ახლა მონაზვნები მხოლოდ განსაცდელებით ცხონდებიან, ვინაიდან აღარ არსებობს სათნოებები
ახლა მონაზვნები მხოლოდ განსაცდელებით ცხონდებიან, ვინაიდან აღარ არსებობს სათნოებები
მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი, "XIX საუკუნის ათონელი მამები"
ბერდიდი მამა დიონისე. კერასიაზე, წმინდა მოციქულთა სახელობის კელიაში ცხოვრობდა სალოსი მონაზონი, ბერძენი მამა დიონისე. ის 1814 წელს დაიბადა. მთაწმინდაზე 1842 მოვიდა. ჯერ კავსოკალივის სკიტში ბერდიდ მამა ნიკიფორეს დაემოწაფა, რომელთანაც მეორე მოწაფეც ცხოვრობდა, მონაზონი მამა პართენი, რომელსაც ბერდიდის სიმკაცრისგან ჯანმრთელობა შეერყა და ჭლექის მსგავსი რამ დაემართა. ამის გამო, მოძღვრის კურთხევით, პართენმა წმინდა დიდმოწამე გიორგის კელია იყიდა და იქ გადასახლდა, მამა დიონისე თან წაიყვანა და ის იქ აღკვეცა. მასთან დიონისემ თოთხმეტი წელი დაჰყო, შემდეგ კი თავისთვის კერასიაზე წმინდა მოციქულთა კელია იყიდა, სადაც ოცი იცხოვრა გლახაკურ სიღატაკეში.

მცირე ეკლესია და საცხოვრებელი შენობა საცოდავ მდგომარეობაში იყო. უცნობია, უსახსრო სად ყიდულობდა ზეთს კანდელისთვის, მხოლოდ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეღა დაიწყო მოწყალების მიღება. აი, ერთი მაგალითი მისი უპოვარობისა. ერთი კაცი შემთხვევით შეხვდა სახლიდან შორს მყოფ მამა დიონისეს, შეებრალა და თურქული მონეტა მისცა. უპოვარ ბერდიდს შეეშინდა, ის კაცი მოძებნა, მონეტა უკან დაუბრუნა და უთხრა: "ეს რისთვის მომეცი? ტანსაცმელი მაქვს, პური მაქვს - ეს რაშიღა მჭირდება?" ეტყობა, მამა დიონისე გულისთქმამ დაამძიმა აღებული მონეტისთვის, მაგრამ იგი დააჯერეს, რომ ფული ეკლესიის ზეთის საყიდლად გამოეყენებინა. ბერდიდმა აიღო მონეტა, მცირე ხანს ჩამოჯდა, ჩაუღრმავდა საკუთარ თავს. უეცრად მონეტა მიწაზე დადო, ადგა და სასწრაფოდ წავიდა. ღმერთში იყო მისი დაფარული ცხოვრება, რომელიც მასზე ზრუნავდა, როგორც თავის ერთგულ მონაზე.

მისი კელიის სიახლოვეს, ვენახიან-ხეხილიან ეზოში სახლი იდგა, რომელზეც ის ისევე, როგორც კელიაზე, არ ზრუნავდა და გავერანდა, შამბნარი მოედო. მაგრამ ასეთი უყურადღებობა, რომელიც მან მთლიანად ღმერთზე ფიქრში ჩაღრმავებისა და ლოცვის გამო დაუშვა, დიდ განსაცდელად ექცა. ლავრის ხელმძღვანელობამ მრავალგზის შეახსენა, თავის კელიაზე ეზრუნა. მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდა. ბოლოს, დაემუქრნენ, კელიიდან გაგადებთ, თუ ბაღს არ მოუვლი და ჩამონგრეულ კედლებს არ შეაკეთებო. ზოგიერთი მას იცნობდა და როგორც მოსაგრე მამას, პატივს სცემდა და სხვებს ურჩევდნენ, თავი დაანებეთო. მალე ბერდიდმა საერთოდ უარი თქვა მოწყალების მიღებაზე.

ბერდიდი გონებისმიერ ლოცვას ასრულებდა და სხვადასხვა უცნაური საქციელით თავს იფარავდა, სხვების დარწმუნებას ცდილობდა, რომ ერთი ხელიდან წასული, მოხიბლული ადამიანი იყო. ძალიან ცოტას თუ დაუწყებდა საუბარს, რომელშიც სჩანდა მისი ღრმა სიბრძნე და სულიერი ცხოვრების გამოცდილება. სხვებისთვის კი ისეთ საუბარს იწყებდა, რომ უცნობი მას ადვილად ჩათვლიდა შეშლილად.

ბერდიდი ამბობდა:

- ახლა მონაზვნები მხოლოდ განსაცდელებით ცხონდებიან, ვინაიდან აღარ არსებობს სათნოებები. განსაცდელების ბოლომდე დამთმენები კი ძველ, დიდმოღვაწე მამათა გვერდით იქნებიან. ისიც საკმარისია, რომ განსაცდელი დაითმინო, რამეთუ თუ უდრტვინველად დაითმენს კაცი განსაცდელს, ეს იგივეა, რაც ლოცვა. ეშმაკი ისე კი არ გამოგცდის, როგორც მას სურს, არამედ იმდენად, როგორც ღმერთი ამას დაუშვებს. ეშმაკი ცდილობს, ისე უმზაკვროს ადამიანს, რომ საკუთარი თავისა ვერაფერი გაიგოს, ანდა უიმედობასა და სასოწარკვეთას შთააგონებს, სიამაყის, მედიდურობისა და საკუთარი წმინდანობის გულისთქმებს მოუვლენს. მას უამავი მზაკვრული ხერხი აქვს. ცხონების მოსურნეს ცოფიანი ძაღლივით მივარდება. მე მას ვუთხარი: - ეშმაკო, რაც გინდა, ის მიყავი-მეთქი, მაგრამ ვერაფერს დამიშავებს, თუ მე მყავს მოძღვარი, რომელთანაც აღსარებას ვამბობ და ვეზიარები წმინდა საიდუმლოს?

