთან მიგვიწვია. ქართული სუფრის ტრადიციისაებრ, მან მამა ვიტალის ღვინო შესთავაზა, რაზეც ბერმა თავაზიანი უარი უთხრა, ღვინოს საერთოდ არ გეახლებითო. მამა გაბრიელმა უპასუხა, ქართული სუფრა ღვინის გარეშე სად გაგონილაო და თხოვნა გაუმეორა. მამა ვიტალიმ მცირეოდენი ღვინო იხმია. ბერებმა კიდევ გარკვეულ ხანს ისაუბრეს და მალე წამოსვლაც გადავწყვიტეთ. მამა გაბრიელმა ჭიშკრამდე გამოგვაცილა. გამოთხოვებისას ბერები ერთმანეთს გადაეხვივნენ და ჯვრები გაცვალეს.
თბილისისკენ მომავლებს მამა ვიტალი ქართველებთან თავისი ურთიერთობის შესახებ გვიყვებოდა. დიდი სიყვარულით იხსენებდა სოხუმის მთებში ცხოვრების პერიოდს. ამბობდა: საოცარი ხალხია ეს ქართველები, ძალზე სტუმართმოყვარე, მსგავს იშვიათად სადმე თუ შეხვდებიო. იხსენებდა, რომ მთებში ყოფნისას ზოგჯერ ქართველების ოჯახში სტუმრობა ყოფნა უხდებოდა. გაოცებული იყო მათი სტუმართმოყვარეობით-შეიძლება თავად არაფერი ჰქონდეთ, იმ წუთში მხოლოდ ღომის შემოთავაზება შეეძლოთ, მაგრამ არაფერს იშურებენ. ამას ისე გულიანად აკეთებენ, არ შეიძლება, გული არ გაგეხსნას და მათდამი გულწრფელი სიყვარული არ გაგიჩნდესო. აღნიშნავდა, რომ ქართულ სუფრაზე და საერთოდ ქართველისთვის ღვინოს განსაკუთრებული დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს, ეს მათთვის სიწმინდესავითაა; ისეთი მოწიწებითა და სიყვარულით სვამენ და ამ დროს ძალზე გულიან და ლამაზ სადღეგრძელოებს ამბობენო.
ასეთი იყო მამა ვიტალისა და მამა გაბრიელის შეხვედრა.
წიგნიდან: "შეიყვარეთ სიყვარული"-სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო). 3-ე ნაწილი.
ბეჭდვა
1კ1