ღვთის სიყვარულით გამთბარი სიცივეს ვეღარ გრძნობდა
ღვთის სიყვარულით გამთბარი სიცივეს ვეღარ გრძნობდა
ის წმინდანია და ქრისტესთვის სულელობს
მამა გიორგი განდეგილი. მამა გიორგი 1922 წელს სიფონიის ქალაქ სიკიაში დაიბადა. ერისკაცობაში იოანე ერქვა, გიორგი კი ანგელოზებრივი სქემის შემოსვისას უწოდეს, როცა ის სულიერად იშვა სიფონის მეზობლად მდებარე ათონის ნახევარკუნძულზე.

მამა გიორგი მთაწმინდაზე ზეციური ფრინველივით ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა, რადგან საკუთარი ქოხი არ ჰქონდა. უპოვარების სათნოების აღმსრულებელი, განთავისუფლდა ამაოებისაგან, მოიპოვა ღვთის სიყვარული და ვითარცა ქრისტეს "კეთილი მაწანწალა", მთელ ათონზე მოგზაურობდა. მისი ქონება გაცრეცილი სამოსი გახლდათ, ზამთარ-ზაფხულ რომ ატარებდა. ფეხებზე წინდების მაგივრად ჩვრები ჰქონდა შემოხვეული, რომლებიც იარებიდან სისხლის დენასაც უჩერებდა, სალოცავი ადგილის ძებნაში კლდეებზე ცოცვისას რომ მიეღო. აქ სული მისი უფრო მეტად უერთდებოდა უფალს, ამ დროს კი სამოსი ეფლითებოდა, რომელიც ბოლოს მთლად ფრთებს დაემსგავსა და თითქოს ისიც ბერის მადლმოსილებას მიანიშნებდა. როცა მამა გიორგი მაყვლის ბუჩქების ქვეშ იჯდა და მაყვალს შეექცეოდა, შორიდან გეგონებოდა, დიდი არწივი დაფრენილა მიწაზეო. ზაფხულობით თავი ასე თუ ისე გაჰქონდა მაყვლითა და ტყემლით, ზამთარში კი ძალზე უჭირდა, რადგან საჭმელად რკოღა რჩებოდა. მოხარშულ საჭმელს მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ჭამდა ათონის მონასტრებში. იქ, ჩვეულებისამებრ, დღესასწაულის წინა დღეს მიდიოდა და მამებს ტაძრის დასუფთავებაში ანდა სამზარეულოში ეხმარებოდა. გონებრივად ჩამორჩენილი ეგონათ და ყველა მას მბრძანებლობდა. მაგრამ ვინც ახლოს გაიცნობდა, მასში ღვთივგაბრწყინებულ ბერს ხედავდა. "მამა გიორგის" არავინ ეძახდა, უბრალოდ, "გიორგის". მიუხედავად დაღლილობისა, საღამოობით არქონდარიკში (სასტუმრო ოთახში) არ მიდიოდა, დასასვენებლად ტაძრის კარიბჭეში, მარმარილოს იატაკზე დაწვებოდა მიცვალებულივით. მისთვის სულ ერთი იყო წელიწადის ყველა დრო, რადგან ის უკვე სამოთხეში ცხოვრობდა, ღვთის სიყვარულით გამთბარი სიცივეს ვეღარ გრძნობდა. უეცრად, თითქოს რაღაცის შეეშინდაო, წამოხტებოდა და ლოცვას იწყებდა. დიდხანს იდგა ასე გაუნძრევლად.