- ნუთუ მარტოობაშიც არის განსაცდელები და აქ ცხოვრებისას რაიმე განსაკუთრებული გამოსცადე?

- ჰოი, რამდენი განსაცდელი მომაწია მე ბოროტმა და რაოდენ მრავალრიცხოვანია მისი მზაკვრობა! სხვადასხვა ადგილას ბევრი რამ დავითმინე, მაგრამ გადავწყვიტე, ერთ ადგილას ვყოფილიყავი. თუ გინდა, რომ მტერი არ გებრძოდეს, მაშინ ჭამე და სვი, იძინე და ეშმაკისთვის სათნო საქმეები გააკეთე: მაშინ არც განსაცდელს მოგივლენს და არც მწუხარებას. მსგავსად ძაღლისა, რომელიც ზის და რადგან არავინ ეხება, ჩუმად არის, მაგრამ თუ ვინმე შეეხება, საკბენად ეცემა. უნდა გყავდეს გამოცდილი, კეთილმოკრძალებული მოძღვარი და მრჩეველი, ვინაიდან ამაში დევს სიმდაბლე.

ერთ დიდ პარასკევს, ერთ კელიაში, ღამისთევის ლოცვისთვის მეუდაბნოე მამები შეიკრიბნენ. ორმა მათგანმა წინასწარ კარიბჭესთან ადგილი დაიკავა. უკვე ბნელოდა. მათ კუთხეში მდგარი ვიღაც შეამჩნიეს, სანახავად ჩუმად მიუახლოვდნენ. ბერდიდი დიონისე იყო. ის აღტაცებული გახლდათ ღმერთში, ამ დროს სხეული თითქოს უსულო მდგომარეობაშია. მიხვდნენ, ვინც იყო, ერთმა უთხრა მეორეს, - ხედავ ამ სალოსსო?

- ვხედავ, ნახე, ახლა ეგ სად არის!

ვერ შესძლეს დიდი კრძლავის გარეშე ეცქირათ წმინდა ბერდიდისთვის, ხვდებოდნენ, რომ მისი სული, გონება - გულისმიერი ლოცვით იყო აღტაცებული. დიდხანს ვერ გრძნობდა მამა დიონისე თავის გვერდით მყოფ ადამიანებს, როცა გონს მოვიდა და შეამჩნია, ჩვეული უცნაურობების კეთება დაიწყო, რათა იგი მოხიბლულად ჩაეთვალათ.

ბერდიდი მამა დიონისე 1880 წელს გარდაიცვალა.

ბერდიდი მამა ილარიონი
მამა ილარიონი 1849 წელს მივიდა ღირსი საბა განწმენდილის ლავრაში, იერუსალიმის ახლოს, სადაც ოთხი წელი ცხოვრობდა და მონაზვნად აღიკვეცა; 1857 წლამდე იერუსალიმში იცხოვრა. მერე მოვიდა ათონზე, დაახლოებით ერთი წელი ყუთლუმუშის მონასტერში ცხოვრობდა და გამოცდილ მოძღვარს ეძებდა, იქიდან გადავიდა წმინდა ანას მცირე სკიტში, წმინდა ხარიტონის კელიაში, მცირე ხანში წმინდა ბასილის სკიტში წავიდა. იქიდან კვლავ წმინდა ანას სკიტს დაუბრუნდა. ბერდიდსა და ხელმძღვანელს გულითადად ეძებდა. მისი ლოცვა შეისმინა უფალმა და ასეთი მოძღვარი უბოძა - ბერდიდი გერასიმე, რომელიც იმ დროს კატუნაკში ცხოვრობდა. მამა გერასიმეს სთხოვა, მისთვის სქემა შეემოსა და ეხელმძღვანელა. ბერდიდმა სურვილი შეუსრულა. მამა ილარიონი კვლავ წმინდა ბასილის სკიტში გადავიდა. იქ ათი წელი ძველ ქოხში ცხოვრობდა.

ერთხელ მამა ილარიონს მეზობლები ეწვივნენ და ჰკითხეს: სად სჯობია ცხოვრება, აქ თუ იერუსალიმშიო. ბერდიდმა უპასუხა: "ჩემი უძლურების გამო იქ სჯობია, რადგანაც თუ კაცი წესრიგში არ არის, მაშინ ადგილი დაიფარავს მას; მოწესრიგებულ კაცს კი შეუძლია იქაც იცხოვროს და სხვებისთვის მაგალითად იქცეს. აქაური ადგილები, რა თქმა უნდა, დაყუდებისთვის უკეთესია, თუმცა აქ მეტი შრომაცაა. ევედრეთ ღმერთს, რომ კეთილ საქმეს დავუდო დასაბამი".

კვლავ ჰკითხეს ბერდიდს, - არ გიჭირს აქ ცხოვრება, არ გწყინდებაო? ბერდიდმა გაოცებულმა მიუგო, - როცა აუცილებლობა მოითხოვს, ჩემი ქოხიდან გავიდე, მაშინ ნამდვილად მიჭირს და მოვიწყენო. სიზარმაცე თავს არ გესხმის მამაო? ბერდიდმა თავი გადააქნია, - ოჰ, ეგ ტირანი და ჯალათიო...

ბეჭდვა
1კ1