იწამეთ ჩემთან ერთად იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი
იწამეთ ჩემთან ერთად იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი
324 წელს, დიოკლეტიანეს მეფობისას, რომში, თეატრის სცენაზე, წმინდა ნათლისღების მკრეხელური სცენის წარმოდგენისას, სასწაული მოხდა. რომი მაქსიმიანეს ოცწლიან მეფობას აღნიშნავდა. ზეიმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა დიოკლეტიანეც. ამ დღისთვის მრავალი გასართობი ღონისძიება მოეწყო, მათ შორის იყო თეატრალური სანახაობაც. სცენაზე გამოდიოდა ცნობილი კომედიანტი ჰენეზიც. იმპერატორისა და მაყურებელთა წინაშე მან ავადმყოფის როლი გაითამაშა. "ოჰ, მეგობრებო, რა მძიმედ ვარ, ნეტავ შემამსუბუქა რითიმე", - ყვიროდა "ავადმყოფი" ჰენეზი. "როგორ დაგეხმაროთ, ხომ არ გაგრანდოთ, რომ ცოტა გამსუბუქდე?" - ეკითხებოდნენ სხვები. "სულელებო, გარანდვა კი არა, ქრისტიანად სიკვდილი მსურს". რისთვისო, - დასცინოდნენ. იმიტომ, რომ იმ დიად დღეს ღმერთმა მიმიღოს, ვითარცა ლტოლვილიო. დაუძახეს მღვდლად და დიაკვნად გადაცმულ კომედიანტებს. ისინი მიუახლოვდნენ "ავადმყოფ" ჰენეზს - რისთვის გვიხმეო. მანაც, თითქოს სულიერად აღფრთოვანებულმა, მიუგო: - მინდა მივიღო მადლი იესო ქრისტესი, რათა მომეტევოს ცოდვები და სულიერად ავღორძინდეო. მათ ჰენეზი "მონათლეს", თეთრი სამოსი ჩააცვეს და ჯარისკაცებმა (კომედიანტებმა) მიიყვანეს იმპერატორთან "დასაკითხად", ვითარცა ქრისტეს რჯულის აღმსარებელი. ჰენეზი არც დაელოდა შეკითხვებს, ხმამაღლა აღმოთქვა: "ისმინეთ ჩემი, იმპერატორო და ყოველნო მსახურნო მისნო, ამ ქალაქის ბრძენო მცხოვრებნო. ყოველთვის, როცა მეძახდით ქრისტიანს, ზიზღს ვგრძნობდი და ვცდილობდი, შემელანძღა ამ სარწმუნოების წმინდა საიდუმლოებები. მე უარვყავი ჩემი მშობლები და ნათესაობა, რადგან ისინი ქრისტიანები იყვნენ. შევიძულე მათი რწმენა იქამდე, რომ თქვენი სიამოვნებისთვის სცენაზე სამასხარაოდ გადმოვიტანე მათი წმინდა საიდუმლოებები. მაგრამ როცა ნათლისღების წყალი შემეხო გაშიშვლებულს და შეკითხვაზე, "გწამს თუ არა", ვუპასუხე, რომ მწამს, დავინახე ციდან დაშვებული ხელი, ბრწყინვალე ანგელოზნი, რომელთაც გადაეშალათ წიგნი და ჩემს ცოდვებს კითხულობდნენ, რომლებიც სიყრმიდან აქამდე ჩამედინა. შემდეგ ეს წიგნი ამოავლეს ნათლისღების წყალში და მისი ფურცლები თოვლივით განსპეტაკდა. ამიტომაც, იმპერატორო და აქ დამსწრენო, იწამეთ ჩემთან ერთად იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, ნათელი და ჭეშმარიტება. იგია ის, ვინც განგათავისუფლებთ ცოდვათაგან". გამწარებულმა იმპერატორმა ჰენეზის გაწკეპვლა ბრძანა და პრეფექტს უთხრა: - აიძულე, ქრისტე უარყოსო. ჰენეზმა დაითმინა ყოველგვარი სატანჯველი. საბოლოოდ, ქრისტეს სიყვარულისთვის თავიც წარკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1