როცა პირველად ვნახე და გავიცანი, მონასტერში ახალბედა ბერი ვიყავი. მეც, სხვა ერისკაცებივით და ზოგიერთი მონაზონივით, მამა გიორგი შეშლილი მეგონა. ერთხელ თავს ნება მივეცი და მას გიჟიც კი ვუწოდე. როცა ეს მონასტრის უხუცესმა და მოღვაწე ბერმა, მამა გერმანემ გაიგო, მკაცრად დამტუქსა: ის წმინდანია და ქრისტესთვის სულელობსო. მამა გიორგის მიმართ დიდი კეთილმოკრძალებით განვეწყვე. ჩემი დაკვირვებითაც დავრწმუნდი, რომ ის მართლაც წმინდანი იყო. მონასტერში დღესასწაულებზე მოდიოდა, ეზიარებოდა და ბერების დასახმარებლად საღამომდე რჩებოდა, შემდეგ კი ისე მიდიოდა, კურთხევის ნიშნად არაფერს გაიყოლებდა, არც ხილს და არც საკვებს. ამიტომ არც გუდა ჰქონდა და არც ჯიბეები. ღვთისმშობლის ბაღში ჩიტივით ცხოვრობდა. ასეთი საკუთარ თავზე ხელაღებული სხვა ბერი არ შემხვედრია. მამა გიორგიმ საკუთარი არსება მთლიანად ღმერთს ჩააბარა, ამიტომაც გრძნობდა თავს სრულიად უსაფრთხოდ, თვით ქრისტესგან დაცული. განიცდიდა უსაზღვრო სიხარულს, რომლის დატევაც აღარ შეეძლო. ღვთაებრივი სიყვარულით ფრთებშესხმული გული აიძულებდა, მთებში ეხეტიალა.

მამა გიორგი ხშირად ისეთ რაღაცებს იტყოდა, ზოგი, ვინც ვერ უგებდა, მას არასერიოზულად თვლიდა, თუმცა კი მის ნათქვამს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. ხანდახან, როცა ისეთ ადამიანს შეხვდებოდა, რომელიც შეიძლებოდა მიმხვდარიყო, იტყოდა ხოლმე: საჭმელი - სიცოცხლე, მარხვა - სიკვდილი. ეს აფიქრებინებდა ზოგიერთს, რომ ბერი გიორგი გემოთმოყვარე გახლდათ. ტრაპეზზეც გემოთმოყვარესავით იქცეოდა. თუ კვერცხებს შესთავაზებდნენ, მისით მოითხუპნიდა სახეს, პირსაც არასოდეს იბანდა და გეგონებოდა, სულ კვერცხს ჭამსო.

როცა ვინმე სულიერ საკითხზე შეეკითხებოდა, ძალზე გონივრულად უპასუხებდა. მაგრამ თუ ხედავდა, რომ ეს პასუხი ვინმეს აღაფრთოვანებდა, მაშინვე ყველანაირ სისულელეს იტყოდა, რომ მოსაუბრისთვის თავგზა აებნია. სხვათა დარიგებისას მამა გიორგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას მორჩილებას და თავმდაბლობას ანიჭებდა. მიუხედავად იმისა, რომ გონება დიდი ხანია ღვთისა და კაცთა ნებისთვის დაემორჩილებინა, კვლავ იგრძნო მორჩილების აუცილებლობა და დაუდგა მოწაფედ ერთ მოხუც ბერს, რომელსაც მენინგიტისგან განსჯის უნარი დაჰკარგვოდა. უვლიდა მოძღვარს და მის უაზრო ბრძანებებს ასრულებდა. სწორედ ამ დროს ვნახე პირველად მამა გიორგი. საბოლოოდ მოძღვარმა სენაკიდან გააგდო და მანაც, წმინდა მორჩილებისთვის დაჯილდოებულმა, კვლავ მთებს მიაშურა.

გადიოდა დრო და მამა გიორგი სულიერად წარემატებოდა. ზოგიერთი მამა უკვე ხვდებოდა ამას. ამიტომაც მამა გიორგიმ უფრო მეტად თავაშვებულად დაიწყო ქცევა, თვით ოფიციალური პირების მიმართაც კი. ერთხელ დაინახა, რომ ათონელი ჟანდარმი უსამართლოდ მოიქცა და ორი-სამი ალიყური მოსცხო. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გიჟად ჩაეთვალათ და საგიჟეში გაეგზავნათ. ექიმებმა ავადმყოფობისა ვერაფერი აღმოუჩინეს და გამოუშვეს, მაგრამ გიჟის სახელი შერჩა და ამიტომ უწინდელზე უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს. ღვთის კაცი ამგვარი სახით დასცინოდა სოფლის ამაოებას. ვცადე, გამეგო მისი ადგილსამყოფელი, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. იქნებ ზეცად აღვიდა? მისი კვალი დაიკარგა. დაე, გვფარვიდეს მისი ლოცვები. ამინ.

