რომელი საქმე უფრო სათნოა შენთვის
რომელი საქმე უფრო სათნოა შენთვის
წმინდა არსენი მეფის შვილებს ზრდიდა და სამეფო პალატში მყოფი ლოცულობდა, - უფალო, ღმერთო ჩემო, მასწავლე, როგორ ვცხონდეო. მოესმა ხმა: არსენი, გაექეც ადამიანებს და სცხონდებიო. ერთხელ ერთ ბერს მისი ნახვა მოუნდა. სკიტის ბერებმა წაიყვანეს, რადგან შორს იყო მისი სენაკი. დაუკაკუნეს კელიის კარზე. გაუღო მამა არსენიმ და დასხდნენ დუმილით. კარგა ხანი ასე იყვნენ, შემდეგ სკიტელმა ბერმა დალოცვა სთხოვა მოძღვარს და წასვლა დააპირა. სტუმარიც თან გაჰყვა. მერე სთხოვა ბერს: ჰყავ სიყვარული, ძმაო, და მიმიყვანე მამა მოსესთანო (ავაზაკყოფილი). ღირსმა მოსემ დიდი სიხარულით მიიღო სტუმრები, გაუმასპინძლდა და განუტევა. მაშინ სკიტელმა ბერმა ჰკითხა უცხოს, - რომელი უფრო მოგეწონა, მამა არსენი თუ მამა მოსეო. სტუმარმა მამა მოსე ამჯობინა. ესმა ეს ვინმე დიდ მამას და ილოცა ღმერთის მიმართ: ღმერთო, ერთი შენი სახელის გულისთვის კაცთაგან ილტვის, მეორე კი მათ შეიწყნარებს. რომელი საქმე უფრო სათნოა შენთვისო. და იხილა პასუხად: ორი ნავი მდინარეში მიცურავდა. ერთში სულიწმიდა და მამა არსენი იყვნენ მდუმარებით და მიცურავდნენ, მეორეში კი იჯდა მამა მოსე და მას უფლის ანგელოზნი აჭმევდნენ თაფლს.

ბეჭდვა
1კ1