მამა ფილარეტი. იმ დაფარულ ბერთაგან, დიდი მოშურნეობით რომ მოღვაწეობდნენ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე და ისწრაფოდნენ "სასურველი" სულის ხსნისაკენ, იყო მამა ფილარეტი, მეგობარი სათნოებათა (ფილარეტი ბერძნულიდან ასე ითარგმნება). ტრანსილვანია იყო მისი მიწიერი სამშობლო. დაბადებულა ქრისტეს შობიდან 1892 წელს, ნათლობისას ნიკოლოზი დაურქმევიათ. მამას იოანე ერქვა, დედას - მარიამი. გვარად კი დუკასები ყოფილან. 1912 წელს 20 წლის ნიკოლოზ დუკასი ათონის მთაზე მოვიდა, ბერად აღიკვეცა ვათოპედის მონასტერში, წმინდა იპატის კელიაში და სახელად ფილარეტი უწოდეს. აქ 8 წელი იცხოვრა, 1920 წელს კი სტავრონიკიტას მონასტრის კუთვნილ წმინდა ანდრიას კელიაში გადავიდა, კაფსალაში, მამა მოდესტთან, რომელსაც სიკვდილამდე უვლიდა. სწორედ ამ კელიაში განაგრძო და დაასრულა თავისი "კეთილი ღვაწლი".

1956 წლიდან მოყოლებული, ბევრი მამა, ძირითადად კი მისი მორჩილი მამა ბართლომე, რომელიც ხანდახან ფილოთეოსის მონასტერში მიდიოდა ხოლმე, მიყვებოდა თავისი მოძღვრის მაღალ სულიერ ცხოვრებაზე. ახლოს 1968 წელს გავიცანი, როცა მის ახლოს დავსახლდი, უფლის პატიოსანი ჯვრის სახელობის კელიაში. რამდენჯერაც კი მივსულვარ მასთან, ყოველთვის ეზოში მხვდებოდა, ცალი ხელით ღობეს ეყრდნობოდა, მეორით - სკვნილს მარცვლიდა. ასთმისაგან იტანჯებოდა, ამიტომ ჩვეულებისამებრ ჰაერზე გამოდიოდა. როცა ვეკითხებოდი: როგორ ხარ, მამაო, ხომ არაფერი გინდა მოგიტანო-მეთქი, მპასუხობდა: - დიდება ღმერთს, რაც მჭირდება, ყველაფერს ღვთისმშობელი მიგზავნისო. არავისგან არაფერს იღებდა და თუ ვინმე ჩუმად რაიმეს დაუტოვებდა, ეს საღმრთოდ მოშურნე ბერისთვის მოწამეობის ტოლფასი იყო, ამიტომაც თავს მოვალედ თვლიდა, ბევრი ელოცა შემომწირველისთვის. დიდად აფასებდა შემოწირულ ნივთს. თუ ის 5 დრაქმა ღირდა, მას მამა ფილარეტი 20 დრაქმას ადებდა და სანაცვლოდ შემომწირველისთვის ოცჯერ ჩამოილოცავდა ასმარცვლიან სკვნილს, თანაც ყოველ ლოცვაზე მუხლს იდრეკდა.

ერთხელ საჩუქრად რაღაც ნივთი შევთავაზე. უარი თქვა: არა, არ შემიძლია, ვეღარ ვასწრებ მუხლთადრეკით სკვნილზე ჩამოლოცვას. მე ჩემი კანონი მაქვს და მამა ბართლომესაც - თავისი, რადგან ის ავადაა და ღმერთი მისგან მხოლოდ მოთმინებას ითხოვსო. მისი მორჩილი, მამა ბართლომე უკვე დიდი ხანია პარკინსონის დაავადებით იტანჯებოდა. მიუხედავად სიბერისა (78 წლის იყო), მამა ფილარეტი უვლიდა კიდეც მორჩილს და მის მაგივრად კანონსაც აღასრულებდა. ასე ემსახურებოდა მას თხუთმეტი წელიწადი, სანამ თვითონაც არ ჩავარდა ლოგინად.

ლოცვაზე დიდხანს დგომისაგან ფეხებიდან სისხლი სდიოდა, ასთმაც აწუხებდა და რომ არ წაქცეულიყო, მიჯდებოდა სენაკის კუთხეში და ლოცულობდა. რა თქმა უნდა, მამები მოინახულებდნენ ხოლმე, მაგრამ ისე ხდებოდა, რომ ყველა ერთდროულად მოდიოდა. საბოლოოდ კი ორი ავადმყოფი ბერი უპატრონოდ რჩებოდა. კაცთაგან მიტოვებული ავადმყოფები ღვთისაგან დიდ ნუგეშს იღებდნენ და აი, რატომ: ორივეს დიდი სიყვარული ჰქონდა, ერთმანეთზე ზრუნავდნენ და ამიტომაც შეეწეოდა მათ იესო ქრისტე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ღვთაებრივ ნუგეშს აძლევდა. მამა ფილარეტს და მის თითქმის პარალიზებულ მოწაფეს მამა ბართლომეს თავისთან იწვევდნენ საცხოვრებლად მონასტრებში, მაგრამ ისინი უარს ამბობდნენ მისვლაზე. გულისხმა მეუბნება, რომ მათ თავიანთ სენაკში მრავალი ღვთაებრივი მდგომარეობა განიცადეს და ამიტომაც არ უნდოდათ ამ კურთხეული ადგილის მიტოვება. თანაც კეთილშობილი სულის ადამიანებს არ სურდათ სხვებს ტვირთად დასწოლოდნენ.

ერთხელ მამა ფილარეტის კელიის სიახლოვეს გამოუთქმელი კეთილსურნელება ვიგრძენი. შევაღე კარი და რას ვხედავ! საწყალი ბერი იატაკზე იწვა მოკუნტული, სუნთქვა უჭირდა. წამოვაყენე, სუნთქვა გაუუმჯობესდა. ის სისხლნაკლული იყო და ამიტომ სციოდა ხოლმე. ახლაც ხელით მანიშნა, საბანი შემომახვიეო. ადამიანური გაგებით ბერი და მისი კელია იმ ჩირქის გამო უნდა აყროლებულიყო, დაწყლულებული ფეხებიდან რომ სდიოდა, მაგრამ ამ დროს გარშემო ყველაფერი კეთილსურნელებას გამოსცემდა, რადგან სული მისი აფრქვევდა კეთილსურნელებას. ამ მდგომარეობაში რომ ვნახე ისინი, მამა ბართლომეს ვთხოვე, დავრჩები და დაგეხმარებით-მეთქი. იუარა და მეორე დღისთვის დამიბარა. იძულებული გავხდი, ჩემს სენაკს დავბრუნებოდი. მაგრამ იცით, რა გადამხდა იმ ღამეს, რა ვიხილე, როცა სკვნილზე "შუაღამიანს" ვლოცულობდი? ვხედავდი სახეგაბრწყინვებულ მამა ფილარეტს. თორმეტი წლისას ჰგავდა. ადიოდა ზეცად არამიწიერი ნათლით მოსილი. მივხვდი, რომ მისმა წმინდა სულმა ღმრთივ განისვენა. ეს მოხდა 1975 წლის 1 ივნისს; 83 წლისა გარდაიცვალა. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვები. ამინ!

მამა ბართლომე სტავრონიკიტას მონასტრის ძმებმა შეიფარეს. წყალობა მისცეს მათ ღმერთმა ამ სიკეთის გამო! მამა ბართლომე მართლაც ღირსი იყო ამისა, ის 15 წლისა მოვიდა რუმინეთიდან ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე და სულიერ ღვაწლს შეუდგა მაშინ, როცა სამშობლოში მისი ასაკის ბავშვები ჯერ კიდევ თამაშობდნენ და ერთობოდნენ. მრავალი წელი მამა ბართლომე ივერთა მონასტრის ტერიტორიაზე საავადმყოფოში კეთროვნებს უვლიდა. "ივერიის" ღვთისმშობელმა, რომელიც კეთროვნებსაც შეეწევა, დაე, იზრუნოს ჩემი კეთროვანი სულის ხსნისთვისაც. ამინ!
ბეჭდვა
1კ1